Category: მსოფლიო

  • აზოვსტალი თითქმის სრულად განადგურდა, ნანგრევებში ბევრი ადამიანია – “აზოვი”

    აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე აცხადებს, რომ “აზოვსტალის” ქარხანა ძლიერი ბომბებით დაიბომბა და თითქმის მთლიანად განადგურდა. მის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

    სვიატოსლავ პალამარის თქმით, ნანგრევების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი.

    მისივე განმარტებით, აზოვის პოლკი ქალაქის დაცვას განაგრძობის, თუმცა მშვიდობიანი მოქალაქეები და დაჭრილები უნდა გადარჩნენ.

    “ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს, გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები“,– განაცხადა პალამარმა.

  • დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე კონტროლი აღვადგინეთ – უკრაინის გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, დონეცკის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მახლობლად, უკრაინის ჯარების კონტრშეტევის შედეგად, მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია.

    გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალების ნაწილებმა დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს.

    გარდა ამისა, უწყება აცხადებს, რომ მტრის ქვედანაყოფებმა სცადეს შეტევა და შეიჭრნენ ქალაქ იზიუმის სამხრეთით, თუმცა ისინი აქაც წარუმატებელი აღმოჩნდნენ, განიცადეს ზარალი და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ ძველ პოზიციებზე.

    გენშტაბის ინფორმაციით, სამხრეთ ბუჟის მიმართულებით ოლექსანდრივკას მიდამოში ბრძოლა გრძელდება, მტერი წარუმატებელია.

    “ის ცდილობს მიაღწიოს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს, არ წყვეტს დასახლებების დაბომბვას”,– აღნიშნულია განცხადებაში.

  • რაში ჭირდება პუტინს დონბასი: დასავლელი ექსპერტების ანალიზი

    დასავლელი  ექსპერტების აზრით უკრაინის დონბასის რეგიონის დაპყრობა რუსეთის პრეზიდენტს საშუალებას მისცემს სახე შეინარჩუნოს და “სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის შესახებ“ განაცხადოს.

    იმ შემთხვევაში, თუ დონბასისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებს, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი შეძლებს უკრაინაში წარუმატებელი შეჭრა წარმატებად გაასაღოს, დონბასში დამარცხება კი სამუდამოდ შეიყვანს ისტორიაში პუტინის მიერ გაჩაღებულ სრულმაშტაბიან ომს, როგორც რუსეთის დიდ მარცხს.

    “ისეთი ქალაქები, როგორიც არის ლუგანსკი და დონეცკი, ისტორიულად არის ადგილები, სადაც რუსებს შეეძლოთ საკუთარი თავის გარკვეული ვერსია ენახათ“– ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის უკრაინული კვლევების დოცენტი რორი ფინინი.

    ექსპერტების აზრით, დონბასის ეს ისტორიული იმიჯი შეიძლება კვლავ შენარჩუნდეს პუტინის მსოფლმხედველობაში, იმის გათვალისწინებით, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა, რეგიონის დაპყრობის გარეშე კი ეს არ გამოვა.

    “დონბასის ოკუპირება რუსეთის ფედერაციისთვის სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანია. დონბასი მთელ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა ნედლეულით. ეს იყო ადგილი, რომელიც საბჭოთა ინდუსტრიალიაციას ტემპს აძლევდა“ ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის უკრაინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის იურისტი, მარკიან დობჩანსკი.

    სწორედ ამ კონტექსტში მოახდინა პუტინმა მისი შეფერხებული შეჭრის გადაორიენტირება რეგიონზე, სადაც უკრაინიასთან ომი რვა წლის წინ დაიწყო – თვლიან ანალიტიკოსები.

    აშშ–ს დაზვერვის მონაცემები მეტყველებს, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის აღმოსავლეთით 9 მაისამდე რამე შედეგს მაინც მიაღწიოს.

    სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სამირ პურინი, რომელიც დონბასში 2014–2015 წლებში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ერთ–ერთი დამკვირვებელი იყო, თვლის, რომ რეგიონის შესაძლო დაპყრობა პუტინს საშუალებას მისცემს რუსულ საზოგადოებას უთხრას, რომ ომში გამარჯვება მოიპოვა.

    “დონბასის დაპყრობა ნუგეში იქნებოდა რუსეთისთვის, რომელიც კიევს ვერ მიწვდა. ეს კარგი დამამშვიდებელი პრიზი იქნებოდა“ – ამბობს პური.

