Category: არქივი

  • სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერია და ეს ყოველთვის ასე იქნება- ვაშაძე

    „მივესალმები გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც გვერდში გვიდგანან და 2018 წელს უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. მივესალმები ყველა ჩვენ თანამოქალაქეს, რომელიც ოპოზიციურ ძალებს მედით უყურებს და ელოდება იმას, რომ ჩვენ ქვეყანას დავაბრუნებთ განვითარების და წარმატების გზაზე. 2012 წლის დეკემბერში ვამბობდი ამას და აუცილებლად გავიმეორებ. ამ პარტიის წევრებმა, თქვენ, ამ დარბაზში მყოფებმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გეოგრაფიულ ტერიტორიად გადაქცეული, ჩამოშლილი საქართველოსგან შექმნეს წარმატებული, რეფორმატორული ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა სრულიად ახლებური, ეფექტური ინსტიტუციები,“ – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი მიმართვა, გრიგოლ ვაშაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობაზე.

    ვაშაძემ ასევე მიხეილ სააკაშვილზე საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც ისაუბრა და თქვა რომ ის “ნაციონალური მოძრაობის”ლიდერია და ეს ყოველთვის ასე იქნება. 

    „ამ პარტიის დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება ამ პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე და მიშას ამისათვის არც პროცედურა, არც ხელის აწევა და არც არაფერი სჭირდება. ამ პარტიაში ჩვენი წევრობა არის მიშას დამსახურებისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვა.წარმატებული, სხვებისთვის სამაგალითო სახელმწიფო, ევროპაში გამორჩეული სახელმწიფო გადაიქცა უიმედობის და ნიჰილიზმს ბუდედ და კორუფციონერების და კრიმინალის სათარეშო ასპარეზად. აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ოლიგარქთან არის დაკავშირებული, დაკავებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისებით, აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილში და უიმედობაში არის, ნაწილი უკვე ემიგრაციაში წავიდა და ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ ემიგრაციაში წავიდეს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

    გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა პარალიზებულია და მოსახლეობას ლუკმა-პურის ფული არ აქვს და საქართველოს გვერდში დგომა სჭირდება.

    „როგორც საქართველოს მოქალაქემ, ვთვლი, რომ არც მე და არც სხვა არავის, გვერდზე გადგომის უფლება არ გვაქვს, თუ ჩვენ ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი გვაღელვებს,” – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

  • “საქართველო განსაცდელშია“–მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე

    სასტუმრო ბილტმორში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის ყრილობას პარტიის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს და სტუმრებს მიმართა.
    „ჩვენი ამოცანაა, რომ ვაკეთოთ ხალხთან ერთად და ვაკეთოთ ხალხისთვის. ივანიშვილი დაჰპირდა ხალხს 100 ქარხანას და ამის ნაცვლად შეუქმნა ყანდიაშვილი-რამიშვილის ტროლების ფაბრიკა,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა საპრეზიდენო არჩევნებზე წარმატებისთვის.

    მისი თქმით, ქვეყანა იმართება ერთი სქემით: ხალხს ყრიან ქვეყნიდან, აღატაკებენ და ანადგურებენ ეროვნულ ორგანიზმს.

