Category: მსოფლიო

  • 4 საათიანი შეხვედრა სოჭში–რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ერდოღანმა

    რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები დღეს ერთმანეთს სოჭში შეხვდნენ და 4 საათის განმავლობაში საუბრობდნენ. რა არის მთავარი მათი შეთანხმებიდან, ჯერჯერობით ძირითადად მხოლოდ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება:

    • რუსეთი და თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე გადადიან. ამის შესახებ რუსეთის ვიცე პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა. ამჟამად რუსეთი თურქეთს ყოველწლიურად 26 მილიარდ კუბომეტრ გაზს აწვდის.
    • რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს სტამბულის “ხორბლის შეთანხმების“ შესრულების აუცილებლობას, რუსული ხორბლის და სასუქების შეუფერხებელი ექსპორტის ჩათვლით.
    • პუტინმა და ერდოღანმა მოილაპარაკეს რუსეთსა და თურქეთს შორის ვაჭრობის გაზრდაზე, ორივე მხარის მოლოდინის თანახმად, ენერგეტიკის საკითხებში. საქმე ეხება მათ შორის “აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას და 2023 წლამდე ამ პროექტის გაშვებას.
    • რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს შემდეგი სხდომა თურქეთში გაიმართება.
  • სტრატეგიული ინიციატივა უკრაინის ხელში გადავიდა. ომის მიმდინარეობას უკვე ის განსაზღვრავს –ISW

    უკრაინა ომის დაწყების შემდეგ პირველად ხელში იღებს სტრატეგიულ ინიციატივას და აიძულებს რუსეთს ძალები გადააანაწილოს და პრიორიტეტები შეცვალოს უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაციის საპასუხოდ. ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) მორიგ ანგარიშში წერს.

    რუსული არმია სულ უფრო ხშირად ახდენს პირადი შემადგენლობის და ტექნიკის გადასროლას ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში, რითაც ზიანს აყენებს საკუთარ ძალისხმევას, რაც სლავიანსკის და სევერსკის დაპყრობისთვის დახარჯეს, და რომლებზეც როგორც ჩანს უარი თქვეს. რუსეთი ასევე ახდენს სამხედრო ტექნიკის, კერძოდ არტილერიის და ავიაციის გადასროლას ყირიმში უკრაინის სხვა რეგიონებიდან.

    რუსულმა ძალებმა წარსულშიც შეაჩერეს ან სხვაგან გადაამისამართეს შეტევითი ოპერაციები ხარკოვსა და სამხრეთის ღერძზე, რათა პრიორიტეტული გაეხადათ ლუგანსკის ოლქი, თუმცა, მაშინ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღეს, ხელმძღვანელობის შეცვლილი პრიორიტეტების შესაბამისად.

    ამჯერად კი, სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის არმიას ხერსონის ოლქში უკრაინის კონტრშეტევაზე რეაგირება უწევს და არა მათ მიერ  გააზრებული და შერჩეული  სამიზნეების შესაბამისად ძალების კონცენტრაცია.

    მას შემდეგაც კი, რაც უკრაინულმა ძალებმა შეაჩერეს რუსების მცდელობა კიევი აეღოთ ომის საწყის ეტაპზე, რუსეთის არმიას შეეძლო თავისუფლად აერჩია, რაზე მოეხდინა აღმოსავლეთში კონკრეტულად საკუთარი ოპერაციის კონცენტრირება. ახლა კი ასე აღარ არის.

    ხერსონში უკრაინელების მიერ მომზადებული კონტრშეტევამ და ამ კონტრშეტევის ფარგლებში ჩატარებულმა ოპერაციებმა, მთლიანობაში რუსული ძალების მკვეთრი დასუსტების პარალელურად, როგრც ჩანს, უკრაინას საშუალება მისცა პირველად დაიწყოს ომის მსვლელობის აქტიურად განსაზღვრა – წერენ ორგანიზაციის ანალიტიკოსები.

  • რატომ სძულს კრემლს “აზოვის” ბატალიონი –  არესტოვიჩის განმარტება

    უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი,  იულია ლატინინასთან ინტერვიუში განმარტავს თუ რატომ სძულს კრემლს “აზოვის ბატალიონი. არესტოვიჩის თქმით, ახლა მოსკოვი ცდილობს “აზოვის” ბატალიონი მიტოვებულად და გატეხილად წარმოაჩინოს.

