Category: მსოფლიო

  • კონგრესმა ტრამპს ჩვენების მისაცემად ოფიციალური ორდერი გაუგზავნა

    წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა, რომელიც 6 იანვრის საქმეს იძიებს, პარასკევს განაცხადა, რომ მათ ყოფილ პრეზიდენტს ჩვენების მისაცემად ოფიციალური ორდერი გაუგზავნეს. დონალდ ტრამპს 2020 წლის დასაწყისში კაპიტოლიუმზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ფიცის ქვეშ ჩვენების მიცემას და დოკუმენტების წარდგენას სთხოვენ.

    ორდერის მიხედვით, ტრამპმა დოკუმენტები 4 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს. წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის წინაშე კი დაახლოებით 14 ნოემბრამდე უნდა წარდგეს.

    “როგორც ჩვენ მოსმენებზე იყო დემონსტრირებული, ჩვენ თავი მოვუყარეთ იმის დიდძალ მტკიცებულებას, მათ შორის ათეულობით თქვენ მიერ დანიშნული თანამდებობის პირების და თანამშრომლებისგან, რომ თქვენ პირადად გაუწიეთ ორკესტრირება და ზედამხედველობდით მრავალნაწილიან მცდელობას, შეგეცვალათ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ხელი შეგეშალათ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის” – ნათქვამია კონგრესის საგამოძიებო კომიტეტის მიერ 21 ოქტომბერს მომზადებულ წერილში, რომლის ადრესატიც დონალდ ტრამპია.

    წარმომადგენელთა პალატის კომიტეტში 7 დემოკრატი და 2 რესპუბლიკელია. მათ 13 ოქტომბერს კენჭი უყარეს ტრამპის კონგრესში გამოძახებას და ერთხმად დაუჭირეს მხარი. თუკი ამერიკის 45-ე პრეზიდენტი კონგრესში ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდა, ეს შესაძლოა მისთვის ბრალის წაყენების საფუძველი გახდეს.

    კონგრესის საგამოძიებო კომიტეტს დანაშაულზე ბრალის წაყენების მანდატი არ აქვს, მაგრამ შეუძლია საგამოძიებო მასალები იუსტიციის დეპარტამენტს გადასცეს. თავად ტრამპი კომიტეტის მუშაობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის დემოკრატებისგან და იმ ორი რესპუბლიკელისგან შედგება, ვინც ხმა მის იმპიჩმენტს მისცა. თუმცა, საქმეში თავად ტრამპის თანამშრომლების და თანაპარტიელების მიერ წარდგენილი ბევრი ახალი მტკიცებულებაა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ზამთრამდე უკრაინული გარღვევის ალბათობა საკმაოდ რეალისტურია –  21 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 21 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს:

    ”ბოლო 24 საათია მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ხერსონის რაიონში. უკრაინული არმია წინსვლას რამდენიმე მიმართულებით ცდილობს, მაგრამ გარღვევაზე გასვლას ვერ ახერხებს. პიატიხატკისთან რუსულმა არტილერიამ უკრაინული შეტევა ჩაშალა. ჯერჯერობით უკრაინელებმა ვერ მოახერხეს ახლადშექმნილ რუსულ თავდაცვაში სუსტი წერტილის აღმოჩენა ან შექმნა. რუსებს იმდენად დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ჰყავთ მობილიზებული დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე რომ უკრაინული შეტევა ამ ეტაპზე დიდ გამოწვევას აწყდება. თუმცა იმ ფონზე, რომ უკრაინული არტილერიაც საკმაოდ აქტიურად მუშაობს და რუსებიც დიდწილად ბორნებზე არიან დამოკიდებული, კიდევ ზამთრამდე უკრაინული გარღვევის ალბათობა საკმაოდ რეალისტურია.

    – წუხელ უკრაინელებმა ანტონოვის ხიდის ქვეშ შექმნილ რუსულ პონტონურ ხიდზე მიიტანეს იერიში. გარდა იმისა, რომ ხიდი დაზიანდა, მოკლულ იქნა რუსული სამხედრო პროპაგანდისტებიც. ხერსონში კომენდანტის საათი მოქმედებს.