    „საქართველო დიდ განსაცდელშია. ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, ყოველი დღე გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ჩვენი ქვეყნის აღსასრულს. ეს მოჯადოებულ წრე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირღვეს. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას ერთ კვირაში უნდა გავაკეთოთ, ერთ კვირაში. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას ერთ თვეში, უნდა გავაკეთოთ ერთ თვეში. თუ მოვახერხებთ ამის გაკეთებას სამ თვეში, უნდა გავაკეთოთ სამ თვეში. ჩვენ აღარ გვაქვს დასაკარგი დრო,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მართვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ. „საქართველოში მოვა ხელისუფლებაში დიდი პატრიოტული ფართო კოალიცია. ეს იქნება ქვეყანა, რომელიც შეძლებს სულ ახალი მეთოდები დანერგოს, მათ შორის პირდაპირი ელექტრონული დემოკრატიები. ყველა ძირითადი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ თითოეული აქტივისტისგან სმარტფონის მეშვეობით. ყველა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პარტიის მართვაში და ქვეყნის მართვაში როდესაც ქვეყნის მართვა ჩამოერთმევა უწიგნურ ოლიგარქს და გადაეცემა ხალხს,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.
    სააკაშვილმა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიც შეაფასა. მიხელ სააკაშვილის თქმით, ყველა, ვინც 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე საუბრობს, ის იმეორებს პუტინის სიტყვებს. „ეს 9 წელი იყო არა სისხლიანი 9 წელი, ეს არის რუსული კლიშე და ვინც ამას იმეორებს, ის არის პუტინის გოშია და მონა. პუტინმა ვერ გვაპატია სწორედ ის, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული 9 წელი საქართველოს მთელს მრავალ საუკუნეების ისტორიაში, თავისი დიდი მიღწევებით და თავისი შეცდომებით, თასი გადამეტებებით. აბა როგორ გინდათ როცა რამე განსაკუთრებულს ქმნით?!,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
    მიხეილ სააკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. “მე არ მიშვებენ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი სხვა ლიდერები ციხეშია, დანარჩენები რეპრესიების ქვეშ. ამ პირობებში ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ საპატიო თავმჯდომარედ ხელახლა მირჩევთ მაგრამ პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და პარტიას სჭირდება გრიგოლ ვაშაძე, რომელიც წესიერების პატრიოტიზმის გამაერთიანებლების სიმბოლო. სამარცხვინოა ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ მიხდება თქვენთვის მომართვა აშშ-დან მაგრამ აქაც არ ვზივართ უქმად და ხელებ ჩამოშვებული. აქაც მუდმივად ვიბრძვი და იმ მომენტში როცა გაჩნდება შესაძლებლობა შემოგიერთდეთ ბრძოლის ველზე საქართველოში, ჩემი გული ძგერს თქვენთან ერთად საქართველოსთვის. შევხვდებით სულ მალე თბილისში,“-განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.
  • “მოგვეცით ფილარმონია და ჩვენ გასახელებთ!“ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ფილარმონიის მათთვის გადაცემას ითხოვს

    თბილისის მთავარი საკონცერტო დარბაზის გარშემო განვითარებულ სადაო პროცესში შესაძლოა ახალი მხარე ჩაერთოს. სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც შესაბამისი შენობის პრობლემა აქვს, ითხოვს ფართი მას გადაეცეს.
    ფილარმონიის მმართველ კერძო კომპანიას, რომელსაც დარბაზი 49 წლიანი იჯარით აქვს აღებული შესაძლოა ხელშეკრულება შეუწყდეს, რადგან ის პირობებს არღვევს, ბიუჯეტში ფულს არ იხდის და ვალი სამ მილიონზე მეტი აქვს.
    შაბათის კურიერმა ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია ინთერნეიშენელ ივენთი კულტურის მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ გიორგაძესთან დაკავშირებული კომპანიაა. მას ეკონომიკის სამინისტრომ 4 იანვარს წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ დაგროვილი მილიონობით ვალის გამო, ხელშეკრულებას უწყვეტს და ფილარმონიის მართვის უფლებას ართმევს.

    წერილიდან ორი თვე გავიდა, მაგრამ ფილარმონიას ისევ ინთერნეიშენალ ივენთი მართავს. სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ მიხეილ გიორგაძემ ეკონომიკის მინისტრის წერილის მიღების შემდეგ დახმარება ბიძინა ივანიშვილს სთხოვა, ქართული ოცნების ლიდერმა პროცესი გააჩერა. თბილისის მთავარ საკონცერტო დარბაზს კომპანია დღეში 685 ლარად ქირაობს, თუმცა წერილში, რომელიც ინთერნეიშენალ ივენთმა ეკონომიკის მინისტრს გაუგზავნა, წერია, რომ ამდენ ფულს ვერ იხდის და ქირის შემცირებას დღეში 275 ლარამდე ითხოვს. რაც შეეხევა 3,5 მილიონიან ვალს, ინთერნეიშენალ ივენთი 1,5 მილიონი ლარის ჩამოწერას, დანარჩენი თანხის კი 9 წელზე გადანაწილებას ითხოვს.

