Category: მსოფლიო

  • როგორ არის შესაძლებელი სანქციების გვერდის ავლა საქართველოს გავლით-გიორგი ქადაგიძის განმარტება

    როგორ არის შესაძლებელი სანქციების გვერდის ავლა საქართველოს გავლით-გიორგი ქადაგიძის განმარტება

    საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ საქართველოდან რუსეთში სანქცირებული პროდუქციის გატანა შესაძლებელია. ის აღწერს გზებს, რომლითაც რუსეთში საქართველოს გავლით ეს პროდუქცია შეიძლება მოხვდეს:

    “როგორ ხდება სანქციების თავიდან არიდება?

    ყველაზე გავრცელებული ფორმაა პროდუქციის დანიშნულების ქვეყნის ცვლილება, შუალედური კომპანიის/რგოლის გაჩენით.

    მაგ: ტაილანდი არ ყიდის ჩიპებს რუსეთზე, ამიტომ მას ყიდულობს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და გადააქვს რუსეთში ვაშლით დატვირთული მანქანით.
    არის თუ არა ეს შესაძლებელი?

    დიახ, არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული, რომ ვინმე არარაობა არ ეცდება ხელი მოითბოს ომზე. უფრო მეტიც, ყველა ომში ვიღაცა ამაზე ხელს ითბობს.

    შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული ხელისუფლების გარეშე გაკეთდეს?
    დიახ, უმეტესობა შემთხვევაში, სანქციების გვერდის ავლა კერძო პირების მეშვეობით ხდება. თუ ეს სახელმწიფო დონეზე ან სახელმწიფოს თანხმობით ხდება, ეს ომის შესაბამის მხარედ დაფიქსირებას ნიშნავს.

    რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მომატებული საფრთხის პირობებში, რომ რეპუტაციული და სხვა უფრო მძიმე რისკები თავიდან აიცილოს?

    უნდა შექმნას შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი (როგორც წესი საბაჟო სამსახურში) რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება:

    – ხომ არ მოიმატა საქართველოში, რუსეთში სანქცირებული პროდუქციის იმპორტმა (მაგ. ჩიპების)
    – ხომ არ მოიმატა რუსეთ-საქართველოს საზღვრის სატვირთო ბრუნვამ, მათ შორის ტრანზიტული ტვირთების
    – ხომ არ მოიმატა ისეთი სატვირთო მანქანების რაოდენობამ საზღვარზე, სადაც გამგზავნი ახალი ან ახლად დარეგისტრირებული კომპანიაა
    – ხომ არ მოიმატა იმპორტმა ისეთ ქვეყანასთან რომელიც აწარმოებს სანქცირებულ პროდუქციას (მაგ. იაპონიასთან ან ტაივანთან)
    – ხომ არ მოიმატა ფინანსურმა ნაკადებმა ომის მხარე/მოკავშირე ქვეყნებთან (მაგ. ბელორუსი, უნგრეთი და ა.შ.)
    – აწარმოოს დაკვირვება ნებისმიერ უჩვეულო იმპორტის და რეექსპორტის ზრდაზე
    – არსებობდეს გადამოწმებული განმარტება ნებისმიერ უჩვეულო/არასტანდარტულ სავაჭრო ზრდაზე
    საქართველო არის ბუნებრივად მომატებული საფრთხის ქვეყანა, რადგან ვართ მოსაზღვრე ქვეყანა, გვაქვს უვიზო რეჟიმი, გაზრდილია შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, გაზრდილია მათ მიერ დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, ოფიციალურად განცხადებული გვაქვს რომ არ ვუერთდებით სანქციებს.

    ამის გამო უნდა უკიდურესად გამკაცრდეს ტვირთების შერჩევით/ან მთლიანად შემოწმება რუსეთთან საზღვარზე. ეს ყველაფერი არის სტანდარტული პროცესების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკეთებდეს მოკავშირე/მეგობარი ქვეყანა.

    რაც მთავარია ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო (მაგ. ქვეყნდებოდეს შესაბამისი ანგარიში) და მარტივად ხელმისაწვდომი, მათ შორის მეგობარი სახელმწიფოსთვის (მაგ. უკრაინა, აშშ, პოლონეთი).

    ჩვენ რას ვაკეთებთ, ვმუშაობთ პარტნიორებთან? ვცვლით ინფორმაციას? ვცდილობთ ქვეყნის პოზიციონირებას დასავლურ ბლოკში?

    საერთაშორისო სანქციების საკითხი მჯერა/არ მჯერა და დამიმტკიცე/ბოდიში მოიხადე თემა არ არის. ეს არის კონკრეტული ქმედებების ჩამონათვალი რომელსაც პრევენციულად უნდა ატარებდეს ქვეყანა, რომ არ აღმოჩნდეს ჩართული კატასტროფულ პროცესებში.“ – წერს გიორგი ქადაგიძე ფეისბუქზე.

    შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა  განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს.

    „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა“, – განაცხადა უწყებამ და დასძინა – „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის“.

    „იმავდროულად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს დაევალათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, რომ კონტრაბანდისტების საქმიანობებში არ ჩაერიონ“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.

    ამავე განცხადების თანახმად, ასევე განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის ივნისიდან შეჩერებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

    უკრაინის სამხედრო დაზვერვის მოკლე განცხადებაში სხვა დეტალები მოცემული არ არის.

    საქართველოს მთავრობა ბრალდებებს უარყოფს

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

    „ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება“, — განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

    სამინისტროს თქმით, „საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი“.

    ფინანსთა სამინისტრომ „სრული პასუხისმგებლობით“ განაცხადა, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, იქნება ეს სამხედრო თუ ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების სიაშია, „ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ“.

    სამინისტროს თქმით, ამაზე დეტალურადაა ინფორმირებული საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

    „საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას“, — განაცხადა სამინისტრომ.

  • აშშ უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გაუწევს

    შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით  100 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

    დახმარებაში შედის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებიც, რომლებსაც აშშ უკრაინას გადასცემს.

    საერთო ჯამში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან აშშ-ის დახმარება უკრაინისადმი 1,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

    ასევე, გუშინ, 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას დაუყოვნებლივ გაუგზავნის Switchlade-ის უპილოტო საფრენ აპარატს. აღნიშნულის შესახებ, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

    კერძოდ, გაიგზავნება Switberland 600 და 300 გაიგზავნება, რომელსაც, თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია, AeroVironment-ის მიხედვით, სამიზნე 40 წუთზე მეტ ხანს შეუძლია მიიზიდოს.

  • ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის 19 თანამშრომელს ბრიუსელიდან აძევებენ

    ევროკავშირმა დააანონსა, რომ ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის 19 მუდმივ თანამშრომელს ბრიუსელიდან გააძევებენ და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ

    “უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის გადაწყვეტილების შესაბამისად, ბრიუსელში მდებარე ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუსაბამო საქმიანობის გამო.“– ნათქვამია დოკუმენტში.

    დღეს ევროპის საგარეოპოლიტიკური სამსახურის გენერალურმა მდივანმა რუსეთის მისიის ხელმძღვანელს, ვლადიმირ ჩიხოვს ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი “შესაბამის პასუხს გასცემს“ ამ გადაწყვეტილებას.

    მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ მიიღო: სლოვენიამ, რუმინეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, დანიამ, ლიტვამ და ლატვიამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირეს. დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა ნაწილს ამ ქვეყნებიდან შპიონაჟის ეჭვის გამო აძევებენ. მათ ბრალი ედებათ “დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობაში“. ეს გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებმა ბუჩაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის შემდეგ მიიღეს.

  • რუსეთი უკრაინის დონბასის დასაპყრობად ემზადება-სტოლტენბერგი

    ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ სავარაუდოდ შემდეგ რამდენიმე კვირას, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონ დონბასში ახალ შეტევას წამოიწყებს. სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი „ძალიან კონცენტრირებულ“ იერიშს გეგმავს.

    „ახლა ვხედავთ რუსული ჯარის მნიშვნელოვან გადაადგილებას, რომელიც კიევს შორდება რათა მოახდინოს გადაჯგუფება, გადაიარაღება, მარაგების შევსება და ფოკუსის აღმოსავლეთზე გადართვა“, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

    სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი შეეცდება მთელი დონბასი ხელში ჩაიგდოს და ოკუპირებულ ყირიმზე სახმელეთო გასასვლელი მოიპოვოს. მისი კომენტარები, როგორც ჩანს ადასტურებს რუსეთის მიერ მარტის ბოლოს გაკეთებულ განცხადებებს, რომ ის ყურადღების გადართვას „დონბასის სრულ გათავისუფლებაზე“ ახდენს.

    ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ეს რუსეთის შეჭრის ახალი, გადამწყვეტი ფაზა იქნება. რუსეთის ძალების გადაჯგუფებას გარკვეული დრო დასჭირდება და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას დახმარება მიაწოდონ. მისი თქმით, მოკავშირეებს უკრაინის სამხედროების დახმარების დრო ჰქონდათ.

    ოთხშაბათს ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ როგორ გაგზავნონ უკრაინაში მეტი ანტი-სატანკო იარაღი, ტყვია-წამალი და სამედიცინო მარაგები.

    მოსალოდნელია, რომ ბრიუსელში ორ დღიან შეხვედრას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დაესწრება.

