Category: მსოფლიო

  • რუსეთის არმია 2020 წელს ბელორუსში სამხედრო აგრესიას გეგმავდა – უკრაინის დაზვერვის დოკუმენტი

    უკრაინის დაზვერვა აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც მეტყველებს, რომ რუსეთის №1 სატანკო არმია ბელორუსის ტერიტორიაზე შეჭრისა და მისი დაპყრობისთვის ემზადებოდა.

    2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ბელორუსში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციამ შეიმუშავა ბელორუსში შეჭრის და სახალხო პროტესტის ჩახშობის გეგმა.

    ბელორუსის ოკუპაცია იგეგმებოდა საბაბით: “რუსეთის მიერ ევროპის კონტინენტალურ რეგიონში რეგიონული ან ფართომაშტაბიანი ომის თავიდან არიდება ნატოს წევრ ქვეყნებთან დასავლეთში.“

    რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნის მიმართ სამხედრო აგრესიის მზადების მტკიცებულება, უკრაინის დაზვერვის თქმით არის “ლეგენდა №1 სატანკო დივიზიის შენაერთების და სამხედრო ნაწილების დავალების შესრულების რაიონში გადაჯგუფების იდეის შესახებ.“

     

  • უკრაინაში ომმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელება გამოიწვია – მსოფლიო ბანკი

    მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკის 2022 წლის ზრდის პროგნოზი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო 4.1%–დან 3.2%–მდე შეამცირა.

    ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მალპასის თქმით, ეს უკავშირდება ზრდის შეჩერებას ძირითადად ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

    მანამდე მსოფლიო ბანკი 2022 წელს უკრაინის ეკონომიკის თითქმის ორჯერ შემცირებას ვარაუდობდა.

    ექსპერტებიბს აზრით, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი დიდ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს მთელ აღმოსავლეთ ევროპას, ვიდრე კორონავირუსის პანდემიამ მიაყენა.

    ბანკმა უკვე გამოყო უკრაინის დასახმარებლად 1 მილიარდი დოლარი და პირობას დებს, რომ უახლოეს თვეებში კიდევ 2 მილიარდს გამოყოფს.

  • მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე შეტევა დაიწყეს

    რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. ასევე ცნობილია, რომ ოკუპანტები ბომბავენ, ლევობერეჟნის რაიონს, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებს. მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშენკო ამბობს, რომ რუსული არმია ბომბავს არამხოლოდ აზოვსტალს, არამედ საცხოვრებელ რაიონებსაც.

    “ოკუპანტებს იერიშები მაღალი სიმძლავრის ბომბებით არა მხოლოდ აზოვსტალზე მიაქვთ, არამედ არტილერიითა და ტანკებით აგრძელებენ ქაოსურ დარტყმებს ცოცხალ სექტორზე ლევობერეჟნის რაიონზე, მეოტიდას ბულვარის გასწვრივ.ამავდროულად, გუშინ ოკუპანტებმა მოქალაქეებს ამ ზონაზე წვდომა გაუხსნეს, რათა სახლებიდან ნივთები აეღოთ. ამისთვის ავალდებულებენ თეთრი ლენტის ტარებას, რომლითაც რუსები საკუთარ თავს ინიშნავენ. ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოქალაქეების უკრაინელი სნაიპერებისთვის სატყუარების სახით გამოყენებას”. – წერს მერის მრჩეველი.

    აზოვსტალის ქარხანაში უკრაინელი მებრძოლები არიან გამაგრებულნი, მათ შორის აზოვის პოლკიდან.

    იერიშის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიაც.

  • “მოსკოვის“ აფეთქების შემდეგ რუსული ხომალდები უკრაინის ნაპირებს 200 კილომეტრით დაშორდნენ

    შავი ზღვის საოპერაციო ზონაში რუსეთის სახომალდო დაჯგუფება, რომელიც სარაკეტო და სადესანტო გემებისგან შედგებოდა უკრაინის სანაპიროს თითქმის 200 კილომეტრით მოშორდა.

