Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • საქართველოს სავალუტო რეზერვები მარტში 38,5 მილიონი დოლარით შემცირდა

    საქართველოს სავალუტო რეზერვები მარტში 38,5 მილიონი დოლარით შემცირდა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 31 მარტის მდგომარეობით ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში $100-მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სავალუტო ინტერვენციების განხორციელების მიუხედავად, ქვეყნის სავალუტო რეზერვების შემცირებამ მხოლოდ $38,5 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც ნიშნავს, რომ ინტერვენციებით რეზერვების შემცირება ნაწილობრივ სხვა ფულადმა ტრანზაქციებმა დააბალანსეს.

    ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $3.399 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. იანვართან შედარებით, ‘რეზერვის მოცულობა $82 მილიონით არის შემცირებული, წლიურ ჭრილში კი მისი შემცირება $77,5 მილიონს შეადგენს.

    მას შემდეგ, რაც მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დაამთავრებენ მოლაპარაკებებს, სავალუტო რეზერვების მოცულობა კიდევ რამდენიმე ასეული მლნ დოლარით შეივსება.

    რა არის სავალუტო რეზერვი?

    სავალუტო რეზერვები ქვეყნის ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. ეს არის თანხა, რომელსაც კრიზისების, საშინაო თუ საგარეო შოკების დროს, ეკონომიკისთვის ბუფერის როლის შესრულება შეუძლია. სავალუტო რეზერვების მოცულობა ამასთანავე ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია – თუ მისი მოცულობა ეკონომიკის ზომასთან მიმართებით არის ადეკვატური, ეს ინვესტორებისა და საერთაშორისო კრედიტორებისთვის ნათელი სიგნალია, რომ ქვეყანაში საქმიანობა შედარებით დაბალ რისკებთან არის დაკავშირებული.

     

    წყარო: BM.GE

  • კორონავირუსი მსოფლიოს დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩაძირავს

    კორონავირუსი მსოფლიოს დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩაძირავს

    კორონავირუსი მსოფლიოში ყველაზე ღრმა ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, რომლის მსგავსი  პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის არსებული დიდი დეპრესიის შემდეგ აღარ ყოფილა. ის სწრაფად და ადვილად დაჩრდილავს ათი წლის წინანდელ ფინანსურ კრიზისს და უკეთეს შემთხვევაში პლანეტა მხოლოდ მომავალ წელს შეძლებს მდგომარეოიდან გამოსვლას, მანამდე კი 9 ტრილიონ დოლარს იზარალებს.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თანამედროვეობის ისტორიაში პირველად გადახედა პროგნოზებს ასეთ მოკლე ვადაში: ჯერ კიდევ შემოდგომაზე ის 2020 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის მინიმუმ 3 პროცენტით ზრდას პროგნოზირედა, ახლა კი დარწმუნებულია, რომ სამ პროცენტიანი ზრდა კი არა, სამპროცენტიანი შემცირებაა მოსალოდნელი.

    “ამჟამინდელ კრიზისს ნამდვილად პლანეტარული მაშტაბები აქვს. ვერცერთი ქვეყანა მას ვერ გადაურჩება. დიდი დეპრესიის შემდეგ პირველად რეცესიაში აღმოჩნდებიან როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკები“– ამბობს ფონდის მთავარი ეკონომისტი გიტა გოპლინატი.

    მან სამშაბათს ახალი კრიზისის შედეგების პროგნოზი წარმოადგინა, რომელსაც ასე ჰქვია: დიდი კარანტინი (Great Lockdown). წინა კრიზისს დიდი რეცესია დაარქვეს, თუმცა 2009 წელს მსოფლიოს მთლიანი მშპ ერთი პროცენტითაც კი არ შემცირებულა.

    სავალუტო ფონდის პროგნოზი ოპტიმისტურ სცენარს ეფუძნება – თუ გლობალური პანდემია სწრაფად დასრულდება. თუ დაავადების პიკი ქვეყნების უმეტესოობაში ზაფხულისთვის გავლილი იქნება, წლის მეორე ნახევარში კი ვირუსი უკან დაიხევს და კარანტინი თანდათანობით მოიხსნება, მაშინ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა წელს 6%–ით შემცირდება, განვითარებადი ქვეყნებისა კი 1%–ით.

    დიდი დეპრესიის წლებში, თითქმის ასი წლის წინ განვითარებულმა ქვეყნებმა მთლიანი შიდა პრდუქტის 16% დაკარგეს, მთლიანობაში კი მსოფლოის მშპ მაშინ 10%–ით შემცირდა. აქამდე საქმე ამჯერად არ მივა,  და სავალუტო ფონდს იმედი აქვს, რომ მომავალ წელს გლობალური ეკონომიკა 5.8%–ით გაიზრდება.

    თუმცა ეს საკმარისი არ იქნება ყველა დანაკარგის კომპენსაციისთვის და 2021 წელს მსოფლიოში იმაზე ნაკლები ფული იქნება, ვიდრე ვირუსამდელ პერიოდში ვარაუდობდნენ, ვალები კი ბევრად მეტი.

    ეს გაზრდის ზეწოლას ყველა ქვეყნის ბიუჯეტზე, რომლებიც სამედიცინო სფერომ ისედაც დააზარალა. საგადასახადო შემოსავლები შემცირდება, რადგან ბევრი მოქალაქე და კომპანია გაკოტრდება, ეკონომიკური აქტივობა ჩაქრება, მთლიანი შიდა პროდუქტი კი საშუალოდ 5%–ით ნაკლები იქნება. ანუ, ორი წლის მანძილზე პლანეტა 9 მილიარდ დოლარს დაკარგავს.

    ნორმალურ სიტუაციაში იმისათვის, რომ გადასახადების გაზრდა არ მოუწიოთ და საქმიანი აქტივობის ეღდგენას ხელი არ შეუშალონ სახელმწიფოები ხარჯებს ამცირებენ, თუმცა ეს ის შემთხვევა არ არის – გვაფრთხილებს სავალუტო ფონდის მთავარი ეკონომისტი.

    ყველა ქვეყნის ხელისუფლებას უპრეცედენტო ხარჯების გაღება მოუწევს – თავიდან კრიზისის შესამცირებლად, შემდეგ კი აღდგენისთვის.

