Category: მსოფლიო

  • აეკრძალოთ რუსებს უკრაინაში შემოსვლა შემდეგი 50 წლით–პეტიცია ზელენსკის სახელზე

    უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე რუსთის ყველა მოქალაქისთვის შემდეგი 50 წლის მანძილზე უკრაინაში შესვლის აკრძალვის მოთხოვნით პეტიციამ უკვე მოაგროვა 25 ათასი ხელმომწერი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ვალდებულია ეს წინადადება განიხილოს.

    პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ რუსეთთან ომი უკვე 8 წელია გრძელდება:

    “სამწუხაროდ ამ 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინის დაცვა დივერსანტებისგან, აგენტურისგან და მტრის სამიზნეების მაკორექტირებლებისგან, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში იყვნენ რუსეთთან უვიზო რეჟიმის გამო. ამის საფასური ჩვენ ათასობით ადამიანის სიცოცხლით გადავიხადეთ“– ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

    ავტორები გამოდიან წინადადებით, უკრაინაში ყველა რუსისთვის სრულად აიკრძალოს შესვლა და ბინადრობის ნებართვის გაცემა შემდეგი 50 წლის განმავლობაში.

    პეტიციის ავტორების აზრით გამონაკლისი შეიძლება ის ადამიანები იყვნენ, ვინც რუსეთ–უკრაინის ომში უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.

  • ოკუპანტებმა უკრაინაში 27 203 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს – პროკურატურა

    უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყების დღიდან რუსმა ოკუპანტებმა 27 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.  დაფიქსირებულია ომის კანონებისა და წესების – 26 190 დარღვევა, აგრესიული ომის დაგეგმვის, მომზადების, გაჩაღებისა და წარმოების – 73, ომის პროპაგანდის – 28 დარღვევა და სხვა ტიპის დანაშაული – 912.

    ასევე პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  დარეგისტრირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული 12 724 დანაშაული, საიდანაც 8 783 ეხება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას, 1 525 – სახელმწიფო ღალატს, 1 800 – თანამშრომლობას, 113 – აგრესორ სახელმწიფოს დახმარებას, 64 – დივერსიას და 439 სხვა დანაშაულს.

  • უკრაინელებმა მელიტოპოლში რუსების დისლოკაციის პუნქტებს დაარტყეს. განადგურებულია 100-ზე მეტი ოკუპანტი

    დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯარების დისლოკაციის პუნქტებზე დარტყმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია მელიტოპოლის მერზე, ივან ფიოდოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

    „მელიტოპოლის სხვადასხვა ნაწილში მაღალი სიზუსტის HIMARS-ის რაკეტებით საოკუპაციო ძალების დროებითი განლაგების პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს“, – აცხადებს ივან ფიოდოროვი.

    მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, განადგურდა მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა.

    „100-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც დროებით ყაზარმებში იმყოფებოდა,  კობზონის კონცერტის ბილეთები მიიღო“ – ამბობს მერი.

    მელიტოპოლი რუსებმა ომის დაწყების პირველ დღეებშივე დაიკავეს. ფიოდოროვი ტყვედ აიყვანეს, მოგვიანებით კი რუს სამხედროებში გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.

  • რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მისი რესურსების 50% უკვე გამოიყენა–კურტ ვოლკერი

    რუსეთის ფედერაციამ  უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე მისი გაწვრთნილი სამხედროების და იარაღის ნახევარი უკვე დახარჯა. ამის გამო მისი სამხედრო შესაძლებლობები დრამატულად არის შემცირებული.

    ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კურტ ვოლკერმა განაცხადა.

    “მათი სამხედრო შესაძლებლობები დრამატულად შემცირდა. ეს კარგია, მაგრამ ახლა დაიწყეს ნაკლებად ზუსტი იარაღის გამოყენება და უფრო მეტად ხვდება მათი რაკეტები სამოქალაქო ობიექტებს. თუმცა, მეორეს მხრივ, ისინი ნაკლებად არტყამენ მიზანში და ვერ ბომბავენ სამხედრო ობიექტებს, ამიტომაც მათი შესაძლებლობები მცირდება“– ამბობს ვოლკერი.