    ამის შესახებ ოპერატიული ხელმძღვანელობა “სამხრეთი“ იუწყება. მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამის მიუხედავად საზღვაო მიმოსვლის ბლოკირება და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.

    არ არის გამორიცხული, რომ რუსები სარაკეტო დარტყმებს ახლა კასპიის ზღვის აკვატორიიდან ახორციელებენ. 18 აპრილს ლვოვის და ლვოვის ოლქის ხელმძღვანელებმა გააცხადეს, რომ ქალაქზე შეტევა “კასპიის მიმართულებიდან“ მიიტანეს. შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 11 დაიჭრა.

    15 აპრილს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ორი საკვანძო სამხედრო–საზღვაო ობიექტი დაკარგა: კრეისერი “მოსკოვი“ და სადესანტო ხომალდი “სარატოვი“. ამან შავ ზღვაზე რუსული ფლოტი დაასუსტა.

    14 აპრილს რუსულმა სამხედრო მეთაურობამ აღიარა, რომ კრეისერი მოსკოვი დანიშნულების პორტში ბუქსირებისას ჩაიძირა. მანამდე კრეისერზე უკრაინულმა მხარემ შეტევა მიიტანა სარაკეტო კომპლექს “ნეპტუნით“.

    დიდი სადესანტო ხომალდი “სარატოვი“ კი 24 მარტს ბერდიანსკის პორტში რაკეტა “Точка У”–თი ააფეთქეს. სარატოვის გარდა დაზიანდა სიახლოვეს არსებული კიდევ სამი გემი.

  • უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბრძოლაზე უარი თქვა

    უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედროების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბრძოლაზე უარი თქვა. 

    “დაზუსტებული ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის 126-ე ბრიგადის დანაკარგი 75%-მდეა. შავი ზღვის ფლოტის 810-ე ცალკეულმა საზღვაო ბრიგადამ დაკარგა 158 სამხედრო მოსამსახურე, თითქმის 500 დაიჭრა, 70 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. აღნიშნული ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაწერა მოხსენებები, რომლებშიც უარს ამბობენ ე.წ. სპეციალურ ოპერაციაში მონაწილეობაზე”. – ნათქვამია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • რუსულმა თვითმფრინავმა გაძევებული დიპლომატების ასაყვანად, შემოვლითი გზით, ევროპის გარშემო იფრინა

    ევროკავშირის ფრენის აკრძალვის გამო, რუსულმა თვითმფრინავმა გაძევებული დიპლომატების ასაყვანად, შემოვლითი გზით, ევროპის გარშემო იფრინა. ინფორმაციას ამის შესახებ, FlightRadar24-ი ავრცელებს.  მოსკოვიდან გაგზავნილი თვითმფრინავი, საბერძნეთიდან და შემდეგ ესპანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატების ასაყვანად, იძულებული გახდა 15 163 კილომეტრიანი შემოვლითი გზით ეფრინა.

    “მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა და საბერძნეთმა ერთჯერადი გამონაკლისის სახით თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლისთვის ნება დართო, ფრენები არ შესრულდა ქვეყნებში, რომლებიც ინარჩუნებენ აკრძალვას რუსული ფრენების შესახებ… ფრენის მთლიანი სიგრძე იყო 15,163 კმ. რუსულმა თვითმფრინავმა, თითქმის, ისეთივე გრძელი მანძილი გაიარა, როგორიცაა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრენა სინგაპურსა და ნიუ-იორკს შორის”, – ნათქვამია ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში. 

    ”რუსეთი აგრძელებს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან გაძევებული დიპლომატების შეგროვებას, მათ უნდა გაიარონ გრძელი გზა – ძალიან გრძელი გზა მათ მოსაპოვებლად” –  წერია,  FlightRadar24-ის მიერ გავრცელებულ ტვიტზე.

  • საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება – მაკრონი

    “საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება ” –  ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა  France 5-თან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ განსხვავებით ევროპის ქვეყნების უმრავლესობისა, საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება და ქვეყანა, სხვა ბაზრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

    • “ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება. საფრანგეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს გაზის სხვა ბაზრებთან”. – ამბობს ემანუელ მაკრონი.
  • “ჰაუბიცები”, “ბუშმასტერები”, ვერტმფრენები – ნახეთ, რა სამხედრო დახმარებას იღებს უკრაინა

    სპეციალისტების შეფასებით, რუსეთის ხელმეორე თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი კიდევ თვეების განმავლობაში გაგრძელდება. ახლა კი მთავარი შეიარაღებაა, რომელსაც კიევი დასავლეთისგან იღებს. გთავაზობთ შეიარაღების ჩამონათვალს, რომელსაც უკრაინა უახლოეს პერიოდში მიიღებს.

    “რუსეთს სურდა კიევის აღება და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა. კიევი დღეს კვლავ დგას და მთავრობაც ადგილზეა. ომი შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მე მინდა იცოდეთ, რომ თუ ომი მომიწევს, მე თქვენთან ერთად ვიომებ,”- ამბობს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

    და რა არის საჭირო ომისთვის ? – იარაღი, ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრო კულება. “ჩემი დღის წესრიგი ძალიან მარტივია და მასში სამი საკითხია – იარაღი, იარაღი და იარაღი”.

    მოთხოვნას პასუხიც მალევე მოჰყვა. იმავე დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანმა უკრაინას დახმარება აღუთქვა. “ენტონი ბლინკენსაც ჰქონდა სამი პასუხი: დიახ, დიახ და დიახ,”– თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

    შედეგიც მალევე დადგა. რამდენიმე დღეში პენტაგონმა თქვა, რომ უკრაინა ამერიკისგან დამატებით შეიარაღებას მიიღებდა.

    კიევი ვაშინგტონისგან მიიღებს:
    • “ჰაუბიცებს”, 40 000-ს საარტილერიო ჭურვს
    • საარტილერიო რადარებს
    • საჰაერო სარადარო სისტემებს
    • ტაქტიკურ უპილოტო საჰაერო სისტემებს
    • 500 “ჯაველინის” რაკეტას და ათასობით სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემას
    • 200 “ემ-113” ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს
    • 100 მრავალფუნქციურ, მაღალი გამავლობის ავტომობილს
    • 11 “მი-17” ტიპის ვერტმფრენს
    • უპილოტო სანაპირო თავდაცვის გემებს
    • ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღისგან დამცავ საშუალებებს
    • სამედიცინო აღჭურვილობას
    • 30 000 ჯავშანჟილეტს და ჩაფხუტს
    • და ბევრ სხვას

    “პრეზიდენტმა უკრაინისათვის მორიგი დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების არის და უკრაინისათვის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფლებაზეა გათვლილი… ზოგიერთი მათგანი აძლიერებს უკრაინის შესაძლებლობებს, რომელსაც ჩვენ უკვე ვაწვდიდით უკრაინას, ნაწილი კი არის ისეთი იარაღი, რომელიც აქამდე ჩვენ უკრაინისთვის არ მიგვიწოდებია… ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად,”- თქვა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.

    ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკა უკრაინას “ჰაუბიცებს” და “მი-17” ტიპის ვერტმფრენებს გადასცემს, რასაც სამხედრო სფეროს წარმომადგენლები დადებითად აფასებენ.

    “ჰაუბიცები ძალიან დიდი საარტილერიო ჭურვებია, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ტანკის შიგნით მყოფ სამხედროებსაც კი. ამ სისტემით მათ შეუძლიათ ზიანის მიყენება 30-40 კილომეტრის მანძილზე, მანამ სანამ მტერი ახლოს მოვა და ახლა უკრაინელებს სწორედ ეს სჭრდებათ,”- ამბობს მაიორი ჯონ სპენსერი.

    უკრაინაში რუსული ინტერვენციის განახლებიდან თითქმის ორი თვეა გასული. ამ პერიოდში კიევმა ვაშინგტონისგან საერთო ჯამში 2.6 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება მიიღო, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კი კიევს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ 3.2 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა მიაწოდა.