    “ანტიკრიზისული ზომები ნაციონალურ და საერთაშორისო დონეებზე მაშტაბური და დაუყოვნებელი უნდა იყოს და პოლიტიკა ოპერატიულად უნდა გადაეწყოს მუდმივად განახლებად მონაცემებზე“ – ამბობს გიტა გოპინატი და პოლიტიკოსებს და ჩინოვნიკებს სთავაზობს ისწავლონ სითამამე და თავდადება მედიკოსებისგან, რომლებიც ამ კრიზისის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ.

     

    სახელმწიფო დახმარების შეწყვეტა კორონაკრიზისის შეკავების ფაზის დასრულებამდე არ შეიძლება, რათა ინვესტიციების ჩამოშლამ და დასაქმების კატასტროფულმა შემცირებამ რაც შეიძლება ნაკლები შრამი დატოვოს მსოფლიო ეკონომიკის სხეულზე – ამბოს ფონდის მთავარი ეკონომისტი.

    თუმცა ყველა პროგნოზი ფანტაზია აღმოჩნდება, თუ ვირუსი ოპტიმისტურ სცენარში არ ჩაჯდა და ზაფხულამდე უკან არ დაიხია.

    კარანტინის გაგრძელება გარდაუვალი გახდება, დათრგუნული საქმიანი და სოციალური აქტივობა უკვე ფინანსურ კრიზისს გამოიწვევს, გლობალური წარმოების ჯაჭვები დაშლას განაგრძობენ, ტურისტები არსად არ წავლენ, თვითმფრინავები ვერ იფრენენ.

    ამ შემთხვევაში მსოფლიო ეკონომიკის ვარდნა მიმდინარე წელს ორჯერ უფრო ღრმა იქნება, ვიდრე სამშაბათს წარმოდგენილ პროგნოზშია. და თუ პანდემია 2021 წელსაც გაგრძელდება, არანაირ აღდგენაზე საუბარიც კი აღარ შეიძლება.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ ასეთ შემთხვევაში მსოფლიო რეცესიაში დარჩება და საბაზო პროგნოზზე კიდევ 8%–ით ნაკლები მშპ ექნება. ანუ 9 ტრილიონი დოლარის ნაცვლად, რომელიც წინასწარი გათვლებით პანდემიისგან დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკის აღდგენას ჭირდება, ამ საქმეს უკვე ათეულობით ტრილიონი დოლარი დაჭირდება.

  • საკურიერო მომსახურების ახალი კომპანიის –   „მიმოს“ და „სტარტაპერის“  ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს

    საკურიერო მომსახურების ახალი კომპანიის – „მიმოს“ და „სტარტაპერის“ ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს

    თიბისიშენთვის  ფარგლებში, პროგრამა „სტარტაპერი“ და საკურიერო მომსახურების ახალი კომპანია „მიმო“ დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ერთობლივ ინიციატივას სთავაზობენ.

    შეთავაზების ფარგლებში, პირველი  100 სტარტაპი, რომელიც „მიმოს“ მომხმარებელი გახდება,  საკურიერო მომსახურებას 1 თვის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

    საკურიერო მომსახურების ციფრული კომპანია  „მიმო“, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას,  შეკვეთის ონლაინ რეჟიმში კონტროლსა და  სწრაფი მიწოდების სერვისს სთავაზობს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე, „მიმოს“ მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ბიზნესებისთვისაა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კომპანიის სერვისების მიღებას უკვე ფიზიკურ პირებიც შეძლებენ.

    „მიმოს“ გუნდს 100 თანამშრომელი ქმნის. კომპანია 8 საფოსტო ოფისსა და 4 ტერმინალს აერთიანებს  მთელი საქართველოს მასშტაბით.

    „მიმოს“  შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის  –  032 2 050799; 032 2 050798,  ასევე ელექტრონული ფოსტის: [email protected] საშუალებით. უახლოეს მომავალში ამოქმედდება კომპანიის ვებ-გვერდიც.

  • აზიის განვითარების ბანკი კოვიდ-19-ის საპასუხო პაკეტს 20 მილიარდ  დოლარამდე ზრდის

    აზიის განვითარების ბანკი კოვიდ-19-ის საპასუხო პაკეტს 20 მილიარდ დოლარამდე ზრდის

    დღეს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გაასამმაგა ახალი კორონავირუსის პანდემიის (კოვიდ-19) საპასუხო პაკეტი და დაამტკიცა საოპერაციო ცვლილებები, რაც ბანკს დახმარების უფრო სწრაფად და მოქნილად გაწევის საშუალებას მისცემს.

    აღნიშნული პაკეტი ADB-ის მიერ 18 მარტს გამოცხადებული 6.5 მილიარდი აშშ დოლარის საწყისი დახმარების გაგრძელებას წარმოადგენს და მას 13.5 მილიარდი აშშ დოლარის რესურსით ავსებს, რაც ADB-ის განვითარებად წევრ ქვეყნებს კოვიდ-19-ით შექმნილი მწვავე მაკროეკონომიკური  და ჯანდაცვის  გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება.

    ოცმილიარდიანი პაკეტიდან 2.5 მილიარდი შეღავათიან სესხებსა და გრანტებზე მოდის.

    „ეს პანდემია მძიმე დარტყმას აყენებს ეკონომიკურ, სოციალურ და განვითარების მიღწევებს აზიასა და ოკეანეთში, ამუხრუჭებს სიღარიბის შემცირების პროცესს და ეკონომიკებს რეცესიას უქადის,“ — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. — „გაზრდილი, ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი, რომლის დამტკიცება ჩვენი დირექტორთა საბჭოს მტკიცე მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, უფრო სწრაფად, მოქნილად და ქმედითად იქნება მიწოდებული ჩვენი განვითარებადი წევრი ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის, რათა მათ პანდემიითა და ეკონომიკური დაღმასვლით გამოწვეული პრობლემების დაუყოვნებლივ გადაჭრაში დაეხმაროს.“

    ADB-ის ბოლო, 3 აპრილს გამოქვეყნებული შეფასება პანდემიის გლობალურ ზარალს მშპ-ს 2.3% და 4.8% შორის ვარაუდობს. არსებული პროგნოზით რეგიონული ზრდა 2020 წელს შარშან ნავარაუდევი 5.2%-დან 2.2%-მდე შემცირდება.

