Category: არქივი

  • ფინანსთა მინისტრის მოადგილე სიგარეტის ფასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

    ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სიგარეტის ფასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ არავის უთქვამს, სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი.ლაშა ხუციშვილი აღნიშნულ საკითხს „ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის ითქვა, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით. „ბოლო დღეებია (ერთი შეხედვით საეჭვო წყაროებიდან) სიგარეტის ფასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არის ამავე წყაროების მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორი ინტერპრეტაცია და თემის არასრული გაშუქება, რაც საბოლოოდ ამახინჯებს რეალურ სურათს. ჩამოვწეროთ მხოლოდ ფაქტები:

    1. არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ უნდა გახდეს 10 და 15 ლარი. ითქვა მხოლოდ ის, რომ საქართველოს აქვს საერთაშორისო ვალდებულებები სიგარეტის აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი უბრალოდ ფაქტია და ვისაც კითხვა არ ეზარება მარტივად გადამოწმებადია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2496959?publication=0

    2. არსებობს ევროკავშირის მიერ მიღებული დირექტივა თამბაქოს აქციზის განაკვეთების შესახებ, რომელიც აწესებს თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის მინიმალურ განაკვეთს, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისათვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება.

    3. საქართველოსთვის ამ ვალდებულების შესრულების ვადად თავდაპირველად განსაზღვრული იყო 2022 წელი (2014 + 8 წელი).

    4. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით (მათ შორის: რეგიონული კონტექსტი, არალეგალური ვაჭრობის რისკები და ა.შ.) 2018 წელს გაიმართა მოლაპარაკებები ევროკავშირთან და მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ამ ვალდებულების შესრულება საქართველოსთვის გადაიწია 2026 წლამდე (2018 + 8 წელი).

    5. დღეს, ანუ როცა ვალდებულების შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადამდე მინიმუმ 6 წელია დარჩენილი, მტკიცებით ფორმაში საუბარი იმაზე რომ სიგარეტის ფასი გახდება 10 და 15 ლარი, არის უბრალოდ სპეკულაცია და მეტი არაფერი.

    6. 2022 წლამდე საუბარი იმაზე, რომ ამ ვალდებულების შესრულებისთვის ამჟამად განსაზღვრული ვადა რეალისტურია თუ არა, უბრალოდ ნაადრევია. შეიძლება ბევრს ჰქონდეს იმის განცდა, რომ საკითხი ისედაც ცხადია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ხდება იმ კონკრეტულ მომენტში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე და არა პროგნოზების და მითუმეტეს, მკითხაობის საფუძველზე.

    7. მითუმეტეს, მაშინ როცა 2022 წლამდე საერთოდ არანაირი ცვლილება არ იგეგმება სიგარეტზე აქციზის განაკვეთთან დაკავშირებით, მხოლოდ იმის გამოტანა ნიუსად რომ საქართველოში სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ოდესღაც შეიძლება 5 ლარი გახდეს, მთლად ჯანმრთელად არ გამოიყურება.

    პ.ს. მწეველები – შეიძლება მშვიდად ვიყოთ და ამის გამო მოწევას არ მოვუმატოთ. ისინი ვინც არ ეწევიან და მხოლოდ საეჭვო წყაროებიდან წამოსული ნიუსების გავრცელებეთი ერთობიან – მინიმუმ კარგი იქნება თუ გართობასთან ერთად სიგარეტს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტად არ გამოაცხადებენ“, – წერს მინისტრის მოადგილე „ფეისბუქში“.

  • რა გახდა არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი მკვლელობის მოტივი

    საჩხერეში არასრულწლოვანი შვილის მიერ მამის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახის წევრები დეტალებს იხსენებენ. ოჯახის წევრები მკვლელობის მოტივზე საუბრობენ. როგორც ბებია ამბობს, მისმა შვილიშვილმა მამაზე შური შენიშვნის გამო იძია.

