Category: მსოფლიო

  • თუ არ მოგვაწვდით იარაღს, როგორ ხედავთ ომის დასასრულს? – პოდოლიაკი პარტნიორებს

    თუ თქვენ არ მიაწვდით უკრაინას საჭირო იარაღს (მძიმე არტილერია და საჰაერო თავდაცვა) და თუ ხვალ არ დააწესებთ რეალურ სანქციებს (პირდაპირი/ირიბი ენერგეტიკული ემბარგო), როგორ ხედავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომის დასასრულს? რატომ უნდა შეწყვიტონ რუსებმა უკრაინის მკვლელობა და განადგურება?”

    წერს ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • ეს საკითხი არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე – დეგნანი კონტრაბანდაზე

    “ეს არის სერიოზული განცხადებები, ბრალდებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იგი არ მისცემს ამის საშუალებას, რომ მოხდეს რამე ამგვარი დარღვევა. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პუტინს შეუძლია, რადგან მან დაიწყო ეს ომი. სანქციები არსებობს, რათა მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდა თანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლა განხორციელდეს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით.

    […] ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული საკითხებია, რომლებიც არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე. ამისათვის აუცილებელია, მოხდეს მნიშვნელოვანი სამთავრობო არხების გამოყენება, რაც არსებობს. ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი. მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი”

    თქვა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე, რომ საქართველოდან რუსეთში კონტრაბანდა შედის, ამას კი ხელისუფლების წარმომადგენლები უწყობენ ხელს.

  • იტალიაში, კომოს ტბაზე სოლოვიოვის ვილას ცეცხლი წაუკიდეს

    იტალიაში, კომოს ტბაზე რუსი ტელეწამყვანისა და პუტინის მხარდამჭერის, ვლადიმერ სოლოვიოვის ვილაში ხანძარი გააჩინეს. იტალიური მედიის ცნობით, ცეცხლის წასაკიდებლად უცნობმა პირებმა საბურავები გამოიყენეს.

    პოლიციის განცხადებით, დილის 6 საათზე მეხანძრეებს ორი საათი დასჭირდათ ცეცხლის ჩასაქრობად. მიმდინარეობს გამოძიება.

    გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, დააზიანეს და შეღებეს სოლოვიოვის მეორე სახლის კედლებიც, მესამეში კი ხანძარი გააჩინეს.  რუსი პროპაგანდისტის ვილების საერთო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

  • რუსეთი შიმშილს დომინირების ინსტრუმენტად იყენებს – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ “რუსეთი შიმშილს იარაღად იყენებს”.

    მისი თქმით, ოკუპანტები ანადგურებენ საწვავის შესანახ ადგილებს, პროდუქციის სადისტრიბუციო ცენტრებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და მინდვრებს. 

    გარდა ამისა, ზელენსკის ცნობით, რუსეთმა დაბლოკა ყველა საზღვაო პორტი გემებთან ერთად, რომლებიც დატვირთული იყო საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით.

    “რატომ აკეთებენ ამას? მათთვის შიმშილი არის იარაღი ჩვენს წინააღმდეგ, უბრალო ადამიანების წინააღმდეგ, როგორც დომინირების ინსტრუმენტი”,– თქვა ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

    მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში, რუსეთის ქმედებები კი გამოიწვევს საკვების დეფიციტს და გაზრდის ხარჯებს მილიონობით მშიერი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში.

  • პესკოვი უარყოფს, რომ რუსეთი ზელენსკის მოკვლას ცდილობს

    პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთი ზელენსკის ლიკვიდაციას არ გეგმავს. ინფორმაციას TASS ავრცელებს.

    “არა, ეს არ არის სიმართლე. ჩვენ არ ვსაუბრობთ ამაზე, ისევე როგორც უკრაინის ოკუპაციაზე. […] ბევრი ჟურნალისტი განიხილავს მის [ზელენსკის] განცხადებებს. ის არის უკრაინის პრეზიდენტი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას სვამს და რას ეწევა”, – თქვა პესკოვმა.

    მისივე განმარტებით, რუსეთი დაინტერესებულია, რომ მან მიიღოს ის პირობები, რაც დელეგაციამ მოლაპარაკებებზე დააფიქსირა.

    “ჩვენ გვსურს, დავასრულოთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მოლაპარაკებების გზით”, – აღნიშნა პესკოვმა.

  • დაბრკოლება ცალკეული ლიდერების კეთილსინდისიერების ნაკლებობაა – ზელენსკი სანქციებზე

    “მსოფლიომ დიდი ხანია შეიმუშავა შესაბამისი მექანიზმები. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. ერთადერთი დაბრკოლება ცალკეული ლიდერების კეთილსინდისიერების ნაკლებობაა. პოლიტიკური ლიდერები, ბიზნეს ლიდერები, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ომი და ომის დანაშაულები არ არის ისეთი საშინელი, როგორც ფინანსური ზიანი”

    თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Европейская правда– ცნობით.

  • ჟირინოვსკი ამჯერად მართლა მოკვდა

    ჟირინოვსკი ამჯერად მართლა მოკვდა

    დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ მოკვდა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და დუმის დეპუტატი ვლადიმირ ჟირინოვსკი. ინფორმაცია გამოქვეყნდა რუსეთის დუმის ოფიციალურ ვებგვერდსა და ჟირინოვსკის პარტიის ტელეგრამ არხზე.

    დუმის სპიკერის თქმით, ჟირინოვსკი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

    ცნობისთვის, რუსი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა წინა შემთხვევებში ოფიციალურ წყაროებს ეს არ დაუდასტურებიათ.

