Category: მსოფლიო

  • მალე ბერისლავის რაიონში რუსები თავდაცვის პოზიციებს ვეღარ შეინარჩუნებენ – შავაძე

    “მალე ბერისლავის რაიონში რუსები თავდაცვის პოზიციებს ვეღარ შეინარჩუნებენ” -აცხადებს საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების ექსპერტი რუსლან შავაძე.

    ”ძალიან მალე, უახლოეს დღეებში ბერისლავის(ხერსონი, დნეპრის მარჯვენა სანაპირო) რაიონში რუსული საოკუპაციო ძალები თავდაცვის პოზიციებს ვეღარ შეინარჩუნებენ, სავარაუდოდ უკრაინის შეარაღებული ძალების სამხედრო-სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ნოვა კახოვკასთან დამაკავშირებელი ხიდის გაკონტროლებას და რუსული საოკუპაციო ძალების მოწყვეტას ძირითად ნაწილებთან რომლებიც ნოვო კახოვკაში არიან დისლოცირებულნი ამასთანავე ქალაქ ხერსონის სრული ბლოკადას დნეპრის მარჯენა სანაპიროზე…

    თუმცა აღსანიშნავია ერთი გარემოება, უკრაინის არმია სწორხაზოვნად მდინარე დნეპრის გაყოლებაზე დუდჩანის მხრიდან სავარაუდოდ მასშტაბურ შეტევას არ განახორციელებს(ეს შესაძლოა ცრუ მანევრიც იყოს) რადგან ეს მანევრი უკვე იკითხება და რუსებიც შესაბამისად არიან მომზადებულნი ამ მიმართულებაზე, გამომდინარე აქედან, შეტევების მიმართულება შესაძლოა შეიცვალოს ეს დამოკიდებული იქნება ოპერატიულ ვითარებაზე რომელთანაც ადაპტირებას უკრიანის გენშტაბი ბრწყინვალედ ახდენს, შესაბამისად ბრძოლოს ველზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებს…
    უკრაინის არმიის მთავარი უპირატესობა არის მოულოდნელობის ეფექტის შექმნა, კარგად დაკომპლექტებული მაღალი სისწრაფით კარგად მანევრირებადი კონტრშეტევების განხორციელება სრულ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით. ” – განაცხადა რუსლან შავაძემ.

  • მაკრონმა უკრაინაზე რუსეთის ატომური დარტყმის შემთხვევაში გამორიცხა ბირთვული პასუხის შესაძლებლობა

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაზე რუსეთის ატომური დარტყმის შემთხვევაში გამორიცხა ბირთვული პასუხის შესაძლებლობა. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

    რუსეთის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ატომური ბომბის გამოყენებაზე დასმულ კითხვაზე, მაკრონმა თქვა, რომ ეს არ გამოიწვევს “საფრანგეთის ბირთვულ პასუხს” და დასძინა, რომ ეს “არ არის მისი დოქტრინა”.

    ბირთვული იარაღის გამოყენება იქნება “რუსეთის ისტორიული პასუხისმგებლობა,” როგორც ქვეყნის, რომელსაც აქვს ასეთი იარაღი და “პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული”, – აცხადებს მაკრონი.

  • ლუკაშენკო დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს „პუტინი კუთხეში არ მიამწყვდიონ“

    ლუკაშენკო დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს „პუტინი კუთხეში არ მიამწყვდიონ“

    ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთს მოუწოდებს,  რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “კუთხეში არ მიამწყვდიონ“. ამის შესახებ მან, ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

    „თუ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმა იქნება, რუსეთს შეუძლია, თუ საჭირო იქნება, ყველა სახის შეიარაღება გამოიყენოს… თუ თქვენ ადამიანს ან ქვეყანას კუთხეში ამწყვდევთ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა არის – წინ. ამიტომ არ გადააბიჯოთ წითელ საზღვრებს, არ გადაკვეთოთ ისინი. [..] თუ ბირთვულ იარაღს თუნდაც ერთი სახელმწიფო გამოიყენებს, ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. რუსეთს ეს კარგად ესმის და არავინ, ამას მინდა ხაზი გავუსვა, ეს თავად პრეზიდენტი პუტინისგან დაზუსტებით ვიცი, არავინ ისახავს მიზნად ბირთვული იარაღის გამოყენებას”, – თქვა ბელარუსის ლიდერმა.

  • პუტინი ფულს კარგავს–რუსეთის შემოსავლები ნავთობის ექსპორტიდან წლის მინიმუმამდე დაეცა

    უკრაინაში ომის დაწყებიდან რვა თვის თავზე აგრესორი ქვეყნის შემოსავლები ნავთობის ექსპორტიდან წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამის შესახებ ბლუმბერგი საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

    სექტემბრის მონაცემებით რუსეთის შემოსავლები ნავთობის ექსპორტპდან 15.3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ამ წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ნავთობის ექსპორტის შემცირებისა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების კლების ფონზე.

