Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე – ინკოტერმს 2020

    ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე – ინკოტერმს 2020

     

    ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ, როგორც მისმა ასოცირებულმა წევრმა, ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე – ინკოტერმს 2020 – Incoterms 2020.

    ინკოტერმსი (International Commercial Terms) – საერთაშორისო კომერციული ტერმინები და წესებია, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) მიერ და ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო კომერციულ ოპერაციებში. ინკოტერმსის წესები განმარტავს მხარეთა ვალდებულებებს, ხარჯებისა და რისკების გადანაწილებას საქონლის ტრანსპორტირების დროს.

    2020 წელს აღნიშნულ წესებში ცვლილება შევიდა და ჩამოყალიბდა ახალი რედაქციის სახით – Incoterms 2020. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობის ნაწილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.

    ვებინარს ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ჩართულები არიან ინფრასტრუქტურული თუ კერძო პროექტების განხორციელებაში და ასევე, სამშენებლო მასალების იმპორტიორი კომპანიები.

    „ვებინარის წარმდგენად თიბისის შერჩევა, ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით ჩვენი გუნდის წარმატებამ განაპირობა. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 51,2%-ია. წლების განმავლობაში, თიბისი ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს უკვე არაერთი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზეთ. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.“ – თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობისა და სტრუქტურული ფინანსირების დეპარტამენტის დირექტორი.

    “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის გაზიარებაც ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა.  ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პრეცედენტი, როგორიც ასოციაციის ასოცირებულმა წევრმა – თიბისიმ, ამ ვებინარის ორგანიზებით განახორციელა.” –  ანა საბახტარიშვილი, ICCA-ს აღმასრულებელი დირექტორი.

    ვებინარს მოდერატორი – თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და დოკუმენტური ოპერაციების ჯგუფის უფროსი – თამარ გუგუშვილი უძღვებოდა, რომელიც 2012 წლიდან აღნიშნული გუნდის წევრია

  • “საექსპორტო ბაზარზე გაყიდვების შენარჩუნება ეკონომიკის გადარჩენის გზაა“–ირაკლი ცუცქირიძე

    “საექსპორტო ბაზარზე გაყიდვების შენარჩუნება ეკონომიკის გადარჩენის გზაა“–ირაკლი ცუცქირიძე

    „ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, საწარმოო პროცესი აღდგენილია და ჩვეულ რეჟიმში, შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – ამის შესახებ newsreport-ს ხის დეტალების მწარმოებელი კომპანია “დონზორის” დირექტორმა ირაკლი ცუცქირიძემ განუცხადა. “ჩვენ შევინარჩუნეთ თანამშრომლები, არ შეგვიწყვეტია მათთვის ანაზღაურება. საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც კომპანია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ყველა უსაფრთხოების ნორმების დაცვით მუშაობს” – აცხადებს ირაკლი ცუცქირიძე.

    ბიზნესმენის განმარტებით კომპანია ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული.

    “ჩვენი პროდუქტი ძირითადად საექსპორტოა და პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი იყო შეგვენარჩუნებინა დამკვეთები. მოგეხსენებათ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეფერხებებს ქონდა ადგილი სატრანსპორტო სფეროშიც, შეიქნმა ლოჯისტიკასთან დაკავშირებული სირთულეები. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ბუნდოვანი იყო მომავალი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად შევძელით პრობლემების გადალახვა. აქვე უნდა ითქვას ბიზნესის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების შესახებაც, ჩვენ ვგრძნობდით მხარდაჭერას ყველა დონეზე.

    ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარმოება და ექსპორტი, რაც მთავრობის პრიორიტეტებდიც შედის. ვფიქრობ წარმოების შენარჩუნება, გაზრდა და ექსპორტი იქნება ჩვენი ეკონომიკის გადარჩენის ქვაკუთხედი”, ამბობს ირაკლი ცუცქირიძე.

    კომპანია “დონზორმა” დასახულ მიზანს მიაღწია, აცხადებს ცუცქირიძე – “ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ჩვენი გაყიდვების მოცულობა არ შემცირებულა და მეტსაც გეტყვით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად წლის ბოლომდე მოცულობის ზრდის გეგმებიც დავსახეთ. ასე, რომ იმედიანად ვართ, განწყობილი”.