    ამავე დროს, ექსპერტი ვარაუდობს, რომ დონბასში ომის ახალი ეტაპი თითქმის დანამდვილებით გამოიწვევს რეგიონის კიდევ უფრო მეტ დაცარიელებას, რომელიც ისტორიულად და კულტურულად აგრესორი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ადგილია.

    შეგახსენებთ, რომ რუსეთი დონბასზე გადამწყვეტი შეტევისთვის მესამე კვირაა ემზადება. გუშინ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში თქვა, რომ დონბასისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. თუმცა, მას არ ეთანხმებიან  New York Times–ის მიერ გამოკითხული დასავლელი ექპერტები. მათი აზრით, რუსეთი რეგიონში უფრო მაშტაბურ შეტევას ამზადებს.

    თავის მხრივ,Atlantic Council –ის  ანალიტიკოსები უკრაინის ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ დონბასზე კონტრშეტევის გაჭიანურება არ ღირს, რადგან ამან შეიძლება აგრესორ სახელმწიფოს უპირატესობა მისცეს მათ მიერ დაკავებული პოზიციების დაცვაში.

  • მედვედჩუკი ხვდება, რომ ის არც რუსეთს სჭირდება და არც უკრაინას – პოდოლიაკი

    პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა რადიო NV-ს განუცხადა, რომ უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატი, ვიქტორ მედვედჩუკი “არც რუსეთს სჭირდება და არც უკრაინას”.

    მისი თქმით, პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც ეჭვმიტანილია ღალატში, ჩვენებას აძლევს სამართალდამცავებს, რათა “გადარჩეს”.

    “ვფიქრობ, დღეს ძალიან, ძალიან ინტენსიურად გვაძლევს ჩვენებას, რადგან მას სურს ცხოვრება. ეს არის ძალიან მშიშარა ადამიანი, რომელსაც ყველაფრის ეშინია. დღეს ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად სურს გადარჩენა და ხვდება, რომ ის არც რუსეთს სჭირდება და არც უკრაინას“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

    მისივე განმარტებით, უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ადამიანების იდენტიფიცირებაა, ვინც მას დაეხმარა გავლენის აღდგენაში.

    “როგორ გახდა ასეთი ადამიანი, ყველაზე ძლიერი მედია ოლიგარქი 2015 წლიდან 2018 წლამდე? ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მივიღებთ პასუხებს, ვინ დაეხმარა მას ოლიგარქი გამხდარიყო უკრაინაში როგორც მედია, ისე ენერგეტიკის სექტორში. დახმარების გარეშე [და არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან] ეს შეუძლებელი იქნებოდა“,– აღნიშნა პოდოლიაკმა.

    უკრაინაში დაკავებულმა მედვედჩუკმა გუშინ პუტინსა და ზელენსკის სთხოვა, მარიუპოლის მცველებსა და მცხოვრებლებში გაცვალონ.

    პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, კრემლში ნახეს ვიდეომიმართვა, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი რეაქცია არ აქვთ.

    პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი 12 აპრილს უკრაინაში დააკავეს.

  • რუსეთის შეიარაღებული ძალები ომის ახალ მეთოდებს დანერგავს – შოიგუ

    რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დანერგავს ომის ახალ მეთოდებს, რათა უკეთ მოერგოს თანამედროვე პირობებს. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.

    შოიგუს თქმით, თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის გეგმის თანმიმდევრული განხორციელება მიზნად ისახავს არმიისა და საზღვაო ძალების შემდგომ განვითარებას და მათი უახლესი სამხედრო ტექნიკით უზრუნველყოფას.

    “გარდა ამისა, ომის ახალი მეთოდების დანერგვა შესაძლებელს გახდის ჯარების უკეთ ადაპტირებას შეიარაღებული დაპირისპირების თანამედროვე პირობებში“, – განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა.

    მანვე განმარტა, რომ ჯარებში საკომუნიკაციო სისტემის განვითარება მიმდინარეობს “მოწინავე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით”.

  • 3-კვირიანი დუმილის შემდეგ სერგეი შოიგუმ ომზე კომენტარი გააკეთა

    უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინის ომზე ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად კომენტარი გააკეთა.

    BBC-ის ცნობით, მან თქვა, რომ რუსეთი “თანმიმდევრულად ასრულებს დონეცკისა და ლუგანსკის “გათავისუფლების” გეგმას.