    • “აზოვის” ბატალიონის  პრობლემა ისაა, რომ რუსებს აქვთ პირადი სიძულვილი მათ მიმართ. რუსეთის რეჟიმისთვის ისინი წარმოადგენენ ყველაფერს, რაც მათ სძულთ, რასაც ებრძვიან. “ნაციონალურმა ბატალიონმა”, უფრო მეტიც, ძალიან მოტივირებულმა, ბევრი სისხლი დაღვარა მათთვის და იდგნენ ბოლომდე. ისინი პუტინის მთელი რეჟიმის იდენტიფიკაციის უმნიშვნელოვანეს პუნქტს ურტყამდნენ და ამბობდნენ: “გზა მხოლოდ ერთია – ან მოკვდე, ან თაყვანი სცე“, – აზოვმა კი არცერთი არ გააკეთა. მათ უნდა გათელონ სახელი “აზოვი” და თავად “აზოვი”, რომ ფიზიკურად იქ არ იყოს. მაშინ აქ სრული და არაკვალიფიციური მორალური გამარჯვება ექნებათ, როგორც ამბობენ”. – აცხადებს არესტოვიჩი. 
  • თალიბანი აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ ალ-ქაიდას ლიდერის მოკვლას გამოიძიებენ

    ექსტრემისტული დაჯგუფება „თალიბანი“ აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მიერ  მიერ ალ-ქაიდას ლიდერის  ალ-ზავაჰირის მოკვლას ”გამოიძიებენ”. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით Aljazeera ავრცელებს.

    31 ივლისს,  აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდას ლიდერი, აიამან ალ-ზავაჰირი. ალ-ზავაჰირის ლიკვიდაცია უპილოტო თვითმფრინავიდან გასროლილი რაკეტით მოხდა, მაშინ როდესაც ის კვირას ქაბულის სამალავის აივანზე იდგა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ზავაჰრი აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, რადგან სწორედ ის გეგმავდა ოსამა ბინ ლადენთან ერთად 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს.

  • რუსეთმა 14 ბულგარელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

    კრემლმა 14 ბულგარელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.განცხადება ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

    სავარაუდოდ ეს არის მოსკოვის პასუხი ბულაგრეთისთვის, როდესაც ბულაგრეთმა ზაფხულის დასაწყისში,  70 რუსი დიპლომატიური თანამშრომელი გააძევა ჯაშუშობის ბრალდებით.ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რომლებიც ოდესღაც ახლო მოკავშირეები იყვნენ, უკრაინაში ომის გამო დაირღვა.

  • კოენი: რუსეთი ამ ომში უკვე რამდენჯერმე დამარცხდა

    როგორია ვითარება ფრონტზე, როგორ აფასებენ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის შანსებს დასავლეთში და რამდენად წარმატებული იქნება უკრაინის კონტრშეტევა? დაკარგა თუ არა საქართველომ ისტორიული შანსი?

    ამ და სხვა საკითხბეზე, სამხედრო კონფლიქტების ისტორიკოს და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელს, ელიოტ კოენს ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

    “ეს ომია. ასე რომ, რთულია იმის ზუსტად ცოდნა, თუ რა ხდება. ომის ნისლი ყოველთვის ძალიან სქელია. ამიტომ რაიმეს წინასწარმეტყველება რთულია. ერთი მხრივ აშკარაა, რომ რუსეთის მცდელობა, აეღო კიევი წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსები დამარცხდნენ, კიევისთვის ბრძოლაში, დამარცხდნენ ხარკივისთვის ბრძოლაში. ვიტყოდი აქვთ მცირედი წარმატებები, სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ახლა ჩანს, რომ ისინი ცდილობენ ძალების მოკრებას და ხელახალი იერიშისთვის მომზადებას. ხოლო უკრაინელებს გარკვეული წარმატება აქვთ სამხრეთში, ხერსონის გარშემო.

    ვფიქრობ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ რა გავლენა ექნება დასავლურ შეიარაღებას, რომელიც უკრაინას მიეწოდება. მისი შედეგები გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში შესამჩნევია. უკრაინელები წარმატებით იყენებენ მობილურ სარაკეტო სისტემებს, რომელიც მათ შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა მისცეს.