    კომპანია “დონზორი”  რამდენიმე წელია ხის დეტალების წარმოებითა და ექსპორტით არის დაკავებული. ის აქტიურად თანამშრომლობს ფრანგულ და ბრიტანულ კომპანიებთან.

  • ვინ გამდიდრდა კრიზისის დროს: კორონავირუსის პანედმიამ ტექნოლოგიური გიგანტების გავლენა და ფასი გაზარდა

    ვინ გამდიდრდა კრიზისის დროს: კორონავირუსის პანედმიამ ტექნოლოგიური გიგანტების გავლენა და ფასი გაზარდა

    მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ კარანტინშია. ადამიანები სახლებში სხედან და ნაკლებ ფულს ხარჯავენ, რის გამოც ბევრი კომერციული კომპანია გაკოტრების ზღვარზეა.

    თუმცა მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მთავარი გიგანტები, როგორც ჩანს გლობალური კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვლენ. უფრო მეტიც, შესაძლოა საბოლოო ჯამში კრიზისმა ისინი კიდევ უფრო გააძლიეროს და მათი გავლენა გაზარდოს.

    ამ დღეებში ცნობილი გახდა კომპანია Alphabet–ის ფინანსური შედეგები, რომლის საკუთრებაა Google. გამოქვეყნდა კომპანიების: Apple, Facebook და Amazon–ის ანგარიშებიც.

    ბევრი თვლის, რომ ეს ოთხეული, რომელსაც მათი დასახელების პირველი ასოებისგან შემდგარ სახელს, GАFА–ს უწოდებენ მეტისმეტად მაღლა აფრინდა და დრო მოვიდა მათ ფრთები შეუკვეცონ.

    გუგლი და ფეისბუქი პრაქტიკულად მთლიანად სარეკლამო შემოსავლებზე არიან დამოკიდებული. ბევრი კომპანია პანდემიის დროს სარეკლამო ბიუჯეტებს ამცირებს და შესაძლოა გვევარაუდა, რომ ინტერნეტ გიგანტებისთვისაც რთული დრო დადგებოდა.

    Alphabet–ის ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ ისაუბრა მარტის თვეში მოულოდნელ და მნიშვნელოვან კლებაზე სარეკლამო შემოსავლებში, თუმცა კომპანიის აქციების ფასი მაშინვე სწრაფად გაიზარდა, როგორც კი ფირმამ ივარაუდა, რომ სიტუაცია გაუმჯობესებას იწყებდა.
    ფეისბუქმა განაცადა, რომ პანდემია გავლენას ახდენს მის სარეკლამო ბიზნესზე და კომპანიის კვარტალური მოგება ნელა იზრდებოდა, ვიდრე სხვა დროს. თუმცა არ ყოფილა მკვეთრი ვარდნა, რომელსაც მედია –გაზეთები და კომერციული მაუწყებლები შეეჯახნენ, რომლებიც ასევე რეკლამაზე არიან დამოკიდებული.

    ეფლში ელექტრონიკის გაყიდვა შემცირდა, მათ შორის iPhone –ების, სამაგიეროდ გაიზარდა შემოსავალი ინტერნეტ მომსახურებებიდან.

    მკვეთრად გაიზარდა ამაზონის ონლაინ გაყიდვები. სტაბილურად იზრდებოდა კომპანიის შემოსავლები ქლაუდ მომსახურებიდან, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს ისიც ვერ გაექცა.

    კომპანიის ხელმძღვანელმა, ჯეფ ბეზოსმა ინვესტორები გააფრთხილა, რომ მაღალი დივიდენდების იმედი არ უნდა ქონდეთ, რადგან მოგება ახლა მისთვის პრიორიტეტი არ არის.

    წარსულში ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად შემდეგი სტრატეგიის ხარჯზე იქცა: “ხარჯვა, ხარჯვა, ხარჯვა, რომ ზრდას მიაღწიო“. დღეისათვის ყველა საფუძველი არსებობს იმის საპროგნოზოდ, რომ მისი კომპანია კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა.

    Microsoft–ის ხელმძღვანელმა, სატია ნადელამ ამ კვირას განაცხადა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია, რომელსაც ორი წელი უნდა დასჭირვებოდა ორ თვეში მოხდა.