    ახალი პაკეტი მოიცავს კოვიდ-19-ის პანდემიის საპასუხო ქვე-პროგრამას ADB-ის ანტიციკლური დახმარების პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული ახალი ქვე-პროგრამით 13 მილიარდ აშშ დოლარამდე დახმარების მიწოდება გახდება შესაძლებელი განვითარებადი ქვეყნების მთავრობებისთვის, კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგების შერბილებისთვის ეფექტური ანტიციკლური ხარჯვითი პროგრამების შესამუშავებლად, რაც კონკრეტულად მიმართული იქნება მოსახლეობის ღარიბი და მოწყვლადი ნაწილის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. საგრანტო რესურსი კვლავაც გამოიყოფა სწრაფი სამედიცინო და პირადი დამცავი აღჭურვილობის და სახარჯი მასალის შესაძენად გაფართოებული შესყიდვების რესურსებიდან.

    ოცმილიარდიანი პაკეტიდან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი კერძო სექტორისთვისაა განკუთვნილი. სესხები და საბანკო გარანტიები ფინანსურ ინტიტუტებს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების გასაახლებლად მიეცემათ. გაზრდილი მიკროსაფინანსო სესხები, გარანტიები და პროგრამები გამოეყოფათ ფინანსური სახსრების საჭიროების მქონე მცირე და საშუალო, მათ შორის ქალების მიერ მართულ საწარმოებს იმ კომპანიების პირდაპირი დაფინანსების პარალელურად, რომლებიც კოვიდ-19-თან ბრძოლის საშუალებებს აწარმოებენ, ან პანდემიის შედეგად დაზარალდნენ.

    საპასუხო პაკეტი შეიცავს რამდენიმე შესწორებას ბანკის პოლიტიკასა და ბიზნეს პროცესში, რაც ADB-ის საშუალებას მისცემს კრიზისს უფრო სწრაფად და მოქნილად უპასუხოს. ეს მოიცავს შიდა პროცესის დაჩქარებას, სხვადასხვა დახმარების არეალის გაფართოებას და მეტად ინდივიდუალურად მორგებულ სასესხო პირობებს.

    გაზრდილი პაკეტით გათვალისწინებული სრული დახმარება საერთაშორისოორგანიზაციებთან ახლო თანამშრომლობით განხორციელდება მათ შორისაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკის ჯგუფი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, UNICEF და გაეროს სხვა სააგენტოები, ფართო გლობალურ საზოგადოებასთან ერთად.

    ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებსმუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

  • რა უნდა გაკეთდეს კრიზისის პერიოდში -5 რეკომენდაცია ბიზნესგაერთიანებებისგან ხელისუფლებას

    რა უნდა გაკეთდეს კრიზისის პერიოდში -5 რეკომენდაცია ბიზნესგაერთიანებებისგან ხელისუფლებას

    საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესგაერთიანება: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, მთავრობას საკუთარ გაერთიანებებში გაწევრიანებული კომპანიების სახელით მიმართავს და მას იმგვარი ნაბიჯების გადადგმას მოუწოდებს.

    “მივესალმებით მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმის დაანონსებას. თუმცა, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ გლობალურად მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი ქვეყანა იმყოფება ურთულეს ვითარებაში და შეუძლებელია ეკონომიკური პროცესის პროგნოზირება და კრიზისის დასრულების ვადების განსაზღვრა.

    საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა გადაიდგას თამამი, კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯები იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა არ აღმოჩნდეს კატასტროფის წინაშე.დღეს სწრაფი და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროა, ყოველი დღე ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს.

     

    შესაბამისად, გრძელვადიანი გეგმური მოქმედებების გაწერასთან ერთად, აუცილებელია ყოველდღიურ გამოწვევებზე მყისიერი და ხისტი პასუხები. აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს შეუნარჩუნდეს ის აუცილებელი რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ არ გამოეთიშონ ეკონომიკურ პროცესს.ეპიდემიის მასშტაბების შემცირებასთან ერთად კი, დროთა განმავლობაში, სრულად აღიდგინონ სტაბილური ფუნქციონირების რეჟიმი და შესაბამისად, საქართველოს ეკონიმიკაც სწრაფად დაუბრუნდეს საწყის მყარ პოზიციებს.ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ კრიზისის პერიოდში მთავრობის მიერსასწრაფოდ გადასადგმელ აუცილებელ კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალს.რეკომენდაციები ჩამოყალიბდა ჩვენს გაერთიანებებში შემავალ კომპანიებთან კონსულტაციების შედეგად.

    ეჭვგარეშეა, რომ მათ, კონკრეტული დარგების წარმომადგენლებმა, დღეს ყველაზე კარგად იციან ბიზნესის ფუნქციონირების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის საფინანსო ვალდებულებების (ბიუჯეტისა და საკრედიტო ინსტიტუტების მიმართ) თუ უშუალოდ საოპერაციო პროცესში ჩართულობის კუთხით, რა გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რომ არ მოხდეს შემდგომ პერიოდში სუტუაციის მკვეთრად დამძიმება.

     

    რეკომენდაციები

     

    • სასწრაფოდ გაუქმდეს ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფანი, როგორც დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად;

     

    • დღგ-ს გადახდის ვალდებულება დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც იძლევა საშუალებას მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს. აუცილებელია აღდგეს ე.წ. ოქროს სიის პრინციპი, მხოლოდ, აქამდე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ ეს წესი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე;

     

    • შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, 6 თვის ვადით;

     

    • შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა, ასევე 6 თვის ვადით;

     

    • ქონების გადასახადის ივნისში გადახდის ვალდებულება გადავადდეს 6 თვის ვადით.

     

    ყველა ღონისძიება, ცხადია, ატარებს დროებით ხასიათს. აღნიშნულიდან პირველი ორი საკითხი მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ბიზნეს-ოპერატორებმა ჯერ კიდევ სტაბილური ეკონომიკის პირობებში შეკვეთილი ნედლეული თუ სხვა პროდუქცია მიიღეს ახლა, კრიზისის და გართულებული ეკონომიკური ოპერირების დროს.

