Category: არქივი

  • მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს

    მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

    აფრიკის ქალაქ ლაგოსთან მდებარე ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს საქართველოს დროით დაახლოებით დილის 5 საათზე მეკობრეები თავს დაესხნენ და გემიდან 10 მეზღვაური წაიყვანეს, მათ შორის 4 ქართველი.

  • დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავა, საბერძნეთში დავით დონდუა, გერმანიაში კი ლევან იზორია დაინიშნა

    საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა, საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია დაინიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “სოფიო ქაცარავა გახლდათ 2016-2019 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო მიმართულების ხელმძღვანელი. სოფიო ქაცარავას 2016 წელს მიენიჭა დედოფალ ელისაბედ II-ის ჯილდო, 1998 წლიდან 2016 წლამდე სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში.

    დავით დონდუა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 1993 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2015-2018 წწ. გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა, კერძოდ: აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე; გახლდათ ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი, ასევე ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. 2008–2014 წლებში დავით დონდუა საქმიანობდა საქართველოს პარლამენტში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. მას, 2001 წელს, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

    ლევან იზორია 2012-2015წწ. იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას; 2015-2016წწ. გახლდათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე; 2016-2019წწ. დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე; ხოლო 2019-2020წწ. იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტს. ლევან იზორიას მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის წოდება, ასევე სამართლის დოქტორის ხარისხი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, რომ სოფიო ქაცარავა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მმართველი გუნდი და საპარლამენტო მანდატი კი  მას შემდეგ დატოვა, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო.

  • თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 21 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

    ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სოლომონ ქურდიანის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ტრაქტორის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას და ნათაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, საექიმოს და ნავთლუღის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

  • “წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა“–ცოტნე გამსახურდიას ცოლი მისი ჯანმრთელობის შესახებ

    ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ფეისბუქში მისი მეუღლე წერს:

    “ცოტნეს გულშემატკივართა გულწრფელი ინტერესის გამო, მოკლედ მოგახსენებთ მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი რეალური მდგომარეობის შესახებ. გაგახარებთ და გეტყვით, რომ ცოტნეს მდგომარეობა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება. დიდი ხანია დაძლია ყველანაირი ინფექცია. ტემპერატურა და ჰემოდინამიკური მაჩვენებლებიც ნორმის ფარგლებში აქვს. ჯერ-ჯერობით არავერბალურად, მაგრამ მაინც კონტაქტურია. ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას. მართვითი სუნთქვიდანაც დიდი ხანია მოხსნილია. მართალია, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის, მაგრამ პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველა ექიმი მხოლოდ პოზიტიური პროგნოზისადმი არის განწყობილი. ორი დღის წინ ჩაუტარდა განმეორებითი მრტ, რომელზეც აღინიშნა დადებითი დინამიკა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტნეს უტარდება სწორი მკურნალობა და ყველა საჭირო პროცედურა რამდენიმე ექიმისა და ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი ხანია დაწყებული აქვს სარეაბილიტაციო თერაპიაც. აღარაფერს ვამბობ ზედმიწევნით დაცულ ჰიგიენის ნორმებზე… ასე, რომ იმედით შევყურებთ მომავლს“– წერს ანა ჯაბაური.

    შეგახსენებთ, რომ  ცოტნე 19 დეკემბერს, ვერაზე, მისივე სახლთან დაჭრეს.ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

    ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

    დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

    თბილისში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ცოტნე გამსახურდია სტამბულის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დღემდე რჩება.

  • ტვ იმედმა მოსკოვში ბიუროს აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო- ნიკა გვარამია

    ,,მთავარი არხის” დირექტორის , ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანია ,,იმედმა” რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვში ბიუროს აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

    მისი თქმით, ივანიშვილი რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ვერ აღადგენს, რადგან ქართველი ხალხის ეშინია, მაგრამ მოიფიქრა ასეთი ,,შუალედური” ფორმა ,,იმედის” წარმომადგენლობის გახსნის სახით.

    ,,საოცარი ამბავი მოგიყვეთ?

    რატომ ვერ აღადგენს ივანიშვილი დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან? ქართველი ხალხის ეშინია? არადა, რო თხოვენ? ამრეზით რო უყურებენ? ხოდა, მაინც ვერ აღადგინა და ვერც აღადგენს. ქართველი ხალხის ეშინია.

    მარა, რამე შუალედური რო მოიგონოს? რამე, იმიტომ რომ რუსეთისაც ხომ ეშინია (ზოგადად, რა უბედურია – შიში მართავს მის ცხოვრებას). ხოდა, აგერ, ბიძინასთან “კავშირი რომ არ აქვს”, იმ იმპერიამ რომ გახსნას წარმომადგენლობა რუსეთში? შენიღბულს უკვე ქართველი ხალხის არ ეშინია (და ძალიან სძულს. რომ ეშინია, ანუ მასზე ძლიერი როა, იმას ვერ პატიობს და სძულს). ხოდა გახსნის. რატო ვერ გახსნის? თან თავად “იმპერია” ნი პროწივ ი ვსიგდა გატოვა?