    კომპანიას ამ დროისთვის ძალიან კარგი შედეგები აქვს. მისი თქმით, ევოლუციური ციკლის დაჩქარებამ, რომლის წყალობით კომპანიები ასეთი ძლევამოსილები გახდნენ, შესაძლოა მათი დომინირება გაზარდოს.

    ბარაკ ობამას ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი, ჯეისონ ფურმანი ყველას მოუწოდებს მაღალი ტექნოლოგიების სფეროს გიგანტები უფრო მკაცრად და საგულდაგულოდ დაარეგულირონ. ის ამბობს, რომ კრიზისის გამო მათზე ზეწოლა შესაძლოა შემცირდეს.

    “თუ ეს მათ შემდგომ კონსოლიდაციას და მათ კიდევ უფრო გამყარებას, ასევე მათზე სამართლებრივი ზეწოლის შემცირებას გამოიწვევს, მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ პრობლემას წავაწყდეთ“– ამბობს ის.

    ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აშშ–ს და ევროპის ქვეყნების ეკონომიკებმა საშინელი შედეგები აჩვენეს. თუმცა ამასთან აქციების მსხვილი შესყიდვებიც მოხდა, ამერიკულმა ფასიანმა ქაღალდებმა კი ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

    ეს ძირითადა იმით არის განპირობებული, რომ ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, ამაზონის და ნეტფლიქსის აქციების ფასი მარტის შუა რიცხვებიდან 40%–ით გაიზარდა.

    აშშ–ს პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დოუ–ჯონსის ინდექსი.
    შესაძლოა ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიური კომპანიები მის შენარჩუნებას ახერხებენ, ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდეს საიმისოდ, რომ მათ მიმართ მკაცრი შემზღუდავი ზომები არ გამოიყენოს.

  • ბანკებში დღეს მოქმედი საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა შემცირდეს– მთავრობის ადმინისტრაცია

    ბანკებში დღეს მოქმედი საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა შემცირდეს– მთავრობის ადმინისტრაცია

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულმა ბანკმა და ანალიტიკურმაკვლევითმა ორგანიზაციებმა, საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატში, ეპიდემიის ეკონომიკური შედეგები და მთავრობის პოსტკრიზისული გეგმის ძირითადი საკითხები განიხილეს. ვიდეოკონფერენციას უძღვებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

    ეს პლატფორმა პრემიერმინისტრის დავალებით შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად, როგორც ანტიკრიზისული გეგმის, ისე პოსტკრიზისული პროგრამის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და პოზიტიურ ტენდენციებზე დაბრუნება უნდა უზრუნველყოს.

    განსახილველ თემებს შორის იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პოსტკრიზისულ გეგმაში დამატებითი ღონისძიებები ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად; სამშენებლო- დეველოპერული სექტორისა და მსხვილი ბიზნესის ხელშეწყობა; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერის პოლიტიკა და კერძო სექტორში კორპორაციული მმართველობის განვითარება, როგორც პოსტკრიზისული ინსტრუმენტი.

    მთავრობის ინფორმაციით შეხვედრის მიმდინარეობისას, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეროვნული ბანკის მისამართით წამოჭრილი მთავარი საკითხი ლარის ლიკვიდობის მიწოდებას შეეხებოდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეიქმნება რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, რომელთა საშუალებითაც, შესაძლოა შემცირდეს ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს ბაზარზეა.

    მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან და ანალიტიკურ – კვლევით ორგანიზაციებთან შეხვედრებს პერმანენტულად გამართავს.

  • ავიაკომპანია Ryanair თანამრომლებს ამცირებს და ევროპულ ჰაბებს ხურავს

    ავიაკომპანია Ryanair თანამრომლებს ამცირებს და ევროპულ ჰაბებს ხურავს

    ავიაკომპანია Ryanair სამი ათასამდე თანამშრომელს ამცირებს და კონტინენტალურ ევროპაში საკუთარ ჰაბებს და განყოფილებებს ხურავს. პარასკევს კომპანიამ “კორონავირუსული რესტრუქტურიზაციის“ გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც სხვა ზომებთან ერთად დარჩენილი თანამშრომლების ხელფასების 20%–ით შემცრებას ითვალისწინებს.

