“ჩვენი გამარჯვების გზა ადვილი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მას. ჩვენ მივალთ ჩვენს საზღვარზე, მის ყველა მონაკვეთზე და ვნახავთ მტრის ზურგს. ვნახავთ, როგორ უბრწყინავს ჩვენ ხალხს თვალები და დავინახავთ გაცქეული ოკუპანტების ქუსლებს. ეს ჩვენი საერთო გამარჯვება იქნება!”
ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
რუსული მედიები, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთის ქალაქ ეისკში, სუ-34 თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, ძრავში თოლიების გაჭედვა გახდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავში 2 თოლია აღმოაჩინეს.
“სუ-34-ის ძრავებში აფრენის მომენტში ორი ზღვის თოლია გაიჭედა. მათი ნაწილები აღმოაჩინეს თვითმფრინავის ფრაგმენტების შესწავლისას. ამ გარემოებამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავში, რასაც მისი ჩამოვარდნა მოჰყვა.” – აცხადებენ რუსული სააგენტოები.
უკრაინაში დააპატიმრეს ძრავმშენებელი ქარხანა “მოტორ სიჩის” საპატიო პრეზიდენტი, უკრაინის გმირი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი, რომელიც ომის დროს ძრავებით ამარაგებდა რუსეთის სამხედრო ავიასაწარმოებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მისი სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. მას ბრალად ედება კოლაბორაციონიზმი,აგრესორის ხელშეწყობა და სამშობლოს ღალატი.
სატელეფონო საუბრებში ჩანს, რომ “მოტო სიჩის“ პრეზიდენტი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და ომის დაწრყების შემდეგაც მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთში რამდენიმე ტიპის ძრავების მიწოდებაზე საბრძოლო ვერტფრენების სხვადასხვა მოდელებისთვის, ასევე სხვა სათადარიგო ნაწილებზე.
აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ ბოგუსლაევი – “რეგიონების პარტიიდან“ რადას ყოფილი დეპუტატი, ამართლებს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთის არმია მივა, “ზელენსკის გააგდებს და წავა.“
სატელეფონო საუბარში ბოგუსლაევი იმასაც ამბობს, რომ მისი ქარხნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა ის ამას “გაგებით ეკიდება“.
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერობას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლას არ აპირებს. ჯონსონის განცხადებით, მას საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადასულიყო, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე – რიში სუნაკს.
“ძალიან კარგი შანსია, რომ კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად არჩევნებში წარმატებული ვიყო და პარასკევს მართლაც დავბრუნდე დაუნინგ სტრიტზე, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში მე სამწუხაროდ მივედი დასკვნამდე, რომ ეს უბრალოდ არ იქნებოდა სწორი. ვერ მართავთ ეფექტურად, თუ არ გეყოლება ერთიანი პარტია პარლამენტში”, – თქვა ჯონსონმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა.
რუსული სამხედრო თვითმფრინავი, Cy-30 ირკუტსკში საცდელი ფრენისას ჩამოვარდა და ორსართულიან სახლს დაეცა. დაუდასტურებელი ინფორმაციით ეკიპაჟი დაიღუპა.
ინფორმაციას რუსული სააგენტო რია ნოვოსტი რეგიონის მეთაურზე დაყრდნობით ავრცელებს. ირკუტსკის საქალაქო საიტი ავიაკატასტროფაზე ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს.
“ირკუტსკის თავზე ზაფახულო ცდები მიმდინარეობდა. ფრენას ახორციელებდა ორი ბორტი Cy-30. ერთი დაფრინდა, მეორე კი ფრენას განაგრძობდა. ეკიპაჟი 20 წუთი კავშირზეარ გამოდიოდა. მეორე თვითმფრინავი ჰაერში აფრინდა და მიუახლოვდა თვითმფრინავს, რომელიც კავშირზე არ გამოდიდოდა. მფრინავებმა დაინახეს, რომ ეკიპაჟის წევრები ადგილებზე თავჩამოქინდრულები ისხდნენ. სავარაუდოდ ისინი გაიგუდნენ. მას შემდეგ კი რაც თვითმფრინავს საწვავი გაუთავდა, თვითმფრინავი ნოვო–ლენინოში ჩამოვარდა. ეკიპაჟი დაიღუპა“– წერს საიტი.
უკვე ცნობილია, რომ თვითმფრინავი კერძო ხის სახლს დაეცა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ექსპერტები თვლიან, რომ კრემლში ღრმავდება დაპირისპირება მათს შორის, ვინც პირადი ინტერესების გამო უკრაინაში ომის გაგრძელებას ეწინააღმდეგება და მათ შორის, ვინც რუსეთის სრულ გამარჯვებამდე ბრძოლის მომხრეა.
რუსი ოლიგარქი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს“ აფინანსებს, უკრაინის ჩრდილო–აღმოსავლეთში გამაგრებების ხაზს ქმნის სახელწოდებით “ვაგნერის ხაზი“ და მისი აქტიური მონაწილეობით “სპეცოპერაციაში“ რუსეთის სამთავრობო წრეებში განხეთქილებას აღრმავებს.
ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების ინფორმაციით თავდაცვის ეშელონის შექმნა “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ არ არის თანხვედრაში ომის მსვლელობის შესახებ კრემლის ნარატივთან.
მიმომხილველები რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ რუსეთის რეგიონულმა ჩინოვნიკებმა შეაჩერეს “ვაგნერის ხაზის“ გამაგრებების გაფართოება, რომლებიც ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების, ასევე რუსეთის ბელგოროდის ოლქის ფრონტების შეხების ხაზის გასწვრივ გადის. პრიგოჟინმა საპასუოდ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ბიუროკრატიაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ის “პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსახლეობის ინტერესებს და არ იცავს რუს ადამიანებს“.
