Category: მსოფლიო

  • ბრიუსელში 3 რამის განსახილველად ჩამოვედი – იარაღი, იარაღი და იარაღი – კულება

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ დღეს ბრიუსელში უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხს განიხილავს.

    ის ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებსა და პარტნიორებს შეხვდება.

    “შევხვდი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში. მე აქ დღეს მოვედი 3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამის განსახილველად: იარაღი, იარაღი და იარაღი. უკრაინის მყისიერი საჭიროებები, მარაგების მდგრადი მიწოდება და გრძელვადიანი გადაწყვეტილებები უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება”,– წერს კულება ტვიტერზე.

  • აშშ უკრაინას იარაღს შეუზღუდავად მიაწვდის–სენატის გადაწყვეტილება

    აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი S.3522, რომელიც აღდგენს ლენდ-ლიზის პროგრამას, რაც საშუალებას აძლევს ჯო ბაიდენს ყოველგვარი საფინანსო და რაოდენობრივი ზედა ზღვარის გარეშე და ბიუროკრატიული საკითხების გვერდის ავლით უკრაინას მიაწოდოს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო შეიარაღება და საბრძოლო მასალა.
    პირველად მსგავსი პროგრამა აშშ-მ გამოიყენა მეორე  მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.

    სწორედმეორე მსოფლიო ომის დროს მიღებული ლენდ–ლიზი  ითვლება გარდამტეხ მომენტად მაშტაბურ კონფიქტში, რადგან მან საშუალება მისცა ვაშინგტონს ოპერატიულად შეევსო მოკავშირეთა მარაგები რთული პროცედურების და წინააღმდეგობების გარეშე.

    ამჯერადაც სენატის გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს აშშ–ს პრეზიდენტს უფრო ეფექტურად და სწრაფად გაგზავნოს შეიარაღება უკრაინაში.

  • უკრაინის რადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გუშინ გამართული აქცია-პერფორმანსისთვის უკრაინის ეროვნული რადა საქართველოს მოქალაქეებს მადლობას უხდის.

    “გმადლობთ, საქართველო! უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს“, – ნათქვამია რადას განცხადებაში.

    თბილისში ქართველებმა აქცია-პერფორმანსით პატივი მიაგეს ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას.

    https://www.facebook.com/kavkasiatv/videos/1103862400167364

  • აშშ ინდოეთს აფრთხილებს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა ძვირი დაუჯდება

    აშშ–ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბრაიან დიზმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აფრთხილებს ინდოეთს, თავი შეიკავოს რუსეთთან მეტისმეტად ახლო თანამშრომლობისგან.

    დიზის თქმით, რომელიც ამერიკის ნაციონალურ ეკონომიკურ საბჭოს ხელმძღვანელობს, შემდგომი სტრატეგიული თანამშრომლობა მოსკოვთან შეიძლება ძვირი დაუჯდეს ინდოეთის ხელისუფლებას და ეს მძიმე შედეგები “ძალიან გრძელვადიანი იქნება“.

    “რა თქმა უნდა, ზოგიერთ ასპექტში იმედგაცრულებული ვართ იმით, თუ როგორ იქცევიან ინდოეთი და ჩინეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრის კონტექსტში“– დასძინა მან.

    ინდოეთი რუსული შეიარაღების უმსხვილესი იმპორტიორია და მსოფლიოს ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით უარი თქვა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე.

  • შესაძლოა, ომი მრავალი თვის, ან წლის განმავლობაში გაგრძელდეს – სტოლტენბერგი

    “ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავთ, რომ პუტინმა შეცვალა თავისი ამბიცია, რომ გააკონტროლოს მთელი უკრაინა და გადაწეროს საერთაშორისო წესრიგი. ამიტომ, საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა, სანქციების გაძლიერება და ჩვენი თავდაცვითი პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, რადგან შესაძლოა, ეს კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