    ამ საქმით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც დაინტერესდა და გამოძიების დაწყებას ითხოვდა კულტურის იმჟამინდელი მინისტრის, მიხეილ გიორგაძის წინააღმდეგ. საია ამტკიცებდა, რომ გიორგაძე მასთან ასოცირებულ კომპანიებს ლობირებდა და სახელმწიფო ტენდერებში ამარჯვებინებდა. მიხეილ გიორგაძე ინთერნეიშენალ ივენთის ერთ-ერთი დამფუძნებელი მინისტრად მუშაობის შემდეგაც იყო. თუმცა კულტურის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ამტკიცებს, რომ კომპანიასთან კავშირი გაწყვეტილი აქვს, გამოძიების შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობს.
    ჯერჯერობით უცნობია დაინტერესდა თუ არა გამოძიება ფილარმონიის საკითხით და რას გადაწყვეტს სახელმწიფო ფილარმონიის ბედთან დაკავშირებით, თუმცა კურიერის გუშინდელი სიუჟეტის გასვლის შემდეგ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ერთ–ერთმა წევრმა, გიორგი შამანაურმა ფეისბუქზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც ფილარმონიის მათთვის გადაცემაში მხარდაჭერას ითხოვს:


    “მეგობრებო და მელომანებო!


    გთხოვთ ყურადღებას!

    100 წელია უკვე რაც ჩვენი საყვარელი საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი (Georgia Philharmonic) არსებობს და რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა მის მერე უსახლკაროდ დაძრწის მთელ ქვეყანაზე. არ დავწერ ამ კოლექტივის წარმატებების შესახებ, მაგრამ ვინც არ იცის იცოდეს რომ ათასობით უ წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ე ს ი კონცერტი აქვს ჩატარებული მსოფლიოს უწარმატებულეს არტისტებთან ერთად და ძალიან ბევრჯერ ასახელა ჩვენი ქვეყანა და ქართველობა მსოფლიოს ყველა დიდ და პატარა საკონცერტო დარბაზებში და ეს მოხდა უდუდესი შრომის და წვალების ხარჯზე. შრომა გვიყვარს…! უბრალოდ სად ვიშრომოთ? სად გავიზარდოთ? სად ვიმუშაოთ რომ თქვენამდე მოვიდეთ წელში გამართულები და ამაყები….?!

    უკვე წლებია ამ ქვეყნისგან ვითხოვთ დახმარებას და ყველას ჰკიდია ის რომ ყოველ დღე 120 ადამიანი ერთმანეთს ხვდება საშინელ პირობებში და მიუხედავად სიძნელეებისა მაინც ვუღიმით ერთმანეთს და იმედის თვალით ერთმანეთს ვანუგეშებთ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი…!

    ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და თურმე უდიდესი ტვირთია… მოგმართავთ თქვენ…მოქალაქეებო… მოგვეცით ფილარმონია და ჩვენ გასახელებთ…!

    გთხოვთ გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და დაგვეხმარეთ ამ უსამართლობის დამარცხებაში.“ – წერს გიორგი შამანაური.

    solostudio.agency/ დაინტერესდა უფრო კონკრეტულად რა პრობლემები აქვს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს და როგორ წარმოუდგენიათ მათ ფილარმონიის მათთვის გადაცემის შემდეგ მისი ბედი.

