Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • ჩინეთი მსუბუქი მრეწველობის კუთხით უპირატესობას კარგავს, საქართველოს შანსები კი იზრდება – ქადაგიძე

    ჩინეთი მსუბუქი მრეწველობის კუთხით უპირატესობას კარგავს, საქართველოს შანსები კი იზრდება – ქადაგიძე

    ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, გადაცემაში ფორმაულას ეთერში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და ამ ფონზე, საქართველოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

    როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ კრიზისების მართვის კუთხით დაგროვილი გამოცდილება სწორად გამოიყენოს და უპირატესობად აქციოს.

    „ჩვენი ქვეყნის საუბედუროდ, ბოლო 30 წელს თუ გადავხედავთ ისტორიის, ფაქტობრივად კრიზისიდან კრიზისამდე სიარულია – ეს დაწყებული 90-იანი წლებიდან, გაგრძელებული ჰიპერ ინფლაციით, რუსეთის დეფოლტით, მთავარი სავაჭრო პარტნიორის დაკარგვით 2006 წელს, ომით, მსოფლიო ფინანსური კრიზისით 2009 წელს და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს 10 წლის წინ იგოეთთან რუსული ტანკები იდგა, ამიტომ, კრიზისი რა არის, რა შეუძლია მოიტანოს და რამდენად ცუდი შეიძლება იყოს და ამავე დროს რამდენად სწრაფად შეიძლება მისი გადალახვა, საქართველოს ბევრ მოქალაქეს ახსოვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ეს გამოცდილება ვაქციოთ ჩვენს უპირატესობად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიმეოროთ შეცდომები და მხოლოდ წარმატების კოპირება უნდა შევძლოთ“, – განაცხადა ქადაგიძემ.

    მისი განმარტებით, მთავარი ამოცანაა, საქართველომ შეძლოს და რაც შეიძლება წინ იყოს იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუტებისგან კრიზისის აღმოფხვრის მიზნით, ფინანსური დახმარება შეეხებათ.

    „საუბარია იმაზე, რომ 2008-2009 წელთან შედარებით, მსოფლიო წამყვანმა განვითარებულმა ქვეყნებმა გამოყვეს უპრეცედენტოდ დიდი თანხები, მათ შორის აშშ-მ 2,2 ტრილიონი დოლარი გამოყო, ევროკავშირმა – ტრილიონი, ბრიტანეთმა 250 მილიარდი და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის, ამ მატარებელში, ქვეყნების გრძელ სიაში ვიყოთ წინ, სწრაფები, ეფექტურები, რომ ჩვენი წილი საერთაშორისო ფინანსური დახმარება წამოვიღოთ და მივმართოთ ისეთ ინდუსტრიებში, რომლებიც ჩვენ მოგვიტანს შემდგომში უპირატესობას. საქართველო როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროპაში, არსებულ წესრიგს ვერ მოერგო, შესაბამისად, არ ვართ ისეთი მდიდრები, როგორც ევროპული ქვეყნებია, მაგრამ ზუსტად ეს წესრიგი იცვლება ახლა“, – განაცხადა სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

    მისი აზრით,  იმ ფონზე, როდესაც პანდემიის გამო ჩინეთი მსუბუქი მრეწველობის კუთხით არსებულ უპირატესობას კარგავს, საქართველოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები უჩნდება.

    „პირველ რიგში, ის არსებული წესრიგი, როდესაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიომ გადაიტანა თავისი მსუბუქი მრეწველობა და სამრეწველო პოტენციალი აზიაში, კონკრეტულად ჩინეთში, შეიცვლება. ბევრი საუბრობს უკვე იმაზე, რომ ჩვენ შევდივართ სავაჭრო ომების ფაზაში და ბევრი ქვეყანა, ბევრი ბიზნესი შეეცდება ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში დივერსიფიკაცია გააკეთოს ჩინეთისგან როგორც უპირობო მონოპოლისტი მიმწოდებლისგან ამ ინდუსტრიების. აქ საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოზიციონირება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ჩვენთან ხელფასები არის შედარებით დაბალი, ვიდრე ევროკავშირის და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამიტომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი მცირე წვლილი წამოვიღოთ ამ უზარმაზარი ჯაჭვის ცვლილებიდან. საუბარია უზარმაზარ თანხებზე, ტრილიონებზე, ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე ნაწილზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს მსუბუქი მრეწველობის ტრადიცია. ასე რომ ეს ერთი მიმართულებაა.

    თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ეპიდემიას, ამ გამოწვევას შევხვდებით როგორც ქვეყანა, რომელმაც მინიმალური დანაკარგებით შეძლო გაევლო ეს პროცესი, რომელმაც აჩვენა თვითორგანიზების მაღალი ხარისხი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და ამავე დროს მკაფიო ხედვის მქონე ეფექტური მენეჯმენტის პირობებში ჩვენ ვთავაზობთ დაბალ გადასახადებს, დაბალ რეგულაციებს და ასე შემდეგ, ნამდვილად გაჩნდა უზარმაზარი ნიშა, სადაც საქართველოსნაირ ქვეყანას აქვს ყველა შანსი იმისა, რომ ამ მსუბუქი მრეწველობის ჯაჭვში გადმოვიდეს და რაღაც ნაწილი ჩვენ წამოვიღოთ“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

  • რა საერთაშორისო დახმარებას იღებს საქართველო Covid19-ის შედეგების დასაძლევად

    რა საერთაშორისო დახმარებას იღებს საქართველო Covid19-ის შედეგების დასაძლევად

     

    რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველო 1.1 მილიონ დოლარს მიიღებს, რათა ჯანდაცვის სფეროს დახმარება გაუწიოს. საელჩოს განცხადებით, დახმარება გაეწევა ლაბორატორიული სისტემების მომზადებას, ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევებს და მეთვალყურეობას, ასევე ტექნიკურ ექსპერტთა დახმარებას, მათ მომზადებას და ინფორმაციის გაცვლას.

    ამასთან, თბილისში, შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ ამერიკული მხარე ეხმარება ქართველ სამედიცინო პერსონალს, რათა კოვიდ-19-ის გამოწვევას გაუმკლავდნენ. საელჩოს ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ, აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დახმარებით, გადაამზადა და აღჭურვა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების ჯგუფები. საელჩოს თქმით, ეს ჯგუფები ახლა მარნეულში მუშაობენ.

    კოვიდ-19 და საერთაშორისო დახმარება

    ამ დროისთვის, შეერთებული შტატების ბიუჯეტით, საქართველოს 2020 საბიუჯეტო წლის განმავლობაში, არასამხედრო მიზნებისთვის 89,8 მილიონის დახმარებაა გათვალისწინებული (სამხედრო დახმარებასთან ერთად სულ 132 მილიონი). ჯერჯერობით უცნობია, მოხდება, თუ არა ამ თანხის მიმართვა კორონავირუსის ეფექტის შესამცირებლად და განიხილება თუ არა რაიმე დამატებითი დახმარება ვაშინგტონის მხრიდან.

    საქართველოს დახმარებას ჰპირდება ასევე ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სოლიდარობის პაკეტის ფარგლებში, საქართველო 70 მილიონი ევროს მიიღებს კოვიდ-19-ის ეკონომიკური ეფექტის შესასუსტებლად და საგანგებო დახმარების სახით 20 მილიონი გამოიყოფა კორონავირუსთან საბრძოლველად. ამასთან, ევროკომისიის განცხადებით, საქართველოს ექნება წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილ 30 მილიონი ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობასა და მოწყობილობებზე, როგორიცაა ნიღბები, ხალათები, სასუნთქი აპარატები და ა.შ.

    „ეს ძალიან რთული დროა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კორონავირუსის დაავადებით გამოწვეული დარტყმის შესარბილებლად“, – განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ.

    ევროკავშირის და შეერთებული შტატების გარდა, საქართველოს დახმარება აღუთქვა ასევე მსოფლიო ბანკმა. ბანკმა საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარებისთვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას „ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან სფეროებში.” ის ასევე დაეხმარება საქართველოს შეამსუბუქოს COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენა.