     

    შესაბამისად, უაღრესად პრობლემურია, და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, ზემოაღნიშნული საბაჟო დერეფნებისა და დღგ-ს მყისიერად გადახდის მოთხოვნის პირობებში ფულადი სახსრების მობილიზება.ეს კი იწვევს კანონით განსაზღვრულ სანქციებს, ინკასოებსდაჯარიმებებს და რაც მთავარია, საქონლის საბაჟო სივრცეში დაყოვნებას.შესაბამისად, კომპანიების უმეტესობა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საჭირო პროდუქტებით მომარაგებაზე და შემდგომ, მთლიანად ეკონომიკაზე.

     

    მე-3, მე-4 და მე-5 საკითხები კი პირდაპირ კავშირშია მოქმედი ბიზნეს-სუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან, რაც კრიზისულ ვითარებაში ასევე სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.აქ, ბუნებრივია, თავად კომპანიებმაც უნდა აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა.მოვუწოდებთ მთავრობას სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რათა ერთიანი ძალისხმევით დავძლიოთ დღევანდელი კრიზისი და ასევე, უზრუნველვყოთ პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება.

     

    გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს აღნიშნულ მოთხოვნებს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემების წარმოქმნა ქვეყნის ეკონომიკაში აქედან გამომდინარე ყველა უარყოფითი შედეგებით”, – ნათქვამია ბიზნესგაერთიანებების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტები ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებენ“–გია ხუხაშვილი ეკონომიკური უსაფრთხოების გეგმას აქვეყნებს

    “თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტები ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებენ“–გია ხუხაშვილი ეკონომიკური უსაფრთხოების გეგმას აქვეყნებს

    ექსპერტი გია ხუხაშვილი იმ ნაბიჯების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც მისი აზრით ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად უნ და გადაიდგას.
    “ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საგზაო რუქა“ –ასე უწოდებს ხუხაშვილი გეგმას, რომელიც მისი თქმით სქემატურ ხასიათს ატარებს, მოცემულია მხოლოდ მოქმედების ალგორითმი, რომელიც საჭიროებს შემდგომ დეტალიზაციას.
    ექსპერტის მიერ ჩამოთვლილი ნაბიჯები კი ასეთია:
    ნაბიჯი 1. ამოცანის დასმა
    ა) მოხდეს ე.წ. „კრიტიკული სამომხმარებლო კალათის“ შედგენა.
    აქ საუბარია საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების სიის ფორმირებაზე, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მოსახლეობის მინიმალური უზრუნველყოფისთვის.
    ბ) განისაზღვროს კალათის საერთო მოცულობა პოზიციების მიხედვით წლიური მოხმარების შესაბამისად.
    გ) განისაზღვროს იმპორტის წილი პოზიციების მიხედვით.
    მოცანა მდგომარეობს შემდეგში – გ) პუნქტში მიღებული პროდუქციის საქართველოში წარმოების ორგანიზება მინიმუმ იმ მოცულობებით, რაც შეავსებს ბ) პუნქტში მოცემულ მოცულობებს.
    ნაბიჯი 2. ძირითადი სამოქმედო მიმართულებები
    ა) აგრარული მეურნეობები, მეცხოველეობის ფერმები, მეფრინველეობის ფაბრიკები, პირველადი ნედლეულის მოპოვება და/ან წლიური რეზერვების ფორმირება.
    ბ) ლოგისტიკა – შესაბამისი პროდუქციის ტრანსპორტირება, დაფასოება, შეფუთვა, შენახვა.
    გ) შესაბამისი სიმძლავრის კვების გადამამუშავებელი და პირველადი მოხმარების საგნების ინდუსტრიის მშენებლობა კონკურენტული, უახლესი ტექნოლოგიური სტანდარტებით.
    ნაბიჯი 3. პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება სამოქმედო მიმართულებებზე 3-5 წლის განმავლობაში, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი კონკურენტუნარიან სისტემებად ჩამოყალიბება.
    ა) პირდაპირი და არაპირდაპირი (საგადასახადო) ფინანსური სტიმულირება.
    ბ) ეკონომიკური საზღვრის კონტროლის გამკაცრება
    გ) ზოგიერთ შემთხვევებში მოკლევადიანი სუფსიდირება, კონკურენტუნარიანობის წერტილის მიღწევამდე.
    დ) მიწის ფონდის მართვის ოპტიმიზაცია მისი სრულად ათვისების მიზნით, სასურსათო
    უსაფრთხოების ამოცანების შესაბამისად.
    კონკრეტულ ნაბიჯებზე რეკომენდაციებს შემდგომში შემოგთავაზებთ.
    P.S. ვთხოვ თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტებს, ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებენ. ჩვენ შევაბიჯეთ ახალ სამყაროში, რომელშიც მათ მიერ დაზუთხულ ლიტერატურაზე დამყარებული რწმენა გამოუსადეგარია“.– წერს ხუხაშვილი.-
  • უპრეცედენტო ფინანსური პაკეტი ევროპის ქვეყნების დასახმარებლად დამტკიცებულია

    უპრეცედენტო ფინანსური პაკეტი ევროპის ქვეყნების დასახმარებლად დამტკიცებულია

    ევროპისთვის ახალი “მარშალის გეგმა“ მზად არის: ევროჯგუფმა აზრთა სხვადასხვაობები და ევროკავშირის შიგნით შესაძლო ყველაზე დიდი კრიზისი დაძლია.  პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერის ზომებზე მოლაპარაკებები შედგა. რეკორდული რაოდენობის თანხის – 540 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტი შეთანხმებულია.

    ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მთელი ღამე გრძელდებოდა. 16 საათიანი დისკუსიის შემდეგ ევროჯგუფის მეთაურმა, მარიო ცენტენომ შეთანხმების შესახებ გამოაცხადა.

    “ჩვენს მიერ დღეს მოწონებული პაკეტი ევროპის მთლიანი მშპ–ს 4პროცენტია, პლიუს ავტომატური სტაბილიზატორები, რომლებიც საკმაოდ ძლიერია იმსათვის, რომ ევროპის ეკონომიკა კრიზისის შემთხვევაში დაიცვას. ეს არის უპრეცედენტო ზომები. ჩვენ არასდროს, არცერთ სხვა კრიზისზე ასე სწრაფი რეაგირება არ გვქონია. “– განაცხადა ცენტენომ.

