Category: არქივი

  • 2019 წელს ხელისუფლებამ საპატრიარქოს 100 670 კვ.მ მიწა გადასცა- EMC

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, 2019 წელს ხელისუფლებამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 100 670 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა.

    აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტით მიიღო.

    EMC-ს შეფასებით, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს არღვევს და გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას.

    ,, საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული პრაქტიკა არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციას გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს. ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე. ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებით დისკრიმინაციული შინაარსისაა”,- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

  • თბილისის ერთ-ერთ ბარში ტურისტებს ორ ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს

    თბილისის ერთ-ერთ ბარში ტურისტს ორ ლუდში 3100 ლარი გადაახდევინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსანდრე გიორგაძე წერს.

    მისი თქმით, მისი სტუმარი ტურისტები იმ თაღლითური სქემის მსხვერპლნი გახდნენ, რაც თბილისის რამდენიმე ბარში მოქმედებს. გიორგაძე აღნიშნავს, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას აპირებდნენ.

    ,,კიდევ ერთი თაღლითური შემთხვევა. 2 ლუდში გადაახდევინეს 3100 ლარი. ამჯერად ჩემს სტუმრებს შეემთხვათ. მესამედ არიან უკვე ჩემთან. ვმეგობრობთ, სიგიჟემდე უყვართ საქართველო.

    სქემა მარტივი: შევიდნენ ლუდისთვის, მიუჯდა 2 გოგო, სთხოვეს დალევა. ამათ უარი უთხრეს. ცოტა ხანში მოდის შამპანური. ეს გოგონები 5 წუთში ქრებიან. და მერე კი ხედავთ ჩეკს. ჩემთან არ დაარეკინეს. აიუძლეს გადახდა! მე მერე გავიგე, ეგრევე პოლიციაში წასვლა შევთავაზე, მაგრამ აზრი არ აქვსო. უკვე მიდიან დღეს. მისამართი პეკინის 3.

    ამ ადამიანთან მქონდა საერთო გეგმები, ტურიზმში. სექტემბერში კიდევ აპირებდა ჩამოსვლას. ვერ დავითვლი რამდენი მეგობარი და ნაცნობი გამოუშვა საქართველოში. განიხილავდა ტექნოლოგიური ხაზით ინვესტირებას მომავალ წელს. და აგერ… კაცი ტიროდა. იმაზე კი არ ბრაზობდა მარტო რაც შეემთხვა, მთხოვდა ყველა გააფრთხილე აქ არ მივიდნენო. მაფიაააო… აი ასე ვკარგავთ ათასობით ტურისტს საქართველოში, ვიღაც ა###ების გამო!!!”,- წერს ,,ფეისბუქ” მომხმარებელი.

  • მოლაპარაკებებზე მყოფ რომელიმე პარტიაში მერაბიშვილის ყოფნა არავითარ პრობლემას არ შექმნის- შავგულიძე

    თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის თქმით, იმ პარტიის მოლაპარაკებებზე ყოფნა, რომელშიც შესაძლოა მერაბიშვილი გაწევრიანდეს, არავითარ პრობლემას და დისონანსს არ შექმნის.

    ,,თუ მერაბიშვილი გაწევრიანდება რომელიმე პარტიაში და ის პარტია წარმოდგენილი იქნება ამ მაგიდაზე, არავითარ დისონანსს, არავითარ პრობლემას, ამ მაგიდის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს არ შექმნის”, – ამბობ შავგულიძე.

    მან კომენტარი მმართველ ძალასთან შეხვედრასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი ჯერ არ დაკავშირებიან, თუმცა ოპოზიციის ინფორმირების გარეშე ,,ოცნებას” არ შეხვდებიან. 

    თავისუფალი დემოკრატებმა” დღეს განაცხადეს, რომ არ იქნებიან კოალიციაში იმ ძალასთან, რომელშიც ვანო მერაბიშვილი იქნება, ანუ, ისინი შეწყვეტენ თანამშრომლობას ,,ევროპულ საქართველოსთან” , თუ მისი წევრი ვანო მერაბიშვილი გახდება.

  • ფონდი “ქართუ” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” ვალების განულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    როგორც განცხადებაშია აღიშნული, რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

    „2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ მიერ, ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში, განხორციელდა ფიზიკური პირების პრობლემური ვალდებულებების შესყიდვა საქართველოში მოქმედი 55 ფინანსური ინსტიტუტისგან. აღნიშნული სესხების შეძენის მიზანს მისი შემდგომი პატიება წარმოადგენდა, რაც განხორციელდა კიდეც.

    შეძენილი პორტფელის მოცულობიდან გამომდინარე, პატიების პროცესი გრძელდებოდა 2019 წლის განმავლობაში და ეტაპობრივად ხდებოდა შესაბამისი საკრედიტო სტატუსის ასახვა სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ ბაზებში.

