Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • თიბისი სრულ მზადყოფნაშია საგანგებო მდგომარეობისას მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწოდოს სერვისები

    თიბისი სრულ მზადყოფნაშია საგანგებო მდგომარეობისას მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწოდოს სერვისები

    თიბისი სრულ მზადყოფნაში ხვდება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი უწყვეტ რეჟიმში და შეუზღუდავად აგრძელებს მათთვის საბანკო სერვისების მიწოდებას, როგორც დისტანციური არხების, ისე ფილიალების, სერვისცენტრების და სატელეფონო ცენტრის საშუალებით.

    თიბისის 110-ზე მეტი ფილიალი მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის წესების შესაბამისად მოემსახურება (ფილიალების მუშაობის განახლებული გრაფიკი იხილეთ ბმულზე – http://bit.ly/TBCservicecenters). მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ფილიალებს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატიურად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად უტარდება

    თიბისის დისტანციური სერვისების, ინტერნეტ და მობაილბანკის გამოყენებით შესაძლებელია საბანკო ოპერაციებისა და ტრანზაქციების უმეტესობის დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე განხორციელება. თიბისიში შესრულებული ოპერაციების 93%-ზე მეტს მომხმარებლები დისტანციური მომსახურების არხებით ახორციელებენ.

    შეუფერხებლად ფუნქციონირებს თიბისის 600-მდე ბანკომატი და 3500 სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მთელი საქართველოს მასშტაბით. გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს თიბისის ცხელი ხაზი.

    თიბისის გადაწყვეტილებით, მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ინტერნეტ და მობაილბანკში შესაძლებელია გაუმჯობესებლი პირობებით სარგებლობა:

    · 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციაზე (ნებისმიერ ვალუტაში სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე, კომუნალურების გადახდაზე, მობილურის შევსებაზე);

    · პინის გარეშე გადახდის ლიმიტი 100 ლარამდე გაიზარდა და თიბისის ნებისმიერი უკონტაქტო გადახდის მეთოდით არის ხელმისაწვდომი;

    · გაუმჯობესებული სავალუტო კურსი;

    · 1%-ით გაზრდილი წლიური სარგებელი ლარში ანაბრის გახსნისას;

    · ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე;

    · ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა, პინის აღდგენა;

    · სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.

    თიბისიმ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს და ასევე, ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდი შესთავაზა.

    თიბისი მოუწოდებს მომხმარებლებს, მათი უსაფრთხოებისთვის, ფილიალებში მისვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

    თიბისი აგრძელებს პარტნიორებთან ერთად მუშობას და არსებული გამოწვევის ფონზე, ბიზნესებისა და ადამიანებისთვის, მათი საჭიროებიდან გამომდინარე გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას.

  • თიბისი სესხების გადავადების პროცედურას 24 მარტის ჩათვლით ახანგრძლივებს

    თიბისი სესხების გადავადების პროცედურას 24 მარტის ჩათვლით ახანგრძლივებს

    თიბისი საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით პროცედურებს 24 მარტის ჩათვლით აგრძელებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი უარი სესხების საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით თიბისის დისტანციური არხებით (ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სმს, ქოლცენტრი) 24 მარტის ჩათვლით დააფიქსირონ.

    თუ არ გსურთ სესხზე შეღავათის გააქტიურება, გამოაგზავნეთ „7“ ბანკისგან მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხად, ან მოიწერეთ ინტერნეტ ან მობაილ ბანკის შეტყობინებებში ან დარეკეთ 032 2272727-ზე.

    ხოლო ისინი, ვისაც სურს ისარგებლოს სესხების გადავადებით, ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამაში, სესხის ახალი გრაფიკი კი, გამოუჩნდებათ ინტერნეტბანკში.

    შეღავათი ეხება იპოთეკურ სესხებს, სამომხმარებლო სესხებს, სასწრაფო სესხებს, ავტო სესხებს, განვადებას, საკრედიტო ბარათებს, ოვერდრაფტებს, ლომბარდს, სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხებს.

    შეგახსენებთ, რომ სესხებზე საშეღავათო პერიოდის ჩართვის გადაწყვეტილება თიბისიმ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა მსხვილ ბიზნესს, რომელიც ტურისტულ და კვების ინდუსტრიაში საქმიანობს.