    კომპანიის გენერალური დირექტორი, მაიკლ ო ლირი აცხადებს, რომ გამოუვალ და უსამართლო სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ფრენების ნორმალურ რეჟიმში განახლება ივლისზე ადრე არ მოხდება.

    “მაგალითად, საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადასახადებს და მოსაკრებლებს დააკომპენსირებს, თუმცა მხოლოდ ფრანგული ავიაკომპანიებისთვის. სხვა გადამზიდავებს, მაგალითად   Ryanair–ს, EasyJet–ს ან  British Airways–ს, რომლებიც საფრანგეთში დაფრინავენ ძველებურად მოუწევთ ყველა მოსაკრებლის გადახდა. ეს ძალიან უსამართლოა. ეს სახელმწიფო დახმარების წესების და კონკურენციის წესების დარღვევაა“ – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

    გარდა ამისა,    Ryanair, რომლის ფლოტი ძირითადად ბოინგ 737–ის ტიპის ლაინერებისგან შედგება, აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ამერიკელებთან შემდგომი ორი წლის მანძილზე ახალი ლაინერების მიწოდების შესახებ გაფორმებული კონტრაქტის გასაუქმებლად. მენეჯერების აზრით სწორედ ამდენი დრო დაჭრდება პანდემიამდე არსებული მოთხოვნისა და ფასების აღდგენას.

  • ევროპამ კორონავირუსით მიყენებული ზარალი დათვალა. ყველაზე ცუდი პროგნოზები ახდა

    ევროპამ კორონავირუსით მიყენებული ზარალი დათვალა. ყველაზე ცუდი პროგნოზები ახდა

    კორონავიურსმა და კარანტინმა ევროპის ეკონომიკა, რომელიც ამერიკის ეკონომიკის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორეა, ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ღრმა კრიზისში ჩაძირა. ყველაზე ცუდი პროგნოზები ცხადდება: ევროკავშირი უფრო სწრაფად ღარიბდება, ვიდრე დანარჩენი მსოფლიო.

    ევროკავშირი დასავლეთში ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსისგან და ყველაზე მკაცრი კარანტინი შემოიღო. ახლა კი ეპიდემიის შედეგებს იმკის. ევროსტატის უახლესი მონაცემებით 2020 წლის პირველ სამ თვეში ევროკავშირის ეკონომიკა 3.5%–ით შემცირდა.

    ასეთი ტემპებით ის წელიწადში 13%–ით დაეცემა და ევროპა თითქმის 2 ტრილიონ ევროს დაკარგავს. და ეს იმ დროს, როცა დაახლოებით ამდენივეს დახარჯვა იქნება საჭირო კრიზისთან და ვირუსთან საბრძოლველად.

    პირველი კვარტლის შედეგები მხოლოდ მომავალი კატასტროფის შესავალია. საყოველთაო კარანტინმა  ევროკავშირი მარტში პრაქტიკულად მთლიანად გააჩერა. მოქალაქეების  და ბიზნესის ჯიბეზე ძირითადი დარტყმა კი მიმდინარე, მეორე კვარტალში გამოჩნდა საგრძნობლად. თუ ვირუსი უკან არ დაიხევს და ეკონომიკის აღდგენა არ დაიწყება, ზარალი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

    ევროპის ცენტრობანკი არ გამორიცხავს, რომ ჯამში წელიწადში მთლიანი შიდა პროდუქტის შემხირება  ევროზონის ქვეყნებში 12 %–ს მიაღწევს. ევროზონაში ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 19 შედის. ამ ქვეყნებზე მოდის ევროკავშირის ეკონომიკის 85%, ანუ 12 ტრილიონი ევრო მთლიანი მშპ–ს 14 ტრილიონიდან.

    “ეკონომიკის ვარდნის სიჩქარე და სიღრმე უპრეცედენტოა მშვიდობიანი პერიოდისთვის. ვარდნის მაშტაბი მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი და რამდენად წარმატებული აღმოჩნდება ადამიანებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად გატარებული ზომები“– ამბობს ევროპის ცენტრობანკის მეთაური, კრისტინ ლაგარდი.

