Category: არქივი

  • წაიღებს თუ არა ვენესუელა უკან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას

    ვენესუელას ახალი ხელისუფლება მზად არის, გაუქმოს მისი წინამორბედი მთავრობის ბრძანება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს განცხადება „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის შეერთებულ შტატებში ვენესუელას ახალმა წარმომადგენელმა გააკეთა.
    გუსტავო ტარეს „კურიერის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, მოხდება თუ არა აღიარების უკან წაღება და რას ფიქრობს კარაკასი ამ ნაბიჯის გამო, მოსკოვთან ურთიერთობის გართულებაზე.
    „რა თქმა უნდა. თქვენ არც კი უნდა დამისვათ ეს შეკითხვა. ჩვენ არ ვაპირებთ მადუროს ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ რუსეთის ფედერაციის არ გვეშინია,“- განაცხადა ვენესუელის სპეციალურმა წარმომადგენელმა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში, გუსტავო ტარემ.
    ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ვენესუელას მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან წაღებაზე შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ვენესუელაში, უილიამ ბრაუნფილდმა ისაუბრა:
    “საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება არა მხოლოდ ურჩიოს, არამედ დაჟინებით მოითხოვოს ვენესუელას ხელისუფლებისგან იმ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება, რომლებიც ისტორიულად და ტრადიციულად საუკუნეების მანძილზე საქართველოს ნაწილი იყო. “
    აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ვენესუელამ 2009 წელს, პრეზიდენტ უგო ჩავესის დროს აღიარა, რომელიც რუსეთის ერთგული მოკავშირე იყო. რუსეთის ახლო პარტნიორია ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადუროც, რომელიც პარლამენტმა უზურპატორად ცნო, არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადა.
    ვენესუელას პარლამენტის ლიდერმა, ხუან გუაიდომ 23 იანვარს საკუთარ თავზე აიღო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ახალი არჩევნების ჩატარებამდე. მას იმავე დღეს მხარი დაუჭირა აშშ–მ და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ.
    ნიკოლას მადურო თანამდებობის შესანარჩუნებლად იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ მას ორი დღის წინ ულტიმატუმი ევროპული ქვეყნების ლიდერებმაც წაუყენეს, გუშინ კი ამერიკამ ვენესუელას უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.
    როგორ დასრულდება ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი და მოვა თუ არა ქვეყნის სათავეში დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც არა რუსეთის და ჩინეთის, არამედ აშშ–ს და დასავლური ქვეყნების მოკავშირე იქნება, ამაზეა დამოკიდებული წაიღებს თუ არა ვენესუელა უკან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

  • მიტროპოლიტი შიო: სამწუხაროდ, ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ასოცირდება რუსულ გავლენასთან

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრას ძალიან კონსტრუქციული უწოდა და მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკლესიის მიმართ კორექტული მიდგომისთვის.

    “ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იმიტომ, რომ ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რომ დაგვარწმუნონ მივიღოთ ესა, თუ ის გადაწყვეტილება”, უთხრა ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა შიომ.

    პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქო სრული გაგებით ეკიდება საქართველოს ეკლესიის ამ ეტაპზე აუჩქარებელ პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ. მეუფე შიოს თქმით, სინოდის სხდომაზე, რომელიც გასული წლის ბოლოს გაიმართა, გადაწყდა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი განიხილება შემდეგ სხდომაზე, რადგან არსებობს ბევრი დეტალი და შეკითხვა, რასაც მუშაობა სჭირდება. მიტროპოლიტმა ვერ დაასახელა სინოდის შემდეგი სხდომის თარიღი.

    შეკითხვას, რამდენად ახდენს პროცესზე გავლენას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისადმი რუსეთის ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება, მეუფე შიომ უპასუხა: “სამწუხაროდ, ჩვენთან არის ისეთი განწყობები, რომ ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია ასოცირდება რუსულ გავლენასთან. სინამდვილეში, დღეს თქვენ მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ჩვენ პოზიციას.” კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე ამბობს, რომ რუსეთის ეკლესიის პოზიცია საქართველოს ეკლესიისთვის შემაფერხებელი ფაქტორი ნამდვილად არ არის. “ჯერჯერობით როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან”, განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

    მედიის შეკითხვას, როგორ შეაფასებს იერუსალიმის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერას, მეუფე შიომ უპასუხა, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, რომ ვიღაც მხარს უჭერს, ვიღაც წინააღმდეგია და ვიღაც თავს იკავებს, ამიტომ დრო სჭირდება.