  • “თქვენ სიმართლეს იმსახურებთ.თქვენი პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულშია ბრალდებული“–ბორის ჯონსონმა რუსებს რუსულად მიმართა

    “ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა ტვიტერში გაავრცელა ვიდეომიმართვა რუსებისადმი. მან მიმართვა რუსულ ენაზე წარმოთქმული წინადადებებით დაიწყო და დაასრულა.

    “რუსები იმსახურებენ სიმართლეს. თქვენ იმსახურებთ იმას, რომ გაიგოთ ფაქტები“– თქვა რუსულად ჯონსონმა, შემდეგ კი ინგლისურად გააგრძელა, თუმცა მთელ მის გამოსვლას რუსული სუბტიტრები ახლდა თან. პრემიერმა ილაპარაკა კიევთან მდებარე ქალაქებში მომხდარ მოვლენებზე, საიდანაც ცოტა ხნის წინ რუსული ჯარები გავიდნენ და სადაც უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლელმა ჟურანლისტებმა ათობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე აღმოაჩინეს.

    “რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილმა სისასტიკემ ბუჩაში, ირპენში და უკრაინის სხვა ქალაქებში მთელი მსოფლიო შეძრა. მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობა–მათ ხელები შეუკრეს და დახვრიტეს. ქალები გააუპატიურეს მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ. დამწვარი ცხედრები საერთო საფლავში ჩაყარეს, ან უბრალოდ ქუჩებში დაყარეს გასახრწნელად. მტკიცებულებები იმდენად შოკისმომგვრელია, იმდენად საშინელი, არ არის გასაკვირი, რომ თქვენი ხელისუფლება ამ ფაქტებს გიმალავთ. თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ ამას ნახავთ, მის ომს მხარს არ დაუჭერთ. მან იცის, რომ ეს დანაშაულები ყოველი რუსი დედის ნდობას არყევს, რომელიც შვილს სამხედრო სამსახურში აცილებს. და მან იცის, რომ ეს ფაქტები თავად რუსეთის ღირსებას აჩნდება შავ ლაქად.“–თქვა ჯონსონმა.

    ჯონსონმა მოუწოდა რუსებს,გამოიყენონ VPN კავშირი, რომლის საშუალებით შეძლებენ რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული ბლოკირების გვერდის ავლით წვდომა ქონდეთ დამოუკიდებელ საინფორმაციო რესურსებზე.

    “როცა სიმართლეს გაიგებთ, სხვებსაც გააგებინეთ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, თქვენს წინაშეა პასუხისმგებელი. ისტორია მათაც არ დაივიწყებს, ვინც თვალი დახუჭა“–თქვა ჯონსონმა.

    ბოლოს კი ისევ რუსულ ფრაზაზე გადავიდა:

    “თქვენი პრეზიდენტი ბრალდებულია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს.“

    მიუხედავად ფოტოებისა, ვიდეორგოლებისა და თვითმხილველთა ჩვენებებისა, დამოუკიდებელი ჟურნალისტების გამოძიებებისა, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის არმია არ არის დამნაშავე ბუჩაში და სხვა უკრაინულ ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში.

    მოსკოვი კიევს რუსი სამხედროების სისასტიკის შესახებ მტკიცებულებების ფაბრიკაციაში ადანაშაულებს, თუმცა ამის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

  • აშშ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთის მოხსნას ითხოვს

    უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მოტივით, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან, რუსეთის გარიცხვა სურს.

    „რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოში არის ფარსი,“ – თქვა ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა. „და ეს არასწორია, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დროა, მათ გარიცხვაზე, გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრა გაიმართოს“ – აცხადებს გაეროში შეერთებული შტატების ელჩი.

    193-წევრიანი ასამბლეის ხმების ორი მესამედია საჭირო იმისთვის, რომ რუსეთი საბჭოდან მოიხსნას.

    თომას-გრინფილდმა რუსეთის ოფისიდან მოხსნაზე მოწოდებას საფუძვლად უკრაინის ბრალდებები დაურთო, რომლის მიხედვით, რუსულმა ჯარმა ქალაქ ბუჩაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.

    უკრაინა აცხადებს, რომ ბუჩაში განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას იძიებს, რუსეთი კი აცხადებს, ეს ყველაფერი კიევის დადგუმლია.

    მოსკოვს შეერთებული შტატების ამ მოთხოვნაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია

    24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გენერალურმა ასამბლეამ ორი რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს მოსკოვის ქმედებებს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ჩეხეთმა უკრაინაში ტანკები და ჯავშანმანქანები გაგზავნა

    ჩეხური გამოცემა Echo24.cz წერს, რომ ჩეხეთმა უკრაინაში რამდენიმე ათეული ძველი, არამოდერნიზებული ტანკი  Т-72 და ბრონემანქანა БМП-1.

