Category: მსოფლიო

  • რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

    ომის დაწყებიდან 44 დღეში ოკუპანტებმა დაკარგეს:

    • დაახლოებით 19 000 ჯარისკაცი
    • ტანკი – 700
    • ჯავშანტექნიკა – 1891
    • საარტილერიო სისტემები – 333
    • MLRS / MLRS – 108
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 55
    • თვითმფრინავი – 150
    • ვერტმფრენი – 135
    • ავტომობილი – 1361
    • გემი/ნავი – 7
    • საწვავის ავზი – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი – 112
    • სპეციალური აღჭურვილობა – 25
    • OTRK / TRK – 4.

    გენშტაბის ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება.

  • შოლცი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას აჭიანურებს – Politico

    Politico-ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აჭიანურებს უკრიანისთვის ტანკების მიწოდებას, მიუხედავად სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების ზეწოლისა. ამის შესახებ მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. 

    გამოცემის ცნობით, გეგმა, რომელიც წამოაყენეს ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბურბოკმა, დაახლოებით 100 ტანკს ითვალისწინებს.

    Politico იუწყება, რომ თავდაპირველად, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამ კვირაში იყო მოსალოდნელი, მაგრამ ახლა შოლცი ამტკიცებს, რომ გერმანიამ ჯერ უნდა მიაღწიოს საერთო პოზიციას დასავლელ მოკავშირეებთან ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ ასეთ მძიმე სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის უკრაინას.

    შოლცმა თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორებს შორის კოორდინაცია, რათა არავინ იჩქაროს, მათ შორის გერმანიამაც.

    ცნობისთვის, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 6 და 7 აპრილს განიხილეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით დეტალები არ წარმოუდგენიათ.

    უკრაინისა და მისი პარტნიორების სადაზვერვო ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს დონბასზე დიდი შეტევის განხორციელებას უახლოეს კვირებში.

    NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა არ მიატოვა უკრაინის კონტროლის გეგმა და ძირითადი ძალები აღმოსავლეთში გადაიყვანა დონბასის დასაპყრობად, სადაც ელოდებიან “დიდ ბრძოლას, რუსეთის დიდ შეტევას“.

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტის თქმით, “დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ“.

  • რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი, ზელენსკის აზრით

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი არა მაშინ, როდესაც ის კუთხეშია მიმწყვდეული, არამედ იმ შემთხვევაში, თუ დაუსჯელობასა და უპირატესობას იგრძნობს. ამის შესახებ მან, Pravda-ს ცნობით, ინდურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

    “რუსეთის ფედერაციის მიერ გარკვეული ადამიანების მოწამვლა მუდმივად იმ მომენტში ხდებოდა, როდესაც გრძნობდნენ მეორე მხარის სისუსტეს, საკუთარ თავში ეჭვს. რუსეთი დასავლური სახელმწიფების ბიუროკრატიითა და ზოგჯერ სისუსტის შემთხვევაში იყენებდა ამა თუ იმ იარაღს.

    მაშასადამე, ნებისმიერი იარაღის გამოყენება, და ბირთვული არ არის გამონაკლისი, არ მოხდება იმიტომ, რომ ვიღაც დადგება უკრაინის მხარდასაჭერად, ან იმიტომ რომ შეგვიყვანს ნატოში, ან მოგვცემს თვითმფრინავებსა და ტანკებს.

    რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია მხოლოდ მაშინ, როცა თავს უპირატესად გრძნობს. სწორედ უპირატესობაა [მიზეზი] და არა ის, რასაც მსოფლიო დიპლომატია ამბობს: “თუ ისინი კუთხეში მოემწყვდევიან“,– განაცხადა ზელენსკიმ.

    მისივე განმარტებით, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც რუსეთი ატომურ იარაღს არ გამოიყენებს – ეს ძალაუფლებისა და სიცოცხლის დაკარგვის შიშია.