    “მსოფლიო საპატრიარქო ენდობა მისი უწმინდესობის სიბრძნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ შემდგომში”, განაცხადა პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

  • თბილისის მერია გზებზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს

    თბილისის მერია გზაზე გადასასვლელი საფეხმავლო ლითონის ხიდების დემონტაჟს გეგმავს. მათ ნაცვლად კი ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები მოეწყობა.
    ეს ინიციატივა დღეს კახა კალძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.


    კალაძის ინფორმაციით დედაქალაქში არსებული 39 ასეთი ხიდადან უმრავლესობა არ არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მოქალაქეების საჭიროებებზე. გარდა ამისა, საკმაოდ მოუხერხებელია ამ ხიდებზე ასვლა–ჩამოსვლა. კალაძემ მერიის სიახლოვეს მდებარე ხიდის მაგალითი მოიყვანა, რომელიც მისი თქმით სრულიად უფუნქციოა.

  • კანადის პარლამენტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს

    კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო სადაც, მათ შორის კანადის ე.წ. “მაგნიტსკის აქტის” საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების განმხორციელებელ პირებზე გავრცელებაზეა საუბარი.

    კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. კომიტეტის რეზოლუციაში, რომელიც უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის აგრესიას ეხება, აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ომი, 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია, მონაწილეობა აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლიდან მიმდინარე კონფლიქტში და NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებთან მისი სამხედრო მოქმედებები შეშფოთებას იწვევს, არა მხოლოდ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ანგარიშის სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც თავდაცვის კომიტეტი კანადის აღმასრულებელ ხელისუფლებას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს. კერძოდ:

    • ხელი შეუწყოს და წაახალისოს საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან;

    • გაავრცელოს კანადის პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოეთის კორუმპირებული მთავრობების მსხვერპლთა მიმართ სამართლიანობის აღდგენის” კანონით დაწესებული სანქციები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებაში ბრალდებულ პირთა მიმართ (რაც თავის მხრივ ეხმიანება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას)

    • დაიწყოს საქართველოსთან და მოლდოვასთან თავდაცვის სფეროში შეთანხების გაფორმებაზე მუშაობა;

    • რუსეთის მიერ ვითარების ესკალაციის საპასუხოდ, ლობირება გაუწიოს შავი ზღვის რეგიონში NATO-ს ჩართულობის გაზრდას;

    • მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მისწრაფებებს, გახდნენ NATO-ს წევრები;

    • მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ჰიბრიდულ თავდასხმებთან გამკლავებაში, განსაკუთრებით, სამთავრობო სტრუქტურებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერ-თავდასხმებთან და მედიის მეშვეობით უცხოური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლაში.

    კომიტეტის ანგარიში საქართველოსადმი კანადის პარლამენტის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და შავ ზღვაზე კანადის გააქტიურებისკენ მოწოდებასთან ერთად, რეზოლუციაში საუბარია კანადის “მაგნიტსკის აქტის” იმ პირებზე გავრცელებაზე, რომლებსაც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებში ედებათ ბრალი.

    ქართული მხარე, საქართველოს საელჩო ოტავაში აგრძელებს მუშაობას როგორც კანადის მთავრობასთან, ასევე პარლამენტთან, თავდაცვის კომიტეტის ანგარიშში ასახული საკითხების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით.
    დოკუმენტის დამტკიცებას წინ უძღვოდა 2018 წლის 4 დეკემბერს ხსენებულ სამ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სპეციალური მოსმენა, რომელზეც ერთ-ერთი მთავარ მომხსენებლად, კანადაში საქართველოს ელჩი, კონსტანტინე ქავთარაძე იყო მიწვეული. სხდომას, პარლამენტარების გარდა, კვლევითი ცენტრების ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კანადის პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით ამგვარი მოსმენა პირველად გაიმართა.

    მოსმენაზე კანადურმა მხარემ, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სტეფან ფიურმა, კანადელმა პარლამენტარებმა როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიებიდან, თავიანთ გამოსვლებში დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და გამოთქვეს საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვის მზადყოფნა. ისაუბრეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე მეზობლების მიმართ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე.

  • მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელი – შეხვედრის მიზანი საქართველოს საპატრიარქოსთვის რაიმე აზრის თავს მოხვევა, ან ზეწოლა არ ყოფილა

    აღიარებს თუ არა საქართველო უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას-მსოფლიო საპატრიარქო ილია მეორის გადაწყვეტილებას ელოდება. სწორედ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი განიხილეს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებმა და ილია მეორემ შეხვედრაზე, რომელიც დღეს საპატრიარქოში გაიმართა. როგორც მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი აცხადებს, პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და შეხვედრის მიზანი საქართველოს საპატრიარქოსთვის რაიმე აზრის თავს მოხვევა, ან ზეწოლა არ ყოფილა.