    გარდა ამისა, მისი განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას, კერძოდ დიქტატორ პუტნს არ აქვს სურვილი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს, რადგან ამან რუსეთში შესაძლოა სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

    პუტინმა ისედაც ბევრი ხალხი მოაგროვა რეგიონებიდან უკრაინაში ომისთვის. მოსკოვის, პიტერის და საზღვრისპირა რეგიონებისთვის კი ფაქტიურად ხელი არ უხლია, რათა შეექმნა ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის. თუ საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდება, ეს მას ახალ პრობლემებს შეუქმნის“– დასძინა ვოკლერმა.

  • Amnesty International–მა უკრაინას მისი ანგარიშის გამო ბოდიში მოუხადა

    საერთაშორისო უფლებადამცველმა  ორგანიზაცია Amnesty International–მა ბოდიში მოიხადა მისი ანგარიშის გამო, რომელშიც უკრაინაში ბრალი დასდო, თითქოს მისმა სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხე შეუქმნეს.  ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. უფლებადამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ “ძალიან წუხს“, რომ მისმა ანგარიშმა უკრანაში განრისხება გამოიწვია, თუმცა ორგანიზაცია ანგარიშში გამოთქმულ დასკვნებზე უარს არ ამბობს.

    “ Amnesty International–ის პრიორიტეტი ამ, და ნებისმიერ სხვა კონფლიქტში სამოქალაქო პირების უსაფრთხოების დაცვაა. მართლეც, ეს იყო ჩვენი ერთადერთი მიზანი,  ბოლო კვლევის გამოქვეყნებისას. მართალია ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს დასკვნებს, თუმცა მიყენებული ტკივილისთვის ბოდიშს ვიხდით “– ნათქვამია განცხადებაში.

    ორგანიზაციაში ამბობენ, რომ არანაირი  დარღვევები უკრაინული ჯარის მხრიდან, რომლებიც დადოკუმენტირებულია, “არ ამართლებს დარღვევებს რუსეთის მხრიდან“.

    “ეს არ ნიშნავს, რომ ორგანიზაცია პასუხისმგებლობას აკისრებს უკრაინულ ძალებზე იმ დარღვევების გამო, რომლებიც რუსულმა ძალებმა ჩაიდინეს, ან იმაში, რომ უკრაინელმა სამხედროებმა არ მიიღეს სიფრთხილის ადეკვატური ზომები ქვეყნის სხვა ნაწილებში“– ნათქვამია განცხადებაში.

    როგორც ცნობილია, Amnesty International–მა 19 ქალაქი და სოფელი მოინახულა უკრაინაში და საკუთარი დასკვნები ანგარიშის სახით გამოაქვეყნა. აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, თითქოსდა უკრაინული შეიარაღებული ძალები საცხოვრებელ რაიონებში იმყოფებოდნენ, რაც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, რადგან ახდენს პროვოცირებას, რომ რუსებმა საცხოვრებელ შენობებს ესროლონ.

    ანგარიში აიტაცეს რუსმა პროპაგანდისტებმა და შედეგად მიეცათ კარგი შანსი ამტკიცონ, რომ უკრაინელები მშვიდობიან მოსახლეობას “ცოცხალ ფარად“ იყენებენ.

    უკრაინელმა ჩინოვნიკებმა ორგანიზაციის დასკვნას აბსურდული და შეურაცხმყოფელი უწოდეს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი Amnesty International რუსეთის ამნისტირების მცდელობაში დაადანაშაულა.

    ორგანიზაციის ანგარიშზე ემოციური კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში და ყველას შეახსენა, რომ უკრაინელებს რუსული რაკეტები ემუქრება.

    ორგანიზაციის უკრაინული ოფისის ხელმძღვანელი, ოქსანა პოკალჩუკი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციას მრისხანება დაატყდა თავს.

  • რუსეთის არმიაში 6 სამხედრო მეთაური გადააყენეს, 10 დაიღუპა– ბრიტანეთის დაზვერვა

    ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მორიგ ანგარიშში, რომელიც სამხედრო დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, წერს, რომ რუსულ გენერალიტეტში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდი ცვლილებებია.