    საფრანგეთმა, ესპანეთმა და იტალიამ, რომლებიც დიდი სოლიდარობის მოთხოვნით გამოდიოდნენ, ძირითადად დავის მიზანს მიაღწიეს: დახმარება გაიცემა დამატებითი პირობების და მკაცრი ეკონომიის ზომების შემოღების მოთხოვნის გარეშე.

    მოლაპარაკებების დროს შეძლეს ამ მიდგომის მოწინააღმდეგე ნიდერლანდების წინააღმდეგობა დაეძლიათ.

    ფინანსური პაკეტი კომპანიების, თანამშრომლების და ჯანდაცვის სფეროში დასაქამებულების დასახმარებლად და ეპიდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევადაა განკუთვნილი.

    ფინანსური პაკეტი იტალიასა და ესპანეთს, ქვეყნებს, რომლებიც ეპიდემიამ განსაკუთრებით დააზრალა, 240 მილიარდ ევროზე წვდომას სთავაზობს. ეს თანხა კი მათი ჯანდაცვის სისტემებისთვის უნდა დაიხარჯოს. თუმცა საკრედიტო ხაზი ხელმისაწვდომი მხოლოდ კრიზისის პერიოდში იქნება, და ის კრიზისის დასრულებისთანავე შეწყდება.

    ამავე პაკეტით გათვალისწინებულია 200 მილიარდამდე ევროს ოდენობის საკრედიტო გარანტიები იმისთვის, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი დაზარალებულ კომპანიებს დაეხმაროს, 100 მილიარდი ევრო კი იმისთვის, რომ უხელფასოდ დარჩენილ ან შემცირებული საათებით თუ ხელფასით მომუშავე ადამიანებს დაეხმარონ.

  • სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს ანტიკრიზისული გეგმა–დავით ჭიჭინაძის ღია წერილი პრემიერ გახარიას

    სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს ანტიკრიზისული გეგმა–დავით ჭიჭინაძის ღია წერილი პრემიერ გახარიას

    პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნის. ჭიჭინაძე იმ პრობლემების ჩამონათვალს აკეთებს, რომლებსაც პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები ქმნის. ის გახარიას უსვამს კითხვებს კონკრეტულ სფეროებში, რა გეგმა გააჩნია ხელისუფლებას. გთავაზობთ წერილს სრულად:

    “1. პირველი ტალღა, რომელიც დღეს უკვე დაწყებულია, ეს არის უმუშევრობა ქვეყანაში – ამდენი ხნის მანძილზე არარსებული შემოსავლების გამო, კრედიტის გადახდის უუნარო ადამიანები, რასაც ავტომატურად უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა და ზოგადად, ეკონომიკაში სერიოზული პრობლემები მოყვება.
    დღეს, რეალურად გაჩერებულია ყველაფერი, საავადმყოფოების, სააფთიაქო, საკვები ქსელების გარდა. ადამიანები, ამ მიმართულებების გარდა, ქვეყანაში ვეღარ ახორციელებენ სრულყოფილ საქმიანობას. მათი შემოსავლები ვარდება და ვერც დამქირავებლები გადაუხდიან ფულს.

    შესაბამისად, გვყავს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დიდი არმია, რომელთაც მალე ამოიწურებათ ის მცირე დანაზოგებიც, თუ საერთოდ არსებობდა.
    უკეთეს შემთხვევაში, მაისში მაინც თუ მოხდება ამ გაჩერებული ობიექტების ჩართვა ქართულ ეკონომიკაში, ამ ობიექტებს პრობლემები მაინც ექნებათ. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, მთელი ამ დროის განმავლობაში დაკარგულ შემოსავლებს მათ ვერავინ დაუბრუნებს და მეორეც, პრაქტიკულად ყველა გაჩეებულ ორგანიზაციას აქვს  კრედიტი. ამ ვალდებულებებს კი,  მხოლოდ თავისი შემოსავლებით ემსახურებიან
    რა პასუხი გააჩნია ამაზე ხელისუფლებას? რა მეთოდების გატარებას აპირებს და არსებობს თუ არა გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები სამუშაო ადგილი დავკარგოთ და ამხელა დანაკარგებსაც ავცდეთ?

     

    1. მეორე ტალღა, ეს გამოიწვევს ბაზარზე მსყიდველობითი უნარის ვარდნას, ანუ არ იქნება მოთხოვნა. რასაც მოყვება რეალიზაციის ვარდა – არ იქნება რეალიზაცია, ვერ აღდგება ისედაც მცირე წარმოება, რომელიც ქვეყნის მაშტაბით არსებობს. წარმოების გაჩერება გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას და სამუსაო ადგილების შემცირება ისევ გამოიწვევს მსყიდველობითი უნარის, ანუ, მოთხოვნების შემცირებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება დეპრესიული მარყუჟი.

    ამიტომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებისთვის მაინც, ვინც მოახერხებს გადარჩენას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, გვქონდეს გარკვეულ წილად ჩამოყალიბებული გეგმა, მათი შემოსავალი მაინც რომ არ შემცირდეს.
    ანუ, არსებობს თუ არა ამ საწარმოების (იქნება ეს წარმობები, სამშენებლო სექტორი…)
    ფინანსური დახმარების გეგმა, რომელშიც ეს ადამიანები არიან დასაქმებული, მათი შემოსავალი მაინც რომ არ შემცირდეს და გარკვეულ წილად მოვახერხოთ ნორმალური ცხოვრების რიტმის შენარჩუნება. თუ ეს ვერ იქნა მიღწეული და დავკარგეთთ მოსახლეობის მსყიდველობით უნარი, მაშინ ეკონომიკას უკვე დაემუქრება დეფლაციური შოკი, რომელიც ბევრად კატასტროფულ შედეგს მოიტანს ეკონომიკისთვის, ვიდრე ინფლაცია. დეფლაციამ შეიძლება გამოიწვიოს ისედაც არამრავალფეროვანი  ეკონომიკის კიდევ უფრო გაერთგვაროვნება და პრაქტიკულად დეპრესია. თუ არის ყველა ეს პრობლემა დაყენებული დღის წესრიგში და რა გაწყვეტილებას გვთავაზობს მთავრობა?