    […] ეს ომი ახლა უნდა დასრულდეს. პრეზიდენტ პუტინს შეუძლია ეს დაასრულოს თავისი ჯარების გაყვანით და შეწყვიტოს დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაზე, უკრაინაზე თავდასხმა და კეთილსინდისიერად დაჯდეს და იპოვოს პოლიტიკური გადაწყვეტა. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და გავაცნობიეროთ, რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში, მრავალი თვის, ან წლის განმავლობაში. და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ მზად გრძელვადიან პერსპექტივაში. მე ველი, რომ მინისტრები განიხილავენ გრძელვადიან პერსპექტივებს, მომზადების აუცილებლობას, როგორც უკრაინის მხარდაჭერას, ასევე სანქციების შენარჩუნებასა და ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას. მე ასევე მჯერა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როდის დასრულდება ომი, ამას აქვს გრძელვადიანი გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე, რადგან ჩვენ ვნახეთ სისასტიკე. ჩვენ დავინახეთ პრეზიდენტი პუტინის მზადყოფნა, გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი მიზნების მისაღწევად. და ამან შეცვალა უსაფრთხოების რეალობა ევროპაში მრავალი წლის განმავლობაში”

    განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

  • ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა – მარიუპოლის მერი

    მარიუპოლის მერის განცხადებით, ოკუპანტების მიერ ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა.

    ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, მარიუპოლი, რომელიც ბოლო დრომდე განვითარების სიმბოლო იყო, ახლა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსმა ოკუპანტებმა – განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი, აქედან მინიმუმ 40% ვერ აღდგება.

    “მხოლოდ წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში დაიღუპა 5000 ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 210 ბავშვი იყო. რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა რამდენიმე ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს ბავშვთა საავადმყოფოზე, გაანადგურეს ქალაქის საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა, თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. დრამატული თეატრზე თავდასხმა, სადაც იმ დროს 900-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია”.- ამბობს ბოიჩენკო.

  • ჯაშუშობა რუსეთის სასარგებლოდ – ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავეს

    ბერლინში, ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს. გაერთიანებული სამეფოს პოლიციის ინფორმაციით, 57 წლის დევიდ სმიტი, ბრიტანეთის მოქალაქე, გერმანიიდან დიდ ბრიტანეთში ოთხშაბათს იქნა ექსტრადირებული და ხუთშაბათს სასამართლოში წინაშე წარდგება.

    მას ბრალად ედება შვიდი დანაშაული, რაც გულისხმობს ინფორმაციის შეგროვებას რუსეთის ხელისუფლებისთვის გაგზავნის მიზნით. ბრალდებებიდან ერთ-ერთია ინფორმაციის მიწოდება იმ პირისთვის, რომელიც თვლიდა, რომ რუსეთის ხელისუფლების წევრი იყო.

    პოლიციის ცნობით, სავარაუდო დანაშაული 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აგვისტომდეა ჩადენილი.

  • ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომელიც მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორობა განიხილოს

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ დაასახელა შვიდი ქვეყანა, რომელიც, მისი თქმით, მზად არის, განიხილოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორობა.

    ზელენსკი განმარტავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან შეხვედრა შედგება, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.

    „აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი – ისინი არ არიან გარანტორები, მაგრამ მე დავასახელე ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან მოვიდნენ და უსაფრთხოების გარანტიების სია განიხილონ, ეს არის პირველი ნაბიჯი. ამ გარანტორებთან შეხვედრა, შემდეგ – უსაფრთხოების გარანტიების ერთობლივი გაგება და შემდეგ კომუნიკაცია რუსულ მხარესთან“, – განაცხადა ზელენსკიმ Unian-ის ცნობით.

    მისივე თქმით, ზოგიერთი ქვეყანა მზადაა, უკრაინას სრულად დაუჭიროს მხარი, ნაწილი კი არა, ამიტომ მრჩეველთა დონეზე შეხვედრა და პოტენციური დოკუმენტის პუნქტების განხილვა აუცილებელია. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება.

  • ბრიტანეთი Sberbank-ს აქტივებს გაუყინავს – სანქციების ახალი პაკეტი

    დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, ბრიტანეთი რუსეთის უმსხვილეს ბანკს Sberbank-სა და მოსკოვის საკრედიტო ბანკს აქტივებს გაუყინავს. ასევე, რუსეთში ყველა ახალ ინვესტიციას აკრძალავს, რაც 2020 წელს 11 მილიარდ ფუნტს შეადგენდა.

    ახალი სანქციები შეეხება დამატებით 8 რუს ოლიგარქსაც, მათ შორის არიან რუსული გაზის წამყვანი მწარმოებლის Novatek-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლეონიდ მიხელსონი, გაზპრომბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეი აკიმოვი და სერგეი ივანოვი, ალმასის უმსხვილესი მწარმოებლის Alrosa-ს პრეზიდენტი.

    ბრიტანეთი ასევე გეგმავს, 2022 წლის ბოლომდე შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ქვანახშირსა და გაზზე.