    1. რუსული შეიარაღებული ძალების სუსტი მოქმედებები უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ძვირად დაუჯდა და მინიმუმ 6 მაღალჩინოსანი სამხედრო მეთაურის მოხსნა გამოიწვია 2022 წლის თებერვლიდან.
    2. პოსტები დაკარგეს აღმოსავლეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების მეთაურებმა. აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში გენერალ–პოლკოვნიკი ალექსანდრ ჩაიკო მაისში მოხსნეს.
    3. გენერალ–პოლკოვნიკი ალექსანდრ ჟურავლიოვი, რომელიც დასავლეთის სამხედრო ოლქს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა, არ ესწრებოდა 31 ივლისს სანკტ–პეტერბურგში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის დღის აღსანიშნავად. დიდი ალბათობით ის გენერალ–ლეიტენანტმა ვლადიმირ კოჩეტკოვმა შეცვალა. კოჩეტკოვის გვარი რუსეთის ოფიციალურმა მედიამ ამ დღესთან დაკავშირებით არაერთხელ მოიხსენია, როგორც მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი.
    4. გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი თანამდებობიდან მოხსნეს მას შემდეგ, რაც დაავალეს უკრაინაში ოპერაციის საერთო ხელმძღვანელობა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა კი სამხრეთის სამხედრო დაჯგუფების მეთაურობა გადაიბარა გენერალ გენადი ჟიდკოსგან.
    5. თანამდებობიდან გათავისუფლებების გარდა, მინიმუმ 10 რუსი გენერალი დაიღუპა უკრაინაში ბრძოლის ველზე. ეს კუმულატიურ ზემოქმედებას ახდენს რუსული არმიის მეთაურობის თანმიმდევრულობაზე, რაც თავის მხრივ, იწვევს მათ ტაქტიკურ და ოპერატიულ პრობლემებს – წერს ბრიტანული დაზვერვა.
  • ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინას თვითმფრინავებსა და ტანკებს გადასცემს

    ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინას მოიერიშე სუ-25-ებს და ტანკებს გადასცემს –  ინფორმაციას ადასტურებს, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი. საუბარია 4 ერთეულ სუ-25-ზე, ასევე საბჭოთა T-72-ის ტიპის ტანკებზე.

    “მეგობარი გაჭირვებაში გამოიცდება.  არ აქვს მნიშვნელობა რა ზომისაა შენი ქვეყანა ან მშპ, მთავარია როგორი გული გაქვს. დღეს ბევრი ქვეყანა იჩენს უფრო მეტ გამბედაობას, ვიდრე დიდი ოცეულის ნახევარი. მაგალითად ჩრდილოეთ მაკედონია, რომლებიც უკრაინას ტანკებისა და თვითმფრინავების მიწოდებით მხარში უდგას. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ”, – წერს პოდოლიაკი “ტვიტერზე”.

     

  • ისრაელი 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს

    ისრაელი ღაზას სექტორში გამწვავებული ვითარების ფონზე 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს. შესაბამისი ბრძანება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენ განცმა გამოსცა. ინფორმაციას  The Jerusalem Post ავრცელებს.

    “ოპერაციის მიზანია ისრაელის მოქალაქეებისა და ღაზას სექტორის მიმდებარედ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არსებული საფრთხის განეიტრალება”. – თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა, იაირ ლაპიდმა.

  • რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის – ბრიტანეთის დაზვერვა

    რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედისამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ მომზადებულ ყოველდღიურ ანგარიშში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფრონტი უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით, ზაპოროჟიადან 350 კილომეტრის სიგრძეზე, მდინარე დნეპრის გასწვრივ გადაინაცვლებს.

    “რუსული ჯარები თითქმის სრულიად გროვდებიან უკრაინის სამხრეთით. ისინი ან უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში არიან, ან შესაძლო თავდასხმისთვის ემზადებიან.  რუსული არმიის გრძელი კოლონა, რომელიც სამხედრო სატვირთო მანქანებისგან, ტანკებისგან, არტილერიისგან და სხვა შეიარაღებისგან შედგება, დონბასის რეგიონიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ მიემართება.

    ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსული აღჭურვილობა რუსეთის მიერ ოკუპირებული მელიტოპოლიდანბერდიანსკიდან და მარიუპოლიდან და რუსეთის ტერიტორიიდან გააქვთ და ქერჩის ხიდის გავლით ყირიმში მიაქვთ. ტაქტიკური ბატალიონები, რომლებიც 800-დან 1000 ჯარისკაცისგან შედგება, ყირიმში განალაგეს, დიდი ალბათობით, მათ ხერსონში რუსული ჯარის დასახმარებლად გამოიყენებენ.  2022 წლის 2 აგვისტოს ახალი ტაქტიკური ბატალიონი განლაგდა ყირიმში, ასევე, გვაქვს ცნობები, რომ ეს ბატალიონები შედგება ჯარების აღმოსავლეთ ჯგუფებისგან. უდიდესი ალბათობით, მათ უახლოეს დღეებში ხერსონში გადაისვრიან.

    უკრაინული ჯარები აგრძელებენ ხიდების, ტყვია-წამლის საწყობების, სარკინიგზო კავშირების მიზანში ამოღებას უკრაინის სამხრეთ რეგიონებში მზარდი სიხშირით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო მაგისტრალის ჩათვლით, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს ოკუპირებულ ხერსონთან აკავშირებს. უკრაინული მხარე იყენებს დაზიანების, შეფერხების, ბლოკირების კომბინაციას, რათა გავლენა მოახდინოს რუსეთის ჯარების გადაჯგუფების ლოჯისტიკურ შესაძლებლობაზე.  რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის. უმძიმესი ბრძოლები დაახლოებით 350-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ინაცვლებს, უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე დნეპრის გასწვრივ”.

  • ჩინეთი ნენსი პელოსის სანქციებს უწესებს და ზოგ სფეროში აშშ–სთან თანამშრომლობას წყვეტს

    ჩინეთი წყვეტს აშშ–სთან თანამშრომლობას მთელი რიგ სფეროებში, მათ შორის დიალოგს მაღალჩინოსან სამხედრო მეთაურებს შორის და კლიმატთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს. ეს არის აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტზე პასუხი.

    შეწყვეტილია სამხედრო დიალოგი უმაღლეს დონეზე ჩინეთსა და აშშ–ს შორის, ასევე თანამშრომლობა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან, მათ შორის ნარკოდანაშაულთან  ბრძოლაში.

    შეწყვეტილია საზღვაო უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებები და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, პეკინმა ასევე შეწყვიტა კლიმატის ცვლილების შესახებ ყველა დიალოგი მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფის წამყვან წყაროებთან.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პელოსი “სერიოზულად ერევა ჩინეთის შიდა საქმეებში და სერიოზულად უთხრის ძირს ჩინეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საკუთარი ვიზიტით“. ამის გამო პეკინმა სანქციები შემოიღო პელოსისა და მისი უახლოესი ნათესავების წინააღმდეგ მისი “გაუმართლებელი და პროვოკაციული ქმედებების გამო“. დეტალები არ კონკრეტდება.

    ბოლო წლებში ჩინეთმა აშშ–ს რიგი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა. ეს ჩინოვნიკები მათი აზრით ჩინეთის ინტერესებს ლახავდნენ და აკეთებდნენ განცხადებებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ჰონკონგში, ასევე ჩრდილო–დასავლეთის რეგიონ სინცზიანში. ჩინეთს კონკრეტული ზომები არასოდეს დაუკონკრეტებია.

    წელს მარტში პეკინმა განაცხადა, რომ აწესებს სავიზო შეზღუდვებს აშშ–ს ზოგიერთი ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებმაც თითქოსდა მოახდინეს ტყუილების ფაბრიკაცია ჩინეთში ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით.

    წარსულში სანქციები დაუწესეს აშშ–ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს, ასევე პრეზიდენტ ტრამპის სავაჭრო მრჩეველს, პიტერ ნავაროს. მათ ჩინეთში შესვლა და ჩინურ ორგანიზაციებთან ბიზნესის წარმოება ეკრძალებათ.

    ნენსი პელოსის ერთღიანმა ვიზიტმა ტაივანში კუნძულის გარშემო სიტუაცია დაძაბა: საპასუხოდ ჩინეთმა დაიწყო მაშტაბური სამხედრო წვრთნები ზღვაში და ჰაერში კუნძულის გარშემო. სწავლებების დროს კუნძულის მიმართულებით ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, აკვატორიაში ჩატარდა ჩინური სამხედრო გემების მანევრები, ტაივანის მთავრობამ კი განაცხადა სახელმწიფო უწყებების საიტებზე კიბერშეტევის შესახებ.