Category: მსოფლიო

  • საფრანგეთი უკრაინას რადარებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

    საფრანგეთი უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარებსა და საბრძოლო მასალას გადასცემს. – ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ავრცელებს. მისი თქმით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის “დაბომბვის უპრეცედენტო ფაზას” მოჰყვა. მაკრონმა ამასთანავე  აღნიშნა ისიც, რომ საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დაზვერვის ინფორმაციასაც აწვდიდა.

    “ჩვენ არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ ინფორმაციულ იარაღსაც ვიყენებთ, რადგან ჰიბრიდულ ომში ვართ. ხოლო რუსეთი კონფლიქტის ესკალაციას მრავალფეროვანი მიდგომებით, მათ შორის: პროპაგანდისტული არხებით, სოციალური მედიით, შანტაჟითა და შიმშილით ცდილობს”. – თქვა მაკრონმა.

  • გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია დაგმო

    გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია დაგმო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 143–მა ქვეყანამ, 35–მა თავი შეიკავა.

    რეზულიციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: რუსეთმა, სირიამ, ნიარაგუამ, ბელორუსმა, ჩრდილოეთ კორეამ.

    გაერო აცხადებს, რომ ე.წ. რეფერენდუმები უკრაინის დაპყრობილ ტერიტორიებზე უკანონო იყო და მოითხოვს, რუსეთმა ანექსიის გადაწყვეტილება გააუქმოს.

    გაეროს რეზოლუციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ურაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. მან რეზოლუციას ისტორიული უწოდა და ტვიტერზე დაწერა, რომ მსოფლიომ თავისი სიტყვა თქვა:

    “რუსეთის ანექსიის მცდელობა უბადრუკია და მას არასოდეს აღიარებენ თავისუფალი ერები. უკრაინა საკუთარ მიწებს დაიბრუნებს“– წერს ზელენსკი.

     

  • ავადმყოფობა, ჩხუბი, სუიციდი…რატომ იღუპება რუსეთში მობილიზებულთა ნაწილი ისე,რომ ფრონტამდეც ვერ აღწევს

    რუსეთში “ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ მინიმუმ 14 რეზერვისტი დაიღუპა, ანუ ისინი, ვინც ომში გაიწვიეს, თუმცა ფრონტამდე ვერ მიაღწიეს და სხვადასხვა მიზეზებით სასწავლო ცენტრებში ან თავდაცვის სამინისტროს ბაზებზე დაიღუპნენ. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ძირითადად რეგიონალურ მედიაში ვრცელდება, რომელსაც მობილიზებულთა ახლობლები მიმართავენ. ხელისუფლება ამ ფაქტებზე კომენტარს ნაკლებად აკეთებს და ძირითადად ცდილობს ყველაფერი თავად გარდაცვლილებს დააბრალოს.

    ბიბისი წერს, რომ მათ მხოლოდ ერთი შემთხვვა აღმოაჩინეს, როცა მობილიზებული სამხედროს გარდაცვალების ფაქტზე ტიუმენის სამობილიზაციო პუნქტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა უცნობია მუხლი და საქმის ფიგურანტები. კიდევ რამდენიმე შემთხვევაში გამოძიებამ თავად გარდაცვალების ფაქტის შემოწმება დაიწყო.

    ოთხშაბათს პუტინის პრესმდივანმა თქვა, რომ მობილიზაციის პროცესში შეცდომები ბევრმა შეამჩნია.

    “პუტინმა ხომ თქვა, ეს რომ არ გაგვეკეთებინა, პრობლემების არსებობის შესახებ ვერც გავიგებდით. ამიტომაც ახლა მიიღებენ ზომებს სისტემის წესრიგში მოსაყვანად“–თქვა პესკოვმა.

    დასავლური მედია ცდილობს მობილიზებულთა გარდაცვალების ფაქტებს მოუყაროს თავი.

    ერთ–ერთი პირველი გახმაურებული შემთხვევა 27 სექტემბერს მოხდა–ყაბარდო–ბალყარეთის მაცხოვრებელი ბორის შავაევი სამხედრო ბაზის პლაცზე მწყობრში დგომისას გარდაიცვალა. გავრცელდა ინფორმაცია,რომ მიზეზი შესაძლოა თრომბოემბოლია გახდა.