  • წარმოადგინონ მტკიცებულება, ან საჯაროდ უარყონ – “ოცნება” უკრაინას

    წარმოადგინონ მტკიცებულება, ან საჯაროდ უარყონ – “ოცნება” უკრაინას

    საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მოუწოდებს, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდა მიეწოდება, ან საჯაროდ უარყონ ბრალდება.

    “კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ, ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ”,– თქვა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

    მისივე აზრით, უკრაინის ბრალდებების უკან ნაციონალური მოძრაობა და უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წევრები დგანან.

    ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, ქართულმა სპეცსამსახურებმა კი მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩაერივნენ ამ საკითხში.

    აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება დაუსაბუთებელს უწოდებს.

  • საქართველოდან ურალვაგონში მიკროჩიპები კონტრაბანდულად გადის – Cnews-ის ექსკლუზივი

    Cnews-ის ექსკლურზიური ინფორმაციით, საქართველოდან ურალვაგონში მიკროჩიპები კონტრაბანდულად გადის. გამოცემის წყაროს ინფორმაციით,  საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში ასეულობით კომპანია და ინდ.მეწარმე დარეგისტრირდა. სწორედ ამ კომპანიების მეშვეობით ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი ხორციელდება. საქართველოს საბაჟოს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის “ასიკუდას” დანერგვა ამერიკული მხარის დახმარებით განხორციელდა, რომლის მეშვეობითაც, ამერიკელები ყველა ტვირთის გადაადგილების შესახებ ფლობენ ინფორმაციას.

    100 დასახელების შპს და 200-ზე მეტი ინდმეწარმე,  მცირე და საშუალო იმპორტს ახორციელებს საქართველოში, ფაქტობრივად ყიდულობს ტვირთს და მცირე პარტიებად, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, გააქვს რუსეთში. სადაც ტრაილერების გარდა, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გადაადგილდებიან. რუსები მასიურად ქირაობენ “კახოვკაზე” საწყობებს, ეძებენ საბაჟო სისტემის მცოდნე ბროკერებს,შენიღბვისთვის ტაქსისტებს ესაუბრებიან ინგლისურად.

    ურალვაგონის სამხედრო ქარხანას ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებული აქვს, რადგან დაწესებული სანქციების გამო, ქვეყანაში სათადარიგო ნაწილებისა და მიკროსქემების დეფიციტია. ასევე დიდი დეფიციტია ე.წ.პაჩებნიკების. სწორედ მიკროსქემები შემოვიდა საქართველოში დუბაიდან  და გავიდა რუსეთში. უფრო კონკრეტულად, გასულ პარასკევს და შაბათს დიდუბის სადგურიდან მგზავრებით დატვირთული ოთხი მიკროავტობუსი გავიდა, მგზავრების უმეტესობამ, ხელბარგით სწორედ მიკროსქემები გაიტანა ვლადიკავკაზში. ბარგი ავტონაწილებით იყო შენიღბული. ეს იყო საცდელი ე.წ.პრაგონი ვლადიკავკაზის მიმართულებით. სქემამ წარმატებით იმუშავა. თბილისი მოსკოვის ავტობუსებით კი ძირითადად ჰიგიენური დანიშნულების საქონელი გააქვთ.

    უკრაინის დაზვერვის  განცხადებაში ნახსენებია საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. პოლიტიკური თანამდებობა დღეს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უჭირავს,რომელსაც მისი სიმამრის მეშვეობით, ღრმა რუსული კავშირები აქვს გრუსთან. კონტრაბანდული ქსელის აწყობას სწორედ კახელების კლანი აპირებს და ძალოვან უწყებას კატეგორიულად აკრძალული აქვს მსგავს ფაქტებზე რეაგირება.

    აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა  განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს.

    • „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა“, – განაცხადა უწყებამ და დასძინა – „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის“.
    • „იმავდროულად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს დაევალათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, რომ კონტრაბანდისტების საქმიანობებში არ ჩაერიონ“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.

    საქართველოს მთავრობა უკრაინის დაზვერვის ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნულთან დაკავშირებით, მტკიცებულებებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “ქართული ოცნება’ უკრაინისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. თუმცა  უკრაინული დაზვერვის ინფორმაცია  ამერიკული მხარის ცნობას ეყრდნობა.

    ამავე თემაზე, დღეს 6 აპრილს განცხადება გააკეთა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა საქართველოს ხელისუფლებისგან იმ მტკიცებულებებს ელოდება, რომლითაც დადასტურდება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. კულებას განცხადებას კი თბილისის მერმა, კახა კალაძემ “სამარცხვინო” უწოდა.

     

    როგორ არის შესაძლებელი სანქციების გვერდის ავლა საქართველოს გავლით-გიორგი ქადაგიძის განმარტება

  • რუსები თავიანთი სისასტიკის კვალს წმენდენ – გოსტომელში 400 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა

    გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტარას დუმენკო აცხადებს, რომ რუსეთის ოკუპაციის 35 დღის განმავლობაში კიევის რეგიონში, გოსტომელში 400 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა.  დუმენკო ასევე აცხადებს, რომ გოსტომელის  მიმართულებით, გზაზე ჩაცხრულული მანქანები იყო და ცხედრები ესვენა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც, თუმცა ეს ცხედრები ახლა გამქრალია.

    “ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები მოკლეს. გვაქვს ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ ვერ ვპოულობთ. როდესაც კავშირი იყო, თვითმხილველებმა შეძლეს, ეს ინფორმაცია მოეწოდებინათ. რუსები თავიანთი სისასტიკის კვალს წმენდენ”. –  აცხადებს გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტარას დუმენკო.