    „ჩვენ არ გვაქვს დარბაზი რომ ჩავატაროთ კონცერტები, ამისთვის რომელიმე დარბაზი უნდა ვიქირავოთ, ამის გამო ხშირად კონცერტების გამართვა ვერ ხერხდება, ვერ ვუთანხმდებით სოლისტებს, რომლებიც უნდა ჩამოვიდნენ,ფილარმონია კი ამ დროს სრულიად უმოქმედოდ არის დაკეტილი. ფილარმონიაში კონცერტის ჩატარება 40 ათას ლარი ჯდება, რაშიც შედის დარბაზი აუდიო გახმოვანება და განათება.ყველაზე მეტ კონცერტს მაინც ჩვენ ვატარებთ, წელიწადში ჩატარებული 20 კონცერტიდან 7-8 ჩვენია.“ – ამბობს შამანაური.

  • ევროპულმა საქართველომ მარნეულის მერობის კანდიდატი დაასახელა

    „ევროპულმა საქართველომ“  მარნეულის მერის შუალედურ არჩევნებში პარტიის კანდიდატად აჰმედ იმამყულიევი წარადგინა. იმამყულიევი კანდიდატად პარტიის ლიდერებმა – დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ წარადგინეს .ბრიფინგს ევროპული საქართველოს ლიდერი, შალვა შავგულიძეც ესწრებოდა, რომელიც ევროპულისაქართველოს და თავისუფალი  დემოკრატების საერთო კანდიდატია თბილისში, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში. ბაქრაძემ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და წარმატებები უსურვა. მან ქვეყანაში გაზრდილ სიღარიბეზე, უმუშევრობასა და კრიმინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეული არჩევნები ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის უნდა გამოიყენონ. მისი თქმით, ხელისუფლებას არ ესმის ხალხის პრობლემები და გაჭირვება და ის მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.

    აჰმედ იმამყულიევი ამბობს, რომ მარნეულში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, არაფერი გაკეთებულა.

    “ქართული ოცნება აუცილებლად უნდა დამარცხდეს არა მარტო მარნეულში, არამედ მთელ საქართველოში, სადაც იქნება შუალედური არჩევნები და მარნეულელები ვიქნებით პირველები, ვინც დაამარცხებს დღევანდელ ოლიგარქიულ მმართველობას საქართველოში,“ – განაცხადა იმამყულიევმა.

    მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი 13 თებერვალს გადადგა. ის ივნისში მოქალაქის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუსრულებია. 

    შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

  • ფოთში გადაშენების პირას მყოფი, გიგანტური კუ იპოვეს

    ფოთში, ნაბადაში, შავი ზღვის სანაპიროზე, გიგანტური კუ იპოვეს. ის, დაახლოებით, ორი მეტრი სიგრძისაა და 70 კილოგრამამდე იწონის.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კუ შავი ზღვაში  ხმელთაშუა ზღვიდან შემოვიდა. ის გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობას (კარეტაკარეტა)  მიეკუთვნება.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გიგანტური კუ  რეაბილიტაციის კურსს გაივლის  და შემდეგ მას გარემოში დააბრუნებენ.

  • რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს

    რუსთავში დღეს დილით ტექნიკის მაღაზია „ზუმერი“ გაძარცვეს. მაღაზიიდან წაღებულია  10 000 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები. 

    შსს–ში აცხადებენ, რომ  გამოძიება უკვე დაწყებულია და დადგენილია დანაშაულში მონაწილე ორი არასრულწლოვანი პირის ვინაობა. რომელთაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საიდან იციან პოლიტიკოსებმა პროკურატურის ოქმები, როცა მეც არ მაქვს წვდომა – ხაზარაძე მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლაზე

    “ჩვენ ძალიან უსამართლოდ და უკანონოდ ვიქენით გამოძევებული იმ ორგანიზაციიდან, რომელიც შევქმენით ჩვენი ხელით,”- ამ განცხადებას ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გადაცემა “ფორბსის კვირაში” აკეთებს და ამბობს, რომ თიბისი ბანკის საკითხი ამოწურულია, თუმცა არ ამოწურულა თემა მის დამფუძნებლებთან, მასთან და ბადრი ჯაფარიძესთან.

