Category: მსოფლიო

  • რუსებმა მაკარივში 80 წლის კაცს ქალიშვილის თვალწინ ხელები მოკვეთეს – ომბუდსმენი

    უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფაქტებს ყვება, რომლის შესახებაც დასახლებების გათავისუფლების შემდეგ შეიტყვეს.

    “კიევის ოლქის სოფელ მაკარივში 80 წლის მამაკაცს ქალიშვილის თვალწინ ხელები მოკვეთეს. ის მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

    ირპენში 20 წლის ორსული ქალი ორმა რასისტმა გააუპატიურა. მან დაკარგა შვილი.

    ხერსონის რაიონში 60 წლის მამაკაცი ქალიშვილის თანდასწრებით კონდახებითა და ჯოხებით სცემეს

    ჩერნიგოვის რაიონის სოფლების იაგიდესა და ლუკაშივკას ოკუპაციის დროს რუსმა დამპყრობლებმა თავიანთი შტაბი ამაღლების ეკლესიაში შექმნეს. იქ აღმოაჩინეს ადამიანების ცხედრები, სავარაუდოდ, ადგილობრივები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა დახოცეს”,– წერს დენისოვა.

    მისი შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი, არასათანადო მოპყრობა და მკვლელობა არის ომის დანაშაული.

    სახალხო დამცველი მიმართავს გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევის საგამოძიებო კომისიასა და ეუთოს ექსპერტთა მისიას, გაითვალისწინონ უკრაინაში სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეს ფაქტები.

  • მთვრალმა ოკუპანტებმა გააუპატიურეს ქალი, მოკლეს მისი ქმარი და დაწვეს სახლი – პოლიცია

    კიევის რეგიონის პოლიციის განცხადებით, ბოგდანოვკაში მთვრალმა ოკუპანტებმა გააუპატიურეს ქალი, მოკლეს მისი ქმარი, შემდეგ კი მათი სახლი დაწვეს.

    “რუსი სამხედროების საშინელი დანაშაულები ბოგდანოვკაში. სოფლის წმენდისას კიევის რეგიონის პოლიციამ იპოვა 34 წლის მსხვერპლის დამწვარი სახლი და მისი მეუღლის ცხედარი, რომელიც დამპყრობლებმა დახვრიტეს”,– აცხადებს პოლიცია.

    მათივე ცნობით, ქალმა მოახერხა დამპყრობლებისგან თავის დაღწევა და ამჟამად ის უკრაინის დასავლეთში ცხოვრობს.

  • მარიუპოლში მტრით გარშემორტყმულმა, დაჭრილმა ოფიცერმა თავი აიფეთქა – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ დღეს მარიუპოლში მტრის ალყაში მოქცეულმა მესაზღვრემ თავი აიფეთქა. მისივე ცნობით, ოფიცერმა გაანადგურა რადიოსადგურიც, რათა ოკუპანტებს ხელში არ ჩაეგდოთ.

    „წინასწარი მონაცემებით, დღეს მარიუპოლში სასაზღვრო ჯარების ერთ-ერთმა უფროსმა ოფიცერმა, მტრით გარშემორტყმულმა და დაჭრილმა თავი აიფეთქა რადიოსადგურთან ერთად, რათა მტერს ის ხელში არ ჩაეგდო. მისი ბოლო სიტყვები იყო “დიდება უკრაინას!” დიდება მას, ქედს ვიხრი მის წინაშე”,– განაცხადა არესტოვიჩმა.

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლი დღეს “ომის გულია” და თუ ის “ფეთქვას შეწყვეტს”, უკრაინის პოზიციები შესუსტდება და შესაძლოა, რუსეთმა დაიწყოს გათავისუფლებული ქალაქებისთვის კვლავ შეტევა.

  • 5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, წითელმა ჯვარმა მარიუპოლში შესვლა ვერ შეძლო

    წითელი ჯვარის საერთოაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, 5-დღიანი მცდელობის მიუხედავად, გასულ კვირას წითელმა ჯვარმა მარიუპოლამდე მისვლა ვერ შეძლო.

    მისი განცხადებით, წითელი ჯვრის მანქანები მარიუპოლიდან 20 კილომეტრში შეაჩერეს.  მიუხედავად ამისა, პასკალ ჰუნდტის თქმით, წითელი ჯვრის გუნდმა გზაზე ლტოლვილების შეგროვება მოახერხა და ზაპოროჟიემდე 1000-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ მიაღწია.

    მანვე აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი მსგავსი ოპერაცია უნდა განხორციელდეს უახლოეს დღეებსა და კვირებში, ორგანიზაცია კი კავშირშია რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებასთან უსაფრთხო ევაკუციის შესათანხმებლად.