    ასევე, მაღალი სიზუსტის არტილერიას. ეს არა მხოლოდ ტექნიკური დეტალი, არამედ სიტუაციის მნიშვნელოვანი განვითარებაა . უკრაინა ამ იარაღს იყენებს და იერიში მიაქვს რუსულ სამხედრო საწყობებზე. თუ უკრაინა მოახერხებს, რუსეთს შეუზღუდოს საარტილერიო საბრძოლო მასალაზე წვდომა, მაშინ ეს ამ უკანასკნელს მნიშვნელოვან სირთულეებს შეუქმნის. თუმცა, ამას დრო გვაჩვენებს.

    ვხედავთ ინტენსიურ, კონვენციურ დაპირისპირებას, რომელიც არ გვინახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ათწლეულია მსგავსი დაპირისპირების გამოცდილება არ ჰქონია არც დასავლურ, არც რუსეთის არმიას.

    რუსები, ცდილობენ გაიმეორონ, მეორე მსოფლიო ომში, აღმოსავლეთ ფრონტისთვის დამახასიათებელი, გრანდიოზული ალყის ტაქტიკა. თუმცა მათ ეს არ გამოსდით. ისინი იყენებენ დიდი რაოდენობით საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლს, ანადგურებენ ქალაქებს და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მათი ქვეითი ჯარი ახერხებს ამ ნანგრევების ოკუპაციას, თუმცა ძალიან მაღალი დანაკარგების ფასად.

    ამიტომ რუსები წინ მიდიან თუმცა ვერანაირ გადამწყვეტ პოზიციებს ვერ იკავებენ. მათ ნგრევა მოაქვთ, პატარა ქალაქების ოკუპაციას ახდენენ. ხოლო უკრაინელები მოქმედებენ, კლასიკური ელასტიური თავდაცვის პრინციპით, როცა თმობ რელიეფს, ტერიტორიას, თუმცა ისე, რომ ამაში საფასურს ახდევინებ მოწინააღმდეგეს.

    ეს არის გამოფიტვის ომის ტაქტიკა. რუსებს ამ კუთხით დიდი დანაკარგები აქვთ. ეცდებიან ამის შევსებას. ახლა სწორედ ამას ვაკვირდებით.

    ვერავინ ვერ იტყვის რა მიმართულებით წავა ეს ომი. ყველამ უნდა გაიგოს, რომ რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთია ჩიხი. მეორე რუსეთის ნელი გამარჯვება. და მესამე, ვერ ვიტყვი რამდენად სავარაუდოა ეს სცენარი, მაგრამ დიდი საბრძოლო დანაყოფის კოლაფსის შესაძლებლობაა. ანუ მასობრივი დანებება, უარის თქმა ბრძოლაზე, აჯანყება, დეზერტირობა და მსგავსი რაღაცეები. ამის ნიშნები აქამდეც იკვეთებოდა. თუ რუსეთი დაკარგავს უნარს, დიდი რაოდენობით საარტილერიო იერიში და ცეცხლი მიიტანოს, მათ დარჩებათ ცუდად გაწვრთნილი და დემორალიზებული ქვეითი ჯარი, ძალიან მცირედი და მოძველებული ჯავშანტექნიკით და შესაძლოა სწორედ ამას მოჰყვეს დანაყოფის კოლაფსი. ეს შეიძლება მოხდეს უკრაინის მხარესაც, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მათ იციან რისთვის იბრძვიან, ეს მათთვის გადარჩენისთვის ბრძოლაა. რუსი სამხედროებისთვის ეს ასე არ არის.

    ამ ომის გამოწვევა ისაა, რომ ორ მხარეს სრულად შეუთავსებელი მიზნები აქვს. რუსებს, ჩანს ისევ სურთ მთელი უკრაინის დაკავება, და უკრაინელები კი ამბობენ, რომ უნდათ მათი ტერიტორიის სრულად გათავისუფლება. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება.

    ჩვენ უნდა გახსოვდეს მოლოდინები ომის დასაწყისში, როცა ხალხი ფიქრობდა, რომ რუსეთი მოახდენდა უკრაინის ოკუპაციას, და ვიხილავდით პარტიზანულ ომს. დრო დაგვჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ეს ტრადიციული ომი იქნებოდა. სამხედროები, რომლებიც უკრაინელებთან მუშაობდნენ ხვდებოდნენ თუ რამდენად წინ იყვნენ ისინი. თუმცა ამერიკისმთავრობა ამას ვერ ხედავდა.