    რატომ ეცემა ეკონომიკა

    მოკლე პასუხი ასეთია – კარანტინის გამო. რომ გავიგოთ, ზუსტად როგორ მოქმედებს კარანტინი ომის შემდგომი მსოფლიოს ეკონომიკური წარმატებით მთავარ საზომზე – მშპ–ზე, უნდა გავიხსენოთ როგორ ხდება მისი გამოთვლა.

    მშპ–ს მთლიანი მოცულობა ეს არის მოხმარების, ინვესტიციების, სახელმწიფო ხარჯების და სუფთა ექსპორტის ჯამი ცალკე აღებულ ქვეყანაში. ქვეყნების უმრავლესობაში  მშპ–ს ზრდაში მთავარ როლს პირველი კომპონენტი – მოხმარება თამაშობს.

    სწორედ ამიტომ აღმოჩნდა კარანტინის შედეგად მიყენებული ზარალი სერიოზული. ადამიანები სახლებში სხედან, ნაკლებს გამოიმუშავებენ და ნაკლებს ხარჯავენ. მაღაზიები და რესტორნები დახურულია, აკრძალულია ტურიზმი და მასობრივი ღონისძიებები – სპორტული და გასართობი. სტუმრადაც კი აღარ დადის ხალხი ერთმანეთთან საჩუქრებით.

    ეს ყველაფერი მოთხოვნას და მოხმარებას ამცირებს. საფრანგეთში მაგალითად ის პირველ კვარტალში 6%–ით შემცირდა.

    ინვესტიციების ვარდნა კი კიდევ უფრო დიდი აღმოჩნდა – მინუს 12%. ბიზნესი აღარაფერს დებს განვითარებაში. ადამიანებს არ შეუძლიათ სახლის ყიდვა. კომპანიები აღარ ქმნიან მარაგებს. ინვესტიციების ნაწილი გადადებულია, ნაწილი სამუდამოდ დაკარგული – კარანტინის პერიოდში შემოსავლების შემცირების გამო ფული, რომელიც დიდი შენაძენებისა და გაფართოებისთვის იყო გადადებული, დაიხარჯა.

    შედეგად, განვითარებულ ქვეყნებში მშპ–ს ორი მთავარი კომპონენტი იმდენად შემცირდა, რომ ეკონომიკა ფსკერისკენ წაიყვანა. შეზღუდვების პირობებში ამ ორი კომპონენტის ხელოვნური სუნთქვით შენარჩუნება უკეთესი დროის დადგომამდე მესამე შემადგენელს – სახელმწიფო ხარჯებს შეუძლია.  ამიტომაც ქვეყნების ხელისუფლებები, რომლებსაც ფული,ან მისი სესხების შესაძლებლობა აქვთ, მაშტაბურად ახდენენ ბიუჯეტიდან ეკონომიკის სტიმულირებას.

    ისინი შემწეობებს ზრდიან, კერძო სექტორის თანამშრომლებს ხელფასებს ხაზინიდან უხდიან, ნაღდ ფულს ურიგებენ მთელ მოსახლეობას, ბიზნესს ლგოტებს და სუბსიდიებს აძევენ. რომ აღარაფერი ვთქვათ ექსტრაორდინარულ ხარჯებზე კონკრეტულად პანდემიასთან ბრძოლაში: სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვაზე, მოქალაქეების რეპატრიაციაზე, დროებითი საავადმყოფოების მშენებლობაზე, წამლებისა და ვაქცინის შემუშავებაზე.

    აშშ–მ ანტიკრიზისულ ზომებზე უკვე 3 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, ევროპამ თითქმის 2 ტრილიონი. ჯამში კი მსოფლიო სავალუტო ფონდის წინასწარი შეფასებით სახელმწიფოს მხარდაჭერის სახით უკვე გაცემულია დაპირება 8 ტრილიონ დოლარზე. ეს მსოფლიოს მშპ–ს დაახლოებით მეათედია.

    ათი წლის წინანდელი კრიზისის საპასუხო ზომები ბევრად უფრო მოკრძალებული იყო. მსოფლიოს უმსხვილესმა ქვეყებმა  მაშინ 1 ტრილიონზე ნაკლები დახარჯეს.

    ეს კრიზისი კი ჯერ ახლა იწყება და უკვე ბევრად მეტია დახარჯული.