    “უკეთესი ეკონომიკური მართვა და გაუმჯობესებული კონკურენტუნარიანობა ეკონომიკის გაძლიერებაში დაეხმარება საქართველოს, გააუმჯობესებს ცხოვრების სტანდარტებს და დააჩქარებს სწრაფ გაჯანსაღებას პანდემიის დასრულებისთანავე”,- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

    კორონავირუსის პანდემია, გაჩერებული ეკონომიკასთან ერთად, მნიშვნელოვან ზარალს ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს მოუტანს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია (მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეხუთედი). 2019 წელს ტურიზმის წილი საქართვლოს ეკონომიკაში დააახლოებით 3.3 მილიარდი დოლარი იყო.

    გასულ წელს, ქვეყანას 5 მილიონი ტურისტი ესტუმრა, ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს მიუხედავად. ტურისტებთან ერთად, სულ 2020 წელს ქვეყანას 9.3 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით მეტია და რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

    კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, და ასევე ცალკეული ადამიანისთვის, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიაში არიან ჩართული, მნიშვნელოვან დანაკარგებს ნიშნავს.

    კრიზისული გეგმა

    2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 4.5 პროცენტს შეადგენდა – თუმცა განვითარებული მოვლენები ამ მოლოდინს მნიშველოვნად ცვლის.

    ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა ტურიზმის სექტორში ჩართულ ბიზნესებს ერთი მილიარდი ლარის შეღავათებს და დახმარებას სთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორი მთავრობის კრიზისული გეგმის ცენტრალური ნაწილია.

    ოპონენტები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად რეგულაციები გააუქმოს და გადასახადები შეამციროს. ასევე, აქტიურად ესაუბროს დასავლელ პარტნიორებს და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს, ეკონომიკური დახმარების მისაღებად.

    ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებასთან ერთად და საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად, განსხვავდება პროგნოზები იმის თაობაზე, გამოიწვევს თუ არა პანდემია ეკონომიკურ რეცესიას.

    წყარო : ამერიკის ხმა

  • კორონავირუსი მსოფლიოს აკოტრებს. ნახეთ რა ზომებს იღებენ  ქვეყნები ეკონომიკის გადასარჩენად

    კორონავირუსი მსოფლიოს აკოტრებს. ნახეთ რა ზომებს იღებენ ქვეყნები ეკონომიკის გადასარჩენად

    პლანეტაზე სიცოცხლე ჩაკვდა. ნორმალურ რიტმში დაბრუნება, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია, იმაზე ძვირი დაჯდება, ვიდრე ოდესმე ნებისმიერი ომისშემდგომი კრიზისი დაჯდა.

    საბოლოო ზარალის და ხარჯების დათვლამდე ჯერ შორია, თუმცა დასავლეთის ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ავანსის გაღება ეკონომიკის მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. საქმე ეხება ტრილიონობით დოლარს.

    დასავლეთში პანდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია. სწორედ მის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაღარიბდებიან ადამიანები. ქვეყნების უმრავლესობაში კარანტინი ერთი–ორი კვირაა გრძელდება, ხელისუფლება კი ხალხს აფრთხილებს, რომ ის ამა თუ იმ ფორმით შესაძლოა ნახევარ წელს გაგრძელდეს.

    უბედურების მაშტაბი დაახლოებით შეგვიძლია შევაფასოთ, თუ გადავხედავთ რამხელა თანხის დახარჯვის პირობას დებენ  ამ საწყის ეტაპზე მდიდარი ქვეყნების ხელისუფლებები  ეკონომიკის რეანიმაციისთვის.

    თანხები გიგანტური, უპრეცედენტო და შემაშფოთებელია. აშშ–მ 2 ტრილიონიანი ანტიკრიზისული პაკეტი დაამტკიცა. ევროპამ ჯერჯერობით ნახევარი ტრილიონი გადადო, თუმცა ბევრად მეტის გაღებას აპირებს. მთლიანობაში დიდი ოცეულის ქვეყნები მარტის ბოლომდე 5 ტრილიონი დოლარის გამოყოფის პირობას დებენ კრიზისთან საბრძოლველად. ეს მსოფლიო ეკონომიკის წლიური მოცულობის დაახლოებით 6%–ს შეადგენს.

