Category: არქივი

  • მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა შეეფარდა

    საჩხერეში მამის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

    დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ბრალდებულის ადვოკატის, ესმა ნორაკიას განცხადებით, არასრულწლოვანი კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.

    გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაკავებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. როგორც არასრულწლოვნის ბიცოლა აცხადებს, ბრალდებულის გამართლება, არასრულწლოვნის სტატუსის გამო, დაუშვებელია და მას სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა განესაზღვროს, ვინაიდან „მამა სასტიკად მოკლა“ და ის საფრთხეს წარმოადგენს სხვებისთვისაც.

    გამოძიების ინფორმაციით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

    არასრულწლოვანმა შვილმა კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ.

    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში გაემგზავრა

    მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში გაემგზავრა. აღნიშნული ინფორმაცია მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ მედიკო მარგოშვილმა დაადასტურა. როგორც ის აცხადებს, მაჩალიკაშვილი კიევში გუშინ საღამოს გაემგზავრა.

    კითხვაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა თუ არა, მარგოშვილი პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

  • რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი იყო- გახარია

    ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში იყო გმირობის უდიდესი მაგალითი და შესაბამისად, სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად, თავდადებით ხსოვნა, ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მიინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების 2 წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა.

    „ოჯახს მივუსამძიმრეთ და აღვუთქვით, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა გვახსოვდეს, ყველაფრით გვერდში ვედეგეთ ოჯახს, რასაც ვცდილობთ გავაკეთოთ და ყველანი გავაგრძელებთ, სადაც ვიქნებით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას,ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა. ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო გმირობის უდიდესი მაგალითი, ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა . შესაბამისად, სამშობლოსთვის მოკლული ადამიანის გმირულად, თავდადებით ხსოვნა, ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს. ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს. მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები, რომ აღარ იქნება ჩვენს ცხოვრებაში ჩვენ გვქნება შესაძლებლობა, რაღაც ხიდები აღვადგინოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი და არჩილ ტატუნაშვილის გმირობის მიზანიც ხომ რა იყო?! ქვეყნის გაერთიანება! მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ შრომით, მშვიდობიანად და არა ტრაგიკული მსხვერპლით, ომით და უბედურებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ და აღნიშნა, რომ „დღეს პატივს მივაგებთ საქართველოს ისტორიაში გმირობის ბოლო ფაქტის ჩამდენ ადამიანს“.

    არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

  • ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ირანის მოქალაქიდან ორს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები დღეს ტესტირებას ჩაუტარებენ

    ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის სამი მოქალაქიდან ორს ახალ კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე ინფორმაციით, სამი მოქალაქიდან ორს – 8 და 13 წლის მოზარდებს – ტემპერატურა აქვთ, ხოლო მათ დედას რაიმე სიმპტომები არ აღენიშნება. ეზუგბაიას განცხადებით, ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბავშვებს პნევმონია არ აქვთ და მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა.

    „გუშინ, დღის მეორე ნახევარში ჩვენს ცენტრში მოიყვანეს ირანის სამი მოქალაქე. ერთი ოჯახის წევრები არიან: დედა და ორი შვილი, 8 წლის და 13 წლის მოზარდები. როგორც იცით, რამდენიმე დღეა, რაც ირანში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები, მათ შორის ორი ადამიანი გარდაიცვალა. ყველა შემთხვევა ქალაქ ყუმიდან არის. ჩვენთან შემოყვანილი ირანის სამი მოქალაქეც ამ ქალაქიდან არის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სიტუაცია განსაკუთრებულ შემთხვევად აღიქმება და აეროპორტში ამ სამი პირიდან ორს ტემპერატურა დაუფიქსირდა, სამივე მათგანი ჩვენთან შემოიყვანეს. ჩვენს ცენტრში პაციენტებად გაფორმდნენ მხოლოდ ბავშვები, 8 წლის და 13 წლის ბიჭები. ჩატარებული გამოკვლევებით, ორივესთან გამოირიცხა პნევმონია. სხვა კლინიკური
    ლაბორატორიული კვლევებით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის დაფიქსირებული. მათი მდგომარეობა საშუალოზე ნაკლები სიმძიმისაა. დღეს ლუგარის ლაბორატორიის თანამშომლები ტესტირებას ჩაატარებენ ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკაზე. A და B ტიპის გრიპის ვირუსები გამოირიცხა. ამ ეტაპზე ეს პაციენტები მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მკურნალობას სიმპტომატური საშუალებებით გადიან. სხვა რამე სერიოზული ჩარევა მათთან აუცილებელი არ არის. რაც შეეხება დედას, ის ინფიცირებული არ არის, თუმცა მეთვალყურეობას ისიც გადის,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

  • ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ დროს შვილიშვილთან ერთად ატარებს (ფოტოები)

    ცოტა ხნის წინ ბერა ივანიშვილმა ინსტაგრამის “სთორიში”  პატარა ბერუკას ახალი ფოტო ბებიასა და ბაბუასთან ერთად გამოაქვეყნა.

    ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, თავისუფალ დროს შვილიშვილთან ერთად ატარებს. ფოტოზე ის და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე პატარასთან ერთად ბაკურიანში არიან.

    {{PHOTOGALLERY}}

  • 2026 წლისთვის თამბაქოზე აქციზი ევროპულ მაჩვენებელს გაუთანაბრდება- ვანო მაჭავარიანი

    2026 წლისთვის თამბაქოზე აქციზი ევროპულ მაჩვენებელს გაუთანაბრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა.

    ასოცირების ხელშეკრულებაში ვკითხულობთ რომ: ,,მხარეები გააძლიერებენ თავიანთ თანამშრომლობას და განახორციელებენ პოლიტიკის ჰარმონიზაციას აქციზურ საქონელთან დაკავშირებული თაღლითობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებების განსახორციელებლად და მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს თანამშრომლობა მოიცავს, მათ შორის, თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ტარიფების, შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივ დაახლოებას, რეგიონულ კონტექსტში შესაძლებლობების გათვალისწინებით და “თამბაქოს კონტროლის შესახებ” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის შესაბამისად. ამ მიზნით, მხარეები შეეცდებიან გააძლიერონ თავიანთი თანამშრომლობა რეგიონული კონტექსტის ფარგლებში”. 

    British American Tobacco-ს კორპორატიულ დირექტორის , ზვიად სხვიტარიძის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია თამბაქოს დირექტივა, რომლის მიხედვით 1000 ღერ სიგარეტზე აქციზმა 90 ევროს უნდა მიაღწიოს, დღეს აქციზი 1000 ღერზე 30-32 ევროა.

    მისივე განცხადებით, უკრაინასა და მოლდოვასაც აქვთ იგივე ვალდებულებები, მაგრამ ახერხებენ მის გადაწევას. 

    ,,დღეს ჩვენ საკმაოდ მაღალი სააქციზო გადასახადი გვაქვს ეს არის 30-32 ევრო 1 000 ცალ ღერზე. იგივე ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები, როგორიც არიან მაგალითად უკრაინა და მოლდოვა, აქციზი 2-ჯერ ნაკლებია ვიდრე ჩვენთან. ამ უკანასკნელმა უფრო ადრე მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და ვალდებულებაც, რომ ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვოს უფრო ადრე უწევს. თუ მოლდოვა ახერხებს იმას, რომ ასოცირების საბჭოს ევროგაერთიანების ფარგლებში მოელაპარაკოს ამ ვალდებულების გადაწევაზე, იმიტომ რომ არ არის ქვეყანა მზად ამისთვის, ჩვენ შემთხვევაში რატომ ვერ მოხდება ეს. ცალსახაა, რომ გაზრდილი აქციზის პირობებში სომხეთიდან შემოდის არალეგალური პროდუქცია და ამას ვერ აჩერებენ”,- ამბობს სხვიტარიძე.

    ასევე აღნიშნავს, რომ აქციზმა აღნიშნულ მაჩვენებელს 2030 წელს უნდა მიაღწიოს, რადგან ბიუჯეტი გაზრდილი აქციზის გამო დაზარალდება. ზარალი შარშან 400 მილიონი იყო, წელსაც არალეგალური პროდუქცია სომხეთიდან და აფხაზეთიდან შემოდის.

