Category: მსოფლიო

  • რუსეთმა დონბასზე შეტევის პირველი ეტაპი დაიწყო – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის უფროსის მრჩეველმა, ალექსიერი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ დონბასში რუსული ჯარების შეტევის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. Unian-ის ცნობით, ამის შესახებ არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.

    მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია შეეცდება შეტევა განახორციელოს ერთდროულად ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.

    “ახლა ყველა ელოდება მეორე ეშელონს. და მეორე ეშელონი არის 10 BTG (ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი), რომლებიც მოდიან შორეული აღმოსავლეთიდან, ბოლო, მე-5 არმიიდან; და ისინი, ვინც ჩრდილოეთიდან გაიყვანეს ჩვენგან, კიევიდან, ჩერნიგოვიდან და სუმიდან“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

    მისივე განმარტებით, ჯარები, რომლებიც ოკუპანტებმა ჩრდილოეთიდან გაიყვანეს, ჯერ არ არიან მზად შეტევისთვის.

    არესტოვიჩის პროგნოზით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დონბასში მძიმე ბრძოლები გაიმართება, რაც ომის შემდეგი ეტაპის ბედს განსაზღვრავს.

  • რუსეთი ცდილობს მებრძოლების დნესტრისპირეთიდან წაყვანას – ბრიტანეთი

    დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, მზარდი დანაკარგების საპასუხოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალები ცდილობენ გააძლიერონ ჯარების რაოდენობა 2012 წლიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული პერსონალით.

    გარდა ამისა, დაზვერვის ცნობით, ოკუპანტი ასევე ცდილობს მოლდოვის არაღიარებული დნესტრისპირეთის რეგიონიდან მებრძოლების წაყვანას.

  • მაკომპლექტებლების არქონის გამო რუსეთი სამხედრო გემების წარმოებას აჩერებს

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით ვლადივოსტოკში მდებარე ქარხანაში “აღმოსავლეთის გემთმშენებელი“ მთელი წარმოება გაჩერებულია, პერსონალს სამსახურიდან უშვებენ, თავად საწარმოს კი გაკოტრებისთვის ამზადებენ.

    რუსეთის გემთმშენებელ ქარხნებში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა სამხედრო გემების წარმოებასა და მომსახურებასთან დაკავშირებული კონტრაქტების შესრულების თვალსაზრისით. ეს რთულ ფინანსურ ვითარებას და უცხოური მაკომპლექტებლების არარსებობას უკავშირდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ფეისბუქზე წერს.

    მათ ხელში ჩაუვარდათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის წერილი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საწარმო “აღმოსავლეთის გემთმშენებელში“ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ყველა სამუშაო შეჩერებულია. საწარმომ უნდა შეასრულოს 35 მილიარდი დოლარის კონტრაქტი, ააშენოს და მიაწოდოს ორი საზღვაო ტანკერი, ორი მცირე სარაკეტო ხომალდი, ორი მოძრავი ძრავიანი ნავმისადგომი, ასევე გაარემონტოს სხვადასხვა ტიპის ხომალდები და კატერები.

    ამასობაში კი ქარხანაში პერსონალის გათავისუფლება ხდება, კონტრაქტების შესრულების ვადები კი დაირღვა. თავად საწარმოს გაკოტრების პროცედურის დაწყებისთვის ამზადებენ.

    სამხედრო წარმომადგენლის შემდეგი წერილი მეტყველებს უცხოური კომპონენტების ტოტალურ უკმარისობაზე, რის გარეშეც სამხედრო ხომალდების და მათთვის საჭირო სისტემების მშენებლობა შეუძლებელია. ამიტომაც ქარხანას მოუწია საჭის საყრდენების, სანავიგაციო კომპლექსების და რადიოსადგურების, ასევე საზღვაო არტილერიისთვის საჭირო დეტალების წარმოების შეჩერება.

    ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეუძლებელია მოიძებნოს უცხოური დეტალების შემცვლელი რუსული და აზიური მაკომპლექტებლებით.

    “აშკარაა, რომ რუსეთის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსი იმპორტირებულ მაღალ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, რომელთა მიწოდების გარეშე რუსეთს არ შეუძლია თანამედროვე იარაღის წარმოების გაგრძელება“– ამბობს უკრაინის დაზვერვა.

  • რუსები ხარკოვში ბომბებს პარაშუტებით ყრიან – ქალაქის მერი

    ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ქალაქში ბომბებს პარაშუტებით ყრიან.

    ის მოსახლეობას სთხოვს, არ მიუახლოვდნენ ასეთ ბომბებს.

    “ხარკოვი ახალი ტიპის დაბომბვის წინაშეა. რუსი აგრესორები მათ პარაშუტებით ყრიან. გთხოვთ, არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეთ ასეთ პარაშუტებს და დაუყოვნებლივ შეატყობინოთ მაშველებს”,– განცხადა ტერეხოვმა ვიდეომიმართვაში.

    მანვე აღნიშნა, რომ შემოჭრის დაწყებიდან რუსმა დამპყრობლებმა გაანადგურეს 1716 საცხოვრებელი კორპუსი.

  • უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, შენ კი, ვოლოდიმირ, ამ ლომის ღრიალი გვაჩვენე – ჯონსონი

    “მე მგონია, რომ უკრაინელებმა ლომის სიმამაცე გამოიჩინეს, შენ კი, ვოლოდიმირ, ამ ლომის ღრიალი გვაჩვენე.

    მადლობას გიხდით იმისთვის, რისი გაკეთებაც თქვენ შეძელით, თქვენი ლიდერობა იყო არაჩვეულებრივი. ვფიქრობ, ის, რაც პუტინმა გააკეთა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბუჩა და ირპინი, მისმა სამხედრო დანაშაულებმა სამუდამოდ დააბინძურა მისი და მისი მთავრობის რეპუტაცია.

    გასაგებია – და ჩვენ ამაზე ვრცლად ვისაუბრეთ – ცხადია, რომ მან მარცხი განიცადა, მაგრამ მისი უკან დახევა ტაქტიკურია და ის აპირებს ზეწოლის გაძლიერებას ახლა დონბასსა და აღმოსავლეთში”

    განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კიევში ვიზიტის დროს.

  • ნავთობის ემბარგო რუსეთისთვის მშვიდობის ძიების არგუმენტი იქნება – ზელენსკი

    “უკრაინას ლოდინის დრო არ აქვს. თავისუფლებას არ აქვს ლოდინის დრო. მაშინ როდესაც ტირანიამ დაიწყო აგრესია იმის წინააღმდეგ, რაზეც დგას მშვიდობა ევროპაში, საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება. საჭიროა პრინციპული მოქმედება. და ნავთობის ემბარგო უნდა იყოს პირველი ნაბიჯი. მით უმეტეს ყველა დემოკრატიული ქვეყნის დონეზე, მთელი ცივილიზებული სამყაროს დონეზე. მაშინ რუსეთი ამას იგრძნობს. მაშინ მათთვის ეს იქნება არგუმენტი, რომ მშვიდობის ძიება დაიწყონ და უაზრო ძალადობა დასრულდეს”

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • რუსებმა რუბეჟნოესთან აზოტის მჟავის ავზი ააფეთქეს, კვამლი მათკენ წავიდა – გაიდაი

    ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ ქალაქ რუბეჟნოეს სიახლოვეს რუსულმა ძალებმა აზოტის მჟავის ავზს ცეცხლი გაუხსნეს.

    მისი თქმით, აფეთქება საფრთხეს არ წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

    ”იყო აზოტის მჟავის ნარჩენები – დაახლოებით სამი ტონა. ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ავზის გარშემო დარტყმის ზონა 550 მეტრზე მეტი არ არის. მადლობა ღმერთს, ამდენი მჟავა არ იყო დარჩენილი”,– თქვა გაიდამ CNN-ის ცნობით.

    მისივე განცხადებით, აფეთქებისგან გამოწვეული კვამლი რუსეთის პოზიციების მიდამოში გავრცელდა.

    “მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რუსებმა ბრძოლა არ იციან – ქარის მიმართულებაც კი არ გამოთვალეს. ღრუბელი მათი პოზიციებისკენ გავრცელდა კუდრიაშოვკასა და ვარვაროვკას მახლობლად”, – აღნიშნა გაიდაიმ.

    https://www.facebook.com/watch?v=698752801158495

  • ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე ვმუშაობთ – ჯონსონი

    “დღეს კიევში შევხვდი ჩემს მეგობარ პრეზიდენტს ზელენსკის უკრაინელი ხალხისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის საჩვენებლად.

    ვმუშაობთ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც ადასტურებს  უკრაინისადმი ჩვენს ერთგულებას რუსეთის ბარბაროსული კამპანიის წინააღმდეგ”

    წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი.

  • მოგესალმები კიევში, მეგობარო! – ზელენსკი ბორის ჯონსონს

    “დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი არის რუსეთის შემოჭრის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე ლიდერი რუსეთზე სანქციებით ზეწოლისა და უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის მხრივ. მოგესალმები კიევში, მეგობარო!”

    წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონზე, რომელიც დღეს კიევში ჩავიდა.

  • ბორის ჯონსონი კიევშია და ზელენსკის ხვდება

    ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი მოულოდნელად კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ზელენსკის ხვდება. მოლაპარაკების შინაარსის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ზელენსკის ოფისი აცხადებს, რომ ბრიტანეთი მხარს აქტიურად უჭერს უკრაინას და დღეს სამხედრო მხარდაჭერის მხრივ ლიდერია, ისევე როგორც ანტისაომარი კოალიციის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ლიდერი.

    ჯონსონმა ამ დღეებში განაცხადა, რომ ბრიტანეთი კიევს კიდევ 100 მილიონი ფუნტი სტერლინგის იარაღს გაუგზავნის.

    დაუნინგ–სთრითის ინფორმაციითი ბრიტანეთის პრემიერი პირადად ხვდება ზელენსკის, რათა აჩვენოს მისი სოლიდარობა უკრაინის ხალხის მიმართ და ლიდერები “განიხილავენ ბრიტანეთის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და პრემიერი განაცხადებს ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ“.