    28 სექტემბერს ტიუმენითან, ანდრეევსკის გამწვევ პუნქტში გარდაიცვალა მობილიზებული, თუმცა დეტალები, მათ შორის გარდაცვლილის სახელი არ გავრცელებულა. მედიამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა ოფიციალურად მის შეკითხვებს არ უპასუხეს. მოგვიანებით, 11 ოქტომბერს, მედიას სამხედრო საგამოძიებო კომიტეტიდან აცნობეს, რომ 49 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმეა აღძრული, თუმცა დეტალები კვლავ უცნობია. ადგილობრივმა მედიამ დაწერა, რომ მამაკაცის შიშველი სხეული პაკეტით  მის სოფელში ჩაიტანეს და თან გააყოლეს ცნობა წარწერით “ასფიქსია“.

    28 სექტემბერს მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს ზაბაიკალის მხარის სამხრეთ– აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ნაწილში. ადგილობრივ მედიას სიკვდილის ფაქტი სამხედრო საგამოძიებო განყოფილებაში დაუდასტურეს, თუმცა დეტალები არ უთხრეს.

    3ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია ნოვოსიბირსკის სამხედრო სასწავლებელში მობილიზებული მამაკაცის გარდაცვალების შესახებ. ამის შესახებ  ინფორმაცია ადგილობრივმა უფლებადამცველმა, ნინა შალაბაევამ დაადასტურა. მისი თქმით, 35 წლის მამაკაცი ძილის დროს მოკვდა. ოფიციალურ დიაგნოზში გულის შეტევა ჩაიწერა. თუმცა მამაკაცის ოჯახი ეჭვობს, რომ სიკვდილი ძალადობრივი იყო. ოჯახის ახლობლებმა ჟურნალისტებს უამბეს,რომ მამაკაცს სხეულზე ჰემატომები და მოტეხილობები ქონდა. დედის თქმით, შვილმა უამბო გაწვევის პუნქტში არყით ვაჭრობის, ლოთობის, საკვების და სამხედრო ფორმის არარსებობის შესახებ. მისი თქმით, შვილი უყვებოდა, რომ ჯერ კიდევ სახლიდან წაღებულ საჭმელს ჭამდა.

    3 ოქტომბერს ცნობილი გახდა რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში ელანსკის გარნიზონში, კურგანის ოლქიდან მობილიზებული სამი სამხედროს დაღუპვის შესახებ. აქედან ერთი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სახლში გაუშვეს.

    რეგიონის ადამიანის უფლებების დამცველი, ტატიანა მერზლიაკოვა ამბობდა, რომ ერთ–ერთი მობილიზებულის სიკვდილი შესაძლოა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ფონზე ეპილეფსიის შეტევის ბრალი იყო.  სვერდლოვსკის ოლქიდან რუსეთის დუმის დეპუტატმა, მაქსიმ ივანოვმა მედიას უთხრა, რომ მეორე დაღუპულმა თავი მოიკლა.

    კიდევ ერთი მობილიზებული კი ჯერ პოლიგონზე გაგზავნეს, შემდეგ “ჩამოწერეს“ და სახლში გაუშვეს, სადაც დაბრუნებისთანავე თავდაპირველი ინფორმაციით ღვიძლის ცეროზით მოკვდა.თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ 44 წლის მამაკაცის სიკვდილი შესაძლოა მობილიზებულებს შორის ხელჩართულმა ჩხუბმა გამოიწვია.

    4 ოქტომბერს მედიამ დაწერა ომსკის სამხედრო ნაწილში მობილიზებული მამაკაცის სიკვდილის შესახებ. მისი ახლო მეგობარი ყვება, რომ სამხედრო ნაწილში სხვა მობილიზებულებთან კონფლიქტი ქონდათ და ეჭვობს, რომ მისი მეგობარი, რომელსაც ორი შვილი ყავს და სრულიად ჯანმრთელი იყო, თავს არ მოიკლავდა. ექსპერტიზის პასუხი თვენახევარში იქნება.

    5 ოქტომბერს პენზის პოლიგონზე სწავლებისას დაიღუპა ერთ–ერთი მობილიზებული. ადგილობრივი მედიის ცნობით ის 41 წლის იყო, ვინაობა არ სახელდება. ადგილობრივი ომბუდსმენის ინფორმაციით მას სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელმა უთხრა, რომ მამაკაცის სიკვდილის მიზეზი “ორგანიზმის ერთ–ერთი ფუნქციის დარღვევა გახდა.“ სხვა დეტალები არ ხმაურდება.