    წინა კრიზისებისგან განსხვავებით საუბარია არა  ცენტრობანკების მიერ ახალი ფულის დაბეჭდვაზე, არამედ უკვე არსებული ფულის გადანაწილებაზე საზოგადოების ისედაც შემცირებადი შემოსავლებით ყველაზე მეტად დაზარალებულების დასახმარებლად.

    სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა გაღარიბდეს ყველა და არა მხოლოდ ნაწილი. ის, ვინც გადარჩება, მათ მაგივრადაც გადაიხდის, ვინც კრიზისს ვერ გადაურჩება. ამ ბრძოლაში გამარჯვებულები არ იქნებიან.

    “ახლა უკვე ნათელია, რომ მსოფლიო რეცესიაში იძირება. ის კიდევ უფრო უარესი იქნება, ვიდრე 2009 წლის კრიზისი იყო.“– ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფოონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა.

    ის არ გამორიცხავს, რომ 2021 წელს გაუმჯობესება იქნება, თუ პანდემიის მოთვინიერება მოხერხდება და მის მიერ მიყენებული ზიანი შედარებით გამოსწორდა, თუმცა  ამისათვის მისი აზრით საჭიროა გაკოტრებების და სამსახურიდან დათხოვნების ტალღა შეჩერდეს, რაც არა მხოლოდ ეკონომიკის აღდგენას ემუქრება, არამედ საზოგადოებრივ თანხმობასაც. ეს კი ძალიან ძვირი დაჯდება.

    კორონავირუსმა ზოგი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზები, ზოგან კი სრული კრახი აღმოაჩინა. პირველი გადაუდებელი ხარჯები სწორედ ამ მიმართულებით წავიდა: დროებითი საავადმყოფოები, ნიღბების და აღჭურვილობის სასწრაფოდ შესყივდვა, პერსონალის აყვანა. როცა ეპიდემია ჩაივლის ბევრ ქვეყანას ამ პანდემიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად სერიოზულად მოუწევს მუშაობა. თუმცა, ფული ამისთვის არ იქნება, თუ ეკონომიკური აქტივობა არ აღდგება, ადამიანები და ბიზნესი არ გადარჩებიან და გადასახადების გადახდას არ გააგრძელებენ. ამიტომაც, თავდაპირველად მათი მხარდაჭერა იქნება საჭირო: სუბსიდიებით, საგადასახადო არდადეგებით, რეგულაციების შემსუბუქებით და თანხების პირდაპირი გაცემით.

    ყოველ ქვეყანას ამ მხრივ საკუთარი რეცეპტი აქვს. ასე გამოიყურება დაახლოებით სხვადასხვა ქვეყნების მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული ზომების სია:

    • თითქმის ყველა ქვეყანამ დაიწყო საპარიკმახეროების, ტაქსისტების, დიზაინერების და რესტორატორების დახმარებით. მცირე ბიზნესს, ინდმეწარმეებს და თვითდასაქმებულებს გრანტებს და შეღავათიან კრედიტებს სთავაზობენ.
    • თანხების პირდაპირი გადაცემა: ყოველი ამერიკელი 1200 დოლარს მიიღებს ნაღდი ფულის სახით. ხელისუფლება ბერძნებსა და იაპონელებსაც სთავაზობს საჩუქრებს.
    • შეღავათიანი კრედიტები გაჭირვებაში ჩავარდნილებისთვის და კომპანიების გამოსყიდვა ყველაზე დაზარალებულ სფეროებში. სიის სათავეში ავიაცია და ტურიზმი არიან, თუმცა სია ყოველდღიურად ივსება.
    • საგადასახადო არდადეგები: გადასახადების და სოციალური მოსაკრებლების გადავადება კომპანიებისა და ინდმეწარმეებისთვის.
    • შემწეობის გაზრდა უმუშევრობისთვის და შემსუბუქებული კრიტერიუმები შემწეობის მიმღებთა სიაში მოსახვედრად. მაგალითად, ირლანდიამ პირობა დადო, რომ ყველას, ვინც პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგა კვირაში 350 ევროს გადაუხდის რამდენიმე თვის განმავლობაში.
    • საკრედიტო არდადეგები: გადახდების გადავადება კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის.
    • საბიუჯეტო დოტაცია ფირმების თანამშრომლებისთვის, რომლებიც კარანტინის გამო გაჩერდნენ. ჩეხეთში, ნიდერლანდებში და დიდ ბრიტანეთში ხელისუფლებებმა პირობა დადეს კერძო ბიზნესის თანამშრომლებს რამდენიმე თვის განმავლობაში ხელფასის 80–90% გადაუხადონ.
    • დანახარჯების კომპენსაცია პერსონალის შემცირებისთვის, რათა კომპანიებმა შეძლონ თანამშრომლებისთვის რამდენიმე თვე ხელფასის გადახდა და არ გახდნენ იძულებულნი ისინი ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე სამსახურებიდან გაუშვან.
    • ანაზღაურებადი შვებულებები ბავშვების მოვლისთვის, რათა მშობლებმა არ იჩქარონ სამსახურში გასვლა, სანამ სკოლები დაკეტილია. საფრანგეთში მაგალითად მშობლებს ორკვირიან ასეთ შვებულებას სთავაზობენ ბიუჯეტის ხარჯზე.
    • ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად შვეიცარია კონფერენციების და სხვა ღონისძიებების ჩაშლით გამოწვეული ზარალის კომპენსაციასაც ახდენს.

    ეს ზომები ტრილიონობით დოლარი დაჯდება და ეს თანზები ქვეყნებს ვალად დაედება, მისი გადახდა კი მომავალ თაობებს მოუწევთ. თუმცა, ხელოვნური სუნთქვის გარეშე ბიზნესი და მოსახლეობა რომ კორონავირუსის ეპიდემიას ვერ გადაიტანს, ამაზე ყველა თანხმდება.

    ბიბისი მდიდარი ქვეყნების კლუბის მთავარი ეკონომისტის, ლორანს ბუნის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ამბობს,  რომ ამჟამინდელი კრიზისი ყველაზე სერიოზული და მაშტაბურია ჩვენს მეხსიერებაში და ამჯერად პრობლემა არ არის ლიკვიდურობის კრიზისი, არამედ მთავარი პრობლემა ვირუსია:

    “ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული კრიზისის ზღვარზე ვართ. თუ ეპიდემიას რამდენიმე თვეში არ დავიმორჩილებთ და ის მომავალ ზამთარსაც დაბრუნდება, მსოფლიოში ვერცერთი ეკონომისტი ვეღარ იწინასწარმეტყველებს, რით შეიძლება ეს დამთავრდეს“– ამბობს ის.

    ჯერჯერობით ვირუსთან ბრძოლაში აშშ–ს ვერავინ შეედრება. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობითაც პირველ ადგილზეა. ტრამპის მიერ გამოხატული საჯარო სკეპტიციზმის მიუხედავად ქვეყანა ეპიდემიას სერიოზულად მიუდგა. კონგრესმა ეკონომიკის რეანიმაციისთვის 2 ტრილიონი დოლარი გამოყო. ნახევარ ტრილიონს აქედან მსხვილი და საშუალო ბიზნესი მიიღებს, 350 მილიარდს წვრილ მეწარმეებს დაურიგებენ შეღავათიანი კრედიტების სახით. 300 მილიარდი დოლარი კი ამერიკელებს დაურიგდებათ. ამდენივე დაიხარჯება შემწეობების გადასახდელად მათთვის, ვინც ვირუსის გამო სამსახური დაკარგა.

    მიუხედავად უზარმაზარი ანტიკრიზისული პაკეტისა, თეთრი სახლი არ გამორიცხავს, რომ მომავალში უფრო მეტის გაღებაც მოუწევს.

    კონგრესის მიერ მოწონებული პაკეტი ამერიკის წლიური მშპ–ს დაახლოებით 10%–ს შეადგენს. სხვა ქვეყნებბი ჯერჯერობით შედარებით მოკრძალებულ თანხებს გამოყოფენ, თუმცა ზოგიერთმა თანაზომადი თანხები უკვე გამოყო.

