Category: მსოფლიო

  • სანქციებზე მომუშავე ჯგუფმა რუსი ოლიგარქების 30 მილიარდი დოლარის ქონება დააყადაღა

    მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფი,  უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ  რუსეთზე სასანქციო ზეწოლისთვის მარტში შეიქმნა, ამბობს რომ რუსი ოლიგარქების კუთვნილი, 30 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დაბლოკა ან მისი კონფისკაცია მოახდინა.

    ლუქსის კლასის იახტების, თვითმფრინავების, მდიდრული სახლების და სხვა ქონების გარდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირეებს ეკუთვნის, REPO-ს სახელით ცნობილი სამუშაო ჯგუფი  აცხადებს,  რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაყინა.

    ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „REPO-ს სამუშაო ჯერ არ დასრულებულა, მომავალ თვეებში ჯგუფის წევრები გააგრძელებენ სანქციებ-დაწესებული რუსული ქონების ძებნას და სანქციების ქვეშ მყოფ რუსებს საშუალებას არ მისცემენ ძირი გამოუთხარონ იმ ზომებს, რომელსაც REPO-ს წევრებმა ერთობლივად მიმართეს“.

    შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა და ხაზინამ 16 მარტს შექმნეს REPO (Russian Elites, Proxies and Oligarchs), როგორც რუსეთის წინააღმდეგ ყოვლისმომცველი საერთაშორისო სანქციების ნაწილი. შეერთებული შტატების გარდა მის წევრებს შორის არიან ავსტრალია, ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და ევროკავშირი.

    REPO-ს გარდა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამ მიზნით სააგენტოთშორისო სამუშაო ჯგუფი KleptoCapture (კლეპტოქაფჩერ) ჩამოაყალიბა, ევროკომისიამ კი გაყინვის და კონფისკაციის საკუთარი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულება მოახდინოს.

    აპრილში, ესპანეთის ხელისუფლებამ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის თხოვნის საფუძველზე, რუსი მილიარდერის, ვიქტორ ვექსელბერგის 90 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერ იახტა დააკავა.

    მაისში, ფიჯის სამართალდამცავებმა, სანქცირებული რუსი ოლიგარქის – სულეიმან ქერიმოვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს. 106 მეტრიანი მდიდრული იახტა „ამადეა“ სან-დიეგოს ყურეში ორშაბათს გადაიყვანეს.

  • ოდესის ოლქში სარაკეტო შეტევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18–მდე გაიზარდა

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოაგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით ოდესის ოლქში ღამით განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად გარდაცვლილ მოქალაქეთა რაოდენობა 18–მდე გაიზარდა. აქედან ორი ბავშვია. კიდევ 30 ადამიანი დაჭრილია.

    ერთმა რუსულმა რაკეტამ ნაწილობრივ დაანგრია 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი ოდესის ოლქის ბელგოროდ–დნესტრის რაიონში. ორი რაკეტა კი დასასვენებელ ბაზებს მოხვდა.

    უკრაინული შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ  სამი Х-22  რაკეტით სამოქალაქო ობიექტები  Ту-22 –ის ბომბდამშენებიდან შავი ღის მხრიდან დაბომბა.

  • ინდოეთმა საქართველოს გამოყენებით, რუსეთისთვის ჩაის მიწოდება აღადგინა – მედია

    ” ინდოეთმა რუსეთში ჩაის, ბრინჯის, ხილის, ყავისა და ზღვის პროდუქტების მიწოდება, საქართველოს პორტების გამოყენებით აღადგინა” – აღნიშნულ ინფორმაციას, ინდურ ინგლისურენოვანი მედია Economic Times-ი ავრცელებს. ამ მიმართულებით ექსპორტი საერთაშორისო სანქციების გამო შეჩერებული იყო, თუმცა რუსული პროპაგანდისტული მედია “რია ნოვოსტი” Economic Times-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ გასულ კვირას, საქართველოს პორტებში ინდოეთიდან უკვე გაიგზავნა ჩაი, ბრინჯი, ხილი, ყავა და საკონდიტრო ნაწარმი. გადახდების უმეტესობა კი რუბლში ხორციელდება.

