Category: მსოფლიო

  • რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 54 დღეში – სრულად

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოკუპანტის დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან 54 დღეში რუსულმა არმიამ დაკარგა:

    • დაახლოებით 20 600 ჯარისკაცი
    • ტანკი – 790
    • ჯავშანტექნიკა – 2041
    • საარტილერიო სისტემები – 381
    • MLRS / MLRS – 130
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 67
    • თვითმფრინავი – 167
    • ვერტმფრენები – 147
    • ავტომობილი – 1487
    • გემები / ნავები – 8
    • საწვავის ავზები – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი – 155
    • სპეციალური აღჭურვილობა – 27
    • OTRK / TRK – 4

    გენშტაბის ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება.

  • ლვოვის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა

    რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, ლვოვში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.

    მისივე თქმით, დილით ლვოვზე ოთხი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, მათ შორის, 3 სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

    მაკსიმ კოზიცკის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობასაც ამ დრომდე ცდილობენ.

    “ობიექტები ძლიერ დაზიანდა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამ დროისთვის ცნობილია 6 დაღუპულისა და 8 დაშავებულის შესახებ. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია. მიმდინარეობს მონაცემების განახლება”,– წერს სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი.

  • “რუსი მეთაურები შეშფოთდებიან” – ბრიტანეთის დაზვერვა მარიუპოლზე

    დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსი მეთაურები შეშფოთდებიან იმ დროით, რაც მათ მარიუპოლის დასამორჩილებლად სჭირდებათ.

    “შეთანხმებულმა უკრაინულმა წინააღმდეგობამ სასტიკად გამოსცადა რუსული ძალები და გადაამისამართა ხალხი და [საბრძოლო] მასალა, რაც ანელებს რუსეთის წინსვლას სხვაგან”,– აცხადებს დაზვერვა.

    მათივე ცნობით, მარიუპოლის აღების მცდელობა მნიშვნელოვანი ფასი დაუჯდა მის მცხოვრებლებს – განადგურებულია ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, ხოლო მოსახლეობაში მნიშვნელოვანი მსხვერპლია.

    “მარიუპოლში დასახლებული ტერიტორიების მიზანში ამოღება ემთხვევა რუსეთის მიდგომას ჩეჩნეთთან 1999 წელს და სირიასთან 2016 წელს. მიუხედავად 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებისა, რომ რუსეთი არც ქალაქებს დაარტყამდა და არც უკრაინის მოსახლეობას დაემუქრებოდა”,– წერია ბრიტანული დაზვერვის განცხადებაში.

  • რუსეთმა ლვოვზე 5 სარაკეტო იერიში განახორციელა

    რუსულმა არმიამ დღეს დილით უკრაინის ქალაქ ლვოვზე 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

    ამ ეტაპზე ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ. შესაბამისმა სამსახურებმა მუშაობა უკვე დაიწყეს.

    ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოუწოდა ლვოვის რეგიონის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ.

    მისივე ცნობით, სარაკეტო დარტყმები ლვოვის რეგიონზე განხორციელდა სუ-35-ებიდან.

  • პუტინს დამხრჩვალს იპოვიან, ან კადაფივით დაასრულებს – უკრაინის ყოფილი შს მინისტრი

    პუტინს დამხრჩვალს იპოვიან, ან კადაფივით დაასრულებს – უკრაინის ყოფილი შს მინისტრი

    უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ფიქრობს, რომ პუტინს შეუძლია, ნაწილობრივ აღიაროს თავისი დამარცხება და რუსებს უთხრას “მიზნების მიღწევაზე“, მაგრამ თუ მას არ სურს ტყუილი “გამარჯვებაზე”, შესაძლოა “წითელ ღილაკზე” დაჭერა გადაწყვიტოს – გამოიყენოს ბირთვული იარაღი, რა დროსაც მესამე მსოფლიო ომი დაიწყება და რუსეთის ფედერაცია სწრაფად მიიღებს საპასუხო ბირთვულ დარტყმას სხვა ქვეყნებისგან. მის კომენტარს Unian ავრცელებს.

    ავაკოვის აზრით, პუტინი სიცოცხლეს ისე დაასრულებს, როგორც ტირანთა უმეტესობა.

    “მითი დაინგრა, ჩვენ ვნახეთ. ჩამოაგდეს 300 თვითმფრინავი და შვეულმფრენი, განადგურდა 800-მდე ტანკი, ფლაგმანი [მოსკვა] ჩაიძირა. რა მოჰყვება ამას? მას შეუძლია თავისი ელიტის შიგნიდან ტორპედირება… ჩვენ არ ვაკეთებთ, როგორ მოხდება ეს.

    ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ რუსეთის იმპერიის ტირანთა უმეტესობამ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ცუდად დაასრულა. ან დილით იპოვიან აბრეშუმის ცხვირსახოცით დამხრჩვალს. ან იტყვიან, რომ ის მოკვდა გმირულად, ასე ვთქვათ, რაიმე ავადმყოფობისგან. ან სადმე მის ინტერნირებას მოახდენენ, როგორც გორბაჩოვის შემთხვევაში მოხდა. ან იგივე დაემართება მასაც, რაც კადაფის დაემართა ლიბიაში. ეს არავინ იცის“, – განაცხადა ავაკოვმა.

  • “15 მილიონიანი ვერტმფრენი 100 დოლარიანი რაკეტით ჩამოვაგდეთ“– უკრაინელი სამხედროები

    უკრაინის შეიარაღებული ძალების 93–ე მექანიზირებული ბრიგადის მებრძოლები აცხადებენ, რომ რუსული ვერტმფრენისთვის “სტინგერის“ სროლა დაენანათ და საბჭოთა “იგლა“ გამოიყენეს.

    მორიგი რუსული საბრძოლო ვერტმფრენი Ка-52 უკრაინელებმა კვირას ჩამოაგდეს. ინფორმაცია და ფოტოები ამის შესახებ ბრიგადის პრესსამსახურმა გაავრცელა:

    “დაგვენანა მათზე “სტინგერის“ გახარჯვა, ამიტომაც რუსული Ка-52 ჩვეულებრივი “იგლათი“ ჩამოვაგდეთ “– წერს ბრიგადის პრეს ოფიცერი.

    მტრის ვერმფრენები ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების გარშემო. მეზენიტემ ვერტმფრენს ორი რაკეტა ესროლა. ერთ–ერთი მათგანი სითბურ ხაფანგში აღმოჩნდა, მეორე კი მიზანს მოხვდა. ვერტმფრენი განადგურდა.

    ბრიგადა იუწყება, რომ მტერმა მათი პოზიციების რაკეტებით დაბომბვა დაიწყო, თუმცა წარუმატებლად.

    “ვხუმრობთ, რომ რუსული 15 მილიონ დოლარიანი ვერტმფრენი 100 დოლარიანი იარაღით ჩამოვაგდეთ, რომლის ღირებულება ჯერ კიდევ სსრკ–ს დროს გადაიხადეს“– ამბობს ბრიგადის პრეს ოფიცერი.

  • რუსეთის დეფოლტი შეიძლება გადაიქცეს ევროპის დეფოლტად – მედვედევი

    რუსეთის დეფოლტი შეიძლება გადაიქცეს ევროპის დეფოლტად – მედვედევი

    “კარგი, მაშინ სცადე”,– ასე პასუხობს დიმიტრი მედვედევი ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელმაც თქვა, რომ “რუსეთის გაკოტრება მხოლოდ დროის საკითხია”.

    რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამტკიცებს, რომ “რუსეთის დეფოლტი შეიძლება გადაიქცეს ევროპის დეფოლტად”.

    “როგორც მორალურად, ასევე, შესაძლოა, მატერიალურადაც. ევროკავშირის ფინანსური სისტემა არ არის სტაბილური, ხალხის ნდობა იკლებს. და ეს ასე არ შეირყა თუნდაც სამახსოვრო 2008 წელს, შემდეგ კი ძალიან რთული იყო”,– წერს ტელეგრამზე მედვედევი.

    მისივე თქმით, რუსეთი ელის “უბრალო ევროპელების ძლიერ მადლიერებას ჰიპერინფლაციისთვის, რომელიც აღარ შეიძლება მიეწეროს ბოროტ რუსებს”.

    “მაღაზიებში ძირითადი პროდუქტების ნაკლებობისთვის და ლტოლვილების შემოდინებისთვის, რაც გამოიწვევს ალბანურზე უარეს ძალადობრივ დანაშაულის ტალღას. მაშინ ბრიუსელში დეიდებსა და ბიძიებს მოუწევთ რიტორიკის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლილი ევროპული ქალაქების ქუჩებში, ევროპის თავზე მაიდნის გმირების პატივსაცემად საბურავებისგან დამზადებული სუნიანი კოცონი დაიწვება!”,– აღნიშნავს მედვედევი.

  • შეტევით ოპერაციაზე რუსი გენერლები ვერ თანხმდებიან, ეშინიათ – ბუდანოვი

    თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუს გენერლებს შორის შეტევითი ოპერაციების შესახებ შეთანხმება არ არსებობს, რადგან მათ ბრძოლის ველზე სიკვდილის ეშინიათ.