    მსოფლიოში უმსხვილესი პოლიტიკური კავშირი 450 მილიონი ადამიანით სხვებზე მეტად დაზარალდა. ევროკავშირზე კოვიდ 19–ის პანდემიასთან დაკვშირებული სიკვდილიანობის თითქმის ნახევარი მოდის.

    აშშ–ში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკაა, კორონავირუსი შედარებით გვიან გავრცელდა და ჯერჯერობით მისთვის ისეთი ძლიერი ზიანი არ მიუყენებია.

    ამერიკის მშპ 1.2%–ით შემცირდა პირველ კვარტალში, განსხვავებით ევროკავშირის 3.5%–ისგან. საშუალო წლიური ვარდნაც ამერიკაში წინასწარი გათვლებით ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ევროკავშირში.

    წლის ბოლოს შესაძლოა ევროპა კონკურენტებზე ბევრად უკან იყოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით ევროკავშირში ვარდნა (-7%)  ბევრად უფრო არსებითი იქნება ვიდრე აშშ–ში, (-6%) და იაპონიაში (-5%), მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის ტიტულისთვის ბრძოლაში ევროპის მთავარი კონკურენტი, ჩინეთი კი შედარებით ადვილად გამოძვრება და მცირე მატებაც ექნება (+1.2%).

    კორონავირუსმა მწყობრიდან გამოიყვანა ევროპული ეკონომიკის ძრავა. ოთხი გიგანტიდან შედარებით მსუბუქად გერმანია გადარჩა. საფრანგეთი, ესპანია და იტალია კი ლიდერები აღმოჩნდნენ როგორც სიკვდილიანობის, ასევე კარანტინის ხანგრძლივობისა და სიმკაცრის მხრივ.

    შედეგად, საშუალო ევროპული 3.5%–იანი შემცირების პირობებში საფრანგეთის მშპ  5.8%–ით შემცირდა, ესპანეთისა 5.2%–ით, იტალიის – 4.7%–ით. თანაც იტალიელებისთვის ვარდნა ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდა, ანუ ტექნიკურად ქვეყანა რეცესიაშია.

    გერმანიის სტატისტიკა მაისის შუა რიცხვებში დაიდება, თუმცა გერმანელი ჩინოვნიკები უკვე აცხადებენ, რომ ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას კარგი არაფერი ელის და ვარდნა ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე მაშტაბური იქნება.

  • 25 ანაზღაურებული შემთხვევა – თიბისი დაზღვევის 300 000 ლარიანი ფონდი მედპერსონალისთვის

    25 ანაზღაურებული შემთხვევა – თიბისი დაზღვევის 300 000 ლარიანი ფონდი მედპერსონალისთვის

    თიბისი დაზღვევამ ამ დროისთვის მედპერსონალის COVID–19-ით დაინფიცირების 25 შემთხვევა აანაზღაურა. კომპანიამ პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში სპეციალური ფონდი შექმნა და COVID-19-ის რისკის ქვეშ მყოფი მედპერსონალისათვის 300 000 ლარი გამოყო.

    ყველა ექიმი, ექთანი და სანიტარი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის იბრძვის და საფრთხის ქვეშ აყენებს ოჯახის წევრებისა და საკუთარ ჯანმრთელობას, COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, თიბისი დაზღვევისგან 10 000 ლარამდე სადაზღვევო კომპენსაციას მიიღებს.

    მედპერსონალი, რომელიც COVID19-ით უშუალოდ პაციენტისაგან დაინფიცირდება, 4 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს. ლეტალურ შემთხვევაში კი, ოჯახს დამატებით 6 000 ლარი გადაეცემა. თანხა საჭირო საბუთების წარდგენისთანავე გაიცემა.

    „ამ რეალობაში ექიმებს გვაკისრია სხვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და ჩვენთვის ყველაზე ფასეული ადამიანების ჯანმრთელობაა. არსებულ ვითარებაში საკუთარ თავზე ექიმები ნაკლებად ვფიქრობთ, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი მისამართით ვგრძნობთ მხარდაჭერას, იქნება ეს მორალური თუ ფინანსური. მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რომელიც ექიმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნავს, იმიტომ რომ ჩვენ ათასობით ადამიანს ვჭირდებით. თიბისი დაზღვევის ინიციატივა სწორი და დროული იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დამანახა ჩემი და ზოგადად თითოეული ექიმის მნიშვნელობა.“ – დემურ ბარბაქაძე, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის თანამშრომელი.