    მსოფლიოს მეორე უმსხვილესმა ეკონომიკამ – ევროკავშირმა ჯერჯერობით სტიმულირების ერთობლივ ზომებზე შეთანხმება ვერ შეძლო, თუმცა ნაციონალურ დონეზე უკვე უზარმაზარი თანხები გამოიყოფა.

    გერმანიამ 150 მილიარდი ევრო გამოყო, რაც მისი წლიური მშპ–ს 4.5%–ს შეადგენს და პირობა დადო, რომ საჭიროების შემთხვევაში ანტიკრიზისულ პაკეტს 800 მილიარდ ევრომდე გაზრდის, რაც გერმანიის ეკონომიკის მეოთხედია.

    საფრანგეთი ყველაზე გულუხვი აღმოოჩნდა. ის მზად არის 350 მილიარდი ევრო – მისი წლიური მშპ–ს 15% გამოყოს. იტალიამ 25 მილიარდი ევრო გადადო, ესპანეთმა კი 10 მილიარდი. ეს მათი ეკონომიკების მცირე წილია. ნიდერლანდები  უახლოეს სამ თვეში 20 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს, რაც მისი ეკონომიკის 2%–ს შეადგენს. დაახლოებით ამდენივე გამოყვეს დანიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, ირლანდიამ და ჩეხეთმა. ავსტრიამ, საბერძნეთმა, შვედეთმა და ესტონეთმა გადაწყვიტეს მოვლენათა უარესი განვითარებისთვის თავიდანვე მოემზადონ და საკუთარი მშპ–ს 5–დან 10%–მდე გამოყვეს ახალ კრიზისთან საბრძოლველად.

    ანალოგიურად მოიქცნენ სხვა განვითარებული ქვეყნები, ავსტრალიის, კანადის და ისრაელის ჩათვლით. იაპონია კი ჯერჯერობით ზარალს ითვლის და კომპენსაციებს აფორმებს.

  • მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის 45 მლნ ევრო დაამტკიცა

    მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის 45 მლნ ევრო დაამტკიცა

    მსოფლიო ბანკმა საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას “ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან სფეროებში.” ის ასევე დაეხმარება საქართველოს შეამსუბუქოს COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენა.

    “უკეთესი ეკონომიკური მართვა და გაუმჯობესებული კონკურენტუნარიანობა ეკონომიკის გაძლიერებაში დაეხმარება საქართველოს, გააუმჯობესებს ცხოვრების სტანდარტებს და დააჩქარებს წრაფ გაჯანსაღებას პანდემიის დასრულებისთანავე”,- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

    საქართველოს მთავრობის განცხადებით, კორონავირუსი უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკის ზრდის 4.5 პროცენტიან პროგნოზირებულ ზრდაზე.

  • პანდემია მსოფლიო ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს– საერთაშორისო სავალუტო ფონდი

    პანდემია მსოფლიო ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს– საერთაშორისო სავალუტო ფონდი

    საერთაშორისო სავალუტო ფონდი კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკის რეცესიას ვარაუდობს. ფონდმა 2020 წლის პროგნოზს გადახედა და გააუარესა. სავალუტო ფონდის დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას თქმით, ვარდნა შესაძლოა იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე 2009 წლის კრიზისისას იყო.

    “ჩვენ ეკონომიკის აღდგენას 2021 წლისთვის ველოდებით. სინამდვილეში შეიძლება მნიშვნელოვანი წინსვლაც მოხდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხებთ ვირუსის ყველგან ჩახშობას და არ დავუშვებთ ლიკვიდურობის კრიზისი გადახდისუნარიანობის კრიზისში გადაიზარდოს“ – განაცხადა მან.

    ნაკლებად მდიდარი ქვეყნებისთვის პანდემიის დამარცხებაში დასახმარებლად სავალუტო ფონოდმა ზომები დააანონსა, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს უახლოესი ორი წლის მანძილზე საერთაშორისო ვალდებულებებთან დაკავშირებული ვალების გადახდები შეამცირონ.