    ხაზარაძის თქმით, ის ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს სიმართლის დასადგენად. ხაზარაძე აცხადებს, რომ ამ საქმესთან მიმართებაში შერჩევითი სამართალია. ხაზარაძე იხსენებს, რომ იანვარში, როდესაც ის დაკითხეს 11 წლის წინანდელ საქმეზე, მან მოსამართლეს სთხოვა, რომ მისი დაკითხვა ყოფილიყო კონფიდენციალური, რისი პირობაც ხაზარაძემ სასმართლოში მიიღო.

    ბიზნესმენი განმარტავს, რომ კონფიდენციალურობის დაცვა პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობის დაცვის გამო უნდოდა, რადგან 19 იანვარს ისინი 2 დიდ ბანკთან აქციონეროობაზე აწერდნენ ხელს.

    “ცოტა ცინიკურია, როცა მაღალი თანამდებობის პირი მე მეუბნება რომ “ანაკლია და ბანკი ვერ დაიცავს მოქალაქეებს და კითხვებს ვერ აარიდებინებს თავს” ძალიან გთხოვთ, ესე ნუ გველაპარაკებით, ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც 10 და 11 წლის წინანდელი დოკუმენტაცია გადავეცით სრულად, როცა კანონით შეგვეძლო 6 წლის შემდგომი დოკუმენტაცია საერთოდ განადგურებული ყოფილიყო, ეს გავაკეთეთ იმიტომ რომ საერთოდ დასამალი არაფერი არ გვაქვს. ყველა იმ ადამიანს, რომელმაც უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და ზიანი მოგვაყენა, პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ და არ დაიცვა არც პრეზუმფცია უდანაშაულობის და ილაპარაკა ზოგ შემთხვევაში ჩვენი დაკითხვის ოქმებიდან ამონარიდებით, კითხვა მაქვს – საიდან იციან მათ პროკურატურის დაკითხვების ოქმები, როცა მე არ მაქვს ამაზე წვდომა. მე ვთხოვე, მათ მითხრეს რომ რა თქმა უდნა ეს კონფიდენციალურია, სწორედ ამ საუბრის მერე 8-9 იანვარს მათ გააკეთეს პრესკონფერენცია. რა იყო მნიშვნელოვანი, რა ითქვა რომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე დაიკითხნენ, მერე რა რომ დავიკითხეთ. იმ განცხადებით, მივიღეთ პირველი დარტყმა 50 მილიონი დოლარის ზარალი ჩვენი ინვესტორების,”-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

    ბიზნესმენი ინტერვიუში სკანდალურ წერილზეც საუბრობს, რომელიც მისი თქმით შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო და სადაც პირდაპირ იყო მითითებული რა უნდა გაეკეთებინა მამუკა ხაზარაძეს. “ჩემი პრინციპი მოყოლის არის ის, რომ ვთქვა ის რაც გადამხდა და ვთქვა სიმართლე რომელიც მე გადამხდა. არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ ვიღაცას ცილი დავწამო. არც პოლიტიკოსი ვარ, არც დაინტერესებული მხარე რომ თანამდებობა მინდოდეს ვიღაცის და ინტრიგებში ვიყო ჩართული, გამორიცხულია. ვიღაცამ მიიღო ეს შეურაცხყოფად. მე ღირსების შელახვად ჩავთვალე ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა, ამ წერილიანად და ამიტომ ეს ვთქვი…. თუ მას უნდა რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია ეს წერილი. მე სატელევიზიო კინკლაობას აღარ ვაპირებ,”-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

  • როგორ გამოიყურება პრეზიდენტ მარგველაშვილის კოტეჯი, რომელსაც ტურისტებისთვის აქირავებს

