Category: არქივი
-
დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა 1 აპრილიდან შეგიძლიათ
2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული დაგროვებითი პენსიის სქემა სავალდებულო მხოლოდ 40 წლამდე მოქალაქეებისთვის არის. 40 წლის ზევით კი სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია. ამის მიუხედავად პირველი სამი თვის განმავლობაში 2 პროცენტიანი საპენსიო შენატანის განხორციელება ყველასთვის სავალდებულო იყო. მხოლოდ სამი თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს დაგროვებით საპენსიო სქემას გამოეთიშონ, სამი თვის მანძილზე გადახდილი თანხები კი უკან დაიბრუნონ.ამისათვის მათ 1 აპრილიდან საპენსიო სქემის დატოვების შესახებ სააგენტოს სახელზე განცხადება უნდა დაწერონ. განცხადების დაწერა ელექტრონულად არ ხდება. ამისათვის საჭიროა საპენსიო სააგენტოში მისვლა და განცხადების ჩაბარება იმის შესახებ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვება გსურთ. სამი თვის მანძილზე დაგროვილი თანხა განცხადების დაწერიდან ერთი თვის განმავლობაში იმავე ანგარიშზე დაგიბრუნდებათ, საიდანაც გადაირიცხა.სააგენტოში ამბობენ, რომ პირველ აპრილამდე საქართველოს მაშტაბით 69 სერვის ცენტრი გაიხსნება, სადაც მოქალაქეები პირადობის დამადასტურებელი მოწმობით უნდა მივიდნენ და განცხადება დაწერონ. ამისათვის ვადა 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 1 აპრილიდან 31 მაისამდე აქვთ. -
ალეკო ელისაშვილი მთაწმინდაზე კენჭს არ იყრის თუმცა კანდიდატად მისი მოძრაობის წევრს დაასახელებს
არასამთავრობო ორგანიზაციის “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში განცხადება გააკეთა ” “სამოქალაქო მოძრაობა” აუცილებლად დაასახელებს თავის კანდიდატურას მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში და ეს მე არ ვიქნები,”
„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ შალვა შავგულიძესაც და ნინო გოგუაძესთან ვმეგობრობ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ მე გული დამწყდა, როდესაც ეს გაერთიანება ვნახე… სამოქალაქო მოძრაობა აუცილებლად დააყენებს თავის კანდიდატურას მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში და ეს მე არ ვიქნები. მე ვარ დაკავებული დილიდან ღამემდე სტრუქტურის მშენებლობით, რეგიონული ოფისების შექმნით, ,აწყობით, მათი გამართული მუშაობით, ადამიანებთან შეხვედრებით…მე ვარ დაკავებული ხალხის მოსმენით თბილისში და რეგიონებში , რომ კარგად გავიაზროთ რა პრობლემებია ეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
-
რა შემთხევაში შეძლებს ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის დაბრუნებას
როგორც მოგეხსენებათ, ოსაკაში წლის მეორე სუპერტურნირი – ჰარუ ბაშო დასრულდა. სამწუხაროდ, ლევან გორგაძემ ბაშო დადებითი ბალანსით ვერ დაასრულა. კადობანში მყოფმა ოძეკიმ ამის გამო ოძეკის რანგი დაკარგა.
ლევანის ბედი ბოლო ორთაბრძოლაში გადაწყდა, სადაც იგი სეკივაკე ტაკაკეიშოს უპირისპირდებოდა. ამ ორთაბრძოლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ქართველი, ისე იაპონელი რიკიშისთვის. ტოჩინოშინი გამარჯვების შემთხვევაში ოძეკის ტიტულს შეინარჩუნებდა, ტაკაკეიშო კი გამარჯვების შემთხვევაში რანგში დაწინაურდებოდა და სწორედ ლევანს ჩაანაცვლებდა ოძეკებს შორის.
ორთაბრძოლა მთელი დღის განმავლობაში დიდი ყურადღების ცენტრში იყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღის მთავარი ორთაბრძოლა იყო. საბოლოოდ, ყველაფერი იაპონელი სუმოისტის სასარგებლოდ დასრულდა და უნდა ითქვას, რომ ტაკაკეიშომ მარტივად გაიმარჯვა.
შედეგად ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა, თუმცა ქართველი სუმოისტი წოდებას დაიბრუნებს, თუ მაისის ბაშოზე 15-დან 10 ორთაბრძოლას მოიგებს. თუ მაისის ბაშოზეც ვერ მოახერხა 10 ბრძოლის მოგებაც, ამ შემთხვევაში მომავალ 2 ბაშოზე მოუწევს საკუთარი ჩემპიონობის დამტკიცება და ზედიზედ ორ ბაშოზე მინიმუმ 10 გამარჯვების მოპოვება.
-
სოცმუშაკების მოთხოვნების ნაწილი უკვე შესრულებულია-ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოც-მუშაკების საყოველთაო გაფიცვას ეხმაურება.
“სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას”- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა.“ჩვენ სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირთა მომსახურებას და ასევე ძალადობის შემთხვევების ეფექტიან მართვას.
სამინისტროს ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა დაუყოვნებლივი, საშუალო ვადიანი და ხანგრძლივ ვადიანი ინტერვენციების მიმართულებით. ეს ყოველივე შეიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლიდანაც ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე კვირაში იქნება განხორციელებული და ასევე არის საკითხები, რომელთა განხორციელება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი“, – აცხადებს ბარკალაია.
მისივე თქმით, როგორც ამ გეგმის შემუშავებაში ასევე იმპლემენტაციაში ჩართულები არიან, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე მისი ერთ-ერთი განმახორციელებელი უწყება სოციალური მომსახურების სააგენტო.
„ასევე დამატებით შექმნილი არის მართვის და კოორდინაციის ინსტრუმენტი, სპეციალური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი და რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სოციალური მუშაკები. ამ დრომდე სოციალურ მუშაკებთან ხორციელდებოდა შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სოციალური მუშაკები და სპეციალურად ამ საქმეში ჩართული შრომითი დავების მედიატორი. სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას.
როგორც ჩანს, ეს მიუღებელია სოციალური მუშაკების ნაწილისთვის და მათ გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც მათი სამოქალაქო უფლებაა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
მინისტრის მოადგილის კომენტარს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
-
რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა
რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორის მეგობრი, ხათუნა ხუნდაძე ავრცელებს. როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ერეკლე ბადურაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა
ერეკლე ბადურაშვილი არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე “ხიდი” -ზე მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის ერთობლივი ნამუშევარია.მისი რეჟისორობით გადაღებულია ფილმები – “ავტოპორტრეტი”(1987), “ცოდვის დღესასწაული”(1990), “თბილისი ჩემი სახლია”(1994), “კიდევ ერთი ქართული ისტორია” (2003); სცენარის ავტორია ფილმების: “ავტოპორტრეტი”(1987), “ცოდვის დღესასწაული”(1990).
ერეკლე ბადურაშვილი მომღერალ ნინი ბადურაშვილის მამა და მსახიობ ლალი ბადურაშვილის შვილია.
ეროვნული კინოცენტრი რეჟისორის ახლობლებსა და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
-
სოციალური მუშაკები ბათუმშიც გაიფიცნენ
„სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებისთვის“, „დაუცველი დამცველები“ „ზრუნვა ცარიელი ხელებით,“- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით საყოველთაო გაფიცვას ბათუმელი სოციალური მუშაკებიც შეუერთდნენ. აქცია ვარდების სკვერში მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და თანამშრომლების დამატებას ითხოვენ და იმ 22-პუნქტიან მოთხოვნებს უერთდებიან, რომელიც თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გაჟღერდა. სოციალური მუშაკების ინფორმაციით, ბევრ მათგანზე ზეწოლა განხორციელდა, რათა აქციაზე არ მოსულიყვნენ.
მათი თქმით, მუნიციპალიტეტებში სოცმუშაკები განყოფილების უფროსებმა სამსახურიდან გაშვებით დააშინეს. ერთ-ერთი სოცმუშაკი, ვინც ამის შესახებ ღიად გუშინ, 24 მარტს, ისაუბრა,ქობულეთელი თამარ ღუნაშვილია. ის დღეს საპროტესტო აქციაზეც მივიდა. ქობულეთის სოცმუშაკებიდან აქციაზე მხოლოდ ის გამოვიდა.სოცმუშაკებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესწავლა 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო. მათ 25 მარტის დილით ასევე მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ დაიწყოს სოციალურ მუშაკებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შემთხვევების შესწავლა.
სოცმუშაკები ამ დროისთვის გაფიცულები არიან სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.
-
„ევროპული საქართველო” პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იბარებს
ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო” პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იბარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.
„კიდევ ერთხელ ვიბარებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იმ მავნებლურ რეგულაციებზე ანგარიშის მოსასმენად, რომელიც დააწესა ეროვნულმა ბანკმა და უკვე კარგად ჩანს ამ რეგულაციების შედეგები. კარგად ჩანს ის ათი ათასობით ადამიანი, რომელიც დაზარალდა, რადგან ვეღარ ახერხებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვას, ვეღარ ახერხებს იპოთეკური სესხის აღებას.
უკვე დაზარალდა ბიზნესი; უკვე ვხედავთ შემცირებულ ბრუნვას და დახურულ მაღაზიებს, გაიზარდა უმუშევრობის დონე. სრულიად გადაუდებლად უნდა მოვიდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ანგარიში ჩააბაროს და პასუხები გასცეს პარლამენტს. ჩვენი მოთხოვნაა, გადაისინჯოს ეს რეგულაციები და გაუქმდეს მორიგი მავნებლობა“ -განაცხადა ბაქრაძემ. -
“ველოდებით სამართლის აღსრულებას”-აშშ-ის კონსული ჯენეთ რებერი სმიტების ოჯახის საქმეზე
“დღეს მხოლოდ ერთ რამეს ველოდებით – სამართლის აღსრულებას სმიტების ოჯახისთვის” – ამის შესახებ ჟურნალისტებს გორის რაიონულ სასამართლოში აშშ-ის კონსულმა საქართველოში, ჯენეთ რებერმა განუცხადა.