    “უკრაინა მადლიერია შეერთებული შტატების დიპლომატიური და სამხედრო მხარდაჭერის გამო… უკრაინის გამარჯვების რეცეპტი არის უკრაინელი ხალხის გამძლეობა, პლუს დასავლური იარაღი და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ,”- თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

    ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორ სახელმწიფოებთან აგრძელებს მუშაობას, რათა კიევმა თავდაცვისთვის საჭირო ყველა იარაღი დროულად მიიღოს და გაიზარდოს უკრაინის თავდაცვისუნარიანობა.

    სწორედ ამერიკის ჩართულობითა და მხარდაჭერით მიიღო უკრაინამ სლოვაკეთისგან საჰაერო თავდაცვითი სისტემა “ეს-300”. სანაცვლოდ კი სლოვაკეთი ვაშინგტონისგან “პატრიოტის” სისტემას მიიღებს. ამ მიმართულებით სამუშაოები უკვე დაწყებულია და როგორც სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, ნატოს წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ქვეყანაში, რომლებიც კონტროლს გაუწევენ პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებას.

    უკრაინელი ხალხის სიმამაცეს ხაზი გაუსვა კიევში ყოფნის დროს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლიზ ტრასმა და უკრაინელ ხალხს დამატებით სამხედრო დახმარებასაც დაჰპირდა. კიევს სამხედრო შეიარაღებას აძლევს გერმანია, საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც.

    გერმანიაში ამ დრომდე მსჯელობენ იმაზე, რა ტიპის ტექნიკა უნდა გაუგზავნოს ბერლინიმა კიევს. კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ უკრაინამ გერმანიისგან ისეთი ტექნიკა უნდა მიიღოს, რომლის გამოყენებასაც უკრაინელი სამხედროები დაუყონებლივ შეძლებენ. სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი „რეინმეტალი“ მზად არის უკრაინას დაუყონებლივ მიაწოდოს “ლეოპარდ-1” ტიპის 50 ტანკი. კომპანიას გერმანიის მთავრობის თანხმობა დასჭირდება. სავარაუდოდ, მთავრობის მხრიდან თანხმობა იქნება, თუმცა ტაკნების უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაში, უკრაინელ სამხედროებს დაახლოებით 1 კვირა დასჭირდებათ, რათა ამ ტიპის ტანკების გამოყენება ისწავლონ.

    ავსტრალია კიევში „ბუშმასტერებს გზავნის. როგორც თავდაცვის მინისტრმა პიტერ დატონმა თქვა, ამ დროისთვის კონკრეტულ ლოჯისტიკურ დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა და უცნობია, როდის ჩავა სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე. ერთი რამ, რაც ცნობილია, არის ის, რომ ავსტრალია უკრაინას 20 “ბუშმასტერს” მისცემს.

    ეს ჯავშანტრანსპორტიორი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება იმის გამო, რომ მას ბრტყელის ნაცვლად, სამკუთხედის ფორმის ძირი აქვს, რაც აფეთქების შემთხვევაში, მანქანაში მსხდომ ჯარისკაცებს დამატებით იცავს.

    ომის თითქმის ორი თვის თავზე, საბრძოლო მასალების მარაგი იზრდება, რაც უკრაინისთვის გამარჯვების შანსებს ზრდის. განსაკუთრებით მაშინ, როცა რთულია იმის თქმა, თუ როდის დასრულდება ომი.

    “ძნელია ამის თქმა. ადრეც ვთქვი თეთრ სახლში და ახლაც გავიმეორებ, არსებობს შანსი, რომ ეს ომი გაგრძელდეს თვეების განმავლობაში, ან კიდევ უფრო დიდხანს. რუსული ჯარი აპირებს უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე თავდასხმას და უკრაინა მათი იერიშის მოგერიებას განაგრძობს. მაგრამ ომის მიმდინარეობის ზუსტ და კონკრეტულ თარიღებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან უცნობია, როგორ განვითარდება პროცესები,”- ამბობს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რუსეთმა როგორც ჩანს დაიწყო ახალი შეტევა უკრაინის აღმოსავლეთით–უკრაინის გენშტაბი

    რუსეთის ფედერაციამ გაააქტიურა შეტევა და შტურმი სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულების ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთებზე. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით ოკუპანტებმა საკუთარი ძალისხმევა მიმართეს დასახლებული პუნქტების – ლიმანის, კრემენნაიას, პაპასნაიას, რუბეჟნოეს და მარიუპოლის ასაღებად.

    უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის მონაცემებით, ოკუპანტების მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებაა. აღმოსავლეთის საოპერაციო ზონაში, უწყების აზრით დაფიქსირებულია მტრის შეტევითი ოპერაციების დასაწყისი.

    უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაააქტიურეს შტურმი სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებებით.

    “ძალების გასაძლიერებლად მოწინააღმდეგე განაგრძობს დამატებითი სატანგო და საარტილერიო ქვედანაყოფების თავმოყრას. გრძელდება ბრძოლა მარიუპოლისთვის. მტერი შტურმს ახორციელებს საზღვაო პორტის რაიონში“– ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.

    რუსეთმა, როგორც ჩანს, დაიწყო ახალი შეტევა უკრაინის აღმოსავლეთით – აცხადებენ უკრაინის ოფიციალური პირები 18 აპრილს, მას შემდეგ, რაც სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში.

    უკრაინის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ აღრიცხა “შეტევის დაწყების ნიშნები ოპერაციათა აღმოსავლეთ ფლანგზე”, და, როგორც ჩანს, შეტევები კონცენტრირებულია ხარკოვის და დონეცკის რეგიონებში.

    უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ რუსეთი 18 აპრილს დილით შეეცადა დაეწყო “აქტიური ფაზა”. მისი თქმით, რუსეთის ძალები შეეცადნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ღამით აცხადებდა, რომ მისი ძალები ცეცხლს უხსნიდნენ 100-ზე მეტ სამიზნეს ადგილებში, სადაც კონცენტრირებულია უკრაინის სამხედრო შეიარაღება და ჯარისკაცები. სამინისტროს თქმით, რუსეთის არმიამ გაანადგურა უკრაინის რვა ტანკი და სხვა დაჯავშნილი მანქანები, ჩამოაგდო სამი თვითმფრინავი და გაანადგურა იარაღის ოთხი დეპო. ამ განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება არ ხერხდება.

  • რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთში პროდუქტების მარაგები იწურება

    რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა აცხადებს, რომ რუსეთში პროდუქტების მარაგები იწურება. ნაბიულინამ სახელმწიფო დუმაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ჯერ კიდევ შეძლებს გარკვეული დროის განმავლობაში ფუნქციონირებას ამჟამად არსებული მარაგების გათვალისწინებით თუმცა  “პერიოდი, როდესაც რუსეთს მარაგებით შეეძლო ეცხოვრა, დასრულდა”.

    “როგორც ცენტრალური ბანკი, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პერიოდში გარკვეულ საქონელზე ფასების საგრძნობი ზრდა იქნება. ამიტომ ინფლაცია იქნება სამიზნე რიცხვზე მეტი. აუცილებლად უნდა გავიაროთ ადაპტაციის ეს პერიოდი. ამასთან, ინფლაცია არ უნდა გახდეს უკონტროლო, რომელიც შემდგომში ადამიანების შემოსავალსა და დანაზოგს აუფასურებს. იმედი გვაქვს, რომ 2024 წლისთვის 4% ინფლაციას დავუბრუნდებით.

    სანქციები პირველად შეეხო ფინანსურ ბაზარს, მაგრამ ახლა ისინი დაიწყებენ მზარდ გავლენას ეკონომიკის რეალურ სექტორებზე. მთავარი პრობლემები დაკავშირებული იქნება არა ფინანსურ ინსტიტუტების სანქცირებასთან, არამედ იმპორტთან და საგარეო ვაჭრობის ლოჯისტიკისა და მომავალში რუსული პროდუქციის ექსპორტის შეზღუდვასთან”, – განაცხადა ნაბიულინამ.