    ეს 3.2 მილიარდით, ანუ 17%–ით ნაკლებია წინა თვის შემოსავალზე. ნედლი ნავთობის ექსპორტის შემცირებამ 260 000 ბარელით დღეში ხეილ შეუწყო რუსეთის შემოსავლების მკვეთრ შემცირებას.

    სექტემბერში ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების ყოველდღიური ექსპორტი ევროკავშირში 390 000 ბარელით, 2.6 მილიონ ბარელამდე შემცირდა. რუსეთის ექსპორტის საერთო მოცულობაში ევროპული ბაზრის წილი კი 35%–მდე შემცირდა, როცა ის 2022 წლის დასაწყისში 50% იყო.

  • უკრაინამ ოკუპანტებისგან უკვე 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

    უკრაინის  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისგან უკვე 1620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

    • „დღეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია – უკრაინის დამცველთა დღე… თქვენი წყალობით რუსი დამპყრობლებისგან უკვე გათავისუფლდა 1620 დასახლებული პუნქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
  • ინფორმაციამ ომში მობილიზებულების დაღუპვის შესახებ რუსეთში კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია – ISW

    საჯაროდ გავრცელებულმა ინფორმაციამ ცუდად მომზადებული მობილიზებული რუსი ჯარისკაცების უკრაინაში დაღუპვის შესახებ რუსეთში სამხედრო მეთაურობის მიმართ კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია. ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის, ISW–ს ანალიტიკოსები მორიგ ანგარიშში წერენ.

    ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ჩელიაბინსკიდან მობილიზებული 5 სამხედრო ბრძოლებში პუტინის მიერ გამოცხადებული “ნაწილობრივი მობილიზაციიდან“ სამი კვირის თავზე დაიღუპა.

    ამ ინფორმაციამ რუსეთში ბევრ კომენტატორს აიძულა ეთქვა, რომ სავარაუდოდ მობილიზებული სამხედროების რაოდენობა, ვინც ბრძოლებში დაიღუპა და დაიჭრა ბევრად მეტია. მიზეზი კი დაპირებული მომზადების, აღჭურვილობის არარსებობა, გაუმართავი მეთაურობა და ხშირ შემთხვევაში არამართლზომიერი მობილიზაციაა.

    რუსეთის სამობილიზაციო სტრუქტურები კვლავ ბიუროკრატიული პრობლემების წინაშე დგანან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დააქვეითოს მობილიზებული რუსი სამხედროების ბრძოლისუნარიანობა – წერენ ანალიტიკოსები.

    რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვერ შექმნა საჭირო პირობები მობილიზებული სამხედროების ფრონტებზე გაგზავნის მონიტორინგის და ინტეგრაციისთვის.

    სამხედრო ნაწილები მობილიზებულებს სხვადასხვა ქვედანაყოფებში ანაწილებენ და არ აწარმოებენ ფრონტებზე მათი დისლოკაციის ადგილების სათანადო აღწერას, რაც მათი ოჯახების პროტესტს იწვევს სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ.

    გარდა ამისა, რუსეთის სამხედრო ჩინოვნიკები სამხედრო გამოცდილების მქონე მამაკაცებს ისეთ ქვედანაყოფებში გზავნიან, რომლებიც მათ კვალიფიკაციას არ შეესაბამება.

    ანგარიშის მიხედვით, ერთ–ერთი რუსი ბლოგერი ამბობს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უუნარობა, მოახდინოს  მობილიზებული სამხედროების ოჯახების ინფორმირება მათი ადგილსამყოფელის შესახებ, გამოიწვევს მათი დედების და ცოლების მიერ უფლებადაცვითი ჯგუფების შექმნას, რომლებიც “რუსეთს შიგნიდან დაგლეჯენ“.

  • ვიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია, ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს – ზალუჟნი

    “სასტიკ ბრძოლებში, რუსული ჭურვების ფოლადის წვიმის ქვეშ, ჩვენ ჩვენი მიწის ყველა ნაწილს ვიკავებდით. მათ შეაჩერეს მტრის შემოსევა და დამარხეს მითი რუსული ჯარის უძლეველობის შესახებ.

    ახლა კი ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენსას. ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს”,

    აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი.

  • CNN: მასკის SpaceX პენტაგონს ატყობინებს, რომ უკრაინის არმიისთვის Starlink–ის მიწოდებას აღარ დააფინანსებს

    ილონ მასკის კომპანია  SpaceX –მა პენტაგონი გააფრთხილა, რომ შეიძლება შეწყვიტოს უკრაინაში  Starlink–ის თანამგზავრული ინტერნეტის მისაღებად საჭირო კომპლექტების მიწოდება, თუ პენტაგონი მათ დაფინანსებაში არ დაეხმარება. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომლებიც მას ხელში ჩაუვარდა.