    ბინების გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე –  airbnb.com საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დუშეთის სახლის ნაწილი ქირავდება. საქმე ეხება კოტეჯს, რომელიც პრეზიდენტმა ორი წლის წინ დუშეთში მისი სახლის ეზოში ააშენა. თავიდან კოტეჯს ოჯახი იყენებდა, თუმცა დღეს ის უკვე სტუმრებისთვის ქირავდება. ვებგვერდზე მის ფასად მითითებულია  80 დოლარი ერთ დღე-ღამეში. კოტეჯში ღამის გათევა ერთდროულად სამ ადამიანს შეუძლია. ბინის მასპინძლად პრეზიდენტის ქალიშვილი, ანაა მითითებული. მისი გვერდიდან ჩანს, რომ კოტეჯი ვებგვერდზე 2019 წლის მარტიდან განთავსდა. ჯერჯერობით არცერთი ღამე დაჯავშნული არ არის. პირველ სამ სტუმარს 20%–იანი ფასდაკლება ერგება.

    პრეზიდენტი ინტერვიუებში ყვებოდა, რომ ხელსაქმემ გაიტაცა და ავეჯის კეთებაც დაიწყო. ის პირადად მონაწილეობდა კოტეჯის მშენებლობაში. საძინებელში მისი ხელით გაკეთებული საწოლი დგას.

    ინტერიერის დიზაინი მის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას ეკუთვნის. კოტეჯი ძველებური სტილის ავეჯით და ნივთებით არის მოწყობილი.

    80 დოლარი ჩვენი რეალობისთვის არ არის ცოტა – ამბობენ პრეზიდენტი და მისი მეუღლე კურიერთან საუბარში. პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ ოჯახისთვის ეს მნიშვნელოვანი ალტერნატიული შემოსავალია.

    გასაქირავებელ კოტეჯამდე მიმავალი ბილიკი მარგველაშვილების ბაღ-ბოსტანზე გადის. ექს პრეზიდენტის სტუმრებს სადილზე საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მიუტანს.

    ყოფილი პრეზიდენტი მდგმურებთან ერთად ერთ ეზოში იცხოვრებს. 

  • ბესელიას ბრალდებები კორუფციაში და კომპრომატებით ომი ოცნებიდან წასულებს და დარჩენილებს შორის

    ქართული ოცნების ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის პოლიტიკური ბრძოლა ახალ, კომპრომატებით ომის ეტაპზე გადავიდა.უმრავლესობიდან წასული ეკა ბესელია ოცნებაში დარჩენილ მდინარაძე–ზარდიაშვილს ბრალდებებს უყენებს და იმ სქემებზე საურობს, რომლითაც ეს ორი ფულს აკეთებდა. შაბათის კურიერთან ინტერვიუში ბესელია მდინარაძე–ზარდიაშვილს ბრალს სდებს კორუფციულ სქემებში მონაწილეობის გამო და ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანის ქმედება კრიმინალურ დაჯგუფებას ემსგავსება და ამას უნდა მიხედოს პარტიის ხელმძღვანელობმ და ბიძინა ივანიშვილმა.
    ბესელია კონკრეტულ სქემებსაც ასახელებს, თუმცა ამბოს, რომ ყველაფერს ჯერჯერობით არ მოყვება.
    ერთ–ერთი ბრალდება ის არის, რომ რომ წინა ხელისუფლების დროს მდინარაძე–ზარდიაშვილი გამოძიების ეტაპზე მყოფ საქმეებს ერთობლივად აგვარებდნენ. მდინარაძე პროკურატურასთან საპროცესო გარიგებების გაფორმებას უზუნველყოფდა, სასამართლოში კი საქმეებს მისი ოჯახის წევრი, ვანო ზარდიაშვილი ალაგებდა.
    ამ ხელისუფლების პირობებში კი ბესელიას თქმით ზარდიაშვილი და მდინარაძე ე.წ. საპარლამენტო ბუღალტერიით იყვნენ დაკავებული. ეკა ბესელია ამბობს, რომ ყველაფერს ჯერჯერობით არ მოყვება, თუმცა ტენდერებსაც ახსენებს,  რომლებიც მისი თქმით კორუფციული სქემის ნაწილი იყო.
    “ერთ–ერთი პირველი შოკი მქონდა როცა გავიგე რომ ზარდიაშვილი მდინარაძჯეთან ერთად ე.წ. საპარლამენტო ბუღალტერიით უნად დაკავებულიყო რაც იმას ნიშნავდა, რომ პარლამენტსა და სასამართლოს შორის შუამავლის როლი უნდა შეესრულებინა, თურმე ბევრი ადამიანი მიმართავდა თხოვნით, რომ სასამართლოებში საქმეები მოეგვარებინა, იქ მერიაში, ტენდერებში დააპირეს ხელის ფათური.მე მაშინ ეს საკითხი დავსვი. ივანიშვილსაც ვესაუბრე ამის თაობაზე.“– ამბობს ბესელია და დეტალებში არ ყვება ივანიშვილის რეაქციას, თუმცა როგორც ამბობს, ივანიშვილმა უთხრა, რომ ზარდიაშვილს კობახიძე მფარველობდა.