    „ობლობაში გაზრდილები არიან, მამა თან ყვებოდათ. ტელეფონი გამოუტანა განვადებით, თურმე ამას დაულომბარდებია. ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა, ეს არ აპატია და მძინარეს სანადირო თოფიდან ესროლა. გაათრია და სარდაფში ლეიბით დამალა. წავიდა საძებნად, ვითომ არ იცოდა სად იყო. მე ვიეჭვე, რაღაც არ იყო კარგად და ასე გავიგეთ, რომ მოკლა. სიმწრით გაზარდა ჩემმა შვილმა ბავშვები, დედა არ ყავდათ და ეცოდებოდა“,-განაცხადა ციცინო კოპაძემ.

    შემთხვევა საჩხერეში გუშინ მოხდა. სოფელ ჭალაში 16 წლის ბიჭმა მამა მოკლა. მკვლელობის შემდეგ მან მამის ცხედარი გადამალა, ამის შემდეგ კი ორი დღე მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად „ეძებდა“. არსებული ინფორმაციით, მოზარდი 16 წლისაა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოზარდი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “თავდაცვის მინისტრი ვარ”- ღარიბაშვილის პასუხი კითხვაზე, რას აკეთებს სახელმწიფო ტატუნაშვილის მკვლელების დასასჯელად (ვიდეო)

    თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ პასუხობს კითხვას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს სახელმწიფო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების დასასჯელად. წილკანში ტატუნაშვილის ორიწლისთავზე ყოფნისას ეს კითხვა მას მთავარი არხის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა:

    “მე ვარ თავდაცვის მინისტრი და დიდი მადლობა”. 

    არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი 2 წელი გავიდა. ის 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა, რის შემდეგაც ცხინვალის იზოლატორში მოკვდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტატუნაშვილს სიცოცხლისთვის შესაუბამო მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი წამების ბრალდებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებზე, დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.

  • საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა – სალომე ზურაბიშვილი

    “ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორი წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

    „ორი წლის წინ, საოკუპაციო რეჟიმმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლა. დღეს ჩვენი ერი ამ დიდ ტრაგედიას იხსენებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და მომავალში მსავსი ტრაგედიები აღარ მოხდება“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

    არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლეს.

  • ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერიალი “მეგობრები” ეკრანებზე ბრუნდება

    პოპულარული სერიალი „მეგობრები“ სატელევიზიო ეკრანს დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

    დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სერიალის გმირები სპეციალური სატელევიზიო პროექტის სახით HBO Max – ის  ეთერში გამოჩნდებიან. გასულ წელს ნეტფლიქსის შემდეგ სწორედ ამ სტრიმინგ სერვისმა იყიდა ამერიკაში სერიალის უფლებები $425 მილიონად. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, პროექტს სერიალის ფორმატის ექნება, თუ ფილმის. უცნობია მისი გამოსვლის ზუსტი თარიღიც.

    სპეციალურ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობას სერიალის ექვსივე მთავარი გმირი მიიღებს. ჯენიფერ ენისტონმა, კორტნი კოქსმა, ლიკა კუდროუმ, მეთიუ პერიმ, დევიდ შვიმერმა და მეთ ლიბლანკმა ამის შესახებ სოციალურ ქსელებში უკვე განაცხადეს.

    სერიალ „მეგობრების“ პირველი სეზონი ეთერში 1994 წელს გავიდა და 2004 წლამდე იღებდნენ. ის მალევე გახდა საკულტო შოუ. ფინალურ ეპიზოდს ამერიკის შეერთებულ შტატებში 52 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. „მეგობრები“ პოპულარობას დღემდე არ კარგავს.

    2018 წელს სერიალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე საყვარელ შოუებს შორის მეორე ადგილზე გავიდა.