    Starlink–ის კომპლექტები უკრაინელი სამხედროებისთვის საბრძოლო მოქმედებების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა იმ დროს, როცა მობილური კავშირი არ არსებობდა.

    ამ დროისთვის უკრაინას უკვე აქვს Starlink–ის დაახლოებით 20 ათასი კომპლექტი. ილონ მასკმა გასულ კვირას ტვიტერზე დაწერა,რომ მის კომპანიას “ოპერაცია 80 მილიონი დოლარი დაუჯდა და წლის ბოლოსთვის თანხა 100 მილიონს გადააჭარბებს.“

    Starlink–ის ინტერნეტი ლიმანში, ფრონტზე

    დოკუმენტების თანახმად, რომლებიც ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში,სექტემბერში SpaceX–მა პენტაგონში გაგზავნა წერილი, რომელშიც წერია,რომ მას აღარ შეუძლია გააგრძელოს სთარლინკის ძველებური მოცულობით მიწოდების დაფინანსება. წერილი შეიცავს თხოვნას პენტაგონის მიმართ, საკუთარ თავზე აიღოს უკრაინის ხელისუფლებისა და სამხედროებისთვის  კომპლექტების მიწოდების ხარჯები. SpaceX–ის  მონაცემებით, მათი ღირებულება წლის ბოლოსთვის 120 მილიონ დოლარს მიაღწევს, მომავალ წელს კი 400 მილიონი დოლარი იქნება.

    “ჩვენ არ შეგვიძლია მომავალშიც გადავცეთ უკრაინას ტერმინალები ან დავაფინანსოთ უკვე მიწოდებული ტერმინალების მუშაობა დროის გაურკვეველი პერიოდით“– წერს  პენტაგონს კომპანიის დირექტორი,რომელიც ხელისუფლებასთან კავშირებზეა პასუხისმგებელი.

    SpaceX–ის მიერ პენტაგონში გაგზავნილ დოკუმენტებს შორის,რომელიც CNN–ს ჩაუვარდა ხელში,ასევე არის პირდაპირი მოთხოვნა,რომელიც მასკს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ზალუჟნიმ ივლისში გაუგზავნა დამატებით  სთარლინკის 8 ათასი ტერმინალის მიწოდების შესახებ.

    პენტაგონს ცალკე წერილს უგზავნის  SpaceX–ის საგარეო კონსულტანტი და წერს:

    “  SpaceX –ს მოუწევს საშინლად რთული გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემი აზრით, მათ არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობები მიაწოდონ  დამატებითი ტერმინალები ან მომსახურება,რომელსაც გენერალი ზალუჟნი ითხოვს .“

  • უკრაინას აქვს შესაძლებლობა რუსეთი ქვეყნიდან განდევნოს–გენერალი პეტრეუსი

    ოთხვარსკვლავიანი ამერიკელი გენერალი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი და აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსი ამერიკის ხმასთან საუბარში ამბობს, რომ თუ რუსეთმა უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა, შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირები რუსეთის ჯარის კონვენციურ შესაძლებლობებს გაანადგურებენ, ყველგან სადაც მათზე ხელი მიუწვდებათ, მათ შორის, შავ ზღვაშიც.

    პეტრეუსი, რომელიც წარსულში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორიც იყო, აცხადებს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და დემოკრატიების თანადგომით, რუსეთის არმიის განდევნას, სულ მცირე, 24 თებერვლის პოზიციებამდე მოახერხებს. თუმცა ის დასძენს, რომ ამისთვის უკრაიანას მძიმე ბრძოლების გადატანა მოუწევს.

    “წინ ბევრი რთული ბრძოლაა. ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელებს ბევრი, მძიმე მსხვერპლი ექნებათ. ზამთარი რთული იქნება, მაგრამ ის რუსეთისთვის ბევრად უფრო რთული იქნება ვიდრე უკრაინისთვის. მაგრამ შეხედეთ, უკრაინელები ამას აღიქვამენ, როგორც მათ დამოუკიდებლობის ომს, ისინი იბრძვიან საკუთარი ეროვნული გადარჩენისთვის და აბსოლუტურად გადაწყვეტილი აქვთ, რომ მთელი ქვეყანა დაიბრუნონ უკან. ახლა ეს გულისხმობს ყირიმის დაბრუნების შესაძლებლობასაც. ამ მხრივ არსებობს რეალური სამხედრო გამოწვევები, მაგრამ ეს შესაძლებლობაც გაჩნდა. იმის დაბრუნება, რაც მათ 24 თებერვლის შემდეგ დაკარგეს, ვფიქრობ, შესაძლებელია.