    “ფაქტობრივად, რუსები მათთვის გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. ძალიან ჩქარობენ, რადგან დროში ძალიან შეზღუდულები არიან. სურთ, აჩვენონ, თუ როგორ “იგებს” რუსეთი გარკვეულწილად ამ “სპეციალურ ოპერაციაში”, ისინი ჩქარობენ აღდგომამდე.

    ოღონდ გეტყვით, რომ არ გამოუვათ, ვერსად წავლენ და უკრაინა დაცული იქნება. შესაძლებელია გარკვეული ტაქტიკური გამარჯვებები, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი დასახლება დღეში ორ-სამჯერ გადადის ხელიდან ხელში.

    რუს გენერლებს არ აქვთ ერთობა ერთი მიზეზის გამო – ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ 8 გენერალი დაიღუპა და ეს ფაქტორი ბევრ მათგანს ნამდვილად აშინებს”,– განაცხადა ბუდანოვმა და აღნიშნა, რომ რუს გენერლებსაც ეშინიათ რეპრესიებისაც წარუმატებლობის შემთხვევაში.

    მანვე ისაუბრა მარიუპოლზეც და თქვა, რომ რუსების ქვედანაყოფების რაოდენობა იგივე რჩება და უკრაინის დაზვერვას არ აქვს მონაცემები ოკუპანტების ჯგუფის შემცირების შესახებ.

    ბუდანოვისვე ცნობით, რუსებს მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტები ამოეწურებათ, ამავდროულად, სანქციების გამო, ოკუპანტებს არ აქვთ შესაძლებლობა, დაიწყონ ასეთი რაკეტების წარმოება.

  • რას გააკეთებს უკრაინა, თუ მარიუპოლის მცველები განადგურდებიან – არესტოვიჩის განმარტება

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, თუ მარიუპოლის მცველები დაიღუპებიან, მაშინ უკრაინა დატოვებს რუსეთთან მოლაპარაკებებს და ბრძოლის განსხვავებულ სტრატეგიაზე გადავა. მისი განმარტებით, აღნიშნულ პოზიციაზეა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მის კომენტარს Unian ავრცელებს.

    “მაშინ დაიწყება სრულიად განსხვავებული პერიოდი – უკრაინა უკარნახებს [რუსეთს] პირობებს და იბრძოლებს მანამ, სანამ ჩვენს მიწაზე უკანასკნელი რუსი ნაძირალა არ მოკვდება. მათ არაფერი აქვთ საპასუხოდ, აქვთ კრიზისი და საშინელი პოლიტიკური კატასტროფა, მათ არ იციან როგორ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, უპირველეს ყოვლისა, “შიდა ბაზარზე“ და სულ ეს არის. ეს არის უკრაინის გამარჯვება რეალურად“,– თქვა არესტოვიჩმა 24-ე არხის ეთერში.

    მანვე აღნიშნა, რომ უკრაინას შეტევაზე გადასვლისთვის ბევრი მძიმე იარაღი სჭირდება, რადგან თავდასხმა უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვა.

    ცნობისთვის, დღეს მარიუპოლის მცველებმა დანებებაზე უარი თქვეს და ქალაქისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ულტიმატუმის უარყოფის გამო რუსეთი მათ დახოცვით ემუქრება.

  • ახალი სანქციების ამოქმედების გამო სატვირთო მანქანები პოლონეთ–ბელორუსის საზღვარზე 80კმ–იან რიგში გაიჭედნენ

    ასობით სატვირთო მანქანის რიგია გაჭიმული პოლნეთ–ბელორუსის საზღვარზე, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის ტერიტორია დატოვონ. ზოგიერთი მძღოლი უძრავ კოლონაში 30 საათზე მეტია დგას.

    სატვირთო მანქანების რიგი, რომელიც სიგრძეში 80 კილომეტს აღწევს, საზღვარზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც 16 აპრილს ძალაში შევიდა სანქციების მეხუთე პაკეტი მოსკოვის წინააღმდეგ, რომლის მიხედვით რუსეთის და ბელორუსის სატვირთო მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და ყოფნა აეკრძალათ.

    გამონაკლისი დაიშვება წამლების, ფოსტის და ნავთობპროდუქტების გადამზიდავებისთვის.

    ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ელის ათასობით სხვა სატვირთო მანქანას, რომლებიც დამკვირვებლების შეფასებით ამ მომენტისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე იმყოფებიან. შესაძლოა მათი კონფისკაცია ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მოახდინონ.