Category: მსოფლიო

  • გერმანიის მიერ გადაცემული საზენიტო–სარაკეტო დანადგარი IRIS-T SLM უკვე უკრაინაშია–Spiegel

    გერმანული გამოცემა Spiegel ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ გერმანიისგან უკვე მიიღო პირველი საზენიტო–სარაკეტო დანადგარი IRIS-T SLM

    გამოცემის ინფორმაციით გადაცემა სამშაბათს, პოლონეთ–უკრაინის საზღვარზე მოხდა.

    ორშაბათს გერმანიის თავდაცვის სამინისტორომ განაცხადა, რომ უკრაინას ამ დანადგარს გადასცემს. სამშაბათს კი სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანდა IRIS-T SLM  კომენტარებით, რომ ის გერმანიის გზებზე აღმოსავლეთით, პოლონეთისკენ მიემართებოდა.

    გერმანიის  კანცლერი, ოლაფ შოლცი ურაინას ამ საზენიტო დანადგარებს ჯერ კიდევ ზაფხულში დაპირდა, მაგრამ მიწოდება მხოლოდ წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ორშაბათს რუსეთმა ერთდროულად ათეულობით რაკეტით მიიტანა შეტევა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინნ ლამბრეხტმა თქვა, რომ დაპირებული ოთხი საზენიტო დანადგარის მიწოდება დაჩქარდებოდა.

    IRIS-T SLM – ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მოქმედების საშუალო რადიუსით: მის რაკეტებს სამიზნის დაზიანება 40 კილომეტრამდე მანძილზე,  20 კილომეტრამდე სიმაღლეზე შეუძლიათ.

     

  • უკრაინაზე სკანდალურ პოსტამდე ილონ მასკი პუტინს პირადად ესაუბრა – მედია

    ილონ მასკი პირდაპირ ესაუბრა ვლადიმერ პუტინს მანამ, სანამ ტვიტერზე უკრაინის შესახებ სკანდალურ პოსტებს გამოაქვეყნებდა. ამის შესახებ ინფორმაციას Eurasia Group–ის წარმომადგენელზე, იან ბრემერზე დაყრდნობით Vice ავრცელებს.

    “ინფორმაციაში, რომელიც Eurasia Group–ის ხელმომწერებს გაეგზავნათ, იან  ბრემერმა დაწერა, რომ   Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა მას უთხრა, რომ პუტინი “მზად არის მოლაპარაკებისთვის“, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება, თუ უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის ფორმას გამოაცხადებს და უკრაინა აღიარებს ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსიას“– წერს გამოცემა.

    ამას გარდა, მასკმა თითქოსდა თქვა, რომ პუტინი მზად არის საკუთარ მიზნებს მიაღწიოს, “მიუხედავად ყველაფრისა“, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების გზით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დროებით ოკუპირებულ ყირიმში შევლენ. სწორედ ამიტომაც თითქოსდა Tesla-ს დამფუძნებელმა გადაწყვიტა “ყველაფერი გაეკეთებინა“ მოვლენათა ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად.

    ილონ მასკის პოსტს უკრაინის შესახებ  გასულ კვირას დიდი სკანდალი მოჰყვა. მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის მოსახლეობა 3–ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის, ამიტომაც უკრაინის გამარჯვება ომში ნაკლებ სავარაუდოა. თუ თქვენ უკრაინის ხალხზე ზრუნავთ, ეძებეთ მშვიდობა“–დაწერა მასკმა და ტვიტერზე გამოკითხვა დადო შეკითხვით: “ ადამიანებმა, ვინც დონბასში და ყირიმში ცხოვრობენ, უნდა გადაწყვიტონ რუსეთის შემადგენლობაში უნდათ თუ უკრაინის“– და ორი სავარაუდო პასუხით: დიახ და არა.