    ბესელიას თქმით ზარდიაშვილი აქამდე თუ სასამართლოდან აგვარებდა საქმეებს ახლა პარლამენტიდან და პოლიტიკური ბერკეტებით მოინდომა მდინარაძესთან ერთად ფულის კეთება.

    ბესელიას ბრალდებებს მამუკა მდინარაძე “პოლიტიკური ბრძოლის ბინძურ მეთოდს” უწოდებს.
    ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერი ამბობს, რომ ეკა ბესელია კონტრშეტევაზე საკუთარი მოქმედებების დაფარვის მიზნით გადავიდა და ყოფილ თანაგუნდელს მის წინაამღდეგ შეკვეთილი შავი პიარის აგორებაში ადანაშაულებს.
    „ეს ადამიანები ცდილობენ, რომ შეკვეთილი სტატიებით და ასეთი ინტერვიუებით რამენაირად გაგვსვარონ. ახლა უკვე ზუსტად ვიცი და ვხვდები, ვინ იყო იმ სტატიების შემკვეთი, 300- ლარიანი და 200-ლარიანი სტატიების შემკვეთი, რომელიც ორი წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ზოგიერთ გამოცემაში. ბესელიას ვორდინგი და ის ვორდინგი ერთმანეთს ერთი ერთში ემთხვევა, როგროც მინიმუმ, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება. ის, რაც მან ამ დღეების განმავლობაში იკადრა, სამწუხაროდ, ეს არ უკადრებია ნაციონალური მოძრაობის არც ერთ წარმომადგენელს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
  • გთავაზობთ სახელმწიფოს გასუქებული დუნდულების შეფერთხვას–ირაკლი ოქრუაშვილის ღია წერილი გახარიას

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს:

    “ვიფიქრე ღია წერილით მივმართომეთქი, მაგრამ ვის გინდა, რომ მიმართო?

    პრემიერს?, თვითონაც არ სჯერა, რომ პრემიერია.

    ბიძინას?, მაინც არ წაიკითხავს, იმიტომ, რომ მას ყველაფერს მისი ეკა უკითხავს და იმასაც როდის მიხვდება კაცმა არ იცის.

    კობახიძეს?, შეაყარე კედელს ცერცვი. არც ექნება გაგონილი ესეთი გამოთქმა.

    ღარიბაშვილს?, გამეცინა.

    მგონი ისევ გახარიას ჯობია მივმართო. თავი ისე მოაქვს ვითომ ყველაზე ადექვატურია. თან წერილების წერაც სცოდნია და ე.ი. კითხვაც ეცოდინება.

    ბატონო მინისტრო,

    ვეჭვობ, “ერთხანს” კიდევ მოუწევს თქვენს გუნდს ხელისუფლებაში ყოფნა. ამასობაში კი ქვეყანა უკან უკან მიდის და ჭაობში იძირება. საუკეთესო გამოსავალი თქვენი სახლში წასვლა იქნებოდა, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. დროს კი ქვეყანა ფუჭად კარგავს. ამასობაში კი საჭიროა სასიცოცხლო რეფორმების გატარება იმისთვის, რომ თქვენს მიერ დაჭაობებული წყალი აიმღვრეს და ქვეყანას ძველი “მიმზიდველობა” დაუბრუნდეს.