  • რატომ არ დაუჯერეს დაზვერვას, რომელიც ცდილობდა მსოფლიო უკრაინაში ომის შესახებ გაეფრთხილებინა

    როგორც წესი, დაზვერვის სამსახურები ამჯობინებენ საკუთარი მუშაობის შედეგები არ გაასაჯაროვონ, თუმცა  უკრაინაში რუსეთის შეჭრის სამზადისმა დადგენილი წესები შეცვალა. დასავლური სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღეს და საიდუმლო მონაცემები გაასაჯაროვეს.

    ბიბისი–ს კორესპონდენტი უსაფრთხოების საკითხებში,  გორდონ კორერა დასავლური დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს, როგორ მიმდინარეობდა პროცესი უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე.

    მისი თქმით, თებერვალში დაზვერვის თანამშრომლები ცდილობდნენ ადრე დაეძინათ. მათ ნანახი ქონდათ სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მეტყველებდა, რომ იგეგმებოდა ომი, და მათ კარგად იცოდნენ, რომ რუსეთი უკრაინაში გამთენიისას შეიჭრებოდა.

    როდესაც 24 თებერვალს ეს პროგნოზები გამართლდა, მომხდარი მაინც არარეალურად ჩანდა, იხსენებს ერთ–ერთი მათგანი: “მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ეს მართლაც ხდებოდა, სანამ ერთ დილით არ გავიღვიძე და რადიო არ ჩავრთე.“

    მანამდე დასავლური დაზვერვები თვეების მანძილზე განგაშის ზარს რეკდნენ.

    “იმ დღეს ხალხი, რომელიც ადრე გვეკითხებოდა “რატომ თესთ პანიკას?“ გადავიდა ახალ კითხვაზე – “რატომ არ ატეხეთ საკმარისად ძლიერი პანიკა?“- ამბობს დასავლური სპეცსამსახურების ერთ–ერთი წარმომადგენელი.

    კიდევ ერთი თანამშრომელი დასძენს, რომ საკუთარი სიმართლის დამადასტურებელი მტკიცებულებები მზვერავებს ამ შემთხვევაში სულაც არ ახარებდა. თუმცა, მაგრამ მათ ის მაინც იცოდნენ, რომ  სცადეს შეეჩერებინათ, რომლის მაშტაბებზეც ყველას თვეების მანძილზე აფრთხილებდნენ.

    ომის დაწყებამდე, და მისი დაწყებიდან რამდენიმე კვირის მანძილზე ამერიკული და ბრიტანული დაზვერვები აქვეყნებდნენ მათ ყველაზე საიდუმლო მონაცემებს. ათწლეულობის განმავლობაში სპეცსამსახურები ცდილობდნენ მოპოვებული ინფორმაცია მხოლოდ ადამიანების ძალიან შეზღუდული წრისთვის გაეცნოთ, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.

    მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მომხდარის შესახებ მთელ მსოფლიოს გაეგო. ეს არა მხოლოდ დასავლური სპეცსამსახურების მუშაობაში უდიდეს ცვლილებას, არამედ იმასაც ნიშნავდა, რომ მათ ერაყში შეჭრასთან დაკავშირებულ მძიმე მემკვიდრეობის გათვალისწინებით უწევდათ მუშაობა.

    პირველი საგანგაშო სიგნალები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოჩნდა, როცა თანამგზავრის სურათებმა აჩვენა რუსული ჯარების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან ახლოს. მაშინ ანალიტიკოსები ვერ ხვდებოდნენ მოსკოვის რეალურ განზრახვებს. თუმცა, 2021 წლის შუა პეროდში ყველაფერი შეიცვალა.

    “ზაფხულში დავინახეთ, რომ რუსეთის უმაღლესი სამხედრო მეთაურობა სხვა ქვეყანაში სრულმაშტაბიან სამხედრო შეჭრას გეგმავდა“– უყვება ბიბისი–ს დასავლური დაზვერვის წარმომადგენელი.

    როგორც ირკვევა, სადაზვერვო მონაცემების მოპოვებას და ანალიზს აშშ და დიდი ბრიტანეთი ერთობლივად ახორციელებდნენ. როგორც დაზვერვის წარმომადგენლები ხუმრობენ, ეს იყო ერთგვარი “ოჯახური ოპერაცია.“არ ყოფილა კონკრეტული მომენტი, როცა რუსეთის განზრახვა უცებ გაცხადდა. უფრო სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ რუსეთის განზრახვების რეალური სურათი თანდათან უფრო მკაფიო ხდებოდა. როგორც ჩანს, პუტინი დარწმუნებული იყო: უკრაინის გავლენის სფეროში დასაბრუნებლად აუცილებელი იყო სწრაფად და ძალის გამოყენებით მოქმედება. “მას ეჩვენებოდა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურებოდა“– ამბობს ბიბისი–ს წყარო, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ოპერაციაში.