  • სალომე სამადაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

    სალომე სამადაშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე ვაკის პოლიციაში გამოძიება უკვე დაიწყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს უცნობმა მამაკაცმა შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა ის მთავარ არხს ინტერვიუს აძლევდა. სალომე სამადაშვილმა ჩვენება ვაკის პოლიციაში მისცა. პირის ვინაობა, ვინც მას შეურაცხყოფა მიაყენა ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა ის მთვარი არხის კამერამ გადაიღო. სამადაშვილი პოლიციისგან მისი ვინაობის დადგენას მოითხოვს და აცხადებს, რომ ეს იყო ხელისუფლების “ტიტუშკა“, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელს მიუგზავნეს.

    „გუშინ საღამოს ჩემს სახლთან ვაძლევდი ინტერვიუს „მთავარ არხს“, როდესაც ვიღაც უცნობმა მამაკაცმა დაგვიწყო უშვერი სიტყვებით ლანძღვა. თავიდან იგნორირებას შევეცადეთ, მაგრამ ეს კაცი არ ჩერდებოდა და სულ უფრო აგრესიულად ყვიროდა. შემდეგ ჟურნალისტებმა და მეც ვკითხეთ, რატომ იყო იქ, რადგან საკმაოდ მოფარებული ადგილია, არ არის ეს ქუჩა, სადაც შემთხვევითი გამვლელები ხვდებიან. ეს მამაკაცი ვერ ვიცანი, ჩემი მეზობელი აშკარად არ იყო. ამაზე პასუხი არ გაგვცა, შემდეგ როდესაც კამერა დაიძრა მისკენ, გაიქცა და ჟურნალისტები გაეკიდნენ, შემდეგ ჟურნალისტებსაც აგინა და გაიქცა. გამოვიძახეთ პატრული, პატრულს აქვს სრული ინფორმაცია, ეს კაცი კამერებზეა დაფიქსირებული და ჩემი თხოვნა იყო, რომ დადგენილიყო ვინ იყო ეს ადამიანი, რატომ იყო ჩემს სახლთან, შემთხვევითი გამვლელი იყო თუ სპეციალურად იყო მოსული, თუ ვინ არის საერთოდ და შესაბამისად, გამოძიება წარიმართოს ამ საკითხთან დაკავშირებით. “–აცხადებს სალომე სამადაშვილი.

  • “დაბეგვილ, ნაცემ ქალაქს ამ იმედსაც რომ წაართმევ, უზნეო ხარ”- გოგი წულაია ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვაზე

    ქუთაისის პარლამენტის შენობის შენარჩუნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე თავისუფალი საქართველოს წევრმა, გოგი წულაიამ განაცხადა, რომ შენობის გაყიდვა ქალაქისთვის ბოლო იმედის წართმევაა.

    “ისედაც მომაკვდავ, დაბეგვილ, ნაცემ ქალაქს ამ იმედსაც რომ წაართმევ, ხარ უზნეო და ფეხებზე გკიდია საერთოდ რეგიონები, ქალაქები და ა.შ”, –  განაცხადა მან ფორმულასთან საუბრისას.

    აქციაზე შეკრებილების აზრით, პარლამენტის დედაქალაქში გადასვლამ ისეც წაართვა ქალაქს განვითარების პერსპექტივა, შენობის გაყიდვა კი ამ შანსებს საერთოდ მოსპობს.

    შენობის გაყიდვა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაანონსა. მისი თქმით, ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი.

  • იტალიაში კორონავირუსით ორი ადამიანი დაიღუპა

    იტალიაში კორონავირუსით ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე მათგანი ქვეყნის ჩრდილოთ რეგიონში გარდაიცვალა. დაღუპულთაგან ერთი დაახლოებით 70 წლის მამაკაცია, რომელიც პადუას საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მეორე- ქალია, რომელიც ლომბარდიის რეგიონში დაიღუპა.

    ცნობისთვის, ეს კორონავირუსის ფატალური შემთხვევების პირველი მაჩვენებელია ევროპაში.

    შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი ჩრდილოეთ რეგიონებში. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ზოგიერთ ქალაქში სასწავლო დაწესებულებები დახურეს.

  • სასწავლო დაწესებულებები დაიხურა – იტალიაში კორონავირუსის 16 შემთხვევა გამოვლინდა

    იტალიაში კორონავირუსის ერთდროულად 16 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  

    ვირუსის 14 შემთხვევა ლომბარდიის რეგიონში, ხოლო ორი შემთხვევა – ვენეტოში გამოვლინდა. დაინფიცირებულებს შორის 5 ექიმია. უმეტესობა გამოვლენილ ვირუსის შემთხვევებს შორის ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ჩინეთში არ ყოფილან.

    ხელისუფლებამ იმ ქალაქებში, სადაც ვირუსი გამოვლინდა, სასწავლო დაწესებულებები დახურა, დანარჩენი მოქალაქეები კი შემოწმებას გადიან.

    ჩინეთში დაავადებულთა რაოდენობა 76 288-ს შეადგენს, კორონავირუსს ქვეყანაში უკვე 2 345 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 26 სახელმწიფოში უკვე 1 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 8-ს მიაღწია.

  • დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” მეწილეებს წილებზე საკუთრების უფლება შეუზღუდა

    ტელეკომპანია ფორმულას 51%–ის მფლობელმა, დავით კეზერაშვილმა კომპანიის დანარჩენ მეწილეებს წილების გაყიდვა აუკრძალა. წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.

    შპს ფორმულას წილები ასეა გადანაწილებული:

    მიხეილ მშვილდაძე – 12.25%
    ირაკლი საღინაძე– 12.25%
    ზურაბ გუმბარიძე – 12.25%
    გიორგი ლიფონავა – 12.25%
    დავით კეზერაშვილი – 51%

    რეესტრის ამონაწერში კრედიტორად დავით კეზერაშვილია მითითებული, დანარჩენ პარტნიორებს კი აეკრძალათ შპს „ფორმულა“-ს კაპიტალში მათ საკუთრებაში არსებული წილების გასხვისება, გადაცემა, დაგირავება ან რაიმე უფლებით დატვირთვა, მაჟორიტარი პარტნიორისადმი – დავით კეზერაშვილისადმი ნაკისრი ფინანსური ვალდებულებების სრულად დაფარვამდე.

    ვალდებულების მოცულობა უცნობია.

    ტელევიზიის შექმნის სურვილი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მას შემდეგ გამოხატა, რაც ტელეკომპანია რუსთავი2 ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადავიდა.

    კეზერაშვილი გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დაანახა და საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ უბიძგა. 2019 წლის აგვისტოს ბოლოს კი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ტელეკომპანია „ფორმულის” 51%-იანი წილის მესაკუთრე გახდა. ფორმულას დანარჩენი მეწილეები ფორმულა კრეატივის გუნდის წევრები არიან, რომლებიც მანამდე რუსთავი2–თან თანამშრომლობდნენ. ტელეკომპანია დავით კეზერაშვილმა დააფინანსა.

    2012 წლის შემდეგ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე საქმეზე დაიწყო დევნა, თუმცა ის დღეისთვის არც ერთ მათგანზე არ არის მსჯავრდებული. კეზერაშვილი სასამართლომ მათ შორის ისეთ საქმეებზე გაამართლა, როგორიცაა, „ტელეიმედის“ გასხვისება, აგრეთვე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული და მასთან დაკავშირებულ კომპანია Girwood Business Corp-ს საქმე, რომელშიც პროკურატურა სახელმწიფოს კუთვნილი 5 685 000 ევროს გაფლანგვას ედავებოდა.

    ბოლო წლებში საქართველოს პროკურატურამ კეზერაშვილის ექსტრადიცია ორჯერ მოითხოვა, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთისგან, თუმცა, არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.