    განახლება:

    მოგვიანებით ილონ მასკმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი ტვიტერზე გააკეთა. კითხვაზე, მართალია თუ არა ინფორმაცია რომ ის სკანდალურ პოსტებამდე პუტინს ესაუბრა, მასკი პასუხობს: “არა. მე პუტინს მხოლოდ ერთხელ ველაპარაკე და ეს იყო დაახლოებით 18 თვის წინ, საუბრის თემა კოსმოსი იყო.“

  • „რუსული არმია გამოფიტულია, რუსები ხვდებიან, რომ პუტინი შეცდა“–ბრიტანული სპეცსამსახურების შეფასება

    ბრიტანული სპეცსამსახურების აზრით, რუსეთის მეთაურობას ესმის, რა სავალალო მდგომარეობაშია მისი სამხედრო მანქანა, რუსები კი იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ შეცდომა იყო. ამის შესახებ ბიბისი–სთან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კავშირის ცენტრის  (GCHQ) ხელმძღვანელმა, ჯერემი ფლემინგმა განაცხადა. ცენტრი ქვეყნის ერთ–ერთი სპეცსამსახურია და რადიოელექტრონულ დაზვერვაზე, ასევე ბრიტანეთის არმიის და სამთავრობო ორგანოების ინფორმაციის დაცვაზე მუშაობს.

    ფლემინგი ლონდონის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებულ სამეფო ინსტიტუტშიც გამოვიდა ანგარიშით, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. ანგარიშის მთავარი თემა ბრიტანეთის და მთლიანობაში, დასავლეთის კიბერუსაფრთხოება იყო, ასევე რუსეთისგან და ჩინეთისგან მომავალი საფრთხეები ამ თვალსაზრისით.

    ანგარიშის გამოქვეყნებამდე კი ფლემინგმა უკრაინასთან დაკავშირებით მისი დეპარტამენტის მუშაობის ზოგიერთი შედეგი ბიბისი–ს გაუზიარა.

    “ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთს საბრძოლო მასალები უთავდება. მას თითქმის აღარ დარჩა მეგობრები, და როგორც ვხედავთ, მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ მას ჯარისკაცებიც უთავდება. რუსეთი და რუსული მეთაურობა შეწუხებულია სამხედრო მანქანის მდგომარეობით. ისინი სასოწარკვეთილებაში არიან, და ეს სასოწარკვეთა რუსული საზოგადოების ბევრ დონეზე ჩანს.“– თქვა ფლემინგმა.

    მისი აზრით, არმიაში სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე მეტყველებს მობილიზაციის გამოცხადება სრულიად გამოუცდელი მამაკაცებისთვის და გადაწყვეტილება, არმიის რიგები პატიმრებით შეავსონ.

    რაც შეეხება ორშაბათს უკრაინული ქალაქების მასობრივ დაბომბვას, მისი აზრით, ეს მეტყველებს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ დარჩა გარკვეული არსენალი, თუმცა მთლიანობაში ამ ომმა რუსული არმია გამოფიტა და მისი შესაძლებლობები ზღვარზეა.

    რაც შეეხება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, GCHQ–ს ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ ბრიტანული სპეცსამსახურები დროულად გამოიცნობენ ასეთი ქმედებების ნიშნებს.

    ამასთან, ფლემინგის აზრით ბრიტანეთის ნაციონალური ინტერესებისთვის რუსული საფთრთხე სერიოზულია, თუმცა ის ამჟამინდელი და მყისიერია, უფრო სერიოზული პრობლემა კი გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთია.

    ბრიტანეთს აშფოთებს ტექნოლოგიების განვითარების ტემპები, რომელთა საშუალებითაც ჩინეთის ხელისუფლება განსხვავებულ აზრს ახშობს, უთვალთვალებს საკუთარ მოქალაქეებს , ასევე აქტიურად აწარმოებს სამრეწველო შპიონაჟს. ფლემინგის თქმით, საფრთხეს ასევე წარმოადგენს ჩინეთის მზარდი უნარი, შეუტიოს თანამგზავრულ სისტემებს და აკონტროლოს ციფრული ვალუტების ბაზარი.

    ფლემინგის განცხადებით, შეიძლება დადგეს დღე, როცა  ტექნოლოგიური მიღწევები დაეხმარება პეკინს გვერდი აუაროს დასავლეთის მიერ გამოყენებულ დაშიფვრის ყველა სახეს, რაც სამთავრობო და სხვა ობიექტების დაცვისთვის გამოიყენება.

