Category: მსოფლიო

  • 24 საათში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – გენშტაბი

    ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები ორი რეგიონის 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

    “გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის რეგიონის ბერესტოვოს დასახლებაში და დონეცკის რეგიონის ბახმუტსკოეს, ივანჰრადის, კლიშივკას, პერვომაისკესა და მარინკას დასახლებულ პუნქტებში.

    მტერმა 35-ზე მეტ დასახლებას დაარტყა. კერძოდ, კიევს, ოდესას, მიკოლაივის ოლქებს. ასევე დონეცკის ოლქში ბილოჰორივკას, ტერნის, კრასნოჰორივკას, მარინკას და ხერსონის ოლქში ნოვა კამიანკასა და ბილოჰირკას. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა 10 სარაკეტო და 58 საჰაერო დარტყმა განახორციელა,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

  • შეგიძლია მორიგი “მიღწევა” ჩაიწერო – “მოვკალი ერთი ორსული ქალი” – ზელენსკი პუტინს

    “კიევში მათ მოკლეს ახალგაზრდა ოჯახი, როცა ირანული შაჰიდი საცხოვრებელ სახლში მოხვდა. ახალგაზრდა კაცი და 6 თვის ორსული ქალი… ვლადიმერ პუტინ, შეგიძლია მორიგი “მიღწევა” ჩაიწერო – მოვკალი ერთი ორსული ქალი”,

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება

  • რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა

    რუსეთის ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა. ამის შესახებ რუსული მედია და თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერენ.

    შემთხვევის ადგილზე ხანძარი მძვინვარებს.

    როგორც რუსული გამოცემა რია-ნოვოსტი იუწყება, თვითმფრინავი რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა, სუ-34-ია. მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

    შეჯახებას რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. სხვადასხვა Telegram არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საბრძოლო მასალით იყო აღჭურვილი.

    ”მედუზას” ცნობით, ეს იყო სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც სახლებს დაეჯახა.

    თვითმხილველების თქმით, მათ ცაში პარაშუტი დაინახეს, და აცხადებენ, რომ შეჯახებამდე პილოტმა, სავარაუდოდ მოახერხა თვითმფრინავიდან გადმოხტომა.

    მსხვერპლის რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

  • რუსეთი ბელარუსში 170 ტანკს, 200 საბრძოლო მანქანასა და 100 ყუმბარმტყორცნს განალაგებს

    რუსეთი ბელარუსში დაახლოებით 170 ტანკს, 200-მდე საბრძოლო ჯავშან-მანქანასა და 100-მდე საარტილერიო დანადგარსა და ყუმბარმტყორცნებს განათავსებს. ამის შესახებ ბელარუსის საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის მეთაურმა, ვალერი რევენკომ განაცხადა.

    “რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის რესპუბლიკისთვის, რომლებიც მოკავშირე სახელმწიფოები არიან უსაფრთხოების საფრთხედ განიხილება შემდეგი: ნატოს ჯგუფის განლაგება ორი ქვეყნის საზღვრებთან დიალოგის ნაკლებობის ფონზე, ასევე ნატოს აქტივობის გაზრდა და ბელარუსელი რადიკალების წაქეზება, ლეგიტიმური ხელისუფლების დასამხობად”. – აცხადებს რევენკო.

    ასევე მისი განცხადებით, ბელარუსში 9 000 რუსი სამხედრო ჩავა.

  • ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის მაშტაბური სამხედრო მისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

    ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის მისიის შექმნის შესახებ, სახელწოდებით EUMAM Ukraine, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს.

    ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.

    “მისიის მიზანია უკრაინის შეიარაღებული ძალების პოტენციალის ამაღლების ხელშეწყობა ეფექტური სამხედრო ოპერაციებისათვის, რათა უკრაინამ შეძლოს მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ეფექტურად განახორციელოს მისი სუვერენიტეტი და დაიცვას მისი მოსახლეობა“–ნათქვამია განცხადებაში.

    უკრაინის მოთხოვნაზე სამხედრო დახმარების შესახებ, მისია უზრუნველყოფს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზირებულ მომზადებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, მათ შორის ტერიტორიული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე წევრი სახელმწიფოების საქმიანობის კოორდინაციას და სინქრონიზაციას, რომლებიც ხელს უწყობენ მომზადებას.