  • „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ვირტუალური კვირეული

    „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ვირტუალური კვირეული

    წელს „ქოლგა თბილისი ფოტო“, არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. პირველად, 19 წლის განმავლობაში, ფოტოკვირეული ყველა ღონისძიებას ვირტუალურ სივრცეში – www.kolga.ge უმასპინძლებს.

    4 მაისს, გახსნაზე, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ სოციალურ ქსელსა და „არტ არეას“ პირდაპირ ეთერში, აუდიტორია საერთაშორისო ფოტოკონკურსის დაჯილდოების ცერემონიას იხილავს. საერთაშორისო ჟიურის მიერ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

    • დოკუმენტური სერია
    • რეპორტაჟი
    • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
    • ერთი კადრი
    • საუკეთესო მობილური ფოტო

    5 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, 15 საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური თუ ინდივიდუალურ გამოფენა, დისკუსიები, უცხოელ ფოტოგრაფებთან შეხვედრები და პორტფოლიო-განხილვებია დაგეგმილი.

    წელს საპრიზო ფონდი 6 500 აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს 1500-1500 აშშ დოლარი, საუკეთესო ერთი კადრის გამარჯვებულს 1000 აშშ დოლარი, საუკეთესო მობილური კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი 500 აშშ დოლარი გადაეცემა.

    25 წლამდე ასაკის ერთ-ერთი ფოტოგრაფი, ტრადიციულად წელსაც დაჯილდოვდება პრემიით – KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD, რომლის ფოტოსერიაც შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან შეირჩა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი. გამარჯვებული 500 დოლარით დასაჩუქრდება.

    კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, ვირტუალურ სივრცეში – www.kolga.ge ყველა მსურველს შეუძლია დაათვალიეროს ფაბიო სგროის (იტალია), მარტინ ბოგრენის (შვედეთი), ნინა კორონენის (შვედეთი), ფინბარ ორაილის (ინგლისი), მეს ნისენის (დანია), გიორგი შენგელიას (საქართველო), ლუის ვაინშტაინის (ჩილე) და კიდევ მრავალი ფოტოგრაფის როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენა, მათ შორის საერთაშორისო ფოტოჟურნალების – GUP-ისა და EEP Berlin-ის გამოფენები.

    გამოფენებთან ერთად, ფოტოკვირეულის განათლების სექცია წელსაც მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების დისკუსიებს, საერთაშორისო ფოტოგრაფების, რედაქტორების, კურატორებისა და არტ-კრიტიკოსების პორტფოლიო-განხილვებს, რაც საქართველოში მცხოვრებ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს საშუალებას აძლევს კვალიფიკაცია აიმაღლონ და საუკეთესო გამოცდილება მიიღონ. ამ სექციით „ქოლგა თბილისი ფოტო“  საქართველოში ფოტოხელოვნების, როგორც მედიის ერთ-ერთი ფორმის პოპულარიზაციასა და განვითარებას უწყობს ხელს.

    თიბისი მე-16 წელია „ქოლგას“ მხარდამჭერია. წელს, ფოტოკვირეულის ფარგლებში, თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა – სტატუს შეხვედრები, საკუთარი მომხმარებლებისთვის 2 დისკუსიას უმასპინძლებს:

    • ფოტოგრაფიის ლექტორი, ხოსე ლუის ნევესი – „Let’s Get Physical! Interrogating the Boundaries of Photobook Making“.
    • ბრიტანელი ფოტოგრაფი, „Canon“-ის ელჩი, კლაივ ბუთი – „Recipe for a portrait“.