    ეს არის ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინისთვის ტანკების მიწოდების პირველი შემთხვევა, წერს Wall Street Journal ჩეხეთის და სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

    ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოჰოვამ ირიბად დაადასტურა შეიარაღების გაგზავნის ფაქტი, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

    “დამიჯერეთ, ჩვენ აუცილებელ სამხედრო აღჭურვილობას ვუგზავნით უკრაინელ მეგობრებს და ამის კეთებას გავაგრძელებთ. მესმის უბრალო ადამიანური ცნობისმოყვარეობა, მაგრამ მეტის თქმა არ შემიძლია“– დაწერა მან ტვიტერზე.

  • სამხედროებს, ვინც ბუჩაში სასაკლაო მოაწყო რუსეთი პერედისკლოკაციის შემდეგ ისევ უკრაინაში გზავნის

    სამხედროებს, ვინც ბუჩაში სასაკლაო მოაწყო რუსეთი პერედისკლოკაციის შემდეგ ისევ უკრაინაში გზავნის

    “რუსეთის არმიის 64–ე მოტომსროლელი ბრიგადა, რომლის სამხედროებმა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი წამება და მკვლელობა ჩაიდინეს, უკრაინის ტერიტორიაზე აბრუნებენ. რუსული არმიის ხელმძღვანელობა ამ ქვედანაყოფში პირადი შემადგენლობის როტაციას არ აპირებს და მას კვლავ წინა ხაზზე უშვებს“– აცხადებს უკრაინის დაზვერვა.

    მის განცხადებაში ნათქვამია, რომ 4 აპრილის მონაცემებით, ეს ბრიგადა უკრაინიდან ბელორუსის ტერიტორიაზე გაიყვანეს, და ორი კვირით მათ ბელგოროდში დასასვენებლად გაუშვებენ. ამის შემდეგ იგეგმება ბრიგადის დაბრუნება უკრაინაში, სავარაუდოდ ხარკოვის მიმართულებაზე, რომელიც ამ ეტაპზე ერთ–ერთი ცხელი წერტილია.

    დაზვერვა ვარაუდობს, რომ ამ ბრიგადის უკრაინაში დაბრუნებას ორი ახსნა აქვს: პირველი, მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება და მეორე – დანაშაულის მოწმეების სწრაფი “უტილიზაცია“, ანუ უკრაინული დაზვერვების ვარაუდით “ფრონტის ისეთ მონაკვეთზე პერედისლოკაციით, სადაც მათ ცოცხლად გადარჩენის შანსი არ აქვთ, რუსეთი სამომავლოდ სასამართლოებში ჩვენების მიმცემებს თავიდან მოიშორებს. “

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს მისი სამხედროების კავშირს ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასთან და მოკლული ადამიანების მრავალრიცხოვან კადრებს დადგმულს და პროვოკაციულს უწოდებს.

  • იტალიამ 30 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

    იტალიამ 30 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ გაავრცელა.

    “რუსეთის ელჩი იტალიაში, სერგეი რაზოვი 5 აპრილის დილას საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარეთ, სადაც გააცნეს იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ 30 რუს დიპლომატს, რომლებიც საელჩოში მუშაობდნენ, პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და იტალიას ვატოვებინებთ. ეს გადაწყვეტილება ჩვენს სხვა ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მივიღეთ. ეს ყველაფერი იტალიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. ეს კრიზისული სიტუაცია რუსეთის ფედერაციამ შექმნა, რომელმაც უკრაინის მიმართ ყოვლად გაუმართლებელი ომი წამოიწყო”. – თქვა დი მაიომ.

  • სამხედრო დანაშაულის დოკუმენტირებისთვის ევროკავშირი უკრაინაში გამომძიებლებს გაგზავნის

    ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დენ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის უკრაინაში გაგზავნოს გამომძიებელთა ერთობლივი ბრიგადები ევროპოლიდან და ევროიუსტიდან (ევროკავშირის სააგენტო, რომელსაც საქმე აქვს სასამართლო ორგანოებთან), რათა დოკუმენტურად დაადასტუროს სამხედრო დანაშაულები.

    ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, რომელიც “ბუჩასა და უკრაინის სხვა ადგილებში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობებს ეხებოდა.“

    გამომძიებლების მუშაობა უკრაინის გენპროკურატურასთან იქნება კოორდინირებული.

    ბუჩის ქუჩებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ფოტოებმა და ვიდეოებმა საერთაშორისო საზოგადოების შოკი და რუსული ჯარების ქმედებების დაგმობა გამოიწვია, რომლებსაც ამ მკვლელობაში ედებათ ბრალი. კრემლის რეაქცია ადვილად პროგნოზირებადი იყო: მან ამ ფაქტებს ფეიკი, დადგმა და პროვოკაცია უწოდა.

    მანამდე გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ მოხდება მოკლულთა ცხედრების ეგსგუმაცია და იდენტიფიცირება, რათა გარანტირებული იყოს სამხედრო დანაშაულების სწორი გამოძიება.