  • აშშ-მ პუტინის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა

    აშშ-მ პუტინის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა

    ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის საბანკო ინსტიტუტებსა და პუტინის ქალიშვილებს ახალი სანქციები დაუწესა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. სანქციები შეეხოთ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს, ასევე, დიმიტრი მედვედევსა და მიხეილ მიშუსტინს.

    აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებით, დრამატულად აძლიერებენ ფინანსურ წნეხს სანქციების დაწესებით რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტზე, სბერბანკსა და მის უმსხვილეს კერძო ბანკზე, ალფა ბანკზე.

    “ეს არის პასუხი უკრაინაში და მათ შორის ბუჩაში ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო, რომელმაც თეთრი სახლის აზრით პუტინის რეჟიმისთვის მყისიერი ეკონომიკური ზიანი უნდა გამოიწვიოს. ახალი სანქციები ასეთია: რუსეთის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტების – სბერბანკის და უმსხვილესი კერძო ბანკის – ალფა ბანკის სრული ბლოკირება. სბერბანკის და ალფაბანკის ნებისმიერი აქტივის გაყინვა, რომლებიც აშშ–ს ფინანსურ სისტემასთან არის დაკავშირებული და აკრძალვა აშშ–ს მოქალაქეებისთვის, მათთან საქმიანობა აწარმოონ.

    სბერბანკი რუსეთის საბანკო სექტორის ყველა აქტივის დაახლოებით მესამედს ფლობს და სისტემური მნიშვნელობის ბანკია რუსეთის ეკონომიკისთვის. ალფა ბანკი კი უმხვილესი კერძო ბანკი და რუსეთის სიდიდით მეოთხე საფინანსო ორგანიზაციია. რუსეთში ახალი ინვესტიციების აკრძალვა. პრეზიდენტი ბაიდენი ხელს მოაწერს ახალ ბრძანებას, რომლითაც აიკრძალება რუსეთში აშშ–ს მოქალაქეების მხრიდან ინვესტიციების ჩადება, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.

    ეს გადაწყვეტილება ეფუძნება 600–ზე მეტი ტრანსნაციონალური კომიანიის გადაწყვეტილებას რუსეთის დატოვების შესახებ. მათ შორის არიან ენერგეტიკული კომპანიები, საცალო ვაჭრობის ქსელები, საფინანსო დაწესებულებები, ასევე საქონლისა და მომსახურების სხვადასხვა მიმწოდებლები, მათ შორის საკონსულტაციო და იურიდიული ფირმები. სრული ბლოკადა უმსხვილესი რუსული სახელმწიფო კომპანიებისთვის. იკრძალება აშშ–ს ნებისმიერი მოქალაქისთვის გარიგება დადონ ამ ორგანიზაციებთან. გაიყინება ამ ორგანიზაციების ნებისმიერი აქტივები აშშ–ს იურისდიქციაში, რაც თეთრი სახლის განცხადებით, კრემლს შეუზღუდავს შესაძლებლობას, მათი საშუალებით უკრაინაში ომი დააფინანსოს და უზრუნველყოს. ამ ორგანიზაციების ჩამონათვალს ფინანსთა სამინისტრო ხვალ გამოაცხადებს”,– აცხადებს მაღალჩინოსანი.

    რაც შეეხება რუსეთის ელიტის ოჯახის წევრებს სანქციებს, სანქცირებულთა შორის არიან პრეზიდენტ პუტინის სრულწლოვანი შვილები, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ცოლი და ქალიშვილი, ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების ოჯახები, მათ შორის ყოფილი პრემიერის, დიმიტრი მედვედევის და პრემიერ მიხეილ მიშუსტინის ოჯახის წევრები.

    თეთრი სახლის განცხადებით ეს ადამიანები რუსი ხალხის ხარჯზე გამდიდრნენ, ზოგიერთი მათგანი კი პასუხისმგებელია უკრაინასთან პუტინის ომზე. ოფიციალური პირის განმარტებით, ამ პირების სანქცირება ნიშნავს მათ მოკვეთას აშშ-ს საფინანსო სისტემიდან და აშშ-ში არსებული მათი ყველა აქტივის გაყინვას.

    შეერთებულმა შტატებმა სანქციები უკვე დაუწესა 140-ზე მეტ ოლიგარქსა და მათ ოჯახის წევრებს, ასევე რუსეთის მთავრობის 400-ზე მეტ წარმომადგენელს.