თავის ტელეგრამ არხზე პრიგოჟინმა კომენტარი გააკეთა “ვაგნერის ხაზის“ გარშემო არსებულ ვითარებაზე და დაადასტურა, რომ დამცავი ნაგებობები კრემლის დავალების გარეშე კეთდება.
“ვაგნერის ხაზი“
“ვაგნერის ხაზის“ გაკეთება არავის არავისთვის არ დაუვალებია. “ვაგნერი“ ფრონტის ხაზის გასამაგრებელ ნაგებობებს ოპერატიული ვითარებიდან და საკუთარი გეგმებიდან გამომდინარე აკეთებს. ის სევერსკი დონცის გასწვრივ გადის, რადგან ეშელონირებულ თავდაცვას გულისხმობს. სხვა დეტალების გამხელა არამიზანშეწონილად მიგვაჩნია“– დაწერა პრიგოჟინმა.
ISW ასევე აღნიშნავს, რომ კრემლი სავარაუდოდ შეეცდება ომის შეზღუდული ჩარჩოები შეინარჩუნოს. ამიტომაც, კრემლის სახელისუფლო წრეებში გრძელდება დაპირისპირება ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც ვერ ბედავენ ომის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღებას პირადი ინტერესების გამო და მათ შორის, ვინც მომხრეა რუსეთმა “სრული გამარჯვებისთვის“ იბრძოლოს.
გავრცელებულ რუსულ რუკებზე ჩანს, რომ პრიგოჟინის მიერ შეთავადებული “ვაგნერის ხაზის“ გაგრძელება რუსულ ბელგოროდის ოლქსა და უკრაინის სუმის, ხარკოვის და ლუგანსკის ოლქებს შორის საზღვრებს იცავს, თუმცა არ მოიცავს ლუგანსკის ოლქის ჩრდილოეთს ,რაც ეწინააღმდეგება კრემლის დაპირებებს, რომ ლუგანსკს დაიცავს.
ხაზი მოიცავს ზოგიერთ ცოტა ხნის წინ დაპყრობილ დასახლებულ პუნქტებს, როგორიც არის ლისიჩანსკი, ზოლოტოე და პოპასნაია, მაგრამ გამორიცხავს კრემენნაიას და სევეროდონეცკს.
პრიგოჟინი და ვაგნერის მეთაურები, როგორც ჩანს, იმ პოზიციების დაცვას აპირებენ, რომელთა შენარჩუნება მათი აზრით რეალურად შეუძლიათ, და არა მთელი ფრონტის ხაზისას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში.
“ვაგნერის ხაზი“ – ეს არის მრავალშრიანი, ეშელონირებული დაცვის ელემენტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაგნერი გაჩერებას აპირებს… ეს უფრო იმ სამხედრო ფორმირებებს ჭირდებათ, რომლებიც ვაგნერის ზურგს უკან დგანან, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნონ თავი–ასე პასუხობს პრიგოჟინი კითხვას გამაგრებების შექმნის აუცილებლობაზე.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა “ვაგნერის ხაზის “ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები. ხაზის სიგრძე თითქმის 2 კილომეტრია. გამაგრებები ტანკსაწინააღმდეგო ბეტონოის პირამიდების 4 რიგისგან შედგება, მათ უკან კი დიდი სანგარია. რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ გამაგრებები უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესაჩერებლად გაკეთდა, თუმცა CNN–ის ჟურნალისტები თვლიან, რომ უკრაინულ ძალებს შეუძლიათ ამ გამაგრებებს გვერდი აუარონ.
“ჩვენმა მტერმა ახალი ტერორისტული ტაქტიკა წამოიწყო საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, ასევე დრონების, განსაკუთრებით ირანული წარმოების, სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ. და ამან… გააოცა ჩვენი პარტნიორები. დღეს პარტნიორები ძალიან ამბიციურები არიან ამ ამოცანის მიმართ – დაეხმარონ უკრაინის ცის დახურვას,”
განაცხადა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.
ომის კვლევის ინსტიტუტის ყოველდღიურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ობლასტის დასავლეთიდან უკან დახევა დაიწყეს, მაღალი ალბათობით ისინი შეეცდებიან პროცესი რამდენიმე კვირაზე გაწელონ, თუმცა პროცესი შესაძლოა უკრაინის იერიშმა დააჩქაროს.
როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, სავარაუდოდ რუსები უკან დახევისას, ნოვა კახოვკის ელექტროსადგურის დამბის აფეთქებას და ამის უკრაინელებისთვის გადაბრალებას შეეცდებიან.
უკრაინელები აცხადებენ, რომ რუსებს დნეპრის დასავლეთ ნაპირიდან სწორედ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები გაჰყავთ.
თავის მხრივ უკან დახევის პროცესი სამხედრო საქმის წესებით მოითხოვს, რომ წინა ფლანგზე ყველაზე ბრძოლიუნარიანი შენაერთები ამაგრებდნენ.
24 საათში, უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 3 რეგიონში მოიგერიეს – აცხადებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის ტერნოვას დასახლებებში, ბილოჰორივკასა და ზოლოტარივკაში ლუჰანსკის ოლქში, ლიმანში, ივანჰრადში, სოლედარში, ნოვოკალინოვეში, ოზარიანივკაში, ოდრადივკასა და პერვომაისკეში დონეცკის ოლქში.
მტერმა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს დაარტყა. კერძოდ, კუპიანსკის ხარკივის ოლქში, ბახმუტს, ოდრადივკას, მარინკას, ზელენოპილიას დონეცკის ოლქში, ასევე ზაპოროჟიეს და ნოვოვოსკრესენკეს ხერსონის ოლქში,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.