    ფონდი მოუწოდებს დონორ ქვეყნებს დროულად გაზარდონ შენატანები, რათა გაორმაგდეს  კრედიტების მოცულობა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. ფონდი აღნიშნავს, რომ ფინანსური დახმარების მოთხოვნით განაცხადები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

     

  • როცა ვამბობთ, რომ ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა, არ არის სწორი- გვენეტაძე

    როცა ვამბობთ, რომ ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა, არ არის სწორი- გვენეტაძე

    ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, იმის თქმა, რომ ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა, არ არის სწორი.

    მისი თქმით, არის ვალუტები, რომლებიც უფრო მეტად გაუფასურდა, მაგალითად ლათინური ამერიკის ქვეყნების, ან რუსეთის, ბელარუსის ვალუტები და ლარი ისევეა გაუფასურებული, როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნების ვალუტები.

    „მაგალითად რუსეთის და ბელარუსის ვალუტები უფრო მეტად გაუფასურდნენ წლის დასაწყისიდან, ვიდრე ქართული ვალუტა. არის ვალუტები, რომლებიც უფრო ნაკლებად გაუფასურდნენ, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ შედარება განვითარებადი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებისა წლის დასაწყისიდან. და ამის მიხედვით ჩვენ საშუალოდ, ზუსტად ისე ვართ გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნების ვალუტები. ჩვენთან უფრო მკვეთრად აღიქმება ეს, რადგანაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში უფრო მაღალი იყო გაუფასურება, თორემ საშუალოდ დაახლოებით ისევე ვართ გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნები“, – თქვა კობა გვენეტაძემ.

    ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს, 26 მარტს კვლავ გაუფასურდა. აშშ დოლართან გაუფასურებამ 2.6 თეთრი შეადგინა, ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.4842 ლარია, ხოლო ევროსთან გაუფასურება 7.9 თეთრი იყო და ახლა ერთი ევრო 3.8159 ლარი ღირს.

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მიმდინარე თვეში რეზერვებიდან $100 მილიონი გაყიდა.

  • კორონავირუსი ევროპას უმუშევრობის ახალი ტალღით ემუქრება: 25 მილიონი უმუშევარი ახლო მომავალში

    კორონავირუსი ევროპას უმუშევრობის ახალი ტალღით ემუქრება: 25 მილიონი უმუშევარი ახლო მომავალში

    ევროკავშირი ეკონომიკური პრობლემებისთვის ემზადება, რომლის მიზეზი კრონავირუსის გლობალური აფეთქებაა. მას შეუძლია სამუშაო ძალის ბაზარზე უზარმაზარი გავლენა მოახდინოს.

    შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გათვლით Covid19-ის გავრცელების გამო დაახლოებით 25 მილიონი ადამიანი შესაძლოა უმუშევარი აღმოჩნდეს.

    ორგანიზაციის გენერალური დირეტორი უმუშევრობის ახალ ტალღასთან საბრძოლველად საერთაშორისო თანამშრომლობისა და დაზარალებულთა ფულადი დახმარების მოწოდებით გამოდის:

    “ვხედავთ, რომ ბევრი მთავრობა, მათ შორის ევროპული, დიდ ფინანსურ და მონეტარულ ძალისხმევას ხარჯავს საკუთარი ქვეყნების ეკონომიკების მხარდასაჭერად, სამუშაო ადგილების და დასაქმებულთა შემოსავლების შესანარჩუნებლად. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გვახსოვს, რა დამანგრეველი იყო 2008 წლის კრიზისი. ვიხით, რომ როცა მთავრობები ერთობლივად მოქმედებენ და არა ცალცალკე, თავის ნაციონალურ სტრუტურებში, ეს დამანგრეველ ეფექტს ამცირებს. და რა თქმა უნდა, დახმარება ჭირდებათ თვითდასაქმებულ ადამიანებსაც, რადგან მათ არ შეუძლიათ დახმარება სთხოვონ დამსაქმებელს, რომელიც არ ყავთ.“

    თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნა უკვე დაიწყო ისეთ სფეროებში, რომლებსაც პანდემია პირდაპირ შეეხო: ტურიზმი, ავიატრანსპორტი, საზოგადოებრივი კვება. ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმშია მრეწველობა და მშენებლობა. ამასობაში ზოგიერითი ქვეყანა დახმარებას სთავაზობს ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც უმუშევრობის შემწეობა არ ეკუთვნით.