    ამასთან, ხალხს ქონდა არასწორი წარმოდგენები რუსულ არმიაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან მოდიოდა. ეს არა მხოლოდ ბევრად პატარა, არამედ ბევრად უარესი ჯარია, ვიდრე საბჭოთა არმია. რუსული ჯარი საშინელ დღეშია. მათ ბევრი საბრძოლო მასალა აქვთ და დაუნდობლები არიან. მათ მიაქვთ შეტევები მშვიდობიან მოსახლეობაზე, რაც მათ გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებს. თუმცა ეს არის ჯარი, რომელიც შეიძლება დამარცხდეს და უკვე რამდენჯერმე დამარცხდა ამ ომის რამდენიმე დიდ ბრძოლაში. როგორც სამხედრო ისტორიკოსი, ვიტყოდი, რომ ომის განმავლობაში რაღაცეები იცვლება და შენი წარმოდგენებიც იცვლება იმაზე, თუ როგორ მიდის ომი და ეს იყო განმსაზღვრელი [დასავლეთში გადაწყვეტილებების მიღებისას].– ამბობს კოენი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ახალი ეტაპი დაიწყო–დაზვერვა

    რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური საინფორმაციო ოპერაციების ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანი მოსახლეობაში პანიკის დათესვაა.

    ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო იუწყება.

    უკრაინის საინფორმაციო სივრცეში მასობრივად ვრცელდება ფეიკები. კერძოდ, ელენოვკის ტერაქტის გამოყენებით, რუსეთი პოულობს საბაბებს მუდმივი საინფორმაციო ტერორისა და დაშინებისთვის. მისი ამოცანა უკრაინული საზოგადოების დესტაბილიზება და დემორალიზებაა.

    უკრაინული მედია წერს, რომ ოკუპანტები არასარწმუნო ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ საზოგადოებით მანიპულაციას და ისეთი ქმედებების გამოწვევას, რაც ქვეყანას ომის დროს დესტაბილიზაციამდე მიიყვანს.

    სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებული საკითხების საკოორდინაციო შტაბი მოუწოდებს მოქალაქეებს საინფორმაციო ჰიგიენა დაიცვან. მათი ინფორმაციით უკრაინა ყველაფერს აკეთებს ტყვეებს დასაბრუნებლად, მათ გასაცვლელად, ასევე იმ პირთა მოსაძებნად, ვინც განსაკუთრებულ გარემოებებში უგზოუკვლოდ დაიკარგა.

    შეგახსენებთ, რომ ელენოვკაში 29 ივლისს ყოფილი გამოსასწორებელი კოლონიის შენობა აფეთქდა, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, მათ შორის პოლკ აზოვის წევრები. რუსეთი ამბობს, რომ კოლონია უკრაინელებმა დაბომბეს უკრაინული მხარე და საერთაშორისო ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ რუსებმა კოლონია თვითონ ააფეთქეს. დაიღუპა მინიმუმ 50 უკრაინელი სამხედრო ტყვე. დაჭრილთა რაოდენობა უცნობია.

  • ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 41 500 ჯარისკაცი დაკარგეს

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 41 500;
    • ტანკი – 1 789;
    • ჯავშანტექნიკა – 4 026;
    • საარტილერიო სისტემა – 946;
    • სარაკეტო სისტემა – 260;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 118;
    • თვითმფრინავები – 223;
    • ვერტმფრენი – 191;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 742;
    • საკრუიზო რაკეტები – 182;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 960;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 83.
  • რუსი ტურისტები ფინეთიდან რუსეთში დრონების და სხვა აკრძალული საქონლის გატანას ცდილობენ

    ფინეთის საბაჟო სამსახურმა გაძლიერებული კონტროლის შედეგად ევროპიდან რუსეთში მიმავალი ტურისტების ბარგში სანქცირებული საქონელი აღმოაჩინა, რომლებიც სამრეწველო და სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება.

    ამის შესახებ ფინური მედია საბაჟო სამსახურზე დარყდნობით წერს.

    კერძოდ, საქმე ეხება ნავიგაციის საშუალებებს და დრონებს.