    შოიგუს მტკიცებით, აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ომი მაქსიმალურად “გახანგრძლივდეს”.

    “აშშ და დასავლეთის კონტროლირებადი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შეძლებისდაგვარად შეაფერხონ სპეციალური სამხედრო ოპერაცია. უცხოური იარაღის მიწოდების მზარდი მოცულობები ნათლად აჩვენებს მათ განზრახვას, მოახდინონ კიევის რეჟიმის პროვოცირება, რათა იბრძოლოს “უკანასკნელ უკრაინელამდე”,– განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

    ცნობისთვის, სერგეი შოიგუ ბოლო დროს არ ჩნდება საჯარო სივრცეში და არ აკეთებს განცხადებებს. ბოლოს მან საჯაროდ 29 მარტს ისაუბრა.

  • NATO ომს სამ დღეში დაასრულებს, თუ რუსეთი მის ბაზას დაარტყამს – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ NATO ომს სამ დღეში დაასრულებს, თუ რუსეთი მის ბაზას დაარტყამს.

    არესტოვიჩს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ვარაუდზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შეიძლება გასცეს NATO-ს ბაზაზე დარტყმის ბრძანება უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდების შეფერხების მიზნით.

    “კარგი, დაე, მან მიაყენოს [დარტყმა]. მე ვფიქრობ, რომ შემდეგ ომი სამი დღე გაგრძელდება”, – თქვა არესტოვიჩმა Unian-ის ცნობით.

    მანამდე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის ყოფილმა პირველმა მრჩეველმა, პიტერ რიკეტსმა განაცხადა, რომ “სასოწარკვეთილმა” პუტინმა შესაძლოა განიხილოს ნატოს ბაზაზე თავდასხმა, რათა შეაჩეროს იარაღის მიწოდება უკრაინაში.

  • “ბრძოლა დონბასისთვის, სეზონი II” – ომი ბევრისთვის Netflix-ის შოუდ იქცა – პოდოლიაკი

    “ბრძოლა დონბასისთვის, სეზონი II”. უკრაინაში ომი იქცა Netflix-ის კიდევ ერთი სატელევიზიო შოუდ ბევრისთვის მსოფლიოში. მთავარ და მეორეხარისხოვან გმირებთან, სხვადასხვა სიუჟეტურ ხაზებთან და მოულოდნელობებით ახალ ეპიზოდამდე. Ბეჭდების მბრძანებელი? Სამეფო კარის თამაშები? შავი სარკე? მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი…

    ჩვენ არ გვყავს მსახიობები, ადამიანები რეალურად იღუპებიან და შოუს შემქმნელები არ გვაძლევენ ბედნიერი დასასრულის გარანტიას. ყოველი ახალი ეპიზოდი უკრაინის არმიის სისხლით არის დაწერილი. ტელევიზორისგან განსხვავებით, აქ შეგიძლიათ დაეხმაროთ ბოროტების შეჩერებას. სთხოვეთ თქვენს მთავრობას იარაღი უკრაინისთვის და ემბარგო რუსულ ნავთობზე. ევროკავშირმა იცის გამარჯვების რეცეპტი”

    წერს ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • ვნახეთ მედვედჩუკის მიმართვა, ამ დროისთვის რეაქცია არ გვაქვს – პესკოვი

    რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლში ნახეს უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის მიმართვა, თუმცა ამ დროისთვის რეაგირებას არ ახდენენ.

    გუშინ უკრაინაში დაკავებულმა მედვედჩუკმა პუტინსა და ზელენსკის სთხოვა, მარიუპოლის მცველებსა და მცხოვრებლებში გაცვალონ.

    „ჩვენ ვნახეთ [მედვედჩუკის მიმართვა], არანაირი რეაქცია [კრემლს] ამ დროისთვის არ აქვს“, – აღნიშნა პესკოვმა.

    პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს უკრაინაში დააკავეს.

  • ოპერაციის შემდეგი ეტაპი იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება – ლავროვი

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთი უკრაინაში “ოპერაციის” შემდეგ ეტაპს იწყებს.

    “აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაცია მიზნად ისახავს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ გათავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება, ამ ოპერაციის შემდეგი ეტაპი ახლა იწყება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მთელი სპეცოპერაციის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი”,– თქვა ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში.

    მანვე უარყო უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.

    “მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღს”,– ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს.

    გუშინ უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთმა ქვეყნის აღმოსავლეთით შეტევის ახალი ეტაპი დაიწყო.