    1. ქვეყანაში უზრუნველყოფის ლიკვიდურობის პრობლემა დადგება.
      ყველაფრის ფასი, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში დაიწყებს ვარდნას . ანუ, ბანკებში ჩადებული უზრუნველყოფები იქნება გადასაფასებელი.
      არსებობს თუ არა მექანიზმი, რომელიც უნდა გაატაროს ეროვნულმა ბანკმა, რათა დაიცვას ჩვენი მეანაბრეები? რადგან ვარდნასთან ერთად ბანკებს შეექმნებათ ლიკვიდურობის პრობლემები და ის ხალხი, ვინც დღეს მეანაბრეა, მათ ანაბრებს შეექმნებათ პრობლემები, რადგანაც გაცემულ სესხებს შეექმნათ პრობლემები.
      ანუ, დღესვე უნდა გამოცხადდეს ეროვნული ბანკის და მთავრობის ერთობლივი, მიზანმიმართული გეგმა, რათა ქვეყანაში ამ ადამიანების უფლებები იყოს დაცული .
      ლიკვიდურობის პრობლემა კი, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რასაც ჩვენ ეკნომიკის გაჩერების შედეგად მივიღებთ.

    ამიტომაა ეს განსასაზღვრი და მკაფიოდ სათქმელი, ადამიანებში რომ არ გამოიწვიოს პანიკა, რომ ისინი დაკარგავენ ანაბრებს.ამას გარდა, რეალურად შეიზღუდება თუ არა ის არაპროფილური საქმიანობა, რომელსაც კანონის აკრძალვის მიუხედავად, დღეს ყველა კომერციული ბანკი ეწევა? რადგან დღევანდელ პირობებში მათი არსებობა ბაზარზე ნიშნავს იმას, რომ სხვა ყველა კონკურენტის განადგურება მოხდება. იმიტომ რომ, ახალი ფინანსური რესურსი არავისთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი ბანკების გარდა, ბანკები კი, მათთვის საინტერესო ბიზნესებს ძალიან მარტივად ან მიითვისებენ, ან კონკურენტებს გააკოტრებენ.

    აქიდან გამომდინარე, აპირებთ თუ არა რეალურად ბანკებს აუკრძალოთ არაპროფილური საქმიანობა და მატი ძალისხმევა მიმართოთ დაფინანსებაზე და არა საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა ბიზნესის კეთებაში. ჩამოთვლას არ დავიწყებ, ისედაც ყველასთვის არის ცნობილი, რაზეც ვსაუბრობ.

    4. მეოთხე ტალღა -სოფლის მეურნეობა.

    ორ თვეზე მეტია ქვეყანა იმყოფება უმძიმესი გამოწვევების პირობებში , სრული სიმძაფრით ვიგრძენით სასურსათო უსაფრთხოების არსი და მნიშვნელობა. იმპორტის დომინირება 80 -20 % კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას და დღის წესრიგში დგება სასწრაფოდ ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედება , ( თვენახევარი საკმარისი ვადაა მის შესაქმნელად ) სადაც გაწერილია მოქმედების გეგმა-პროგრამა , როგორც მოკლევადიან , ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაზღვრული და შესწავლილია ოპერატიული სურათი , გაკეთებულია სიტუაციური ანალიზი გამოკვეთილია მთავარი მიმართულებები , ჩატარებულია შესაძლებლობების კვლევა და გაცემულია ოპერატიული დავალებები პასუხისმგებელ პირთა ჩვენებით.

    –  სოფლის მეურნეობის მთავარი რესურსი მიწა შეიძლება ითქვას მართვის გარეშეა დარჩენილი , რაც ყოვლად დაუშვებელია , მით უმეტეს დღევანდელ პირობებში , შესაბამისად საინტერესოა რა დავალებები და ნაბიჯები იქნა გადადგმული მისი ეფექტურად და რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით.

    –  მოგეხსენებათ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს თესვა , თუ გაქვთ ოპერატიული ინფორმაცია ადგილებზე პროცესის მიმდინარეობაზე. რა დამატებით აქტიურობას ანხორციელებს მთავრობა . მინდა შეგახსენოთ , რომ კარტოფილის , ბოსტნეულის და ბაღჩეულის ნათესი ფართობები ყოველწლიურად იკლებს და 2019 წელს მან ისტორიულ მინიმუმს მიაღწია-32,2 ათასი ჰექტარი . შედარებისთვის გეტყვით , რომ ეს მონაცემი 2012 წელს იყო 52,6 ა. ჰ , ხოლო 2015 წელს 43,8 ა.ჰ .

    –   სასათბურე მეურნეობებში არსებული ვითარების და პროდუქციის მოწოდება-რეალიზაციის მონაცემები.

    – არის თუ არა მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნიდან ახალგაზრდა , მცირეწონიანი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყვანის შეზღუდვაზე.

    –   რა სურათი და პრობლემები გვაქვს იმპორტის კუთხით , შეგახსენებთ მთელი რიგი ქვეყნები დროებით ზღუდავს პროდუქციის გატანას , რაც დამატებით თავსატეხს უჩენს ჩვენისთანა ქვეყნებს . 2019 წელსთითქმის ნახევარი მილიარდია დახარჯული სასურსათო კალათის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტებზე როგორიცაა: ხორბალი, ხორცი, რძის პროდუქტები, შაქარი, თევზი, ხილი და ბოსტნეული. რამდენად შესწავლილია საკითხი და სად ველოდებით დეფიციტს . რა ზომებს ვიღებთ პრობლემის მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანია გამჭვირვალედ და ტრანსფარენტულად ვისაუბროთ იმპორტის 9 სასურსათო პროდუქტის დასუბსიდირებაზე , რადგან გაჩნდა მრავალი კითხვის ნიშანი და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალობა.