    6 ოქტომბერს ლენინგრადის ოლქში ქალაქ კამენსკში მობილიზებული 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მიზეზი ის გახდა, რომ მამაკაცმა წვრთნებისას ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ თავს ესროლა. ამ შემთხვევაშიც დეტალები და ოფიციალური კომენტარი არ ვრცელდება.

    7 ოქტომბერს ნოვოსიბირსკის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში კიდევ ერთი გარდაცვლილი მობილიზებულის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ შემთხვევაში მიზეზი უცნობია, ამბობენ რომ ტარდება გამოძიება და ექსპერტიზა. ადგილობრივი მედია გარდაცვლილის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ სიკვდილი ძალადობის შედეგი იყო.

    9 ოქტომბერს მობილიზებული მამაკაცი გარდაიცვალა იაკუტიაში. სააგენტო რია ნოვოსტიმ მის წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ გამანაწილებელი პუნქტის ფანჯრიდან 1983 წელს დაბადებული მამაკაცი გადმოვარდა და მოკვდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით გარდაცვლილი მთვრალი იყო და ის ცდილობდა მეორე სართულის ფანჯრიდან ერთმანეთზე გადაბმული საწოლის გადასაფარებლების დახმარებით ჩამოსულიყო.

    11 ოქტომბერს ჩელიაბინსკის ოლქში გავრცელდა ინფორმაცია 27 წლის მობილიზებული მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ეკატერინბურგის 32–ე სამხედრო ქალაქში.ოლქის დუმის დეპუტატმა, მაქსიმ ივანოვმა თქვა, რომ სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა.

    12ოქტომბერს კი ცნობილი გახდა ელანსკის სასწავლო გარნიზონში უკვე მეოთხე მობილიზებულის სიკვდილის შესახებ.

    1989 წელს დაბადებულმა მობილიზებულმა მამაკაცმა ნაწილის სამედიცინო პუნქტს მიმართა, სადაც მდგომარეობა დაუმძიმდა და გული გაუჩერდა. მისი ნაცნობები ამბობენ, რომ აქამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ქონდა.

    “გარნიზონში დიდი  რაოდენობით ხალხია, ყველას განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასაკი აქვს. ბევრი მიმართავს სამედიცინო დახმარებისთვის. ვინც გამოუსადეგარია ომისთვის, უკან გზავნიან. გასაგებია, რომ ეს კურორტი არ არის და ფიზიკური დატვირთვა დიდია, ამიტომაც ასეთი სიტუაციები ხდება. ვიღაცას გული ვერ უძლებს“– ამბობს ადგილობრივი დეპუტატი მაქსიმ ივანოვი.

    ეს არის ის ფაქტები, რომლებიც მედიაში გახმაურდა, თუმცა რა ხდება რეალურად და რამდენად დიდია პრობლემების მაშტაბი, უცნობია. რუსული რეჟიმის პირობებში ინფორმაციის გავრცელება უკიდურესად შეზღუდულია.

    რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა.

     

  • გერმანია უკრაინას ჰაუბიცებსა და MARIS II – ებს გადასცემს

    გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ დღეს 12 ოქტომბერს, რამშტაინის ფორმატში უკრაინის დახმარების მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა უკრაინისთვის დამატებითი თავდაცვითი დახმარების გაწევის შესახებ. დახმარების ახალ პაკეტში შედი დამატებით PzH2000 თვითმავალ ჰაუბიცებ-ი  და MARIS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა.

    • “რამშტაინის ფორმატში შეხვედრა განსაკუთრებულ დროს მიმდინარეობს: რუსეთის სარაკეტო დარტყმები და ნაწილობრივი მობილიზაცია, ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის კონტრიერიში. ჩვენი მიმდინარე დახმარების კოორდინირებას ვახდენთ. უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა დამატებითი PzH2000 და MARS II”, – წერია გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტროს გვერდზე.
  • პუტინის თქმით, “კიევის რეჟიმი” პოლიტიკურ მკვლელობებს სჩადის და ეთნიკურ წმენდას აწარმოებს

