Category: მსოფლიო

  • მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ – ოლენა ზელენსკა

    “რუსული რაკეტები მასიურად ხვდება უკრაინის ქალაქებს და ჩვენი შვილები კიდევ ერთხელ უნდა დაიმალნონ მეტროში. ჩვენს დაშინებას და გატეხვას ცდილობენ – მაგრამ უკრაინელები მღერიან. სიმართლე ჩვენი ერის მხარეზეა. უკრაინელებს არ ეშინიათ, მათ იციან: მტერი გიჟდება, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ,”

    აცხადებს, უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა.

  • 10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 105 დაშავდა

    10 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 105 დაშავდა.  ინფორმაციას, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.  რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, კრიტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 12 რეგიონსა და დედაქალაქში დაზიანდა.

    11 ოქტომბრის დილით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა კიევის, ლვოვის, სუმის, ტერნოპოლისა და ხმელინცკის რამდენიმე რაიონი.

    10 ოქტომბრის რუსმა ოკუპანტებმა კიევი, ზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს.

  • პოლონეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს

    პოლონეთი საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

    “ჩვენ ვურჩევთ ბელარუსის ტერიტორიაზე მყოფ პოლონეთის მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყნის ტერიტორია ხელმისაწვდომი კომერციული და კერძო საშუალებებით”. – წერია პოლონეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში.

    ურთიერთობები ვარშავასა და მინსკს შორის 2021 წელს გაუარესდა, როდესაც პოლონეთმა მეზობელი ბელარუსი თავის საზღვართან მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულა. ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგად.

     

  • პუტინი მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსეთის არმია კი გამოფიტულია – ბრიტანეთის სპეცსამსახური

    პუტინი მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსეთის არმია კი გამოფიტულია – ბრიტანეთის სპეცსამსახური

    უკრაინამ გადატეხა ომის მსვლელობა და წინააღმდეგობას უწევს რუსეთის არმიას, რომელიც გამოფიტულია. ამის შესახებ საუბარია დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურის, სამთავრობო კავშირების ცენტრის(GCHQ) ხელმძღვანელის, ჯერემი ფლემინგის მოხსენებაში, რომელიც დღეს, 11 ოქტომბერს უნდა გამოქვეყნდეს. მისი მოხსენების ნაწილი  BBC-ის ჟურნალისტებმა მოიპოვეს და გაავრცელებს.

    GCHQ-ში პროგნოზირებენ, უკრაინის წინააღმდეგ მასირებული იერიშის მიუხედავად, რუს სამხედროებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, ვლადიმირ პუტინი კი მცდარ გადაწყვეტილებებს იღებს.

    •  „აშკარაა, რომ უკრაინის გაბედული ქმედებები ბრძოლის ველზე და კიბერსივრცეში სიტუაციას შეცვლის“, – აღნიშნავს ფლემინგი. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის გადაწყვეტილებები შეუზღუდავი ძალაუფლების გამო მცდარი აღმოჩნდა.
  • ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა

    აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას დაჰპირდა.

    10 ოქტომბრის მასშტაბური იერიშების შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები მხოლოდ გაზრდის უკრაინის მიმართ ამერიკის თანადგომას.თეთრი სახლი აცხადებს, რომ “ბაიდენმა ხაზი გაუსვა მის ჩართულობას პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, რათა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივონ, პასუხისგებაში მისცენ იმ სამხედრო დანაშაულების გამო და დაეხმარონ უკრაინას, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული კუთხით”.

    ასევე შეგახსენებთ, რომ უკრაინას უახლოეს დღეებში  IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი 4 სისტემის მიწოდებას გერმანიაც ჰპირდება.

  • ფორბსის გათვლებით რუსეთმა ურაინის ტერიტორიაზე ერთ დღეში 400-700 მლნ დოლარის რაკეტები ისროლა

    უკრაინულმა ფორბსმა დათვალა, რომ 10 ოქტომბერს, ერთი დღეში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 400-700 მილიონი დოლარის რაკეტები გაუშვა.

    10 ოქტომბრის 17:00 საათის მონაცემებით უკრაინის მიმართულებით გაუშვეს  84 ფრთოსანი რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი. მათი საერთო ღირებულება ფორბსის გათვლებით 400-700 მილიონი დოლარია.

    უკრაინელმა სამხედროებმა რაკეტების ნახევარზე მეტი – 43 რაკეტა და 13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დაბომბვების შედეგად თავდაპირველი ინფორმაციით დაიღუპა 11 და დაიჭრა 87 ადამიანი.

    ფორბსი გაშვებული რაკეტების შეფასებას ფართო დიაპაზონში აკეთებს, რადგან ჯერჯერობით უცნობია, რომელი ტიპის რაკეტა რა რაოდენობით გაუშვეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსებმა შემდეგი რაკეტები გამოიყენეს:

    Х-101, Х-555, «კალიბრი», «ისკანდერი», С-300, «ტორნადო-С»,ონიქსი“, “ტოჩკა–У“.

