Category: არქივი

  • “ვანო მერაბიშვილი არ იყო პოლიტიკური პატიმარი”- გახარია

    საქართველოს პრემიერ – მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ იყო. ამის შესახებ გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებს  განუცხადა.

    „რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი“, – განაცხადა გახარიამ.

    შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ციხიდან გუშინ გათავისუფლდა. გათავისუფლებამდე ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებდა, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარი იყო.

    ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

    სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

  • გახარია ადასტურებს, რომ მთავრობა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გაყიდვას აპირებს

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს  გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვა იგეგმება.

    როგორც პრემიერმა აღნიშნა, შენობის გაყიდვის საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს.

    „ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, – განაცხადა გახარიამ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან დაბრუნდა, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე დაკონსერვებულია.

    ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

  • “მაკოცე, მაკოცე…” – გიორგი გახარაიამ ბავშვს კოცნა სთხოვა (ვიდეო)

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  ბათუმში პოლიციელების დააჯილდოვების ცერემონიალის შემდეგ ერთ-ერთ  ბავშვს გაესაუბრა. გახარიამ მას  სთხოვა რომ მისთვის ეკოცნა.

  • თემქის დასახლებაში ხანძარია

    თემქის დასახლებაში, მემატიანის მემორიალთან ხანძარია. როგორც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  ხანძარი ხეებსა  და ბუჩქებს მოედო. 

    მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი დაახლოებით, 3-4 ჰექტარზეა გავრცელებული.

  • ჩვენ არ ვიქნებით იმ ძალასთან, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება – “თავისუფალი დემოკრატები”

    “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ  მისი პარტია “ევროპულ საქართველოსთან“ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მერაბიშვილი “ევროპულ საქართველოში“ გაერთიანდება.

    “წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვანო მერაბიშვილი. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ “თავისუფალი დემოკრატები“ ერთ პოლიტიკურ გუნდში თუ კოალიციაში, ვერ ვიქნებით იმ პარტიასთან, რომელშიც ვანო მერაბიშვილი იქნება. მაგრამ ასეთი მოცემულობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პარტიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.ჩვენ “ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო კოალიცია გვქონდა. არჩევნების დასრულების შემდე, განვაცხადეთ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის “ევროპულ საქართველოთან“ მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ. ფაქტიურად, ჩვენ ერთმანეთს პარტნიორ პარტიებად ვხედავთ“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

    შეგახსენებთ, რომ შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გუშინ დილით „მატროსოვის“ ციხე დატოვა. მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე დანაშაულის ჩადენისთვის იხდიდა, მათ შორისაა, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეები.

  • თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა

    თიბისი ბანკმა 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად კორპორატიულ, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. 2019 წელს, ანაბრების წლიური ზრდის მაჩვენებელი 7.5% დაფიქსირდა. შედეგად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, თიბისი ბანკის სასესხო პორტფელი ბაზრის 39.5%-ს შეადგენს, დეპოზიტების საბაზრო წილი კი – 39.0%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში.

    თიბისი ბანკის კაპიტალი და ლიკვიდურობა კვლავ ინარჩუნებს ძლიერ პოზიციას. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის საზედამხედველო CET 1, tier 1 და კაპიტალის ადეკვატურობის საერთო კოეფიციენტები ბაზელ III-ის პრინციპების მიხედვით 12.0%, 14.6% და 19.1% -ია.

    თიბისის მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 170,518,796 მლნ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში.

    2019 წელი წარმატებული იყო თიბისისთვის საერთაშორისო ექსპანსიის მიმართულებითაც. თიბისიმ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. თიბისის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესმომხმარებლისთვის მომავალი თაობის საბანკო ეკოსისტემის განვითარება. თიბისი საბოლოო ლიცენზიის მოპოვებას და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს. 2019 წლის დეკემბერში თიბისიმ უზბეკეთში განვადების მომსახურებაც შესთავაზა მომხმარებელს. სერვისის მიღება უკვე 15 ლოკაციაზეა შესაძლებელი და 2020 წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.

    პარალელურად, თიბისი აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ მომხმარებელს ემსახურება. Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ ლარს მიაღწია.

    უზბეკეთში თიბისის საბანკო ეკოსისტემების განვითრებას სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი გუნდი უხელმძღვანელებს. სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარედ თიბისი ბანკის ფინანური დირექტორი, გიორგი შაგიძე დაინიშნა, გენერალურ დირექტორად კი – სანდრო რთველაძე, რომელიც Bayport Financial Service-ში საცალო ბანკინგს ხელმძღვანელობს.