    “მსოფლიო ეკონომიკა დღეს მძაფრ კრიზისს განიცდის, რაც დაკავშირებულია ენერგორესურსებზე არასტაბილური საფასო დინამიკით, ასევე მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსის დარღვევით. თუმცა, გარდა ამისა, საქმე გვაქვს ბაზრის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განხორციელებული დივერსიებით და აქ, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის ნაკადზე მომხდარ ინციდენტს ვგულისხმობ. ისინი მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ისინი კონკურენტების დისკრიმინაციას ეწევიან ბაზარზე და თუ ეს არ გამოსდით, პირდაპირ დივერსიებს მიმართავენ. ეჭვი არ არის, რომ ეს საერთაშორისო ტერორიზმის მაგალითია და მისი მიზანი მთელი კონტინენტის ენერგოუსაფრთხოების ჩამოშლაა. ამას ემატება ყირიმის ხიდზე მომხდარი ტერაქტი, რომელიც უკრაინული სპეცსამსახურების მოწყობილია.

    მე დიდი ხანია ვამბობ, რომ კიევის რეჟიმი ტერორისტულ მეთოდებს იყენებს, პოლიტიკურ მკვლელობებს სჩადის, ეთნიკურ წმენდას აწარმოებს. ისინი არც ატომურ ტერორიზმს ერიდებიან. აქ ვგულისხმობ სროლას ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის მიმართულებით და ასევე კურსკის ელექტროსადგურის გარშემო”

  • უკრაინელებმა 18 წუთში ოთხი რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 18 წუთში, რუსი ოკუპანტების, ოთხი ვერტმფრენი გაანადგურეს.  ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა Telegram-ზე ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, ერთი ვერტმფრენი დამპყრობლებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენები – ფრონტის ხაზზე.

    “12 ოქტომბერს დილის 8:40 საათიდან დილის 8:58 საათამდე, სამხრეთ უკრაინაში, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მტრის სულ მცირე ოთხი ვერტმფრენი (სავარაუდოდ Ka-52), რომლებიც სამხრეთის მიმართულებით სახმელეთო საოკუპაციო ძალებს საცეცხლე მხარდაჭერით უზრუნველყოფდნენ. […]  საბრძოლო სამუშაოები ჩატარდა კიდევ ორ შვეულმფრენზე, ამიტომ დიდია ალბათობა იმისა, რომ დადასტურებული ჩამოგდებული შვეულმფრენების რაოდენობა გაიზარდოს!” – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • უკრაინამ ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლა

    უკრაინელებმა, ხერსონის ოლქში, კიდევ 5 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, სამხრეთის სარდლობა ავრცელებს. ასევე მათი ცნობით, სამხრეთ ბუზკას ზონაში ვითარება დაძაბულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.

    • “ჩვენმა დანაყოფებმა მიაღწიეს წარმატებას ბერისლავის რაიონში ნოვოვასილივკას, ნოვოჰრიჰორივკას, ნოვაია კამიანკას, ტრიფონივკასა და ჩერვონის გათავისუფლებაში”, – ამბობს პრესსპიკერი, ვლადისლავ ნაზაროვი.
  • არ მგონია, პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს – ბაიდენი

    “მგონია, რომ მისი მხრიდან უპასუხისმგებლოა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერი ამბობდეს, რომ მან შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში”.

    ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა CNN-ის ჟურნალისტის კითხვას, გამოიყენებს თუ არა პუტინი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

  • “ეფესბე“ ყირიმის ხიდზე აფეთქებული მანქანის მარშრუტში მონაწილეებს ასახელებს, მათ შორის ქართველებს

    რუსეთის გამოძიების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილე რვა პირი დააკავა, ექედან 5 რუსეთის მოქალაქეა, სამი კი უკრაინის და სომხეთის. “ეფესბე“ ამტკიცებს, რომ  ხიდის აფეთქებაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სპეციალური სამმართველო და მისი უფროსი კირილ ბუდანოვი მონაწილეობდნენ. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  აგენტებმა ასაფეთქებელი ნივთიერება შენიღბეს და სამშენებლო პოლიეთილენის ფირის ხვეულებში დამალეს, 22 პალეტში, რომელთა საერთო წონა   22 770 კილოგრამი იყო.   აგვისტოს დასაწყისში, ტვირთი ოდესის პორტიდან   ბულგარეთის ქალაქ რუსეში გაგზავნეს კონტრაქტით  № 02/08/2022, უკრაინული კომპანია ტრანსლოჯისტიკსა და ბულგარულ კომპანია Baltex Capital S.A.–ს შორის. ბულგარეთიდან ტვირთი საქართველოში, ფოთის პორტში გადაიტანეს, შემდეგ კი სომხეთში.