    ხოდა, ამ მიკრო-მოთხრობის პრეტენზიის მქონე ტექსტით, გილოცავთ ტვ იმედის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში, ბიუროს აღდგენის თაობაზე. აი, ნამდვილად, პრიპლ’ლი, დარაგიე მოი.

    ნაძეჟდაა, მოი კომპას ზიმნოი”,- წერს გვარამია საკუთარ ,,ფეისბუქ’ გვერდზე.

  • “შემომთავაზეს, რომ გამიშვებდნენ საქართველოდან თავისუფლად და მოპარულ ფულს გამატანინებდნენ.“–მერაბიშვილი ფარცხალაძესთან შეხვედრაზე

    პატიმრობიდან გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი ციხის საკნიდან მისი გაყვანის და მთავარო პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრას იხსენებს. ის ამბობს, რომ მისთვის ამ შეხვედრაზე პირადი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, თუმცა შეურაცხყოფილი დარჩა იმ შეთავაზებით, რაც მას გაუკეთეს.

    “მე ვარ გაკვირვებული და შეურაცხყოფილი, როცა გამიყვანეს ციხის საკნიდან.ამის შესახებ ვისაუბრე, სტრასბურგმაც გადაწყვეტილება მიიღო. გამიყვანეს ღამე. ციხის უფროსი და მისი მოადგილე შემოვიდნენ. არ ვიცი სუბარი იყო თუ არა საქმის კურსში, ვერ დავიწყებ სპეკულაციას.

    მიმიყვანეს ფარცხალაძესთან. დეტალებს არ მოვყვები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსიც იყო.
    შემომთავაზა რომ საქართველო დამეტოვებინა. და ამისათვის რომ მოეცა ჩემთვის საშუალება რომ დამეტოვებინა საქართველო, მე უნდა მეთქვა, რომ ჩვენი მთავრობის დროს მოხდა ჟვანიას მკვლელობა, უნდა მემხილებინა რომ სააკაშვილი შვეიცარიის ბანკში აქვს მილიონები. თუ რაღაც, რა ვიცი… სიმართლე გითხრათ, უფრო კონკრეტულად რას ითხოვდნენ, იქამდე საქმე აღარ მისულა. როცა მივხვდი, როცა ტონალობა შემოთავაზების დაიწყო,ვუთხარი რომ არასერიოზულია მათი ლაპარაკი. მე უფრო შეურაცხყოფილი დავრჩი იმაზე, რომ რატომ ჩათვალეს რომ ჩემთან შეიძლებოდა ამაზე დალაპარაკება. მე ვიყავი ყოფილი პრემიერ მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მე ესე მესმის რომ მაღალი თანამდებობის პირისთვის ასეთი რამის შეთავაზება არის გაუგებარი. არ მსმენია ასეთი რამე. გამოიყვანო და გარიგებაზე ელაპარაკო, რომ თავისი თავი ამხილოს… ეს ხო არ იყო ვიღაცის წინააღმდეგ ჩვენება. ეს ხომ პირველ რიგში ჩემი თავის წინააღმდეგ უნდა მიმეცა ჩვენება. ჩემი პიროვნების წინააღმდეგ უნდა მიმეცა ჩვენება. ეს ხომ პირად კომპრომისზე წასვლა იყო. ვერ წარმოვიდგინე ესეთი რამე რომ როგორ შეიძლება ეს შემოეთავაზებინათ და მინდა გითხართ რომ შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩათვალეს რომ ასეთი ფორმით შეიძლებოდა ლაპარაკი.“– ამბობს მერაბივშილი.

    წამყვანის კითხვაზე, უფრო კონკრეტულად რას გულისხმობდა შეთავაზება, მერაბიშვილი ამბობს:

    “მე გამიშვებდნენ საქართველოდან თავისუფლად, მოპარულ ფულს გამატანინებდნენ.

    ნაწყენი დავრჩი, რომ ჩვენ დროს ის (ფარცხალაძე) როგორ მუშაობდა შედარებით მაღალ თანამდებობაზე. ჩვენ დროს უმუშავია ფინანსთა პოლიციის ერთ ერთი სამხარეოს უფროსად. ვერ გეტყვით რომ ძალიან მაღალი თანამდებობა იყო, მაგრამ მაინც გამიკვირდა.

    უბრალოდ იმდენად დაბალი დონის ლაპარაკი იყო, რომ ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი, რომ თავისთავად ეს შემომთავაზეს…ჩვეულებრივად დასრულდა. ის მიხვდა, რომ არაფერი არ მოხდებოდა.

    გამაფრთხილა, რომ თუ იტყვიო ამას არავინ არ დაგიჯერებსო. და პირველი კომენტარი მთავრობის წარმომადგენლების ის იყო, რომ არავინ არ დაიჯერებს.“– ამბობს მერაბიშვილი.

    შს ყოფილმა მინისტრმა, მერაბიშვილმა ციხე 6 წლისა და 9 თვის შემდეგ დატოვა. ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

    ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად.