    ,,ბიუჯეტი გასულ წელს 400 მლნ-ით ლარით დაზარალდა ამ რადიკალურად გაზრდილი აქციზის გამო. ჯერ შემოდიოდა არალეგალურად დაჭრილი თამბაქო და აქციზს მასზე არავინ იხდიდა და ქვეყანა კარგავდა ამას, ჯანმრთელობის კუთხითაც უფრო მეტად ზიანდებოდა მომხმარებელი, ახლა კიდევ უარესი ხდება, იმიტომ რომ არალეგალური პროდუქცია შემოდის სომხეთიდან და აფხაზეთიდან“, – განაცხადა British American Tobacco-ს კორპორატიულმა დირექტორმა BM.ge-სთან.

    მხარეები გააძლიერებენ თავიანთ თანამშრომლობას და განახორციელებენ პოლიტიკის ჰარმონიზაციას აქციზურ საქონელთან დაკავშირებული თაღლითობისა და კონტრაბანდის  წინააღმდეგ საპასუხო ქმედებების განსახორციელებლად და მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს თანამშრომლობა მოიცავს, მათ შორის, თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის ტარიფების, შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივ დაახლოებას, რეგიონულ კონტექსტში შესაძლებლობების გათვალისწინებით და “თამბაქოს კონტროლის შესახებ” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის შესაბამისად. ამ მიზნით, მხარეები შეეცდებიან გააძლიერონ თავიანთი თანამშრომლობა რეგიონული კონტექსტის ფარგლებში.
  • ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე ბრუნდება, ისინი 14-დღიან კარანტინს საჩხერეში გაივლიან- თამარ გაბუნია

    ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოში 34 მოქალაქე ბრუნდება, ისინი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საჩხერის სასტუმრო-კომპლექსში ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

    მისი თქმით, ამ ადამიანებს დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, კორონავირუსის საფრთხის გამო საქართველში დაბრუნება უნდოდათ თუ არა.

    ,,უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მოხერხდა მათთან დაკავშირება იმის თაობაზე, ჰქონდათ თუ არა მათ საქართველოში დაბრუნების სურვილი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. დღეს ველოდებით საქართველოს 34 მოქალაქეს, რომელიც ჩამოფრინდება თბილისის აეროპორტში. მათ დახვდებათ ეპიდემიოლოგების და ექიმებისგან შემდგარი ბრიგადა”,- აცხადებს მინისტრის პირველი მოადგილე.

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, არის იმის ალბათობა, რომ მათგან არც ერთი მოხვდეს ინფექციურ საავადმყოფოში.

    ,,ჩვენთან მათგან მოხვდებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც ჩამოსვლის მომენტში ექნებათ ის სიმპტომები და ნიშნები, რომელიც განსაზღვრულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ”,- ამბობს ცერცვაძე.

    ჩინეთიდან მოქალაქეები დაახლოებით 4 საათში დაბრუნდებიან.

  • არ ვიცი, სოფიო ქაცარავა გუნდიდან ოდესმე წასული იყო?! – გახარია

    “მე არ ვიცი, სოფიო ქაცარავა ოდესმე გუნდიდან წასული იყო?”- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კითხვას, რომელიც სოფიო ქაცარავას დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშვნას შეეხებოდა.

    მისი თქმით, ,,ის დიდ ბრიტანეთში იქნება საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი”.

    სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი და საპარლამენტო მანდატი მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

    გუშინ, 20 თებერვალს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფიო ქაცარავა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

  • დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დააბრუნებს პარლამენტს ქუთაისში- სააკაშვილი (ვიდეო)

    მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქზე” ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ეხმიანება გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვა იგეგმება.

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის ქუთაისში აშენება აფხაზეთის დაბრუნებასა და დასავლეთ საქართველოს განვითარების სტრატეგიას ეფუძნებოდა.

    სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი პარლამენტს ქუთაისში დააბრუნებს.