    შემოდგომისთვის ვაშინგტონში გადაწყვიტეს რამე მოემექმედებინათ იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რასაც დაზვერვიდან იღებდნენ.

    საყურადღებო მომენტი იყო ნოემბრის დასაწყისში დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის, უილიამ ბერნსის ვიზიტი მოსკოვში. მან კრემლი გააფრთხილა, რომ ამერიკელებისთვის ცნობილი იყო რუსეთის გეგმების შესახებ. ვიზიტი საიდუმლო არ ყოფილა. ერთ–ერთი წყაროს თქმით, ზოგიერთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა მაშინ პირველად, აშშ–ს მთავარი მზვერავისგან გაიგო, რომ მათი ქვეყანა შეიძლება უკრაინას დაესხას თავს.

    სადაზვერვო თანამეგობრობის შემდგომი ნაბიჯი იყო საიდუმლო ინფორმაციის ნაწილის გამოქვეყნება.

    “დადგა საკითხი: რა აზრი აქვს ამ ყველაფრის ცოდნას, თუ არანაირად გამოვიყენებთ ამ ცოდნას“– ამბობს ბიბისი–სთან საუბრისას დასავლური დაზვერვის წარმომადგენელი ანონიმურობის დაცვის პირობით.

    ექპერტები, რომლებიც მონაცემებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნაზე მუშაობენ, დღე და ღამე მუშაობდნენ, რათა რისკები შეეფასებინათ და გადაეწყვიტათ, რისი გასაჯაროება შეიძლებოდა.

    უპირატესობა მიენიჭა მტკიცებულებების სახით კომერციული თანამგზავრული ფოტოების გამოქვეყნებას. დეკემბრის დასაწყისში გაზეთმა Washington Post არსებული ინფორმაციის საფუძველზე მკითხვებს უამბოო უკრაინაში შეჭრის რუსული გეგმის შესახებ.

    ინფორმაციამ, მიუხედავად იმისა რომ სამთავრობო კავშირის ცენტრ GCHQ–ის და ბრიტანეთის დაზვერვის, MI6–ის მონაცემებს ეყრდნობოდა, უნდობლობა გამოიწვია. მთავარი პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ არავის ჯეროდა 21–ე საუკუნის ევროპაში მსგავსი ომის შესაძლებლობის. უნდა ითქვას, რომ MI6–ის ინფორმაციას თავიდან ბრიტანეთის ხელისუფლებაც უნდობლობით ეკიდებოდა.

    მხოლოდ წლის ბოლოს, როცა დაზვერვის გაერთიანებულმა კომიტეტმა ყველა არსებული მონაცემის საფუძველზე დაასკვნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ალბათობა ძალიან მაღალი იყო, ადამიანებმა სიტუაციის სერიოზულობის გაცნობიერება დაიწყეს.

    სიფრთხილეს, რომლითაც ყველა ინფორმაცია მოწმდებოდა,  შეიძლება ერაყული გაკვეთილების შედეგი დავარქვათ. თითქმის ორი ათწლეულის წინ სწორედ დაზვერვის ინფორმაციას მასობრივი განადგურების იარაღის არსებობის შესახებ, დაეყრდნო ერაყში შეჭრის ოპერაცია. 2003 წელს პოლიტიზებაში ბრალდებების ფონზე ამერიკელი და ბრიტანელი მზვერავების რეპუტაცია სერიოზულად დაზიანდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მონაცემები მცდარი იყო.

    მას შემდეგ ერაყის აჩრდილი სადაზვერვო მონაცემების გასაჯაროების შესახებ ყველა დისკუსიას თან ახლდა. უკრაინამ სპეცსამსახურების თანამშრომლებს მისცა შანსი, ეს მემკვიდრეობა წარსულში დაეტოვებინათ. შემოიღეს ახალი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის მკაცრ ანალიზს და მისი გასაჯაროების შესაძლებლობას.

    სამხედრო შეჭრის მზადების შესახებ აშშ–მ და ბრიტანეთმა მოკავშირეებსაც მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა ბევრი მათგანი მას სკეპტიკურად შეხვდა. დაზვერვის ერთ–ერთი თანამშრომლის თქმით, უნდობლობის დაძლევა ხშირად ძნელი იყო, რადგან ინფორმაციის წყარო საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო.