    • “შეერთებული შტატების მუქარის მიუხედავად, ინდოეთმა რუსეთში ჩაის, ბრინჯის, ხილის, ყავისა და ზღვის პროდუქტების მიწოდება აღადგინა. კონტეინერები მათ შორის, საქართველოს პორტების გავლითაც იგზავნება, იტყობინება Economic Times-ი. გადახდა კი ძირითადად რუპიებითრუბლებითა და ევორებით ხდება.”, – ამბობს ”რია ნოვოსტის” წამყვანი ეთერში. 

    ბანკები რუსეთის უმსხვილესი კრედიტორის, ”სბერბანკის” ხელმძღვანელობით, ხელს უწყობენ ორმხრივი ვაჭრობის მოგვარებას, რაც ძირითადად საქართველოს პორტების გავლით ხდება

    • “ბანკები ხელს უწყობენ რუსეთთან სავაჭრო ოპერაციების აღდგენას, რომელიც ძირითადად საქართველოს პორტების გავლით სრულდება”. – ციტირებს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ТАСС-ი ინდოეთის ექსპორტის ორგანიზაციების ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს, აჯაი საჰაის.

     

     

  • რუსმა მაროდიორმა უკრაინიდან გაყვანილ BMW–ზე დოკუმენტების გაფორმება სცადა–უკრაინული მედია

    უკრაინული მედია წერს, რომ რუსულ სოციალურ ქსელებში ერთ–ერთ თემატაურ ჯგუფში ორშაბათს ერთ–ერთი მომხმარებელი დაინტერესდა, როგორ შეიძლებოდა გაეფორმებინა დოკუმენტები მანქანაზე, რომელიც უკრაინიდან არის ჩაყვანილი. მან ჯგუფის წევრებისთვის დასმულ კითხვას   BMW X5–ის ფოტოც დაურთო. ავტომობილიზე უკრაინასთან ომის დროს რუსების მიერ გამოყენებული ერთ ერთი სიმბოლო , ასო V არის დახატული.პოსტი ვინმე იური ზვერევმა გამოაქვეყნა.

    “ასეთი კითხვა მაქვს ხელმომწერებთან და საკითხის მცოდნეებთან. ამ დღეებში ჩემმა სიძემ–სამხედროემ ასეთი ლამაზი “ნადავლი“ მომიყვანა. თვითონაც მიხვდებით საიდანაც. რა თქმა უნდა, დოკუმენტების და ნომრების გარეშე . ამიტომ დადგა მანქანის რუსეთში რეგისტრაციის საკითხი“–წერს კითხვის ავტორი, რომლის თქმით, აჯობებდა მანქანაზე ნომრები ჯერ კიდევ ბელორუსში გაეკეთებინათ, საიდანაც ის შემოიყვანეს.

    პოსტის კომენტარებში პოლემიკა გაიმართა. “მაროდირობით ნაშოვნის საქვეყნოდ გამოფენა არ ერიდებათ, რა სირცხვილია.“, “ჩამოყალიბდით ბოლო–ბოლო, ჩვენი არმია ფაშიზმს ანადგურებს თუ უკანონოდ მდიდრდება?“– ასეთი კომენტარები მოჰყვა პოსტს სოციალურ ქსელებში.

  • დასავლეთის ქვეყნები უკრაინას დამატებით მძიმე არტილერიას გადასცემენ

    ამერიკის, კანადისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ამბობენ, რომ უკრაინა დამატებით მძიმე არტილერიას მიიღებს. ამის შესახებ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 19 აპრილს ამერიკის პრეზიდენტმა მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან “ონლაინ” შეხვედრა გამართა.

    შეხვედრის შემდეგ, ნიუ-ჰემფშირში ვიზიტისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, გაგზავნის თუ არა შეერთებული შტატები უკრაინაში უფრო მეტ შეარაღებას, უპასუხა რომ კი.