  • პროკურატურა ჯეკ შეფერდის საქმეზე

    პროკურატურა ჯეკ შეფერდის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს მის მომთხოვნ სახელმწიფოში გადაცემა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით განხორციელდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მას სურს ამ უფლებით სარგებლობა, თანხმობა უნდა გამოხატოს სასამართლოს წინაშე.

    “ამასთან, გამარტივებული პროცედურების გამოყენებით მომთხოვნ სახელმწიფოში გადაცემის თაობაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის პოზიციის დასადგენად პროკურორი ვალდებულია სასამართლოს მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით. აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობით ბრალდების მხარე ითხოვს არა პირის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას, არამედ მხოლოდ შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რათა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა გამოხატოს საკუთარი პოზიცია – ეთანხმება თუ არა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას. ამ ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 29 იანვარს სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა ჯ. შეფერდს მოსამართლის წინაშე გამოეხატა პოზიცია – სურდა თუ არა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია. მას შემდეგ, რაც ჯ. შეფერდმა სასამართლო პროცესზე გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარი განაცხადა, მომავალში, ბრიტანული მხარისათვის მისი გადაცემა სტანდარტული პროცედურით წარიმართება.

    კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საექსტრადიციო მასალების 40 დღის ვადაში მიღებისა და შესწავლის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა ძებნილი პირის მის მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებაც შესაძლებელია ერთჯერადად გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში კერძო საკასაციო საჩივრის შეტანის გზით. დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ეცნობება საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელიც შესაბამის უცხო სახელმწიფოში პირის ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს”, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    როგორც ცნობილია, გუშინდელ სასამართლო პროცესზე ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე. ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, “შეფერდმა აირჩია ქართული ციხე, ვიდრე დაბრუნებულიყო გაერთიანებულ სამეფოში, სადაც საფრთხე ემუქრება”.

    შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

  • თბილისის მერია ელექტრომობილის მფლობელებს ელექტროდამტენებს სახლთან უსასყიდლოდ დაუმონტაჟებს

    ნებისმიერ მსურველს, ვინც ფლობს ელექტრომობილს, თბილსის მერია სახლთან ელექტროდამტენებს დაუმონტაჟებს.

    დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ 11 თებერვლიდან ამოქმედდება ახალი ვებგვერდი, სადაც პროექტში მონაწილეობის მსურველ ნებისმიერ პირს შეეძლება, დარეგისტრირდეს.

    “11 თებერვლიდან ამოქმედდება მერიის კიდევ ერთი ახალი ვებგვერდი – http://chargers.tbilisi.gov.ge, და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ელექტრომობილი ჰყავს, შეუძლია, დარეგისტრირდეს ამ ვებგვერდზე და მოგვაწოდოს ინფორმაცია თავის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და ყოველგვარი გადასახადების გარეშე მზად ვართ, ელექტროდამტენები დავუმონტაჟოთ სახლთან და ეს წაახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას”, განაცხადა კალაძემ.

  • მოგმართავთ ყველას, გთხოვთ, იყოთ კორექტულნი – საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს საპატრიარქოში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. საპატრიარქო ადასტურებს, რომ განხილვის მთავარი თემაა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. მანამდე კი საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი მიხედვით, “უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. 

    “ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად მიაჩნიათ, ყველა საშუალებით დაიცვან. სახეზე გვაქვს სასულიერო და საერო პირთა პოლიტიკური და რელიგიური შეფასებები და განცხადებები. ამასთან, არც ერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმების, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან, რაც პირველ რიგში მთქმელს აყენებს ჩრდილს. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს. ამჟამად მთავარი არის მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას. ჩვენი მცდელობა, ლოცვით თუ საქმით, ამ ერთობისთვის უნდა იყოს მიმართული და ამიტომაც მოგმართავთ ყველას და გთხოვთ, იყოთ კორექტულნი როგორც ერთმანეთთან მიმართებაში, ისე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • საქართველოში პარტიებს მოსახლეობის დაბალი მხარდაჭერა აქვთ – NDI

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოში გამოკითხულთა მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ პარტიები მათ ინტერესებს გამოხატავენ. უმეტესობის აზრით, პარტიები გამოხატავენ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს(44%) და ლიდერის/დამფინანსებლის ინტერესებს(31%). აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევით, შეკითხვას, რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 27%-მა უპასუხა, რომ “ქართული ოცნება.” 12%-ისთვის ასეთი პარტიაა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.” 3-3%-მა დაასახელა “ევროპული საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი.” ყველაზე მეტმა – 36%-მა უპასუხა, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არ არის არცერთი პარტია.