    ფოტოკვირეულის პარტნიორი მუზეუმები და გალერეები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ხელოვნების სასახლე, თიბისი არტ გალერეა, არტარეა გალერეა, გალერეა Fotografia, უსახელო გალერეა, გალერეა ლიჰტბლიკი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

    „ქოლგა თბილისი ფოტოს“ დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.kolga.ge

  • “როგორ უნდა გადაიხადონ კომპანიებმა აპრილის თვის ხელფასები, როცა მათი შემოსავალი არის 0 ლარი?“–ბიზნესმენი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

    “როგორ უნდა გადაიხადონ კომპანიებმა აპრილის თვის ხელფასები, როცა მათი შემოსავალი არის 0 ლარი?“–ბიზნესმენი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე

    კომპანია „დიო“-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი ბიზნესისთვის საგანგებო მდგომარეობის დროს შექმნილი პრობლემების შესახებ ფეისბუქზე წერს:

    “მთავრობამ 31 მარტს გააჩერა ეკონომიკა, მხოლოდ 70-მდე კომპანიას მისცა მუშაობის გაგრძელების უფლება, დღემდე გაუგებარია კონკრეტულად რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს კომპანიები; 1 კვირის დაგვიანებით გამოაქვეყნა რეგისტრაციის მექანიზმი იმ კომპანიებისათვის, რომლებსაც მუშაობის გაგრძელების სურვილი ექნებოდათ, ასობით კომპანიამ შეიტანა განაცხადი, შეამოწმეს ბევრი კომპანია, მათმა 80%-მა დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი, თუმცა არცერთ მათგანს დღემდე არ მისცემია მუშაობის გაგრძელების უფლება. გუშინ კი ვიგებთ, რომ თურმე კომპანიების რეგისტრაციის ახალი მექანიზმი შეუმუშავებიათ და ახლა ამ გზით უნდა ვეცადოთ მუშაობის გაგრძელების უფლების მოპოვება. ამასობაში გავიდა მთელი აპრილის თვე. ახლა მითხარით, როგორ უნდა გადაიხადონ კომპანიებმა აპრილის თვის ხელფასები, როცა მათი შემოსავალი არის 0 ლარი?

    P.S. თურმე აქვე ირკვევა, რომ მთავრობის 200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის ათვლა ბევრი კომპანიის მაგალითზე პრაქტიკულად იწყება მხოლოდ მაისიდან. აქაც ცინიზმი: ადამიანებს მარტი-აპრილიდან შემოსავლის მიღების საშუალება მოუსპე და საშუალო ხელფასზე 5-ჯერ ნაკლებ თანხას აძლევ, ისიც მხოლოდ მაისიდან.“– წერს ბიზნესმენი.

  • თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა – სტატუს შეხვედრები, განახლებული ფორმატით გრძელდება

    თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა – სტატუს შეხვედრები, განახლებული ფორმატით გრძელდება

    სოციალური დისტანცირების პირობებში, თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა – სტატუს შეხვედრები, განახლებული ფორმატით გრძელდება.

    საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები  აუდიტორიას ამჯერად Zoom-ის აპლიკაციის დახმარებით, ვირტუალურ სივრცეში ხვდებიან. სტატუს შეხვედრები კვირაში 2-ჯერ ტარდება და მათზე დასწრება თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ: https://www.statusevents.ge/

    ბედნიერებისა და ჭეშმარტიების კავშირი, მოვალეობითი მორალი, წერის მნიშვნელობა ბავშვებისთვის, აღმოსავლური ტრადიცია, გასტრონომია საქართველოში, სახლის მცენარეების მოვლა – ამ და სხვა აქტუალურ თემაზე თიბისი სტატუსის მომხმარებლებს უკვე ესაუბრნენ ლევან გიგინეიშვილი, დათო ტურაშვილი, ანდრო დგებუაძე, პაატა პაპავა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ, კი ვინც შეხვედრას ვერ ესწრებიან, შეუძლიათ სხვადასხვა თემატიკის ვიდეოს სტატუს შეხვედრების ონლაინ პლატფორმაზე გაეცნონ – https://www.statusevents.ge/videos

    საგანმანათლებლო პროექტი – თიბისი სტატუს შეხვედრები 2019 წლის დასაწყისში შეიქმნა და მისი მიზანი დინამიური და დატვირთული პროცესების პარალელურად, ადამიანებისთვის სხვადასხვა ცოდნის გამრავალფეროვნებისა და თვითგანვითარების საშუალების მიცემაა.

    სტატუს შეხვედრებს უკვე 8000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ონლაინ პლატფორმას კი ყოველდღიურად 100-ობით მომხმარებელი სტუმრობს.