  • ინკასო ტელევიზიებს ავტომატურად დაედოთ, ისინი გამონაკლისები არ არიან- მაჭავარიანი

    ინკასო ტელევიზიებს ავტომატურად დაედოთ, ისინი გამონაკლისები არ არიან- მაჭავარიანი

    ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი მთავარი არხისა და ტელეკომპანია პირველის ანგარიშებზე ინკასოს დადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ ინკასო ავტომატურად დაედოთ და გამონაკლისები არ არიან.

    ,,სხვა ყველა დანარჩენი სფერო ჩვეულებრივად, ავტომატურად ფუნქციონირებს და შესაბამისად, ინკასოს დადებაც ავტომატურად ხდება. ამიტომ, ტელევიზია ან ნებისმიერი სხვა კომპანია გამონაკლისს არ წარმოადგენს.” – ამბობს მაჭავარიანი.

    მისი განმარტებით, კრიზისის დროს მთავრობამ შეღავათები შესთავაზა მხოლოდ იმ სექტორს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდებოდა, სხვა სექტორებზე კი ეს არ ვრცელდება.

    დღეს, 20 მარტს ინკასოს დადების შესახებ განაცხადეს ,,ტელეკომპანია პირველმა” და ,,მთავარმა არხმა”.

  • თიბისი რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას დროებით აჩერებს

    თიბისი რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას დროებით აჩერებს

    მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, თიბისი ურჩევს მომხმარებლებს მაქსიმალურად გამოიყენონ დისტანციური არხები, რომლითაც თითქმის ყველა საბანკო სერვისის მიღება შეუძლიათ.

    20 მარტიდან, თიბისი დროებით აჩერებს მხოლოდ რამდენიმე სერვისცენტრის მუშაობას. დაიხურება ის სერვისცენტრები, რომლებიც ხალხმრავალ ადგილებში – სავაჭრო ცენტრებში და სასამართლოში მდებარეობს, ასევე, იუსტიციის სახლში.

    ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას თიბისის ფილიალები მთელი საქართველოს მასშტაბით.

    თიბისი მოუწოდებს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური არხებით.

    ინფორმაცია სერვისცენტრების და ფილიალების მუშაობის გრაფიკის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
    http://bit.ly/33sPlo1

  • პრემიერი ეკონომიკურ გუნდს ავალებს ეკონომიკის სტიმულირებისთვის კონკრეტული წინადადებები წარმოადგინონ

    პრემიერი ეკონომიკურ გუნდს ავალებს ეკონომიკის სტიმულირებისთვის კონკრეტული წინადადებები წარმოადგინონ

    პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, რომ მათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

    ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დამატებით განსაზღვრული ახალი გეგმები, ახალი სტიმულირების პაკეტის შემუშავება ბიზნეს და საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ კორონავირუსის გამოწვევას ეფექტურად გაუმკლავდნენ.

    „პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, რომ მათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში. დამატებით უნდა განისაზღვროს ახალი გეგმები და ახალი სტიმულირების პაკეტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს გაუმკლავდნენ კორონავირუსის გამოწვევას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

  • ბილ გეიტსი: სწორი მოქმედებით, ქვეყნები 6-10 კვირაში აღადგენენ რეჟიმს

    ბილ გეიტსი: სწორი მოქმედებით, ქვეყნები 6-10 კვირაში აღადგენენ რეჟიმს

    Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი კორონა ვირუსის პირობებში მოსახლეობას თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს, თუ როგორ უნდა მოემზადონ ქვეყნები უკეთესი შედეგებისა და სტრატეგიისთვის ვირუსთან ბრძოლაში. ის ასევე საუბრობს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობამ.

    Reddit-ის ფორუმზე მან საზოგადოებას მოუწოდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. ფორუმში მონაწეილეებმა მას ჰკითხეს, თუ რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს პანდემიამ და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს არსებული, არაორდინალური სიტუაცია. ამ კითხვაზე ბილ გეიტსმა თქვა, რომ “თუ ქვეყანა კარგად მოქმედებს ტესტირების, იზოლაციის კუთხით, მაშინ 6-10 კვირაში ისინი დაინახავენ, რომ მხოლოდ დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა აქვთ და კვლავ აღადგენენ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას“.