    –  ჩემი ინფორმაციით სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება ღვინის ექსპორტი , განსაკუთრებით რუსეთში . რატომ ვერ მოხერხდა ბაზრების დივერსიფიცირება , როდესაც ამისთვის არნახულად დიდი ფულია დახარჯული . ვერ მივიღებ განმარტებას რომ ექსპორტის გეოგრაფია გაიზარდა.

    –   გაქვთ თუ არა სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი , რადგან მომავალში ახალი დარგობრივ-მიზნობრივ პროგრამების განხორციელება დაუშვებელია უკვე არსებულის შედეგების გაანალიზების გარეშე.  მიგაჩნიათ თუ არა , რომ ჩვენ უნდა დავანებოთ თავი პრიმიტიულ , არაფრისმომცემ , ფრაგმენტულ აქტიურობებს და გადავიდეთ პროექტების კომპლექსურ მოდელებზე , სადაც პროცესის მიზან-შედეგობრივი კავშირი უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ.

    –   რამდენად ვაკონტროლებთ ამ მძიმე რეალობაში საბანკო-საფინანსო სტრუქტურების მოქმედებას. დაფინანსების პროცენტები გაზრდილია ან შეზღუდულია, ლიზინგი შეჩერებულია ან სახეცვლილი , ზოგადად ჩვენ ქვეყანაში იგი ჩვეულებრივ მაღალპროცენტიან სესხს დაემსგავსა. რა აზრის ხართ ბანკირების ახალ იდეაზე 3 მილიარდი მიიღონ პროცენტის დასაფინანსებლად ?

    –   თუ დღეისთვის არ არსებობს ანტიკრიზისული დოკუმენტი დარგის განვითარების , საინტერესოა რა ვადებში

    1. კრიმინალის ზრდა.

    როდესაც ცხოვრების დონე იწყებს ვარდნას, ეს იწვევს კრიმინალის ზრდას. რა ქმედითი ღონისძიებებია იგეგმება ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ჩვენ არ გადავიქცეთ დამსჯელ მექანიზმად? რას ვაკებთ პრევენციის თვალსაზრისით, რა შეიძლება შემოვიღოთ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თუნდაც ის მცირე უზრუნველყოფა, რომელიც მათ ყაჩაღებად არ აქცევს? რადგან, როდესაც შიმშილი მოდის, ეს შეიძლება ქუჩაში დაპირისპირებებშიც კი გადავიდეს… და ეს პრობლემა დღეს, ჩვენ კი არა, ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს უდგას. “– წერს დავით ჭიჭინაძე.

  • გახარიამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციები ჩართო

    გახარიამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციები ჩართო

    მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი ვიდეოკონფერენციისას მიიღო.

    ამ მიზნით, სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

    პრესსამსახურის ინფორმაციით ყურადღება გამახვილდა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კრიზისის ეკონომიკური შედეგების მინიმიზებისთვის განახორციელა.

    მათ შორის არის:  მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადება ისეთი მოწყვლადი სექტორის ბიზნესსუბიექტებისთვის, როგორიცაა ტურიზმი, სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან კურსთაშორისი სხვაობის დაზღვევა, ასევე ყველა იმ დაგეგმილ ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა კრიზისის პერიოდში ეკონომიკის მხარდასაჭერად ეტაპობრივად განახორციელებს.

    პრესსამსახურის ინფორმაციით ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები პოზიტიურად და ეფექტიანად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილში მათი ხედვები უმეტესწილად ანალოგიურია.

    ვიდეოკონფერენციისას ასევე განიხილეს ის ღონისძიებები და სტრატეგია, რომლითაც საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს პოსტკრიზისული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას, რათა კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ქვეყანამ სწრაფად დაიბრუნოს კონკურენტუნარიანობა გლობალურ და შეცვლილ ეკონომიკურ გარემოში.

  • მარტში მსოფლიოში სურსათზე ფასები მკვეთრად დაეცა. ნახეთ FAO–ს მონაცემები

    მარტში მსოფლიოში სურსათზე ფასები მკვეთრად დაეცა. ნახეთ FAO–ს მონაცემები

    გლობალური პანდემიით გამოწვეული შემცირებული მოთხოვნა და ნავთობის ფასის ვარდნა, ძირითად სასურსათო პროდუქციაზე საერთაშორისო ფასების კლების მიზეზი გახდა.
    მარტში, მსოფლიოში სურსათზე ფასები მკვეთრად დაეცა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო COVID-19-ის შედეგად შემცირებული მოთხოვნით და გლობალურ დონეზე, ნავთობის ფასის ვარდნით. ეს უკანასკნელი ძირითადად ეკონომიკური კრიზისის მოლოდინებს უკავშირდება, რადგან მთავრობები ცდილობენ სპეციალური შეზღუდვები აამოქმედონ ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.

    გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სასურსათო ფასების ინდექსი, რომელიც ყოველთვიურად ასახავს ცვლილებებს ყველაზე ხშირად გაყიდვადი სასურსათო პროდუქტების საერთაშორისო ფასებზე, შეადგენდა 172.2 ქულას, რაც თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 4.3 პროცენტით ნაკლებია. ,,ფასის კლება ძირითადად გამოწვეულია მოთხოვნის ფაქტორებით და არა მიწოდებით, ხოლო მოთხოვნის ფაქტორებზე გავლენას ახდენს არასახარბიელო მომავლის ეკონომიკური პროგნოზები’’, ამბობს აბდოლრეზა აბასიანი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტი.

    FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა ყველაზე დიდი ვარდნა აჩვენა: წინა თვესთან შედარებით, მაჩვენებელი 19.1%-ით არის შემცირებული. აღნიშნული განპირობებულია სახლის გარეთ მოხმარების კლებით, რაც თავისთავად დაკავშირებულია ბევრი ქვეყნის მიერ გატარებულ შეზღუდვებთან და ასევე, ეთანოლის მწარმოებლებისაგან დაბალ მოთხოვნასთან, მას შემდეგ, რაც ნედლ ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცა.

    FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი 12.0 პროცენტით შემცირდა ერთ თვეში, რაც ძირითადად განპირობებულია პალმის ზეთზე ფასის ვარდნით და ნედლ მინერალურ ნავთობზე ფასის სწრაფი კლებით; ასევე, გაურკვევლობით, თუ რა გავლენას მოახდენს პანდემია მცენარეული ზეთის ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით; სოიოსა და კანოლის ზეთის ფასებიც ამ ტენდენციას მიჰყვება.