    ჯერჯერობით დასავლეთი ახერხებს ჩინეთზე სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობის შენარჩუნებას, თუმცა მომავალში ეს გარანტირებული არ არის – თქვა ფლემინგმა.

  • პუტინის უგუნური მუქარა იმაზე მიუთითებს, რომ რომ ომი გეგმის მიხედვით არ მიდის – სტოლტენბერგი

    “უკრაინა აგრძელებს მნიშვნელოვან წინსვლას მაშინ, როდესაც რუსეთი სულ უფრო მეტად ირჩევს საშინელ, განურჩეველ დარტყმებს სამოქალაქო პირებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. პრეზიდენტი პუტინი წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში. მის მიერ განხორციელებული ანექსიის მცდელობა და ნაწილობრივი მობილიზაცია, ასევე უგუნური ბირთვული რიტორიკა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ესკალაციას ომის დაწყების შემდეგ. ეს აჩვენებს, რომ ომი გეგმის მიხედვით არ მიდის. NATO არ არის კონფლიქტის მხარე, თუმცა ჩვენი მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

    ხუთშაბათს გაიმართება ბირთვული დაგეგმარების ჯგუფის რეგულარული შეხვედრა, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. NATO-ს ბირთვული შეკავების ფუნდამენტური ამოცანა ყოველთვის იყო მშვიდობის შენარჩუნება და აგრესიის პრევენცია. პრეზიდენტ პუტინის ფარული ბირთვული მუქარა საშიში და უპასუხისმგებლოა. რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ეს არასდროს უნდა მოხდეს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. რუსეთის პოზიციებში რაიმე ცვლილება არ გვინახავს, მაგრამ ფხიზლად ვართ

    NATO უკრაინის გვერდაა და ასე იქნება, ვიდრე საჭიროა. პუტინმა დაიწყო ომი და მანვე უნდა დაასრულოს უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანით. ლუკაშენკომ უნდა შეწყვიტოს ბელარუსის თანამონაწილეობა ამ არალეგალურ კონფლიქტში”,

    ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

  • ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დირექტორის მოადგილე გაიტაცეს – ენერგოატომი

    რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის მოადგილე გაიტაცეს. ინფორმაციას უკრაინის ატომური ენერგიის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომი ავრცელებს.

    “რუსმა ტერორისტებმა გაიტაცეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადამიანური რესურსების გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი მარტინიუკი და ის გაურკვეველ ადგილას ჰყავთ”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • უკრაინის საჰაერო თავდაცვა წარმატებით უმკლავდება ირანულ დრონებს – საჰაერო ძალების სარდლობა

    ‘’გუშინ, 10 ოქტომბერს საღამოს, რუსეთის ჯარებმა ბელორუსის ტერიტორიიდან კიევის რეგიონში ირანული თვითმფრინავები გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვა კარგად მუშაობდა და სულ მცირე ცხრა ასეთი დრონი განადგურდა.“ – ამის შესახებ FREEDOM-ის ეთერში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.

    „ცენტრის საჰაერო სარდლობა, რომელიც პასუხისმგებელია ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებზე და დედაქალაქ კიევზე, ძალიან კარგად მუშაობს. გუშინ კიევში მეორე განგაში იყო ზუსტად ის დრო, როდესაც ირანული კამიკაძე თვითმფრინავები კურსკის რეგიონიდან უკრაინაში დაფრინავდნენ და ცდილობდნენ. შეუტიეთ დედაქალაქს მდინარე დნეპრის გასწვრივ.” – აღნიშნა იგნატმა.

    იგნატმა აღნიშნა, რომ ოკუპანტებს სურთ, რომ მათი დრონები ნაკლებად ხილული იყოს დნეპრის გასწვრივ ტრაექტორიის არჩევისას, მაგრამ ჩვენი საზენიტო იარაღი კარგად მუშაობს.