    გარდა ამისა, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ რუსეთს სპეციალურად უნდოდა დასავლეთის შეცდომაში შეყვანა და საკუთარ სამხედრო პოტენციალს ამიტომ ზრდიდა. პროცესს ართულებდა ერაყის ოპერაციის შემდეგ აშშ–ს და ბრიტანეთის დაზვერვებისადმი ფრთხილი დამოკიდებულებაც. უკვე ომის დაწყების შემდეგ საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენეს შემდეგი ფორმულირებით: „ხელმძღვანელობის არასაკმარისი ინფორმირებისა და თემატიკის ღრმა ცოდნის არქონის გამო“.

    დაზვერვის სიფრთხილე მასალების გამოქვეყნებისას იმას უკავშირდება, რომ თუ ამის შედეგად მოწინააღმდეგე წყაროს გაშიფრავს, ინფორმაციის გაჟონვა აღარ მოხდება. თუმცა, ერაყის შემდეგ იყო სხვა შემთხვევებიც, როცა სადაზვერვო მონაცემები გასაჯაროვდა – მაგალითად სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, თუმცა ეს არასოდეს მომხდარა იმ მაშტაბებით, რაც უკრაინაში ომის შემთხვევაში ხდება.

    გასაჯაროებულ დოკუმენტებს შორის იყო ინფორმაცია, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა გაავრცელა – კრემლის გეგმები კიევში მარიონეტული მთავრობის შემადგენლობაში კონკრეტული პირების შეყვანის შესახებ. ასევე ვაშინგტონის მონაცემები კრემლის გეგმებზე, რომელიც ომის საბაბის ინსცენირებას აპირებდა.

    ამერიკული და ბრიტანული დაზვერვები თვლიდნენ, რომ ამ მასალების გამოქვეყნება მოსკოვს მოუსპობდა უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას თავდაცვის აუცილებლობის საბაბით.

    დაზვერვის ერთ–ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ არასოდეს მსგავსი არაფერი უნახავს: ერთ დღეს მის მაგიდაზე იდო მკაცრად გასაიდუმლოებული მასალები, მეორე დღეს კი ისინი ღიად ხელმისაწვდომი იყო.

    სამწუხაროდ საიდუმლო ინფორმაციის ასეთი მაშტაბის გასაჯაროებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ვერ შეაჩერა, თუმცა მოსკოვის გეგმები გარკვეულწილად შეცვალა.

    სამაგიეროდ, ისინი დაეხმარა დასავლეთს უფრო სწრაფად გარკვეულიყვნენ მიმდინარე პროცესში, ადვილად გაერკვიათ, ვინ იყო აგრესორი და რუსეთის შესაკავებლად ძალები გაეერთიანებინათ, თვლის დაზვერვის თანამშრომელი.

    დაზვერვის მონაცემების გამოქვეყნება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც გრძელდებოდა – უკვე საჯარო განცხადებების და ბრიფინგების სახით. ერთი კვირის წინ სამთავრობო კავშირის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პუტინს დღემდე არ აქვს რეალური ინფორმაცია უკრაინაში ომის მიმდინარეობის შესახებ, ასევე გააფრთხილა საზოგადოება ქიმიური იარაღის გამოყენებით შესაძლო პროვოკაციების თაობაზე. სადაზვერვო თანამეგობრობაში აცნობიერებენ, რომ შეიქმნა ახალი სიტუაცია, რომლის დროსაც გამოძიება ღია წყაროებზე დაყრდნობით საშუალებას იძლევა ოფიციალური პირების განცხადებების ვერიფიცირება ან დამატებით დადასტურება მოხდეს, საინფორმაციო ომს კი, მათ შორის დაზვერვის მონაცემებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს.

    ერთის მხრივ, აშშ–ს და ბრიტანეთის დაზვერვის დასკვნები პრაქტიკულად უშეცდომო იყო: მოხდა რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, ზელენსკის მთავრობის დამხობის და ჩანაცვლების მიზნით.

    ანალიტიკოსებმა ასევე სწორად შენიშნეს, რომ მოსკოვმა ვერ გათვალა უკრაინელების რეაქცია რუსული ჯარის შეჭრაზე.

    “მათ მართლაც ჯეროდათ, რომ მათ უკრაინელები დროშებით დახვდებოდნენ“– ამბობს ერთ–ერთი დასავლური ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენელი.

    თუმცა, მეორეს მხრივ, არ გამართლდა დასავლური დაზვერვების ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის გამარჯვება ომში რამდენიმე კვირის საქმე იყო: ომი სრულიად სხვაგვარად წავიდა, ვიდრე ბევრი ექსპერტი ვარაუდობდა. რუსული არმია ბევრად უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ბევრი თვლიდა, იმ დროს, როცა უკრაინულმა არმიამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

  • აშშ არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ არჩევნებს – საელჩო

    შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს.