    „მეორე, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ამ ხალხს და ამ ხელმძღვანელობას და მთელ რუსეთის ფედერაციას სურს სიცოცხლე. მათ უყვართ სიცოცხლე, მართავენ სახელმწიფოს და არ სურთ ძალაუფლების დათმობა. მათ არ სურთ საკუთარი სიცოცხლის, ძალაუფლებისა და  მოსახლეობის ნდობის დაკარგვა. ატომური იარაღის გამოყენება გამოიწვევს ზუსტად იმას, რომ ისინი ყველაფერს დაკარგავენ. ამიტომ მე ამის არ მჯერა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

  • ჟოზეფ ბორელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში მატარებლით გაემგზავრნენ

    ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი კიევში მატარებლით გაემგზავრნენ. ისინი პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას.

    ბორელი და დერ ლაიენი პოლონეთის ფშემისლის სადგურიდან, რომელიც საზღვრიდან 13 კილომეტრში მდებარეობს, 8 აპრილს, ღამით გაემგზავრნენ.

     

    არსებული ინფორმაციით, მათი დელეგაციის შემადგენლობაში არიან სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი ედუარდ ჰეგერი და რამდენიმე ევროპარლამენტარი.

    ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველი მაღალი რანგის ევროპელი პოლიტიკოსია, რომელიც უკრაინას ბუჩაში ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ეწვევა.

  • უკრაინელებმა სუმის რეგიონი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

    რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი ჟივიცკის განცხადებით, სუმის რეგიონი მთლიანად გათავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან.

    „რეგიონის ტერიტორია თავისუფალია ორკებისგან, ამიტომ თუ გესმით აფეთქებები (და ძალიან ბევრი იყო ბოლო დღეებში), მუშაობენ მაშველები და ამფეთქებელი ტექნიკოსები. ისინი ანეიტრალებენ რუსი სამხედროების მიერ ჩვენს მიწზე დატოვებულ საბრძოლო მასალას. მიწა”, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

    მისივე განმარტებით, რეგიონის ტერიტორია არ არის უსაფრთხო დანაღმული და შეუსწავლელი ტერიტორიების სიმრავლის გამო.

    “არ გადახვიდეთ გზის პირას და არ გამოიყენოთ ტყის გზები. ნუ მიუახლოვდებით განადგურებულ აღჭურვილობას ან ორკების ბანაკებს!”,– მიმართა მან რეგიონის მოსახლეობას.

  • ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების გადანაწილებას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება – ბრიტანეთი

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების გადანაწილებას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება.

    დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ უკრაინიდან რუსული ჯარები უკვე მთლიანად გაიყვანეს ბელარუსსა და რუსეთში. ამ ძალების ნაწილი კი განლაგდება უკრაინის აღმოსავლეთით დონბასში საბრძოლველად.

    მათივე განცხადებით, ამ ძალებიდან ბევრს დასჭირდება მნიშვნელოვანი გაძლიერება, სანამ ისინი მზად იქნებიან განლაგდნენ უფრო აღმოსავლეთში.

    ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთის მიერ აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ქალაქების დაბომბვა გრძელდება.

    NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა არ მიატოვა უკრაინის კონტროლის გეგმა და ძირითადი ძალები აღმოსავლეთში გადაიყვანა დონბასის დასაპყრობად, სადაც ელოდებიან “დიდ ბრძოლას, რუსეთის დიდ შეტევას“.

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტის თქმით, “დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ“.

  • 1 რუსულ ტანკზე უკრაინაში 90 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მოდის–თეთრი სახლი

    თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ საღამოს ბრიფინგზე თქვა, რომ აშშ მზად არის მომავალშიც მიაწოდოს უკრაინას შეიარაღება.

    “იარაღის მიწოდება თითქმის ყოველდღე ხდება. მხოლოდ ორი დღის წინ, 100 მილიონი დოლარის იარაღის მიწოდების შესახებ განვაცხადეთ – ეს არის ჯაველინები, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღი, რომელსაც უკრაინელები ეფექტურად იყენებენ, რათა იბრძოლონ და  მოიგერიონ რუსეთი და დაიცვან თავისი ქვეყანა. ყოველ რუსულ ტანკზე უკრაინაში აშშ–მ უკვე მიაწოდა ან მომავალშიც მიაწვდის ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას. თუ გავითვალისწინებთ აშშ–ს მოკავშირეთა წვლილს, გამოვა, რომ დასავლური ტანკსაწინააღმდეგო სისტემების თანაფარდობა რუსულ ტანკებთან უკრაინაში არის 90 ერთზე.“–თქვა მან.