„ეს სამი მშვენიერი ადამიანია, რომელთაც სამყარო უყვარდათ და რომელთა სიცოცხლე ბოროტების საზარელი აქტით დასრულდა. ისინი ამერიკაში დაიბადნენ, მაგრამ თავიანთი არჩევანით ქართველები იყვნენ. მათ უყვარდათ ეს ქვეყანა. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის და საქართველოს მთავრობას, გამოძიების ჩატარებისთვის“, – განაცხადა რებერმა.
კონსული ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესს ესწრება.აღნიშნულ საქმეზე ნაფიცი მსაჯულები დღეს იმსჯელებენ.სასტიკი მკვლელობა 4 ივლისს მოხდა, რომლის დროსაც სმიტების ოჯახის 3 წევრი მოკლეს.
მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
-
ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მორიგი ხე მიემგზავრება
ბათუმელების ინფორმაციით, ბობოყვათიდან ხეს გასამგზავრებლად ამზადებენ.
ხე შეკვეთილში, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში უნდა გადაიტანონ. ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, აჭარა-გურიის ტერიტორიიდან სხვადასხვა ჯიშის ხეების გადატანის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები.
-
არასამთავრობოთა ნაწილი მთავრობას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინიციატივით მიმართავს
არასამთავრობო სექტორი მთავრობას ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშიორებით მოქალაქეების ჩართულობის ინიციატივით მიმართავს.ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა ვაქციოთ სახალხო პროექტად, – ამ მოთხოვნით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელები საქართველოს მთავრობას და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიმართავენ.განცხადების მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საქმიანობაში, რომლის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება გახდეს აქციების ემისია, საქართველოს მოქალაქეებისთვის შეძენის შესაძლებლობის მიცემა და თანამშრომლობა სააქციო საზოგადოების განვითარების ფორმატში.“საქართველოსთვის ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის განსაკუთრებული მნიშვნელობა წარმოჩინდება ქვეყნის ძირითად კანონში, საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით და უმაღლეს პოლიტიკურ დოკუმენტში, საქართველოს პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ სამთავრობო პროგრამაში გადმოცემული განაცხადით, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად. დასაფასებელია საქართველოს ხელისუფლებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საჯაროდ გაცხადებული პოზიცია და წარმართული საქმიანობა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის პროექტისა და მშენებლობის დაწყება. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი საზღვრაო ნავსადგურის არსებობა განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებას, გააუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, გააჩენს სტიმულსა და შესაძლებლობებს ინვესტიციების მოსაზიდად და ბიზნესის განსავითარებლად.ანაკლიის პროექტის განვითარება საქართველოს ახალ ფუნქციას შესძენს რაც იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება და ექნება შერიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესზე დადებითი გავლენის მოხდენის პოტენცია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის და მისი განხორციელების მხარდაჭერის დასტურია საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორების ბოლო დროინდელი საჯარო განცხადებები თუ საქმიანობა. ანაკლიის პროექტი განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც მისი მდგრადობისთვის და ცვლილებებისადმი მედეგობის გასაზრდელად საჭიროა საზოგადოების ფართო კონსენსუსი – კონსოლიდაცია, გამჭვირვალობა და ინკლუზიური პროცესის წარმართვა. პროექტის განვითარების ამ ეტაპზევე საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარება, რაც უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების და ოპერირების დაწყების შემდგომ მობილიზებული გადასახადებით ცხოვრების დონის გაუმჯობესებასაც და გადაწყვეტილებების ადგილზედ მიღებასაც. ეს საჭიროებს ანაკლიის სტატუსის განსაზღვრას საკანონმდებლო აქტით.
ანაკლიის სტატუსის განსაზღვრის გარდა აქტუალურია ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში ჩამოყალიბებული ვალდებულების შესრულებისთვის საზოგადოების ჩართულობით დისკუსიის დაწყება ანაკლიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის განსაზღვრისთვის და შესაბამისი კანონის მისაღებად. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის და ოპერირებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთა ჩართულობა და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საქმიანობაში, რომლის ერთ-ერთი საშუალება შეიძლება გახდეს აქციების ემისია, საქართველოს მოქალაქეებისთვის შეძენის შესაძლებლობის მიცემა და თანამშრომლობა სააქციო საზოგადოების განვითარების ფორმატში.ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მივმართავთ:· საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს დისკუსია ანაკლიის სტატუსის განსაზღვრის, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებისა და მიღებისთვის;· ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, განიხილოს ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ახალი მექანიზმეების შექმნის საკითხი,” – აღნიშნულია არასამთავრობოების მიმართვაში.