Category: მსოფლიო

  • როგორც ჩანს, რუსებმა გადაწყვიტეს მარიუპოლის მიწასთან გასწორება ნებისმიერ ფასად – კულება

    “მარიუპოლში მდგომარეობა სამხედრო თვალსაზრისითაც მძიმე და გულსატკენია. ქალაქი აღარ არსებობს.

    უკრაინის არმიის დარჩენილი ნაწილი და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ჯგუფი, ძირითადად, რუსი ძალების მიერაა ალყაში მოქცეული. ისინი აგრძელებენ ბრძოლას, მაგრამ როგორც მარიუპოლში რუსული არმიის ქცევიდან ჩანს, მათ გადაწყვიტეს ქალაქის მიწასთან გასწორება ნებისმიერ ფასად”

    აცხადებს უკრაინის საგარეო მინისტრი, დმიტრო კულება CBS-თან ინტერვიუში.

  • მაკრონი უკრაინაში მოვიწვიე, მინდა გაიგოს, რომ ეს გენოციდია – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეთანხმება ჯო ბაიდენს, რომელმაც უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს გენოციდი უწოდა.

    “მე იგივე აზრი მაქვს, რაც პრეზიდენტ ბაიდენს. შეხედეთ რა მოხდა ბუჩაში. გასაგებია, რომ ეს ომი კი არა, გენოციდია. მათ უბრალოდ ხალხი დახოცეს, ჯარისკაცები კი არა, ხალხი. უბრალოდ ხალხს ესროდნენ ქუჩებში. ხალხი ველოსიპედზე დადიოდა, ავტობუსით ან უბრალოდ დადიოდა. ქუჩებს გვამები ეყარა”,– განაცხადა ზელენსკიმ.

    მან უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც, რომელმაც სიტყვა გენოცდის გამოყენებაზე უარი თქვა. ზელენსკის თქმით, მაკრონი მან უკრაინაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ნახოს რუსეთის ქმედებები.

    “ვფიქრობ, მას სურს გადადგას გარკვეული ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს, რომ რუსეთი დიალოგში ჩაერთვება. მე უბრალოდ ვუთხარი მას, რომ მინდა გაიგოს, რომ ეს არ არის ომი, სხვა არაფერია თუ არა გენოციდი. მე მოვიწვიე ის, როცა საშუალება ექნება. მოვა და ნახავს და დარწმუნებული ვარ, მიხვდება”,– აღნიშნა ზელენსკიმ.

  • რუსებმა ჩემი შვილი გაიტაცეს, მხოლოდ 16 წლისაა, დამეხმარეთ – ზაპაროჟიეს ადმინისტრაციის უფროსი

    ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ ბურიაკის ვაჟი გაიტაცეს.

    მისი ინფორმაციით, ოკუპანტებმა ის ვასილიევკას საგუშაგოდან მოიტაცეს.

    ბურიაკი საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარების თხოვნით მიმართავს.

    „ჩემი შვილი გაიტაცეს. რუსებმა ის ვასილიევკაში, საგუშაგოდან გაიტაცეს. ის მხოლოდ 16 წლისაა. არ ვიცი, სად არის ახლა ჩემი შვილი. მივმართავ მთელ ევროპულ საზოგადოებას, მთელ კაცობრიობას: დამეხმარეთ, გთხოვთ, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ რუსები აქ, ქვეყანაში იპარავენ ბავშვებს. დაეხმარეთ ჩემს შვილს სახლში რაც შეიძლება მალე დაბრუნებაში. მე მჭირდება თქვენი დახმარება. თუ ბევრი ადამიანი მოითხოვს ჩემი ვლადის გათავისუფლებას ერთდროულად, მაშინ ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა ბურიაკიმ ვიდეომიმართვაში.

  • რუსეთის მიერ კიევის აღების მეორე მცდელობისთვის ვემზადებით – ჟირნოვი

    კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ნიკოლაი ჟირნოვის თქმით, დედაქალაქი ემზადება ყველა შესაძლო რუსული სცენარისთვის, მათ შორის, კიევის აღების მეორე მცდელობისთვის.

    მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მტერმა ზარალი განიცადა, რუსეთის ფედერაციას აქვს დიდი რესურსები – როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური.

    “ჩვენ გვესმის, რომ მტერს დრო სჭირდება მოსამზადებლად. მაგრამ ასევე გვესმის, რომ მათი მიზანი, აიღონ დედაქალაქი და მთელი უკრაინა, არ შეცვლილა.

    ამჟამად, მტერი ავსებს დანაკარგებს, აგროვებს რესურსებს და არემონტებს აღჭურვილობას, ამზადებს მას გამოსაყენებლად. ამის გაცნობიერებით, ჩვენ ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარისთვის და თუნდაც ყველაზე უარესისთვის – კიევის აღების მეორე მცდელობისთვის“,– თქვა მან  Вечернему Киеву-თან ინტერვიუში.

    ჟირნოვი სთხოვს ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, რომლებსაც კიევს გარეთ საცხოვრებელი აქვთ, ქალაქში არ დაბრუნდნენ.

    “რადგან არის როგორც საჰაერო, ასევე სარაკეტო დარტყმებისა და მტრის დივერსიული ჯგუფების მოქმედების საშიშროება. და საერთოდ, მტერმა არ მიატოვა დედაქალაქის აღების მიზანი”,– აღნიშნა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.

  • არ მჯერა დოკუმენტების, სიტყვების – მწამს ჩვენი ხალხისა და მოქმედების – ზელენსკი

    “მე არ მჯერა მსოფლიოსი მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რა ხდება უკრაინაში. მე არ მჯერა ზოგიერი ქვეყნის, ან ზოგიერთი ლიდერის გულწრფელობის. ჩვენ არ გვჯერა სიტყვების. მას შემდეგ, რაც რუსეთი ჩვენს მიწაზე შემოიჭრა, ჩვენ არ გვჯერა ჩვენი მეზობლების. ჩვენ არ გვჯერა ამ ყველაფრის.

    […] არ მჯერა არც დოკუმენტების, რადგან ჩვენ ბუდაპეშტის მემორანდუმიც გვაქვს – ვფიქრობ, თქვენ იცნობთ დეტალებს. ჩემთვის ეს მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯია.

    ჩვენ უბრალოდ გვჯერა კონტრაქტის, პრაგმატული რაღაცების. თუ ჩვენი მეგობრები ან პარტნიორები ხართ, მოგვეცით იარაღი, მოგვეცით ხელი, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ფული და შეაჩერეთ რუსეთი, დაარტყით რუსეთს. შეგიძლიათ ამის გაკეთება, თუ მეგობარი ხართ. თუ დემოკრატიასა და ყველაფერზე ფიქრობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ერთიდაიგივე აზრები გვაქვს, თუ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ და არა იმიტომ, რომ თავისუფლებაზე დიალოგი გვსურს.

    ერთადერთი რწმენა, რომელიც არსებობს – ჩვენი ხალხის რწმენაა, ჩვენი შეიარაღებული ძალების რწმენა და რწმენა იმისა, რომ ქვეყნები მხარს დაგვიჭერენ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ თავიანთი ქმედებებით. ჩვენ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავისუფლებაზე დიალოგი გვსურს”

    თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

  • რუსებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს – დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრი დაბომბეს. უკრაინული მედიის ცნობით, დაიღუპა მინიმუმ 5 ადამიანი, 13 კი დაშავდა. ადგილზე მაშველები იმყოფებიან.

    თავდასხმები დაახლოებით 13:30 და 14:00 საათზე მოხდა. რუსმა სამხედროებმა ქალაქში რამდენიმე რაკეტა ისროლეს.

  • მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს – იტალიის პრემიერი პუტინთან საუბრის შემდეგ

    „სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, რომ მშვიდობაზე სასაუბროდ ვურეკავდი. მე მას ვკითხე: “როდის ხვდები ზელენსკის? მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ კვანძების გახსნა”. მან მიპასუხა: “ამისთვის დრო ჯერ არ არის მომწიფებული”. მე დაჟინებით ვეუბნებოდი: “გადაწყვიტეთ ცეცხლის შეწყვეტა“. ისევ – “არა, ამის დრო არ მოსულა”. ამის შემდეგ მან ყველაფერი ამიხსნა გაზის საფასურის რუბლით გადახდასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო შემოღებული.