    – დონეცკის რაიონში, რუსებმა დღეს ბახმუტის მიმართულებით ორი მხრიდან წამოიწყეს შეტევა. სამხრეთიდან ოპიტნეში შესვლა სცადეს, ხოლო აღმოსავლეთიდან ბახმუტის ინდუსტრიულ რაიონში. ორივე მიმართულებით უკრაინულმა თავდაცვამ გამორჩეულად კარგად იმუშავა. რუსულ რიგებში დიდია ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგები.

    ის ძალა და დრო რაც რუსებმა ბახმუტის მისადგომებთან ბოლო თვეების განმავლობაში დაკარგეს პრაქტიკულად აუნაზღაურებელია. დონბასში რუსული შემტევი ნაწილები პისკის, ავდიივკას, მარიინკასა და ბახმუტის მიმართულებით იყო გადასროლილი, მაგრამ ბახმუტს რუსული რეგულარული არმიისა და სეპარატისტების გარდა შედარებით კარგად აღჭურვილი “ვაგნერიც” უტევს, თუმცა მოუხედავად ამისა, წინსვლა პრაქტიკულად არ აქვთ. ეს, გარდა გამოფიტვისა, სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმაცაა მათთვის.

    – უკრაინულმა არტილერიამ კვლავ დაბომბა რუსეთის ბელგოროდის რაიონი. იერიშები რუსულ პოზიციებზე ჩვეულ ამბად იქცა. სასაზღვრო პერიმეტრთან არსებული რუსული სოფლები პრაქტიკულად დაცლილია მოსახლეობისაგან. რუსები ტერიტორიული თავდაცვის რაზმების განვითარებას (ჩანასახოვან მდგომარეობაში ზოგან სცადეს, ისიც საჩვენებლად) სერიოზულად განიხილავენ.

    – რუსული არმიის ნაწილები კვლავ ჩივიან საკვებისა და საწვავის დეფიციტზე, ისევე როგორც ოფიცრების უუნარობასა და ზოგად მძიმე მდგომარეობაზე. მობილიზებული რაზმები როგორც მოსალოდნელი იყო ტვირთად დააწვა რუსულ არმიას უკრაინაში. რა თქმა უნდა, მათი საზარბაზნე ხორცად გამოყენება კრემლს სულაც არ აწუხებს, მაგრამ თითოეულ სამხედროს კვება, აღჭურვა და საწვავი უნდა. ეს კი ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

    – ევროკავშირი გეგმავს უკრაინას ყოველთვიური 1.5 მილიარდი ევროს ეკონომიკური დახმარება გამოუყოს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის ეკონომიკის მდგრადობისათვის.”-აცხადებს კობერიძე.

  • ბაიდენის თქმით, ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას გეგმავს

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს.

    “მიზეზი, რის გამოც არ ვადასტურებ, ვაპირებ თუ არა კენჭისყრას მომავალ არჩევნებზე, შემდგომი რეგულაციების მთელი სერიაა – გამოცხადების მომენტიდან, ჩემ თავს მოვეპყრობი ისე, როგორც კანდიდატს. ჯერჯერობით, ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა, ხელახლა კენჭისყრა ჩემი რეალური განზრახვაა. არჩევნებამდე, გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერ კიდევ გვაქვს”. – თქვა ბაიდენმა.

  • პენტაგონი ადასტურებს, რომ აშშ–ს თავდაცვის მდივანი რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს ტელეფონით ესაუბრა

    ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

    საუბრის ბევრი დეტალი ამ დროისთვის ცნობილი არ არის, პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ საუბრის დროს ლოიდ ოსტინმა სერგეი შოიგუს უთხრა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე კომუნიკაციის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. საუბარი რამდენიმე საათის წინ შედგა.

    ინფორმაციას სატელეფონო საუბრის შესახებ ადასტურებენ კრემლშიც. რუსული მედიასაშუალებების ცნობით, საუბრის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომია.

    „21 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი შედგა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, არმიის გენერალ სერგეი შოიგუსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის. განხილული იყო საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის ვითარება უკრაინაში,“ – წერს „ინტერფაქსი“.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც მოგვიწოდებენ რუსეთის “გაგებისკენ” – ზელენსკი

    “გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ:  ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც მოგვიწოდებენ რუსეთის „გაგებისკენ” და ცდილობენ იგნორირება გაუკეთონ ირანის მსგავსი სახელმწიფოების ტერორისტულ პოლიტიკას. ასეთი ადამიანები არიან სხვადასხვა სფეროში – პოლიტიკაში, ბიზნესში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიაში.  რა იწვევს ამას? პასუხი ერთია: ცოდნის ნაკლებობა. საზოგადოების უმრავლესობაში ცოდნის ნაკლებობაა.”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვისას განაცხადა.

  • თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსულ აგრესიას, პასუხს გაგცემთ! – უკრაინის შეიარღებული ძალები

    “თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსულ აგრესიას, პასუხს გაგცემთ! ” – ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაშია საუბარი. უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელარუს ჯარისკაცებს მიმართავს, რომ თუ უკრაინის საზღვრის გადაკვეთას დააძალებენ, ბრძანებას არ დაემორჩილონ და მათ ჩაბარდნენ.

    “თუ ბელარუსის არმია მხარს დაუჭერს რუსეთის აგრესიას, ჩვენ პასუხს გაგცემთ. პასუხს გაგცემთ ისე მკაცრად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინის ტერიტორიაზე ყველა ოკუპანტის საპასუხოდ, არსენალში არსებული ყველა შეიარაღების საშუალებით, თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანით. ჩვენ ეს არ გვინდა.

    ბელარუსის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, არ შეასრულოთ თქვენი ხელისუფლების ბრძანებები უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე, რაც ბელარუსის რესპუბლიკის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით დანაშაულია. მოგიწოდებთ, არ გახდეთ უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ უკვე ჩადენილი ომის დანაშაულების პასუხისმგებლობის თანაგამზიარებლები. […]  კედლები ეცემა, კრემლის კედელიც არაა სამუდამო. იმპერიები ინგრევა, რჩება ერები, უბრალო ხალხი, რომლებიც შესაძლოა მეგობრები იყვნენ, ან მტრები. როგორ იქნება, დამოკიდებულია არა ლუკაშენკოსა და პუტინზე, არამედ თითოეულ თქვენგანზე. თუ რაიმე სახით დაგაძალებენ ბელარუს-უკრაინის საზღვრის იარაღით გადაკვეთას. არ გამოიყენოთ იარაღი. შეჩერდით. იარაღი დაწიეთ და დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში არავინ გესვრით”. – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

  • ლუგანსკის რეგიონში ყველაზე ცხელი წერტილი სვატოვოს მიმართულებაა – გაიდაი

    “ლუჰანსკის რეგიონში ყველაზე ცხელი წერტილი სვატოვოს მიმართულებაა. მძიმე ბრძოლები მიდის, რუსები დეოკუპირებულ სოფლებს ბომბავენ. ოკუპანტებს ლუჰანსკის ოლქის მაცხოვრებლები თავიანთი საცხოვრებელი სახლებიდან მასიურად გამოჰყავთ – რუსები მათ ბინებსა და სახლებს ართმევენ,”

    განაცხადა, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ.

  • ირანი თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

    ირანი თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

    • “სამხედრო კონფლიქტის ესკალაციასთან და უკრაინაში გაზრდილ საფრთხესთან დაკავშირებით, ირანის ყველა მოქალაქეს კატეგორიულად ურჩევენ, თავი შეიკავონ ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან,” – ნათქვამია განცხადებაში.

    უწყება ასევე რეკომენდაციას უწევს უკრაინაში მცხოვრებ ირანის მოქალაქეებს დატოვონ ქვეყანა საიმედო სიცოცხლისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

  • 10 000-მდე რუსი მობილიზაციისას შეცდომით გაიწვიეს

    რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციისას, 10 000-მდე რუსი ახალგაზრდა შეცდომით გაიწვიეს.  ინფორმაციას „ინტერფაქსი“ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეზე ანდრეი კარტაპოლოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

    როგორც  ანდრეი კარტაპოლოვი აცხადებს, შეცდომით გაწვეული ახალგაზრდების საკითხზე ამჟამად შემოწმება ტარდება.ხოლოსანკტ-პეტერბურგში მობილიზაცია გრძელდება და ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

  • ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღმდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. 

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 66 750;
    • ​ტანკი – 2 573;
    • ჯავშანტექნიკა – 5 285;
    • საარტილერიო სისტემა – 1 648;
    • სარაკეტო სისტემა – 372;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 189;
    • თვითმფრინავები – 269;
    • ვერტმფრენი – 243;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 325;
    • საკრუიზო რაკეტები – 329;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 006;
    • გემი/ნავი/კატარღა – 16;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 147.