    პარალელურად ლონდონში პარლამენტში გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინას მძიმე არტილერიას გადასცემს. უკრაინელებს „სჭირდებათ მხარდაჭერა მეტი არტილერიით, ეს არის ის, რასაც ჩვენ მათ მივცემთ“, – თქვა ჯონსონმა.

    მძიმე არტილერიის უკრაინაში გაგზავნის შესახებ ისაუბრა კანდის პრემიერ-მინისტმრაც, ტრუდო ამბობს, რომ დეტალებს უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს.

    დღეს განცხადება გააკეთა ნიდერლანების პრემიერ-მინისტრმაც. მარკ რუტეს თქმით ნიდერლანდები უკრაინას მძიმე ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორებს მიაწვდის.

    თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ საკი ამბობს, რომ დილით გამართული შეხვედრის დროს ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ერთგულება დაეხმარონ უკრაინას უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ, ჰუმანიტარული კუთხით.

    „ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის მეტი საბრძოლო მასალის მიწოდებას,“- თქვა საკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას და დაამატა, რომ ამერიკა სანქციების მორიგ რაუნდს ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ. „ეს იქნება მკაცრი ეკონომიკური სანქციები,“- ამბობს საკი.

    პენტაგონი კი საუბრობს იმაზე, რომ უკრაინული ჯარი რუსეთს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევს. თავდაცვის მაღალი თანამდებობის პირის თქმით, რუსებს გაცილებით დიდი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა უკრაინელ სამხედროებს თავიანთი უპირატესობები აქვთ. პენტაგონის წარმომადგენელი აქვე განმარტავს, რომ ამერიკული დახმარების ნაწილი უკრაინაში გუშინ ჩავიდა, ნაწილი კი მომდევნო 24 საათის განმავლობაში ჩავა.

    პარალელურად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის უსაფრთხოების მრჩეველმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დასავლელი ლიდერების შეხვედრაზე განხილული იყო ომის შემდეგ, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხიც, თუ კიევი არ იქნება ნატოს წევრი და მეხუთე მუხლი მას არ დაიცვას. მისი თქმით, პარიზი „მზად არის უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები“. მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება მოიცავდეს შეიარაღებით დახმარებას, ან კონფლიქტში ჩართვას თუ უკრაინას მომავალში თავს დაესხმებიან.

    საფრანგეთის ოფიციალური პირის ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე ლიდერებმა ასევე იმსჯელეს დიდი შვიდეულის არაწევრი ქვეყნების დარწმუნების აუცილებლობაზე, რომ მათ უკრაინაში ომი განიხილონ როგორც მსოფლიო მშვიდობის საკითხი.

    ამასთან, გერმანიის კანცლერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ბერლინმა ამოწურა რესურსი იმისა, რისი გადაცემაც უკრაინისთვის შეუძლია. თუმცა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის შეიარაღებისთვის თანხებს გაიღებს და დამატებითი დახმარების გადასაცემლად სამხედრო ინდუსტრიასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს. ბერლინს აკრიტიკებენ, რომ ის აფერხებს “მძიმე შეიარაღების” უკრაინისთვის გადაცემას.

    დღევანდელ ონლაინ შეხვედრას, ამერიკის პრეზიდენტი და კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეოდნენ ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ასევე, ევრსაბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “რუსებისთვის მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება,”- ბრიტანული დაზვერვის ანალიტიკოსი

    რუსეთის შეტევა უკრაინის აღმოსავლეთით პრაქტიკულად დაიწყო. რუსეთმა ძალების მაშტაბური მობილიზაცია ჯერჯერობით ვერ შეძლო, თუმცა ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრატორი სერხი ჰაიდაი ამბობს, რომ მანამ სანამ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში შეტევას განაახლებდა, უკრაინულმა ძალებმა 40 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხეს. ჰაიდაი ამბობს, რომ უკრაინელთა დიდი ნაწილი ქვეყნის დასავლეთში აპირებს დარჩენას.