    რუსული მედიის ინფორმაციით ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები, მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, სოლომკო რომანი, საქართველოს მოქალაქეები: სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.

    29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთის განბაჟება EAEU-ს (ევრაზიის ეკონომიკური კავშირი) წესებით განხორციელდა და საბუთები შეიცვალა. ახლა გამგზავნი არის შპს „GU AR GROUP“ (სომხეთი, ალავერდი), მიმღები კი შპს „ლიდერი“ (მოსკოვი).

    საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანაზე ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე გადაკვეთა, ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადატვირთეს.

    7 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქის რ.სოლომკოს, ვლადიმერ ვასილიევიჩ ზლობისა და რუსეთის კიდევ ხუთი მოქალაქის დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა. გამგზავნად მითითებული იყო შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო ყირიმში არარსებული კომპანია მითითებული იყო მიმღებად.

    ტვირთის მოძრაობას მთელ მარშრუტზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს „ივან ივანოვიჩის“ სახელით გააცნო. ქმედებების კოორდინაციისთვის მან გამოიყენა ვირტუალური ანონიმური ნომერი, ასევე ტელეფონი, რომელიც რეგისტრირებულია კრემენჩუგის მკვიდრ სერგეი ანდრეიჩენკოსთან.”- წერს რუსული მედია “ეფესბეზე“ დაყრდნობით.

    “ეფესბეს“ ბრალდებას უპასუხა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა.

    “ეფესბეს და მთელი მათი საგამოძიებო კომიტეტის საქმიანობა სისულელეა. ისინი პუტინის რეჟიმს ემსახურებიან, ამიტომაც მათ მორიგ განცხადებაზე კომენტარს ჩვენ არ გავაკეთებთ. გასაოცარია, რომ ყირიმის ხიდის რაიონში ჯერ არ უპოვნიათ რამე “სავიზიტო ბარათი“– განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის პრესსამსახურის უფროსმა ანდრეი იუსოვმა.

  • სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია – არახამია

    “შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსულმა სარაკეტო ტერორმა, რომელიც მომზადებული იყო დაშინების აქტის სახით, ვერ მიაღწია ვერც ჰუმანიტარულ, ვერც საინფორმაციო და ვერც პოლიტიკურ მიზნებს.

    ჩვენი ენერგეტიკის ინჟინრები და გადაუდებელი სამსახურები სწრაფად აღადგენენ დანგრეულს. შედეგები მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებით.

    ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ისწავლეს მასიური საჰაერო თავდასხმების მოგერიება. თუნდაც იმ იარაღით, რაც გვაქვს. მაგრამ რაც უფრო მალე მივიღებთ უახლეს სამხედრო აღჭურვილობას, მით უფრო მალე მივაღწევთ მშვიდობას ჩვენს ქალაქებში.

    ჩვენს მოქალაქეებს არ შეშინებიათ. ზოგადად, არ არსებობს ისეთი კალიბრი, რომელიც უკრაინელებს წინააღმდეგობის დათმობას აიძულებს.

    მოლაპარაკების მოთხოვნით არავინ გამოსულა. თუმცა რუსებს სწორედ ამის იმედი ჰქონდათ.

    ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. უკრაინა მთელი თავისი ტერიტორიისა და ხალხის გასათავისუფლებლად იბრძოლებს. და ტერორისტული სახელმწიფო აგებს პასუხს ყველა დანაშაულზე და გადაიხდის ყველაფრის საფასურს, რაც გაანადგურა.

    ისტორიიდან ვიცით, რომ სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია. დამარცხებამდე ჰიტლერმა დაბომბა ლონდონი, მილოშევიჩი – ზაგრები, პუტინი ბომბავს კიევს და ზაპორიჟჟიას. თუ რუსეთი გადაწყვეტს იგივე გზას გაჰყვეს, მაშინ მათ კარგი არაფერი ელის.”

    წერს უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია Telegram-ის არხზე.