    ნორვეგიაში ასეთი დახმარების მოცულობა ბოლო სამი წლის მანძილზე აღებული საშუალო ხელფასის 80 პროცენტია. ბელგიაში 1500 ევროზე მეტი თვეში, საფრანგეთში 1500 ევრო მათთვის, ვინც შემოსავლის 70% დაკარგა, ირლანდიაში სამსახურის დაკარგვისთვის კომპენსაცია კვირაში 203 ევროს შეადგენს 6 კვირის განმავლობაში. იტალიაში 600 ევრო, დიდ ბრიტანეთში კი 94 ფუნტი კვირაში.

    ევროპარლამენტში სოციალისტები და დემოკრატები გამოვიდნენ წინადადებით შეიქმნას კრიზისის სოციალურ–ეკონომიკური შედეგების დაძლევის ფონდი.

    მათ ევროკომისიას და ევროსაბჭოს შესთავაზეს ევროპის ცენტრობანკთან ერთად ე.წ. “კორონაბონდები“ გამოუშვან. “ჩვენ დავინახეთ 2008 წლის კრიზისის შემდეგ, რომ მკაცრი ეკონომიის ზომები ასეთი კრიზისის დროს არაფერს შველის. ისინი არც ახლაგვიშველის. ახლა მეტი ლიკვიდურობა, მეტი ფული და მეტი შესაძლებლობებია საჭირო, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკა და ადამიანების სიცოცხლეები“– ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი უნგრეთიდან კლარა დობრევი.

    კორონაბონდების იდეას ევროზონის და მთელი ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები განიხილავენ. ზოგიერთი მათგანი მას უკვე იწუნებს და ამტკიცებს, რომ საბიუჯეტო წესების შესუსტება ფინანსურ პრობლემებს მხოლოდ გააღრმავებს.

  • თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს

    თიბისი COVID 19-ის გამოწვევების დასაძლევად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს

    „თიბისი შენთვის“ – თიბისი საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად პროგრამას ქმნის, რომელიც COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ ყველა პროექტს გააერთიანებს.

    მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბეზნესებისთვის.

    ასევე, ამოქმედდება ონლაინ პლატფორმა – „თიბისი შენთვის“, სადაც თავმოყრილი იქნება თიბისის და მისი პარტნიორების ყველა ციფრული სერვისი, რაც მომხმარებლებს გაციფრულებაში დაეხმარება. აქცენტი გაკეთდება, მოსახლეობის და ბიზნესების მხარდაჭერაზე, დისტანციურ განათლებაზე, ონლაინ კომერციაზე და სხვა მრავალ სერვისზე, რომელიც შექმნილ ახალ რეალობაში მომხმარებელს ცხოვრებას გაუმარტივებს.

    მთლიანობაში, თიბისი მომდევნო ორი თვის განმავლობაში მოსახლეობის მხარდასაჭერად 5 მილიონ ლარზე მეტს გაიღებს, რაც გამოიხატება მომხმარებლისთვის საკომისიო ხარჯის შემსუბუქებაში და სოციალური პროგრამების დაფინანსებაში.

  • თიბისი ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

    თიბისი ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

    თიბისი ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ფინანსური რესურსი საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებას მოხმარდება.

    “მოხარული ვარ, რომ ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. მოზიდული ფინანსური რესურსით თიბისი ადგილობრივი ბიზნესების უფრო აქტიურ მხარდაჭერას გააგრძელებს, მათი საერთაშორისო ოპერაციების დაფინანსების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. მინდა, მადლობა გადავუხადო ოპეკის ფონდს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის , – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

    ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდი OPEC-ის სტრუქტურაში შემავალი წევრების მიერ 1976 წელს დაარსდა განვითრებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ოპეკის ფონდი ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კვება, ენერგია, სუფთა წყალი და სანიტარია, ასევე ჯანდაცვა და განათლება.