    „მათი ნაწილი საკუთარი მანქანებით წავიდა, ნაწილი მოხალისეების და ეკლესიების დახმარებით გაემგზავრა. ჩვენ მოვახერხეთ საერთო ჯამში 40 000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ისინი დასავლეთ უკრაინაში იმყოფებიან, არსად მიდიან, უზრუნველყოფილები იქნება მათი განთავსება უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქებში,“_ ამბობს სერხი ჰაიდაი.

    რუსული ჯარი უტევს მარიუპოლს, ეპიცენტი კი „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის ტერიტორიაა, სადაც უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადა და „აზოვის“ პოლკია განთავსებული. კრემლი მოითხოვს, სამხედროებმა იარაღი დაყარონ და ქალაქი ჩააბარონ. თუმცა უკრაინელი სამხედროები დანებებას არ აპირებენ. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, 1,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მიწიქვეშა სამალავში იმალება, რომელიც სწორედ აზოვსტალის ქარხნის ქვეშაა მოწყობილი. უკრაინული მხარე ამბობს, რომ ეს ტერიორია რუსეთის მხრიდან აქტიურად იბომბება.

    აქტიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა, თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდება დონბასის რეგიონის სრულად აღება რადგან რუსულ ჯარს დიდი დანაკარგები აქვს.

    „ჯერ კიდევ გაურკვეველია რის გაკეთებას შეეცდებიან ისინი. მათ ვერ დაფარეს დიდი ძალების მობილიზება იზიუმის გარშემო. ეს არის მთავარი ქალაქი, რადგან ის კვეთს მდინარე დონეცკს, ხარკოვის სამხრეთ აღმოსავლეთით. აქ მათ 25 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი მოაბილიზეს, უკრაინაში არსებული 79-დან. სულ როცა შეტევა დაიწყეს 120 ბატალიონი ჰყავდათ, ცოტაც დაამატეს, ნაწილი მათ დაკარგეს. გასაგებია, რომ ისინი იზიუმიდან იწყებენ, თუმცა სად მიდიან არ ვიცით. აპირებენ გადაადგილებას დონბასის მთავარი ქალაქების მიმართეულებით? მდინარე დნიპროსკენ? მათთვის ამ მიზნის მიღწევა ძალიან რთული იქნება. 120, 130 მილის (დაახლოებით 200 კმ.) კონტროლი გაუჭირდებათ, თუნდაც 25 ერთეულით. მე ვფიქრობ, რომ ისინი ახლა ცალკეული ტერიტორიების იზოლაციას შეეცდებიან და არა დიდ მანევრებს რადგან უკრაინამ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ბრძოლა,“- ამბობს ბრიტანული დაზვერვის ანალიტიკოსი ჯასტინ კრამპი AP-სთან საუბრის დროს.

    უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსული შეტევისთვის მზად იყვნენ და რუსეთს არცერთ ტერიტორიას არ დაუთმობენ.

    „ჩვენ ამის მოლოდინი გვქონდა და ამისთვის მზად ვართ. დაიწყო რუსული შეტევითი მოქმედებები. ფართომასშტაბიანი დაბომბვა ხდება, ბევრად მეტია საჰაერო თავდასხმები ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ,“- ამბობს ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრატორი.

    მოსკოვი ამბობს, რომ მათი სურვილია შეუტიონ აზოვსტალს და მალე დაიკავონ ეს ტერიტორია. მარიუპოლი რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, თუ რუსული ჯარი მოახერხებს მის აღებას, მაშინ რუსეთი სახმელეთო კავშირს დაამყარებს 2014 წელს ანექსირებულ ყირიმთან.

    მარიუპოლი, უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი, მე-18 საუკუნეში დაარსდა და მოგვიანებით გახდა მრეწველობის ცენტრი. მარიუპოლი ცნობილია ფოლადის და სხვა ლითონების წარმოებით. გარდა ამისა, ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს. ის საპორტო ქალაქია. ომამდე მარიუპოლში ოფიციალური მონაცემებით, 430 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

    უკრაინის ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ ქალაქის 90 პროცენტი სრულად განადგურებულია, დაღუპულია 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რუსული არმია ჩაიწერება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ყველაზე არაადამიანური არმია – ზელენსკი

    “ამ ომში რუსული არმია სამუდამოდ ჩაიწერება მსოფლიო ისტორიაში, როგორც ყველაზე ბარბაროსული და არაადამიანური არმია მსოფლიოში.

    მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული დახოცვა, საცხოვრებელი უბნების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ყველა სახის, მათ შორის საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღის გამოყენება რუსეთის არმიის ხელწერაა.

    და ეს არის ისეთი სისასტიკე, რომელიც თაობების განმავლობაში რუსეთის სახელმწიფოს აბსოლუტური ბოროტების წყაროდ მოიხსენიებენ”

    განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

  • ჩეხეთი უკრაინულ ტანკებსა და ჯავშანტრანსპორტიორებს შეაკეთებს

    ჩეხეთის რესპუბლიკა შეაკეთებს უკრაინულ ტანკებს და ჯავშანტრანსპორტიორებს, რომლებიც დაზიანდა ბრძოლაში. აღნიშნული ინფორმაცია, BBC-ის ცნობით, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ცერნოხოვამ დაადასტურა.

    მისი თქმით, პირველად შეკეთდება უკრაინული T-64 ტანკები, შედეგ კი სხვა სახის ტექნიკა.

    ცერნოხოვას ცნობით, ჩეხეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც უკრაინამ მიმართვა საბრძოლო მანქანების შეკეთების თხოვნით.

    გარდა ამისა, ჩეხეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას მიაწოდა ტანკები – საბჭოთა პერიოდის T-72-ები, ასევე BMP-1 ქვეითი საბრძოლო მანქანები. ასევე, BBC-ს ცნობით, ჩეხეთმა უკრაინას სავარაუდოდ მიაწოდა თვითმავალი არტილერია და მრავალი გამშვები სარაკეტო სისტემა, თუმცა თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობს უკრაინაში მიწოდებული იარაღის ოდენობისა და ტიპის დაკონკრეტებაზე.

  • ჯონსონის აზრით, მოლაპარაკების გზით ომის დასრულება რთული იქნება

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში უკრაინასა და რუსეთს შორის სიტუაციის დარეგულირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ დიპლომატიური გზით ომის დასრულება “იოლი გზა” არ არის. მის კომენტარს Sky News ავრცელებს.

    ჯონსონის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინაში პუტინი დამარცხდეს.

    “ვშიშობ, რომ ახლა არ არსებობს მარტივი გზა დიპლომატიური ან მოლაპარაკების გზით გამოსავლის პოვნის. ვიცი, რომ წარმომადგენელთა პალატა დიპლომატიურ ვარიანტს ამჯობინებს. მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან რთული იქნება. ახლა ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინი დამარცხდეს და მარცხი”,– თქვა მან.

    ჯონსონი ასევე დაეთანხმა კონსერვატ დეპუტატს, რომელმაც მას უთხრა, რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინისთვის იარაღის მიცემა.

    Reuters-ის ცნობით, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას არტილერიას მიაწვდის.

  • რუსეთის ახალი შეტევა დონბასში შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს – Independent

    Independent–ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა ბრიტანეთის მთავრობა გააფრთხილა, რომ რუსეთის ახალი თავდასხმა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში შეიძლება “რამდენიმე თვე გაგრძელდეს”.

    “პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გააფრთხილა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეულ სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინის პოზიცია იყო “სახიფათო”, რადგან ვლადიმერ პუტინი მიზნად ისახავს რაიმე სახის გამარჯვებას “ადამიანური ფასის მიუხედავად”,– წერს გამოცემა.

    მისივე ცნობით, ოფიციალური პირმა ჯონსონი მას შემდეგ გააფრთხილა, რაც ოკუპანტებმა ახალი თავდასხმა განახორციელეს აღმოსავლეთ უკრაინაზე და კონტროლი აიღეს ქალაქ კრემინაზე.

    აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევის ახალი ეტაპი რუსეთმა გუშინ დაიწყო.