  • თუ კრემლი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ანალიტიკოსები დასავლეთის მხრიდან 4 სცენარს განიხილავენ

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 10 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს და ასევე იმ შესაძლო სცენარებზე საუბრობს, რომლებსაც ანალიტიკოსები განიხილავენ დასავლეთის მხრიდან იმ შემთხვევაში თუ კრემლი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

    ‘’რუსების სარაკეტო იერიშებს უკრაინაში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. X101 ტიპის რუსულ რაკეტებს ცდომილება მაღალი არ აქვთ. ყველა მათგანი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა. რაც მიუთითებს რომ კრემლის მიზანი ომის დანაშაულების გამოყენებით მიზნის მიღწევა და ომის ამგვარი მოგება. მაგრამ მეორეს მხრივ, კრემლს ქალაქებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშით ძვირფასი რაკეტების გახარჯვისა და უკრაინელთა შიდა კონსოლიდაციის გარდა არაფერი მიუღია. რუსეთის დამარცხების აუცილებლობა, როგორც მაღალი პრიორიტეტი, ცივილიზებულ მსოფლიოში კიდევ უფრო გამყარდა.
    – უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა რუსების მიერ რამდენიმე ტალღად გაშვებული რაკეტებისა თუ თვითგანადგურებადი დრონების ნახევარზე მეტი ჩამოაგდეს. ცუდი შედეგი არ არის. მიუხედავად ამისა ეფექტური იარაღის დეფიციტი მაინც შესამჩნევია. უკრაინას სჭირდება უფრო მეტი და უფრო დახვეწილი საჰაერო თავდაცვის შეიარაღება. გერმანია იძლევა დაპირებას, რომ IRIS-T მალე უკრაინაში იქნება.
    – განსხვავებით რუსული იერიშისა, რომელიც ტერორიზმის ყველა დამხასიათებელი ნიშნით იყო წარმართული და ომის დანაშაულად კვალიფიცირდება, უკრაინელებმა სამხედრო სამიზნეები დაბომბეს რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამიზნედ იქცა ყირიმში ქალაქ ჯანკოისთან არსებული რუსული სამხედრო ნაწილი და საწყობი. ქალაქ დონეცკში რუსული იარაღის საწყობები დაიბომბა. რუსეთში, ბელგოროდის რაიონში საზღვართან განადგურდა რუსული სამხედრო პოზიციები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. კურსკის რაიონში სამხედრო შტაბი იქნა დაბომბილი. ბრიანსკში საწვრთნელი ცენტრი გახდა სარაკეტო სამიზნედ. უკრაინელთა პასუხი საკმაოდ გონივრულია და “ტოჩკა-უ”-საც წინდახედულად ხარჯავენ. უკრაინელები სამიზნეებს ჭკვიანურად არჩევენ, ვიდრე რუსები, რომლებიც ჰუმანიტარულ კატასტროფაზე ცდილობენ საკუთარი გამარჯვების გათვლას.
    – როგორც გუშინ მიმოვიხილავდი კრემლი აგრძელებს მძიმე ზეწოლას ბელარუსზე. ამ ეტაპზე სამი ტენდენციაა გამოკვეთილი: 1. ბელარუსი რუსეთს საკუთარი მძიმე ტექნიკის ნაწილს გადასცემს; 2. ბელარუსი საკუთარ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ნაწილების თავმოყრასთან ერთად საკუთარი სამხედრო ცოცხალი ძალის სასაზღვრო ზონასთან ახლოს განთავსებას აგრძელებს; 3. ბელარუსი საჰაერო სივრცეს უთმობს რუსეთს, რომლებიც უკრაინაზე სარაკეტო იერიშებისათვის იყენებს მას. ამ ფონზე, როგორც ჩანს ბელარუსი უშუალო ჩართვას ომში კვლავ ირიდებს თავიდან, თუმცა უკრაინელებს აიძულებს საზღვართან მობილიზებასა და იქ დარჩენას. მიუხედავად ამისა, სიტუაცია არაპროგნოზირებადად და ფეთქებადად რჩება და არც ის იქნება გამორიცხული მცირე დივერსიული ჯგუფებით რუსებმა საზღვრის გადაკვეთა და ჩრდილოეთიდან უკრაინაში შეჭრა კვლავ სცადონ.
    – რუსები ბახმუტზე შეტევას აგრძელებენ. ქალაქის შემოგარენი დღეს ინტენსიური სარაკეტო იერიშების სამიზნე გახდა. უკრაინელები პოზიციების დაცვას და მოწინააღმდეგის შეკავებას ახერხებენ.
    – უკრაინულმა არმიამ ხერსონის რაიონში კიდევ ერთი რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურა.
    – კრემლმა დღევანდელი იერიშების ფონზე მიანიშნა, რომ ყველანაირ დანაშაულზეა წამსვლელი. ამასთან, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა ინდიკატორია, რომ იგი კონვენციური მეთოდებით ომს ვეღარ იგებს. რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარი ამ ეტაპზე მაინც ნაადრევია, მაგრამ დასავლელი მკლევარები დიდწილად თანხმდებიან, რომ ბირთვულ იარაღს სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ მინიმალური შედეგი ექნება მთელი ომის მიმდინარეობაზე და მხოლოდ დიდ პრობლემებს მოუტანს
    რუსეთს, ამიტომ მისი გამოყენება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა თუკი მაინც გამოიყენა კრემლმა ბირთვული იარაღი ანალიტიკოსები ოთხი შესაძლო სცენარის ალბათობას განიხილავენ დასავლეთის მხრიდან:
    1. სიმეტრიული პასუხი – ბირთვულ იარაღზე ბირთვული იარაღითვე პასუხი რუსული სამხედრო ძალების წინააღმდეგ. ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.
    2. ასიმეტრიული პასუხი – რუსული სამხედრო პოზიციების კონვენციური იარაღით განადგურება. მათ შორის საჰაერო და სარაკეტო იერიშებით. ეს სცენარი მეტად სავარაუდოა.
    3. უკრაინის გადაიარაღებით პასუხი – უკრაინისათვის უკლებლივ ყველა ტიპის შეიარაღების გადაცემა და ნების დართვა კიევისათვის, რომ ამ იარაღით რუსეთში, რუსულ სამხედრო ძალებზე იყოს განუსაზღვრელი ოდენობის იერიში მიტანილი. ეს ვერსია ყველაზე სავარაუდოა.
    4. ბირთვული იარაღის გამოყენების გამო დასავლეთი დაიწყებს რუსეთთან მოლაპარაკებას და შეეცდება უკრაინის დაყოლიებას კომპრომისზე – ეს ვერსია თითქმის გამორიცხულია და გახსნის პანდორას ყუთს დაპყრობითი ომებისა და ბირთვული იარაღების გამოყენების კუთხით.”