    ,,ზეთის ფასი წინა თვეში თითქმის განახევრდა, რაც დიდ გავლენას ახდენს ბიო საწვავის ფასის მკვეთრ კლებაზე, რადგან ბიო საწვავი არის მოთხოვნის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო შაქრისა და მცენარეული ზეთის ბაზარზე’’, ამბობს FAO-ს ანალიტიკოსი პიტერ თეონესი.
    FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 3.0 პროცენტით დაეცა, რაც განპირობებულია კლებადი კვოტებით და გლობალური იმპორტის შემცირებული მოთხოვნით მაღალი და საშუალო ცხიმშემცველობის რძის ფხვნილებზე. ეს უკანასკნელი კი გამოწვეულია COVID-19-ის ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების გამო, რძის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით.

    მარტში, FAO-ს მარცვლეულის ფასის ინდექსი 1.9 პროცენტით დაეცა თებერვალთან შედარებით და თითქმის 2019 წლის მარტის მაჩვენებლის დონეზე დადგა. ხორბლის საერთაშორისო ფასი შემცირდა, ხოლო დიდი გლობალური მარაგების ეფექტებმა და სასურველი მოსავლის პროგნოზებმა გადაწონა ჩრდილოეთ აფრიკიდან გაზრდილი იმპორტის მოთხოვნის ეფექტი და რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული მცირე შეზღუდვები ექსპორტზე.
    სიმინდის ფასიც შემცირდა, როგორც მნიშვნელოვნად დიდი მიწოდების, ისე ბიო-საწვავის სექტორის გაცილებით შესუსტებული მოთხოვნის გამო.


    აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრინჯზე საერთაშორისო ფასი უკვე მესამე თვეა თანმიმდევრულად იმატებს.

    FAO აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს ფასებზე და სასურსათო პროდუქციის ლოჯისტიკურ საკითხებზე და განსაკუთრებით აკვირდება განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, სადაც პანდემიამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაამწვავოს სურსათის მიწოდების პრობლემა.

    FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი 0.6 პროცენტით დაეცა, რაც განპირობებული იყო ცხვრისა და წყვილჩლიქოსანი ცხოველის ხორცზე საერთაშორისო კვოტების ვარდნით. ამ ტიპის ხორცზე ექსპორტის ხელმისაწვდომობა მაღალია და ვაჭრობის სფეროს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად აზარალებს ლოჯისტიკური პრობლემები. თუმცა, მერყევი გლობალური მოთხოვნის ფონზე, გაიზარდა ღორის ხორცის კვოტები; ამავდროულად, გადამამუშავებელი საწარმოები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ მუშახელის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო.

    მარცვლეულის მარაგები

    FAO-ს 2020 წლის პროგნოზის თანახმად, მსოფლიოში ხორბლის წარმოების მაჩვენებელი წინა თვიდან არ შეცვლილა; ბოლო რეკორდული მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა, რაც დიდ მარაგებთან ერთად, სასურსათო ბაზრებს დაიცავს არეულობისგან კორონავირუსის შტორმის პერიოდში.


    ამ თვის პუბლიკაციაში ,,მარცვლეულის მიწოდება და მოთხოვნა’’ (Cereal Supply and Demand Brief), FAO-ს 2019 წლის სავარაუდო გათვლები მსოფლიოში მარცვლეულის პროდუქციის შესახებ იყო 2 721 მილიონი ტონა, რაც 2.4 პროცენტით მაღალია 2018 წლის მაჩვენებელზე. FAO-ს 2019 წლის გათვლების თანახმად, მაჩვენებლები ასე გამოიყურება: საკვები მარცვალი – 1 445 მილიონი ტონა, ხორბალი – 763 მილიონი ტონა და ბრინჯი – 512 მილიონი ტონა (დაფქვილ მდგომარეობაში).

    მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე, ლოჯისტიკური პრობლემები დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს სურსათის მიწოდების ჯაჭვს რიგ ბაზრებზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათი მოსალოდნელი ხანგრძლივობა და მასშტაბი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გლობალური სურსათის ბაზრებზე, ამბობს FAO.

    FAO-ს 2020 წლის პროგნოზი მსოფლიოში ხორბლის წარმოების შესახებ წინა თვიდან არ შეცვლილა და კვლავ 763 მილიონი ტონაა; არსებობს მოლოდინი, რომ ევროკავშირი, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ნაკლებ პროდუქციას გამოუშვებს, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ, რუსეთის ფედერაცია, ინდოეთი და პაკისტანი გაზრდიან წარმოებას, თუმცა გადამფრენი კალიების ინვაზიამ შესაძლებელია შეაფერხოს მოსალოდნელი ზრდა.

    რაც შეეხება სიმინდს, მთავარ საკვებ მარცვლეულს, რეკორდულ მოსავალს მოელიან ბრაზილიასა და არგენტინაში, ხოლო სამხრეთ აფრიკაში სიმინდის მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება გასულ წელთან შედარებით, როცა დიდმა გვალვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსავალზე. სხვა ქვეყნებში, დათესვის შესახებ გადაწყვეტილებებზე შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სიმინდზე საერთაშორისო ფასების კლებამ.

    FAO-ს 2019-2020 წლების პროგნოზი მარცვლეულის მოხმარებასთან დაკავშირებით, მცირედით გაიზარდა 2 722 მილიონ ტონამდე, რაც ნიშნავს წლიურ 1.2% ზრდას. მოელიან, რომ მსოფლიოში მარცვლეულის მარაგი 2020 წლის სეზონის ბოლოს სეზონის დაწყებასთან შედარებით, 8 მილიონი ტონით შემცირდება, რაც გლობალური მარცვლის მარაგი-მოხმარების თანაფარდობას 30.7 პროცენტზე დაიყვანს. ეს მაინც კომფორტულ დონედ ითვლება. პროგნოზის თანახმად, მსოფლიოში მარცვლეულის გაყიდვა 2.3 პროცენტით გაიზრდება წინა წელთან შედარებით და 420 მილიონ ტონას მიაღწევს.