    2019 წელს თიბისის მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება პარტნიორული შეთანხმების გაფორმებაა თიბისის ციფრულ ბანკს – სფეისსა და ვიზას შორის, რომელიც მსოფლიო ლიდერია ციფრულ გადახდებში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ინოვაციური, მომხმარებელზე ორიენტირებული და უსაფრთხო საბანკო მომსახურებისა და პროდუქტების შექმნას და განვითარებას. გარდა ამისა, სფეისი უახლოეს მომავალში საკუთარი მომსახურების გატანას უკვე გერმანიაში გეგმავს.

    გასული წლის განმავლობაში თიბისიმ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. თიბისის მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, თიბისი კი – საუკეთესო ბანკად საქართველოში.

    „ჩვენი მისიაა ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, მომხმარებელს ისეთ ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს ვთავაზობთ, რაც დაზოგავს მათ დროს და ბანკთან ურთიერთობას გაუადვილებს. 2019 წელს ჩვენმა გუნდმა განსაკუთრებული შედეგები აჩვენა თიბისის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის მომხმარებელზე ორიენტირებული ეკოსისტემების განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების მხრივ. 2020 წელს ჩვენ მიერ დასახული ამბიციური გეგმები, მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკუთესო მომსახურება და მონაცემების ანალიტიკური დამუშავების შესაძლებლობები, მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებში იქნება.

    23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს, 24-ში შედარებით გამოიდარებს და +13, +18 გრადუსამდე დათბება.

    აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 თებერვალს ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში, აქაც 24 თებერვალს ჰაერი +13, +18 გრადუსამდე გათბება.

    ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ 23 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის +14, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

  • როდის დაიწყება 2020 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია

    2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. ინფორმაციას edu.aris.ge-ი ავრცელებს.

    ამის შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ცენტრში გამაღთული ღია კარის დღის ფარგლებში მიაწოდა.

    „მარტის დასაწყისში უკვე ყურადღებით უნდა იყვნენ აბიტურიენტები, იმიტომ, რომ ამ დროისთვის ვაპირებთ რეგისტრაციის გამოცხადებას. ამ დროისთვის ცნობარიც მზად იქნება, სადაც მოცემული იქნება ყველა ინფორმაცია, რომელიც მათ სჭირდებათ პროგრამების ასარჩევად. დღეს ასევე გავაკეთეთ რეგისტრაციის მოდელირება, რადგან ყოველ წელს არის შემთხვევები, სამწუხაროდ, როცა აბიტურიენტების ნაწილი, მხოლოდ იმიტომ ეთიშება საგამოცდო პროცესს, რომ რეგისტრაცია შესაბამისად ვერ გაიარა”, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

    მისივ თქმით დაანონსებული საგნების დაზუსტებული ჩამონათვალი შეიძლება ცნობართან ერთად, ან რამდენიმე დღით ადრეც გამოქვეყნდეს.

    გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ღია კარის დღეზე 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებს ცენტრის დირექტორმა და საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვაბელებმა პირადად გააცნეს.

    აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოდელირებული რეგისტრაცია გაევლოთ.

  • გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასამართლო პროცესი გადაიდო

    თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო.

    ამის მიზეზი გვარამიას ჯანმთელობის მდგომარეობა გახდა.

    ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, „დღევანდელი სასამართლო გადაიდო იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ ვერ შეძლო მასზე დასწრება. სასამართლომ ჩანიშნა მომდევნო სხდომების გრაფიკი და საქმის განხილვა გაგრძელდება უკვე მომდევნო კვირას“.

    ნიკა გვარამიასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი. გამოძიება გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი თანხების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება.

  • ხოშტარიას ქალის სახე აქვს დაკარგული, ქალი უნდა იყოს კდემამოსილი – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

    ხოშტარიას ქალის სახე აქვს დაკარგული, ქალი უნდა იყოს კდემამოსილი – ამ განცხადებას გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აკეთებს და  ევროპული საქართველოს ლიდერს, ელენე ხოშტარიას ზნედაცემულსა და “ქალის სახედაკარგულს” უწოდებს. 

    რაზმაძემ თავდაპირველად ხოშტარიას  შესახებ  ფეისბუქგვერდზე  პოსტი დაწერა შEმდეგ კი ჟურნალისტებთანაც დააკონკრეტა რას გულისხმობდა.
    “მაგის საქციელი, საუბარი, შეურაცხყოფები არაფერში არ ჯდება… ზნედაცემულობა, რომელიც მე ვთქვი, ძალიან იოლი და მოფერებითი სიტყვა იყო”, — განაცხადა რაზმაძემ.