  • კულება რუსეთის თავდასხმებს, “წინასწარ დაგეგმილ ომის დანაშაულებს” უწოდებს

    “რუსეთის თავდასხმების ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტებია. მათ გუშინ ბევრი დარტყმა განახორციელეს და დღესაც იმავეს იმეორებენ. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები და მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას – ეს არის რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგია თვეების განმავლობაში,”

    აცხადებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება.

  • დროა რუსეთი ლეგალურად ვაღიაროთ ტერორისტულ სახელმწიფოდ – რეზნიკოვი

    “დროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ლეგალურად ვაღიაროთ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ. როგორც ეს უკვე უკრაინამ და ლიეტუვამ გააკეთეს, ესტონეთი კი ემზადება. იყავით უკრაინელებივით მამაცი!”

    აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი.

     

  • ბრძოლის ველი მტრისთვის კიდევ უფრო მტკივნეული გახდება! – ზელენსკი

    “კიევს სხვადასხვა მომხვდური უნახავს. და ყველას გადაურჩა. კიევი ასევე გადაურჩება ტერორისტების შემოსევას, რომლებსაც არ აქვთ ისტორია, ტრადიცია, კულტურა. ისინი დროებითი არიან. და 70 წელიც რომ იცხოვრონ, ვერაფერს ვერ გაიგებენ. უკრაინის დაშინება შეუძლებელია. მხოლოდ მეტად გავერთიანდებით. უკრაინის შეჩერება შეუძლებელია. […] ახლა ოკუპანტები ვერ გვიპირისპირდებიან ბრძოლის ველზე და ამიტომ მიმართავენ ამ ტერორს. მოდით, ბრძოლის ველი კიდევ უფრო მტკივნეული გავხადოთ მტრისთვის. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც განადგურდა”

    განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ოქტომბრის შედეგების შემაჯამებენ ვიდეომიმართვაში.