    მე უკვე ვიწყებ ფიქრს, რომ ისინი, ვინც ამბობენ, რომ “მასთან საუბარს აზრი არ აქვს, უბრალოდ დროის კარგვაა”, მართლები არიან. მე ყოველთვის ვიცავდი მაკრონს და ვაგრძელებ იმის მტკიცებას, რომ როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ამჟამინდელი პრეზიდენტი, ის მართალია, ცდილობს დიალოგის ყველა შესაძლო გზის პოვნას, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ომის საშინელება მისი ხოცვა-ჟლეტით, იმით, რაც მათ გაუკეთეს ბავშვებსა და ქალებს, სრულიად დამოუკიდებელია იმ სიტყვებისა და სატელეფონო ზარებისგან, რომლებიც კეთდება“

    თქვა იტალიის პრემიერმინისტრმა, მარიო დრაგიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში.

  • მარიუპოლის მცველებმა ჩაბარებაზე უარი თქვეს – რუსეთი მათ დახოცვით ემუქრება

    რუსეთის ულტიმატუმის შემდეგ მარიუპოლის მცველებმა უარი თქვეს დანებებაზე, რის შემდეგაც ოკუპანტი მათ “ელიმინაციით” ემუქრება. რუსეთმა მათ დანებებისთვის დრო მოსკოვის დროით 13:00 საათამდე მისცა.

    რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში მყოფ მებრძოლებს “კიევის ნაციონალისტურმა რეჟიმმა, რადიოშეტყობინებების მიხედვით, აუკრძალა მოლაპარაკება ჩაბარების შესახებ“.

    ოკუპანტი ქვეყნის უწყება ირწმუნება, რომ უკრაინული ჯგუფის შემადგენლობაში 400-მდე უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცია, მათ შორის, ევროპელები და კანადელები.

    “შემდგომი წინააღმდეგობის შემთხვევაში, ყველა მათგანი განადგურდება“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

    მარიუპოლის მერის მრჩეველის თქმით, ულტიმატუმის მიუხედავად უკრაინელები ბრძოლას აგრძელებენ.

  • რუსეთის გაკოტრება მხოლოდ დროის საკითხია – ურსულა ფონ დერ ლაიენი

    “სანქციები ყოველ კვირას უფრო ღრმავდება რუსეთის ეკონომიკაზე. რუსეთში ექსპორტი 70 პროცენტით შემცირდა. 700 რუსულმა თვითმფრინავმა დაკარგა ლიცენზია სათადარიგო ნაწილებისა და პროგრამული განახლებების არარსებობის გამო. ასობით მსხვილი კომპანია და ათასობით ექსპერტი ზურგს აქცევს მას. ამჟამინდელი პროგნოზების მიხედვით, რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი 11%-ით შემცირდება. რუსეთის ეროვნული გაკოტრება მხოლოდ დროის საკითხია. ამ ომით პუტინი ასევე ანგრევს საკუთარ ქვეყანას და თავისი ხალხის მომავალს”

    ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Bild-თან ინტერვიუში.

  • ფონ დერ ლაიენი EU-ს ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინას იარაღი სწრაფად მიაწოდონ

    „მე არ განვასხვავებ მძლავრ და სუსტ შეიარაღებას. უკრაინამ უნდა მიიღოს ის, რაც სჭირდება და რისი მიღებაც შეუძლია თავდაცვისთვის. ევროკავშირი ამისთვის 1.5 მილიარდ ევროს გამოყოფს, ბევრი წევრი ქვეყანა იარაღს დამატებით აწვდის.“

    ყველა წევრმა სახელმწიფომ, რომელსაც შეუძლია, ძალიან სწრაფად უნდა მიაწოდოს [იარაღი] უკრაინას, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს უკრაინა გადარჩენას რუსეთის წინააღმდეგ მწვავე თავდაცვით ბრძოლაში”

    განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Bild-თან ინტერვიუში.