    “სასამართლომ დაასკვნა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მისი ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორებას არ ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი ბრალდებები, რაც წინასწარი პატიმრობის პერიოდში შუაღამით ციხიდან გაყვანასა და დაკითხვას უკავშირდებოდა, საკმარისად დამაჯერებელი და დადასტურებულია”, — ნათქვამია ევროსასამართლოს განცხადებაში.

  • პენტაგონი: ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ

    შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს და რუსეთს ქვეყანაში მავნე ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ამერიკის ხმას პენტაგონის წარმომადგენელმა ვიცე-პოლკოვნიკმა კარლა გლისონმა უთხრა.

    პენტაგონის განცხადებით, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ [გრუ] საქართველოს წინააღმდეგ ფართო-მასშტაბიანი კიბერ-თავდასხმა განახორციელა. ინციდენტმა სამთავრობო და კერძო ვებ-გვერდების, სამაუწყებლო სისტემების მუშაობა შეაფერხა და „გავლენა იქონია საქართველოს მთელ მოსახლეობაზე.“

    „ეს თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთის მავნე ქმედებები გამჭვირვალობას და სტაბილურობას, ასუსტებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და არღვევს მეზობლების სუვერენიტეტს. შეერთებული შტატების პოზიცია მკაფიო რჩება: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ძირითად ინტერესებს და რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას დავაკისრებთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ამ საქმიანობისთვის,“ ნათქვამია განცხადებაში.

    ვიცე-პოლკოვნიკი გლისონის თქმით, პენტაგონი შეუერთდა „საეთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი მტკიცედ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს.“

    წყარო: ამერიკის ხმა

  • არ მაქვს პრეტენზია არც პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე- ვანო მერაბიშვილი

    ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მას არ აქვს პრეტენზია არც პრემიერ-მინისტრობაზე და არც მინისტრობაზე.

    მისი თქმით, მას არ მოეწონა პრემიერ-მინისტრობა, როდესაც ამ პოსტს იკავებდა, რადგან მოწონს არა ზოგადი, არამედ კონკრეტული საქმეების კეთება.

    ,,მე არ მომეწონა პრემიერმინისტრობა, რადგან ეს იყო ძალიან ზოგადი და ბევრი ფორმალური პროცედურა უნდა განმეხორციელებინა. რადგან მე უკვე ვიყავი პრემიერმინისტრი, ეს არის უმაღლესი თანამდებობა საქართველოში, მე არ მიმაჩნია, რომ როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია, მე არ მომინდება პრემიერმინისტრობა.

    და რადგან მე უკვე პრემიერმინისტრი ვიყავი, შეუძლებელია, მე დავბრუნდე რომელიმე მინისტრის თანამდებობაზე. დღესვე შემიძლია განვაცხადო – მე თვითონ არ მაქვს პრეტენზია არც პრემიერმინისტრობაზე, არც მინისტრობაზე, ნებისმიერი სამინისტროსი, ეს შეუძლებლად მიმაჩნია, ყოფილი პრემიერმინისტრი დაბრუნდეს მინისტრის სკამზე და შეასრულოს ეს პოზიციები”,- აცხადებს მერაბიშვილი.

    როგორც ის აღნიშნავს, აუცილებლად გამოჩნდება საქმე, რასაც გააკეთებს.

  • რუსეთი ცდილობს, დაანგრიოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება და ძირი გამოუთხაროს ინსტიტუტებს- ბახტაძე ,,გრუ”-ს კიბერთავდასხმაზე

    ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე რუსეთის მიერ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევას ეხმიანება და ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს, დაანგრიოს მოქალაქეების ცხოვრება და ძირი გამოუთხაროს ინსტიტუტებს.

    ,,საქართველოს წინააღმდეგ კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის უწყებებმა დაგეგმეს და განახორციელეს, კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი დაანგრიოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება და ძირი გამოუთხაროს ინსტიტუტებს. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს გამოძიებაში ჩვენი უწყებების მხარდაჭერისთვის და პოზიციის გამოხატვისთვის”,-წერს მამუკა ბახტაძე ,,ტვიტერზე”.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით “I’LL BE BACK” (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები “პროსერვისის” სერვერებზე იყო ატვირთული. 

    მომხდარი კიბერთავდასხმა დაგმეს დანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიტვის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ოფიციალურმა უწყებებმა. 

  • რესტორანთან, სადაც ვანო მერაბიშვილი მეგობრებს ხვდება, აქცია იმართება

    გერონტი ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთი რესტორანში ვანო მერაბიშვილი მეგობრებს ხვდება.

    რესტორნის წინ ია მეტრეველი და რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის შაკო კუჭაშვილი და ლიკა გამრეკელი აქციას მართავენ. ისინი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას და მის დღევანდელ განცხადებებს აპროტესტებენ. 

    მათი თქმით, ვანო მერაბიშვილს კომფორტის ზონას დაურღვევენ ყველგან, სადაც ის იქნება. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერთ: ,,გვახსოვს ზურა ვაზაგაშვილი” ,,გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია”, ,,გვახსოვს რამდენად ჰყიდდით გოჯ საქართველოს”.

    აქტივისტები ადგილზე რჩებიან და ვანო მერაბიშვილის გამოსვლას ელოდებიან.