    საგულისხმოა, რომ ბილ გეითსი დიდი ხანია ჩართულია ჯანდაცვის საკითხების გადაჭრით მთელს მსოფლიოში. “ბილ და მელინდა გეითსის ფონდი” ქველმოქმედებას ეწევა და ჯანდაცვის გამოწვევებთან გასამკლავებლად, აფრიკის ქვეყნების დახმარებითაა დაკავებული.

    “სწორი მოქმედებებით, მათ შორის, ტესტირებებით და სოციალური დისტანცირებით 2-3 თვეში მდიდარი ქვეყნები შეძლებენ თავიდან აიცილონ ინფექციის მაღალი დონე. განვითარებად ქვეყნებს რაც შეეხება, ძალიან ვწუხვარ ეკონომიკური ზიანის გამო. თუმცა, კიდევ უფრო უარესი იქნება ის, რომ პანდემიამ შეიძლება უფრო მეტად იმოქმედოს განვითარებად ქვეყნებზე, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ სოციალური დისტანცირება ისე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია შესაძლებელი და იქ, სადაც საავადმყოფოების შესაძლებლობები გაცილებით დაბალია“ – აღნიშნა ბილ გეითსმა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • მსოფლიოს ლიდერები პანდემიით გამოწვეული  ფინანსური კრიზისის შესაკავებლად საგანგებო ზომებს მიმართავენ

    მსოფლიოს ლიდერები პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის შესაკავებლად საგანგებო ზომებს მიმართავენ

    კორონავირუსის პანდემიის გამო, ინვესტორებმა ყველგან დიდი რაოდენობით აქტივები გაყიდეს. ამ ფონზე, ხუთშაბათს, მსოფლიოს ფინანსურმა ლიდერებმა სცადეს ნდობის ამაღლება ისეთი საგანგებო ზომებით, როგორიც პანიკით მოცულ ფინანსურ ბაზრებზე ფულის დიდი ინექცია იყო.

    შეერთებული შტატების, ევროპის და აზიის პოლიტიკურმა ლიდერებმა საპროცენტო განაკვეთები შეკვეცეს. ასევე, კარანტინში მყოფი მომხმარებლების, მომარაგების დარღვეული ხაზების, პარალიზებული ტრანსპორტის და დაცლილი მაღაზიების გამო, თითქმის კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩენილი ეკონომიკების დასტაბილურებისთვის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფინანსურ რეზერვებს ხსნიან.

    იმ დროს, როდესაც ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალურმა ბანკებმა მსგავს სტრატეგიას მიმართეს, ბაზრები და ქვეყნები, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის კინკლაობამ კიდევ უფრო მეტად შეაშფოთა.

    ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 750 მილიარდი ევროს ღირებულების ფასიანი ქაღალდების შესყიდვა დაიწყო, რათა თავიდან აიცილოს რეცესია, რომელიც შესაძლოა 2008-09 წლების ფინანსურ კრიზისზე უფრო მძიმე აღმოჩნდეს.

    შეერთებულ შტატებში, ფედერალურმა რეზერვმა, ორი დღის განმავლობაში მესამე საგანგებო საკრედიტო პროგრამა აამოქმედა, რათა 3.8 ტრილიონი დოლარის მოცულობის საკრედიტო ბაზრის მუშაობა უწყვეტად გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორები საკუთარ თანხებს ბაზრიდან სწრაფად გაიტანენ.

  • თიბისი ბიზნესისთვის და Vendoo.ge-ს ერთობლივი ინიციატივა   ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად

    თიბისი ბიზნესისთვის და Vendoo.ge-ს ერთობლივი ინიციატივა ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად

    ელექტრონული კომერციის პლატფორმა – Vendoo.ge-ს და თიბისი ბიზნესისთვის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მეწარმეებს, რომლებიც ქართული პროდუქციის რეალიზებას Vendoo-ს პლატფორმით ახორციელებენ, საკომისიო გადასახადი ერთი თვის განმავლობაში მინიმუმამდე შეუმცირდებათ.

    გადაწყვეტილება კომპანიებმა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მეწარმეების მხარდასაჭერად და მათი ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად მიიღეს.