    „ფონდი ქართუ“ კიდევ ერთხელ აცხადებს და ადასტურებს, რომ მიმდინარე ეტაპზე შეძენილი სესხების პატიება განხორციელებულია სრულად, იმ ფიზიკური პირებისთვის, ვისი სასესხო ვალდებულება და მონაცემებიც მოწოდებული იქნა ამა თუ იმ ფინანსური თუ საკრედიტო ორგანიზაციისგან და აღარ არსებობს აღნიშნულ ვალდებულებებზე რაიმე სახის მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფონდი ქართუ“ გეგმავს ან ახორციელებს აღნიშნული სესხების დაფარვის მოთხოვნას.

    აქვე დავძენთ, რომ „ფონდი ქართუს“ მიერ სრულად იქნა შეძენილი 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ფინანსური ინსტიტუტების მიერ შერჩეული და გადმოცემული სესხები, შესაბამისად, თუ რომელიმე პირის ვალდებულებები ვერ მოხვდა სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, ფონდი მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთოს რაიმე კომენტარი ან აიღოს პასუხისმგებლობა.

    რაც შეეხება საიტს – vali.ge, როგორც თავიდანვე იყო გაცხადებული (მათ შორის მითითებული იყო საიტზეც), ის იფუნქციონირებდა მხოლოდ პროგრამის ფარგლებში და შესაბამისად, დაიხურა 2019 წლის ბოლოს.

    იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი ან სხვა პირი ითხოვს ჩვენ მიერ შეძენილი სესხების დაფარვას, მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, თავიანთი აქტიური ვალდებულებების სტატუსი გადაამოწმონ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – დაკავებულია თურქეთის მოქალაქე

    ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით დაჭრილი პაციენტი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. დაზარალებულს ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული. მამაკაცი, რომელიც მოქალაქეს თავს დაესხა, თურქეთის მოქალაქეა. გამოძიება მიმდინარეობს 117 მუხლით რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8299 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8299 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8265 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0571 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0515 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • “ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ამ გლობალურ ბრძოლაში საქართველოს გვერდში უდგანან”- კარლ ჰარცელი

    საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმონადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირი გმობს 2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებულ მიზანმიმართულ კიბერშეტევას და გამოთქვამს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მზადყოფნას, გააგრძელონ დახმარება საქართველოს კიბერმედეგობის გასაზრდელად.

    “კიბერსივრცე ყველას მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა სერიოზულ და მზარდ გამოწვევებსაც გვიქმნის. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები შეშფოთებულნი არიან იმ მავნე ქცევის გამო, რაც კიბერსივრცეში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უგულებელყოფს. მსოფლიოში მზარდი კიბერსაფრთხეების გათვალისწინებით, ამ ახალ რეალობასთან უკეთ გასამკლავებლად ევროკავშირმა ბევრი ინსტრუმენტი შეიმუშავა, რომელიც ჩვენს პარტნიორებსაც მოუტანს სარგებელს”, –  განაცხადა ელჩმა.

    კარლ ჰარცელმა თქვა, რომ “კიბერშეტევის კონკრეტული აქტორისთვის მიკუთვნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუვერენული გადაწყვეტილებაა” და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ ამ საკითხთან დაკავშირებული განცხადება უკვე გააკეთა.

    “ევროკავშირი ეხმარება საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენი ახალი პროგრამა უსაფრთხოებისა და ეფექტიანი მმართველობის სფეროში (SAFE) ყურადღებას ამახვილებს ჰიბრიდულ და სხვა მზარდ გამოწვევებზე. ამ პროგრამის საშუალებით გვსურს გავაძლიეროთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები და გავზარდოთ მედეგობა კიბერდანაშაულის და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიმართული თავდასხმების წინააღმდეგ. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ამ გლობალურ ბრძოლაში საქართველოს გვერდში უდგანან”, განაცხადა ელჩმა.

  • შსს-ს ინფორმაციით, საჩხერეში არასრულწლოვანმა შვილმა მამის მკვლელობის შემდეგ ცხედარი ეზოში მდებარე სათავსოს სარდაფში გადამალა

    შინაგან საქმეთა სამინისტრო საჩხერეში შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით, 2002 წელს დაბადებულმა პირმა მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

    დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას – 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.

    დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • საჩხერეში შვილმა მამა მოკლა

    საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილია მამის მკვლელობის ბრალდებით მისი შვილი არის დაკავებული.დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

    შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

  • კიბერშეტევასთან დაკავშირებით ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს

    ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-შეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    განცხადებაში ევროკავშირი კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის წახალისებისკენ მოუწოდებს, მისი წევრ სახელმწიფოები შეშფოთებას გამოხატავენ კიბერ-შეტევასთან დაკავშირებით, რამაც კიბერ-სივრცეში უსაფრთხოება და სტაბილურობა უგულებელყო.

    „ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გმობენ კიბერ-შეტევას და საქართველოს კვლავაც აღმოუჩენენ დახმარებას კიბერ-მდგრადობის გაძლიერების საქმეში“ – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით ვებგვერდს. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

    კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

    20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.