    “ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები” და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი”, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს. შესაბამისად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს აწარმოებს და გამიზნულად ესხმის თავს უკრაინელ ხალხსა და ქალაქებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაცვა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს”,- აცხადებს საელჩო.

    ის მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავისი ომი უკრაინაში და მის მიერ საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.

    “მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა”,– ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

    ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ ე.წ. არჩევნების შედეგებს იურიდიული ძალა არ ექნება.

  • ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებში უპირატესობას მარიუპოლი განსაზღვრავს

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ “მარიუპოლი დღეს ამ ომის გულია”, ამიტომ მისი სიძლიერე განსაზღვრავს მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციებს.

    “ის ფეთქავს. ჩვენ ვიბრძვით. ჩვენ ძლიერები ვართ. და თუ ის შეწყვეტს ფეთქვას, ჩვენ უფრო სუსტ მდგომარეობაში ვიქნებით. ისინი [დამცველები] არიან ადამიანები, რომლებიც მტრის ძალების დიდ ნაწილს ფანტავენ.

    რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი პოზიციები მარიუპოლში, რაც უფრო ძლიერი იქნება პოზიციები ქვეყნის აღმოსავლეთში, მით უფრო ძლიერი პოზიცია გვექნება ძალების საერთო ოპერაციაში. და თუ ისინი გაძლიერდებიან, მოლაპარაკების მაგიდა უფრო ახლოს იქნება და ჩვენ გვექნება უპირატესობები რუსეთის ფედერაციასთან დიალოგში”,– ამბობს ზელენკი AP-თან ინტერვიუში.

    მისივე შეფასებით, თუ მარიუპოლში უკრაინის პოზიციები დასუსტდება, მაშინ შესაძლოა რუსეთმა დაიწყოს იმ ქალაქებში დაბრუნება, რომელიც უკვე გათავისუფლდა მათგან.

    “ისინი შეიძლება ამაზე წავიდნენ. და ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებებში უფრო სუსტი იქნება. და ალბათ რუსული მხარისთვის არასაინტერესო. ეს შეიძლება მოხდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ. ჩვენ გვჯერა სხვა შედეგის, ჩვენ გვჯერა ჩვენი გამარჯვების”,– აღნიშნა ზელენსკიმ.

  • რუსეთი წლების განმავლობაში ქმნიდა პუტინის მომხრე პარტიებს EU-ში – პოდოლიაკი

    “რუსეთი წლების განმავლობაში ქმნიდა პუტინის მომხრე პარტიებს ევროკავშირში და ფულს ასხამდა მათში. დიახ, ისინი მარგინალები არიან, მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ საზოგადოების დაყოფას. ევროკავშირს უნდა ესმოდეს: პუტინის მომხრე პარტიებთან ფლირტი ნიშნავს რუსეთის “ბარბაროსული მშვიდობის” სახლში დაპატიჟებას”

    წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე.

  • რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე – სრულად

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის არმიის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტმა დაკარგა:

    • დაახლოებით 19 300 ჯარისკაცი
    • ტანკი – 722
    • ჯავშანტექნიკა – 1911
    • საარტილერიო სისტემები – 342
    • MLRS / MLRS – 108
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 55
    • თვითმფრინავი – 152
    • ვერტმფრენი – 137
    • ავტომობილი – 1384
    • გემები/ნავები – 7
    • საწვავის ავზი – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი – 112
    • სპეციალური აღჭურვილობა – 25
    • OTRK / TRK – 4.

    გენშტაბის განცხადებით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება, რადგან გამოთვლა ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა.

  • სატელიტმა ხარკოვის აღმოსავლეთით რუსების 13 კმ-იანი კოლონა დააფიქსირა

    სატელიტმა დააფიქსირა რუსეთის სამხედრო კოლონის გადაადგილება ხარკოვის აღმოსავლეთით. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

    Maxar Technologies-ის მიერ შეგროვებული და გაანალიზებული სატელიტური სურათები აჩვენებს რვა მილის (12.8 კმ) სიგრძის სამხედრო კოლონას, რომელიც მოძრაობს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ველკი ბურლუკში 8 აპრილს.

    ველკი ბურლუკი ხარკოვის აღმოსავლეთით, უკრაინა-რუსეთთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.

    სურათებში ნაჩვენებია ჯავშანტექნიკა, სატვირთო მანქანები ბუქსირებული არტილერიით და დამხმარე აღჭურვილობით.