    ღირებულების გათვლისას ფორბსი იმ ვარაუდს ეფუძნებოდა, რომ მიზანს მოხვედრილი რაკეტების უმრავლესობა ძვირადღირებული და მაღალი სიზუსტის Х-101 რაკეტები, ასევე ტაქტიკური სიშორის რაკეტები С-300, «ტორნადო-С» იყო. დანარჩენები კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა. რედაქცია წერს, რომ დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეფასება გადაიხედება.

    ამ დროისთვის კი გათვლები ასე გამოიყურება: თითო გამოყენებული რაკეტის ღირებულება ასეთია– Х-101–13 მლნ. დოლარი, , «კალიბრი»– 6.5 მლნ. დოლარი, «ისკანდერი»-3 მლნ. დოლარი,“ონიქსი“– 1.25 მლნ დოლარი, “ტოჩკა–У“-0.3მლნ დოლარი.

    10 ოქტომბერს გაშვებული ყველა დრონის ღირებულება კი რამდენიმე მილიონი დოლარია.

  • მილიარდერმა იური მილნერმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

    იური მილნერმა, რომელიც რუსი მილიარდერების ფორბსის სიაში 15–ე ადგილზეა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა.

    “მე და ჩემმა ოჯახმა სამუდამოდ დავტოვეთ რუსეთი 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ. ამ ზაფხულს კი ოფიციალურად დავასრულეთ რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლის პროცედურა“– დაწერა ბიზნესმენმა ტვიტერზე.

    ფორბსი წერს, რომ მილნერმა ჯერ კიდევ 1999  წელს მიიღო ისრაელის მოქალაქეობა და ქვეყანაში რამდენიმე წელი იცხოვრა, სანამ აშშ–ში გადავიდოდა.

    მილნერამდე რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა ფორბსის მილიარდერთა რეიტინგის კიდევ ორმა რუსმა ფიგურანტმა – ტიმურ ტურლოვმა და რუბენ ვარდანიანმა.

  • სარაკეტო იერიშები უკრაინის ქალაქებზე პუტინის სრული სისასტიკის ილუსტრირებაა – ბაიდენი

    ”აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქებზე, რაც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის სრული სისასტიკის ილუსტრირებაა. […] ვუსამძიმრებთ დღეს უაზროდ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს, ასევე დაჭრილებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ და განადგურდა ობიექტები, რომელბიც სამხედრო დანიშნულების არ იყო.

  • უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას ოქტომბრის დასაწყისიდან გეგმავდა

    უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ქალაქებზე მასობრივ თავდასხმას ოქტომბრის დასაწყისიდან გეგმავდა. დაზვერვის თქმით, კრემლმა თავდასხმის დაწყება რუს სამხედროებს  2-3 ოქტომბერს დაავალა და მთავარი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები უნდა ყოფილიყო.

    “მასობრივი სარაკეტო თავდასხმების მიზანი უნდა ყოფილიყო კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მჭიდროდ დასახლებული ქალაქები და ცენტრალური რაიონები. 8 ოქტომბერს რუსეთის აეროდრომ ოლენიადან გადაიტანეს 7 სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი აეროდრომ ენგელსზე. ასევე მობილიზებული იყო კალიბრის ტიპის 40 რაკეტა. კიდევ ერთი სამიზნე იყო თბოელექტროსადგური. ოკუპანტებს სურდათ უკრაინელებში პანიკა დაეთესათ და ევროპა დაეშინათ”, – აცხადებენ დაზვერვაში.

  • სატვირთოს, რომელსაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი გადაჰქონდა, ქართული ნომრები ჰქონდა – BAZA

    სატვირთოს, რომელსაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი გადაჰქონდა, ქართული ნომრები ჰქონდა – აღნიშნულ ინფორმაციას, რუსული Telegram არხი BAZA ავრცელებს. გავრცელებული ცნობა არ არის დადასტურებული ოფიციალურად.

    BAZA-ს ცნობით, სატვირთომ, განბაჟება სომხეთში გაიარა, რის შემდეგაც ის ქალაქ არმავირში გადმოტვირთეს, მერე კი, ჩრდილოეთ ოსეთში დაბრუნდა. სატვირთო ავტომობილი იქ 8 ოქტომბერს იპოვეს.

    შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, გამთენიისას ანექსირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა.

    რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ამის შესახებ მან რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ბასტირკინთან შეხვედრისას განაცხადა.

    პუტინის თქმით, ხიდის აფეთქების ავტორები, შემკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან.

    “ეს არის ტერაქტი, მიმართული რუსეთის ფედერაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. აფეთქების ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“–თქვა პუტინმა.