    პსაკის თქმით, უკრაინელი ლიდერები ეუბნებიან ამერიკას, რა სისტემები ჭირდებათ. ისინი ძირითადად სიებს წარადგენენ. ამის შემდეგ ამერიკელები სიას სწავლობენ, რათა გაარკვიონ, რისი მიწოდება შეუძლიათ. პსაკი ამბობს, რომ მოთხოვნის უბსოლუტურ უმრავლესობას ისინი აკმაყოფილებენ.

    https://www.youtube.com/watch?v=13PME5xB1ik

  • ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსულ გაზსა და ნავთობზე იყოს დამოკიდებული – ჯონსონი

    “ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყანა დამოკიდებული იყოს რუსულ გაზსა და ნავთობზე. ვერ დავუშვათ, რომ მსოფლიო იყოს დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვასწორებთ წარსულის შეცდომებს და ვდგამთ უზარმაზარ ნაბიჯს წინ, რათა ვუზრუნველყოთ რვა წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი რეაქტორის აშენება. ეს საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს სუფთა, მწვანე და სანდო ენერგია”

    განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა.

  • რა არის რუსული ჯარის “აქილევსის ქუსლი“ ამერიკელი გენერლების აზრით

    აშშ–ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი და ერაყსა და ავღანეთში ამერიკის ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი დევიდ პეტრაუსი  საუბრობს იმ მიზეზებზე, რამაც რუსული ჯარის უკრაინის სხვადასხვა ნაწილებიდან უკან დახევა განაპირობა.

    5 აპრილს, ნიუ-იორკში, „რადიო თავისუფლების“ ბალკანეთის სამსახურთან საუბარში, გადამდგარმა გენერალმა თქვა, რომ უკრაინის მომავალი დამოკიდებულია, „რამდენად კარგად ვიმოქმედებთ ჩვენ, და ჩვენ ნიშნავს, არა მარტო შეერთებულ შტატებს, არამედ ნატოს ყველა ქვეყანას ერთად და განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ საჰაერო თავდაცვა, სარაკეტო სისტემები, არტილერია და ამუნიცია… რომელიც შეესაბამება იმას, რაც უკრაინას აქვს“.

    2 აპრილს პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინას, 300 მილიონის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიაწოდებს, მათ შორის დრონებს, ავტომატებს და ჯავშანტექნიკას. პენტაგონის თქმით, ამ დროისთვის მათ უკრაინას 1.6 მილიარდის ღირებულების დახმარება გადასცეს, მათ შორის ანტისაჰაერო სტინგერის რაკეტები და ანტისატანკო იარაღი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

    სამხედრო ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ რაც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება იარაღი, ნაწილები და აღჭურვილობაა, რომელიც საბჭოთა დროინდელ ტექნოლოგიას შეესაბამება. ზოგიერთი დასავლური ტექნოლოგია, ექსპერტების თქმით, უკრაინისთვის რთული სამართავია, რადგან უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ შესაბამისი წვრთნები გავლილი.

    „უკრაინელები იბრძვიან ძალიან ეფექტურად, ძალზედ გმირულად, დიდი მოწადინებით, კრეატიულობით, გამბედაობით და ეფექტურობით, და ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ“, – თქვა პეტრეუსმა. „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უნდა ამოწმებდნენ თავიან თავდაცვის საწყობებს და აწვდიდნენ იმას, რაც [კიევისთვის] გამოსადეგი აქვთ“, – თქვა მან.

    2 აპრილს, „ტვიტერზე“, მარკ ჰერტლინგმა, ყოფილმა გენერალ-ლეიტენანტმა, რომელიც ევროპაში ამერიკის ძალებს ხელმძღვანელობდა, თქვა რომ უკრაინისთვის საბჭოთა პერიოდის მძიმე ტექნიკის გადაცემა, სწორი ნაბიჯია. მან გამოჰყო ტ-72 ტიპის ტანკები, რომელთა გამოყენებაც უკრაინას შეუძლია.

    5 აპრილს, გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ჩეხეთმა განაცხადა, რომ უკრაინას საბჭოთა წარმოების ტ-72-ებს გადასცემს, სხვა შეიარაღებასთან ერთად. ჩეხეთი ნატოს პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას მძიმე ტექნიკას აწვდის.