    გარდა ამისა,  ტურისტებს აღმოუჩინეს ფუფუნების საგნები, რომელთა ექსპორტი რუსეთში უკრაინაში ომის გამო დაწესებული ევროკავშირის სანქციებით შეზღუდულია.

    2022 წლის ივლისის ბოლოს ფინეთის საბაჟომ სასაზღვრო პუნქტებში 2500–ზე მეტი შემოწმება ჩაატარა რუსეთში მიმავალი ადამიანების მიმართ. დაახლოებით ასმა შემოწმებამ სანქციების რეჟიმის დარღვევა გამოავლინა.

    ამჟამად ფინეთის საბაჟო და საგარეო საქმეთა სამინისტრო დაახლოებით 20 საქმის გამოძიებისთვის გადაგზანას აპირებენ, რომლებიც სამგზავრო ტრანსპორტს უკავშირდება. საქმე ეხება სანქციების დარღვევას.

    ფინეთის საბაჟოს კონტროლის განყოფილების დირექტორის, მიკო გრენბერგის თქმით, ინსპექტირების შედეგები აჩვენებს, რომ ფინეთიდან რუსეთში მიმავალი ტურისტების კონტროლი უნდა გაგრძელდეს.

    ფინური მედია ამბობს, რომ ფინურმა მაღაზიებმა დაიწყეს რუსი ტურისტებისთვის სანქცირებული პროდუქტების მიყიდვის შეზღუდვა, რათა ეს პროდუქტები რუსეთში არ მოხვდეს.

  • ჩვენი ეკონომიკა კომაშია-ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ქვეყნიდან გასული პირველი საექსპორტო გემით გატანილი მარცვლეული მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმ მოსავლისა, რომლის გაყიდვაც კიევს ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებისგან დასახსნელად სჭირდება.

    ზელენსკიმ ეს განცხადება ავსტრალიელი სტუდენტებისადმი მიმართვისას მაშინ გააკეთა, როცა საექსპორტო მარცვლეულით დატვირთულმა გემმა შემოწმება თურქეთში გაიარა და ლიბანისკენ გაეშურა.

    გემმა “რაზონიმ” ოდესის პორტი ორშაბათ დილით დატოვა. ის 26 527 ტონა სიმინდის მარცვლეულით იყო დატვირთული და ის ტრიპოლიში უნდა ჩაიტანოს. ამ რეისის შესრულება გაეროს ეგიდით მიღწეული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის თანახმადაც მარცვლეული და სასუქი უკრაინული პორტებიდან სხვა ქვეყნებში გავა. თუმცა ზელენსკი ამბობს, რომ დროა საჭირო იმის გასაგებად, ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები.

    “სულ ახლახან გაეროს და ჩვენი თურქი პარტნიორების წყალობით, ჩვენ გავამგზავრეთ მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, მაგრამ ეს კვლავ არაფერია. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება.

    პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინას სულ მცირე 10 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს ექსპორტზე სასწრაფოდ გასატანი იმისთვის, რომ მისი საბიუჯეტო დეფიციტი – თვეში 5 მილიარდი დოლარი – შეამციროს.

    პორტების ბლოკადის შემდეგ მარცვლეულის პირველ ექსპორტს მიესალმა ამერიკის სახელმწიფო მდივანიც, ენტონი ბლინკენის თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

    თურქული მხარე ამბობს, რომ ყოველდღე უკრაინული პორტების დატოვება დღეში სამ გემს შეუძლია. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, გასამგზავრებლად მზადაა მარცვლეულით და სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით დატვირთული 17 გემი. უკრაინას ექსპორტისთვის საწყობებში 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული აქვს. საჭირო გახდება კიდევ 40 მილიონ ტონამდე მოსავლის შენახვა-გატანაც.

    “ომი თითქმის სრულად კლავს ჩვენს ეკონომიკას. ის კომაშია. რუსეთის მიერ პორტების ბლოკადა ჩვენი ეკონომიკისთვის უდიდესი დანაკარგია”, – ამბობს ზელენსკი. პრეზიდენტი გამუდმებით იმეორებს, რომ შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, რუსულმა მხარემ შესაძლოა კვლავ სცადოს ამ ტრანზიტისთვის ხელის შეშლა.