    მისია EUMAM Ukraine ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე იმოქმედებს და ოპერატიული შტაბი ბრიუსელში ექნება, რათა უზრუნველყოს საერთო კოორდინაცია სტრატეგიულ დონეზე. მისიის ხელმძღვანელი ვიცე–ადმირალი ერვე ბლეჟანი, სამხედრო დაგეგმარებისა და ოპერაციების წარმოების დირექტორი, ვიცე–ადმირალი ერვე ბლეჟანი იქნება.

    მისიის მანდატი თავიდან ორი წელი იქნება, საერთო დანახარჯების ფინანსური ორიენტირი კი ამ პერიოდში 107 მილიონი ევროა.

    მისია უზრუნველყოფს როგორც წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მხარდამჭერი ორმხრივი ღონისძიებების, ასევე სხვა საერთაშორისო პარტნიორების ღონისძიებების კოორდინირებას, ასევე ღია იქნება მესამე სახელმწიფოების მონაწილეობისთვისაც.

    ევროკავშირის საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება კიდევ 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგრადობის და შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერისთვის.

    მეექვსე ტრანშის შემდეგ ამ ფონდის ჯამური თანხა, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ გამოეყო, 3.1 მილიარდ ევროს მიაღწევს.

  • ირანი და რუსეთი გაერთიანდნენ ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად – რეზნიკოვი

    ”რუსეთი და ირანი გაერთიანდნენ ტერორისა და სიკვდილის გასავრცელებლად. Shahed-136 მათი ერთ-ერთი იარაღია, კალიბრთან, ისკანდერთან, რაკეტებთან, Mojaher-6 დრონებთან, Fateh-110 და Zolfaghar-თან ერთად. დემოკრატია და მსოფლიოს ყველაზე ნათელი გონება უნდა გაერთიანდნენ ამ თავდასხმების მოსაგერიებლად და ბოროტების დასამარცხებლად.”

    აცხადებს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვი, რითიც, 17 ოქტომბერს რუსების მიერ კიევზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომვას გამოეხმაურა.

  • კიევის დაბომბვას 6 თვის ორსული ქალი ემსხვერპლა

    კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დილით კიევის დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის არიან 6 თვის ორსული ქალი და მისი მეუღლე.

    მანამდე ჟურნალისტებთან საუბრისას კიევის მერმა თქვა, რომ რუსეთის დღევანდელი თავდასხმა კიევზე “უკრაინელი ხალხის გენოციდის” ნაწილია.

    “საცხოვრებელ კოსპუსიდან, რომელსაც რუსული დრონები დაესხნენ თავს, სამაშველო და სამძებრო სამუშაოების დროს სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.  მათ შორის ახალგაზრდა წყვილის – ქმრისა და ცოლის, რომელიც ბავშვს ელოდებოდა. ქალი 6 თვის ორსული იყო”. – დაწერა მან.

    აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს 17 ოქტომბერს რუსეთმა კიევზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიშები მიიტანა.

  • ისრაელი აპირებს იარაღი მიაწოდოს “კიევის რეჟიმს”, უგუნური ნაბიჯია – მედვედევი

    “უგუნური ნაბიჯია” –  ასე აფასებს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი,  ისრაელის დიასპორის საკითხთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ “დროა, უკრაინამ ისრაელისგან სამხედრო დახმარება მიიღოს”.

    “როგორც ჩანს, ისრაელი აპირებს იარაღი მიაწოდოს კიევის რეჟიმს. ეს ძალიან უგუნური ნაბიჯია. ის გაანადგურებს ყველა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენ ქვეყნებს შორის”, – აღნიშნავს მედვედევი.

  • დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას – პოდოლიაკი

    “ისინი, ვინც ბრძანებას გასცემენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობის გაყინვის მიზნით და აწყობენ ტოტალურ მობილიზაციას ფრონტის ხაზის გვამების დასაფარად, ნამდვილად არ შეუძლიათ ერთ მაგიდასთან ისხდნენ G20-ის ლიდერებთან. დროა ბოლო მოეღოს რუსეთის ფარისევლობას. რუსეთის ფედერაცია ყველა პლატფორმიდან უნდა განდევნონ,”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

  • კიევში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ოკუპანტების მიერ დილით კიევში განხორციელებულ თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა.

    12:25 საათის მონაცემებით მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

    ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ უბანს რუსეთი დღეს თავს “კამიკაძე” დრონებით დაესხა.

    კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ სახლის ნანგრევებიდან, რომელსაც დღეს ოკუპანტებმა ე.წ ირანული დრონი ესროლეს, 60 წლამდე ასაკის ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ასევე, კლიჩკოს თქმით, ნანგრევებში კიდევ 1 ადამიანია მოყოლილი.