    „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, პეტრეუსმა ასევე ისაუბრა, რუსეთის სამხედრო წარუმატებლობაზე უკრაინაში. „ისინი დამარცხდნენ. უკრაინამ კიევისთვის ბრძოლა მოიგო“, – თქვა მან. „მათ ასევე მოიგეს ბრძოლა ჩერნიჰივისთვის, შორეულ ჩრდილოეთში და ასევე სუმისთვის, ჩრდილო-აღმოსავლეთით“, – განაცხადა გადამდგარმა გენერალმა.

    პეტრეუსმა, რომელიც ამერიკის შენაერთებს მეთაურობდა მას შემდეგ, რაც ამერიკამ 2007-2008 წლებში, ავღანეთში დამატებით 20,000 სამხედრო გაგზავნა, თქვა რომ ხუთ კვირაში რუსეთის სამხედრო დანაკარგები „წარმოუდგენელია“.

    „ვერ წარმომიდგენია 15,000 სამხედროს დაკარგვა ხუთ კვირაში. ეს გასაოცარია“ – განაცხადა მან. პეტრეუსის თქმით, ზუსტი რიცხვი, თუ რა დანაკარგები აქვს რუსეთს, უცნობია. უკრაინა საუბრობს 18,000 სამხედროს დაკარგვაზე, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები ამბობენ, რომ რუსეთმა ომში დაახლოებით 10,000 სამხედრო დაკარგა. რუსეთის მხარე კი მხოლოდ 1500-მდე სამხედროზე საუბრობს.

    იმაზე საუბრისას, თუ რატომ გაურთულდა ომის წარმოება რუსეთს და მოუწია ცალკეულ ნაწილებში უკან დახევა, პეტრეუსი ამბობს, რომ რუსეთის „აქილევსის ქუსლი“, მათი „საექსპედიციო ლოჯისტიკა“ იყო. „სხვა სიტყვებით, როდესაც ისინი შორდებიან სარკინიგზო სისტემას თუ პორტს, მათი ლოჯისტიკური [უნარები] ძალიან, ძალიან იკლებს“, – თქვა მან.

    მისი თქმით, როცა რუსული შენაერთები, რომლებიც რუსულ რკინიგზაზე არიან დამოკიდებული, შორდებიან ამ სატრანსპორტო გზას, მათთვის რთულდება ჯარისთვის საკვების, საწვავის, ამუნიციის, სამედიცინო ევაკუაციის და სხვა საჭიროებების გამართვა.

    რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და ამ დრომდე მოსკოვს უკრაინის არცერთი დიდი ქალაქი არ დაუკავებია. მოსკოვის ომს „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი დონბასის „გათავისუფლება“ და უკრაინის „დენაციფიკაციაა“.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ნოვაია გაზეტას მთავარ რედაქტორს მატარებელში აცეტონიანი საღებავი შეასხეს

    ნოვაია გაზეტას მთავარ რედაქტორსა და ნობელის პრემიის ლაურეატს, დმიტრი მურატოვს მატარებელში უცნობი პირები თავს დაესხნენ და აცეტონიანი წითელი საღებავი შეასხეს. მურატოვი ამბობს, რომ მათ მატარებლის კუპეში შეასხეს აცეტონი და ზეთის საღებავი, შემდეგ კი დაიყვირეს, რომ “ამას მათი ბიჭებისთვის აკეთებენ”.

    “კუპეში ზეთის საღებავი და აცეტონი შემასხეს. თვალები საშინლად მეწვის. მატარებელი მოსკოვიდან სამარამდე. მთელს ვაგონში ზეთის სუნია. გამგზავრება უკვე 30 წუთით გადაიდო. ვეცდები ჩემით ჩამოვიბანო. მან [თავდამსხმელმა] დაიყვირა: “მურატოვ, ეს ჩვენი ბიჭებისთვის”,– ამბობს მურატოვი.

    ცნობისთვის, დმიტრი მურატოვს 2021 წლის 8 ოქტომბერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.

    28 მარტს ნოვაია გაზეტამ როსკომნადზორის მეორე გაფრთხილების შემდეგ მუშაობა შეწყვიტა.