    ინიციატივის ფარგლებში, მეწარმეები, რომლებიც ქართულ პროდუქტს აწარმოებენ და Vendoo.ge-სთან თანამშრომლობენ, საკომისიო გადასახადი ავტომატურად შეუმცირდებათ. ხოლო ისინი, ვინც ონლაინ პლატფორმაზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის განთავსებას უახლოეს მომავალში გეგმავენ, შეღავათიანი ტარიფით სარგებლობასთან ერთად, ვებგანთავსებისთვის საჭირო ფოტოგადაღების სერვისს და ვიზუალურ მასალას ისევ უსასყიდლოდ მიიღებენ.

    Vendoo.ge-ზე რეგისტრაცია ბიზნესების წარმომადგენლებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: www.merchant.vendoo.ge .

    Vendoo.ge ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს და მომწოდებლებს ერთმანეთთან აკავშირებს მთელი საქართველოს მასშტაბით. Vendoo-ს მიზანია, გაამარტივოს პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მიაწოდოს პროდუქტი და შესთავაზოს მათ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.

  • იაპონელი ავტომწარმოებლები ეპიდემიის გამო ევროპასა და აზიაში ქარხნებს ხურავენ

    იაპონელი ავტომწარმოებლები ეპიდემიის გამო ევროპასა და აზიაში ქარხნებს ხურავენ

    იაპონელმა ავტომწარმოებლებმა განაცხადეს, რომ დროებით კეტავენ ევროპასა და აზიაში მდებარე საავტომობილო ქარხნების უმრავლესობას, რადგან კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყნებმა გამოსცეს მითითებები არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიზნესების ოპერირების შეჩერების შესახებ.

    სულ უფრო მეტი მსოფლიო ავტომწარმოებელი ხურავს ქარხნებს, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ,  კორონავირუსის აფეთქების გამო ხელისუფლებების მიერ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიზეზით,  რის გამოც კომპანიები მომარაგების ქსელის მოშლას ელიან.

    Toyota Motor Corp–მა განაცხადა, რომ შეაჩერა დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ქარხნების მუშაობა ოთხშაბათიდან, შაბათიდან კი მუშაობას შეწყვეტს თურქეთში მდებარე ქარხანა.

    Nissan Motor Co–მ განაცხადა, რომ შეწყვიტა მანქანების გამოშვება ესპანეთის ორ ქარხანაში და ბრიტანეთში მდებარე ერთ ქარხანაში, Honda Motor Co–მ კი განაცხადა, რომ დროებით დახურა ყველა სადილერო ცენტრი იტალიაში, სადაც ვირუსით დაინფიცირების მაშტაბები ყოველდღიურად იზრდება.

    Toyota–მ განაცხადა, რომ მისი ქარხანა ფილიპინებში აპრილის შუა რიცხვებამდე მუშაობას შეწყვეტს, მალაიზიური ქარხანა კი მარტის ბოლომდე დაიხურება. ამ ქვეყნებში წარმოება შეაჩერა Honda–მაც.

    ოთხშაბათს ევროპული ქარხნების მუშაობა 10 დღით შეაჩერა Volkswagen AG–მ და განაცხადა, რომ ვირუსის გავრცელება მისი მიწოდების ქსელს შეაფერხებს.

    ტოიოტა, ნისანი და ჰონდა აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც ერთ–ერთი მსხვილი საწარმოო ბაზაა, მუშაობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ს და კანადის ხელისუფლებები კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადაადგილების შეზღუდვებს აწესებენ.

  • აზიის განვითარების ბანკი კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ 6.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს

    აზიის განვითარების ბანკი კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ 6.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს

    აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 6.5 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ წევრი განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად. „ეს პანდემია მთავარ გლობალურ კრიზისად იქცა და მძლავრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე,” — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. — „ჩვენს განვითარებად წევრ ქვეყნებთან ერთად, ვადგენთ აგრესიული ნაბიჯების გეგმას პანდემიის დასამარცხებლად, რათა დავიცვათ რეგიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ღარიბი და მოწყვლადი ნაწილი და უზრუნველვყოთ ეკონომიკის სწრაფი დაბრუნება ჩვეულ კალაპოტში. ჩვენს წევრებთან და პარტნიორ ინსტიტუტებთან დახურული მოლაპარაკების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება 6.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რათა დავაკმაყოფილოთ წევრი ქვეყნების გადაუდებელი საჭიროებები.“– ამბობს ის.