    არ მგონია რუსეთს შეუძლია რაიმე გააკეთოს იმისთვის, რომ ეს საბოლოო შედეგი თავიდან აიცილოს. საკითხავია რა დრო დასჭირდება ამას. რამდენად რთული იქნება ეს უკრაინელებისთვის? რამდენი მსხვერპლი მოჰყვება ამას, რამდენად შეძლებს რუსეთი სადამსჯელო ზომების მიღებას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ამ კითხვაზე პასუხი რუსეთის სამხედრო შენაერთების ჩამოშლის ტემპზეა დამოკიდებული. ჩვენ უკვე ვნახეთ არა მხოლოდ ცალკეული რუსი ჯარისკაცების ჩაბარების შემთხვევები, არამედ ვხედავთ მთელი დანაყოფების ჩაბარებას, ჩამოშლას, როგორც ეს აღმოსავლეთში უკრაინის სწრაფი შეტევის ფონზე მოხდა.

    ვფიქრობ, რომ ჩვენმა მთავრობამ, როგორც თეთრმა სახლმა ასევე კონგრესმა, ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ გვსურს უკრაინამ გაიმარჯვოს და ჩვენ მათთან ვიქნებით, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ. მგონია ამ სიტყვის გამოყენება ერთგვარ დისკომფორტს იწვევს. მე როცა ჯარში ვმსახურობდი, სიტყვა გამარჯვებას არ ვიყენებდი. ვსაუბრობდი პროგრესზე. ვფიქრობ, რომ ეს ცოტა უფრო მოზომილია.

    ვფიქრობ, არსებობს ძალიან დიდი შემართება და ეს ორპარტიულია. ამ ძალისხმევის ერთ-ერთი ლიდერი კაპიტოლიუმის ბორცვზე, უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკონელია, ადამიანი, რომელიც მმართველი პარტიის წევრი არაა. ორივე მხარეს გადაწყვეტილი აქვს, რომ უკრაინას მივაწოდოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რაც შეიძლება სწრაფად და ისე, რომ მათ ამ დახმარების მიღება და სწორად გამოყენება შეძლონ.

    ეს ძალიან ცუდია რუსეთისთვის. რუსეთს არ ჰყავს დემოკრატიის არსენალი მის გვერდით. ირანული დრონების გარდა არც ერთი ქვეყანა არ აწვდის მნიშვნელოვან დახმარებას. ისინი ძალიან ღრმა ორმოში არიან და ეს ორმო უფრო გაღრმავდება ვიდერე ყველაფერი დამთავრდება.

    რეალობა  ის არის, რომ უკრაინას უფრო დიდი, უფრო ძლიერი სამხედრო ძალა აქვს და არის ბევრად უფრო მოტივირებული. მხოლოდ მათი ბძროლის სულისკვეთება უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. მოგეხსენებათ, კლაუზევიცი ამბობდა, ომში მორალური სიძლიერე სამჯერ აღემატება ფიზიკურ სიძლიერეს. ეს კი უდავოდ, უკრაინის სასარგებლოდ ასეა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • უკრაინული არმია დამაჯერებლად მიიწევს წინ ხერსონისკენ– ბრიტანეთის დაზვერვა

    ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ დღევანდელი ანგარიში ხერსონის ოლქში მიმდინარე მოვლენებს მიუძღვნა, სადაც საოკუპაციო ხელისუფლება, როგორც ჩანს უკრაინული არმიის ქალაქ ხერსონში შესვლისთვის ემზადება:

    • რუსეთის არმია, რომელმაც ოქტომბრის დასაწყისში ხერსონის მიმართულებაზე 20 კილომეტრით უკან დაიხია ჩრდილოეთისკენ, ცდილობს ფრონტის ახალი ხაზი გაამაგროს სოფელ მილოვოს დასავლეთით.
    • ამ რაიონებში სასტიკი ბრძოლები გრძელდება, განსაკუთრებით ფრონტის ხაზის დასავლეთით, სადაც რუსული ფლანგი უკრაინული არმიის წარმატებული შეტევის შედეგად  უკვე აღარ არის დაცული მდინარე ინგულეცით. რუსი სამხედროების დიდი ნაწილი ამ მონაკვეთში ეს არის საჰაერო–სადესანტო ძალების დაუკომპლექტებელი ფორმირებები.
    • ბოლო დღეებში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ, როგორც ჩანს გასცა ბრძანება ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციის მომზადების შესახებ. დიდი ალბათობით ისინი ელიან, რომ სამხედრო მოქმედებები მალე თავად ქალაქ ხერსონს მოედება.– წერს ბრიტანული სამხედრო დაზვერვა.