    ბევრი “უგონო” დღემდე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ხერხემალი შინაგან საქმეთა სამინისტროა, მაგრამ ამ “უგონოების” ნაფიქრს თქვენც და თქვენი არაერთი წინამორბედი შეცდომაში ჰყავს შეყვანილი. სახელმწიფოს ხერხემალი განათლების სამინისტრო და საშუალო სკოლაა, ხოლო შსს მასზე ჩამოკიდებული ქონით გამოტენილი დუნდულები, რომელიც სასიკვდილოდ ამძიმებს მას და სახელმწიფოს ჯანმრთელობას აზიანებს. ამ ყველაფერს ნიშნისმოგება არ მალაპარაკებს. ეს ყველაფერი თუ რას ნიშნავს, მაგ კაბინეტში ყველაზე ადექვატურად პირველმა მე დავინახე, იმიტომ, რომ კომუნისტებიდან დაწყებული, კვირაია-თარგამაძე-ნარჩემაშვილით დამთავრებული ყველას დატოვებული ნაგვის წმენდა მე მომიწია. თქვენ კი გასუფთავებული კაბინეტიდან “იმდენს ვეღარ დაინახავთ”.

    რას გთავაზობთ?

    სახელმწიფოს გასუქებული დუნდულების შეფერთხვას, რათა ხერხემალს ზედმეტი წონა მოვაშოროთ. ამით კი სახელმწიფო გამოვაჯანმრთელოთ.

    გამოყავით სამინისტროდან ცენტრალური ფუნქციების მატარებელი რგოლი: კრიმინალური, სამხარეო და სასაზღვრო პოლიცია, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, სანებართვო სამსახური (იარაღის, მართვის მოწმობების, ავტომობილების რეგისტრაცია) საინფორმაციო სამსახური და მონაცემთა ბაზა და მის ბაზაზე შექმენით ახალი (შსს) ორგანო.

    დარჩენილი ფუნქციები: რაიონული და საპატრულო პოლიცია (ადმინისტრაციული ჯარიმებიანად მიმართეთ ადგილობრივ ბიუჯეტში), აგრეთვე, სამაშველო სამსახური გახადეთ მუნიციპალური და დაუქვემდებარეთ მერებს და გამგებლებს (საერთოდ მერები და გამგებლებიც ისეთი გყავთ ორ ბატს, რომ ვერ ჩააბარებ, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება);

    სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის დონეზე მოახდინეთ დანაშაულის იურისდიქციის დიფერენციაცია. გარკვეული დანაშაულის გამოძიება (მაგ. მკვლელობა, ყაჩაღობა, კიბერდანაშაული და ა.შ.) გახადეთ ექსკლუზიურად ცენტრალური, კრიმინალური პოლიციის ქვემდებარე, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის გამოძიება თუ ადგილობრივი მნიშნელობის წვრილმანი საკითხების გადაწყვეტა ექსკლუზიურად მერებისადმი დაქვემდებარებული მუნიციპალური პოლიციის ქვემდებარე.

    ვინ უნდა დანიშნოს მუნიციპალური პოლიციის უფროსი?

    ამ ყველაფრის ყველაზე საინტერესო ნაწილი აქაა.

    საკანონმდებლო აქტით დაადგინეთ მუნიციპალური პოლიციის უფროსის თანამდებობისათვის აუცილებელი კრიტერიუმები (განათლება, ასაკი, სტაჟი და ა.შ.) ხოლო მათი არჩევა მოხდეს ხალხის მიერ პირდაპირი წესით, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში.

    პირველი, ამით პოლიციის უფროსის ნამუშევარს შევაფასებინებთ უშუალოდ ხალხს და არა თქვენ ან თქვენს რომელიმე “დოქსოფულო” მოადგილეს;

    მეორე, პოლიციის უფროსებს ვაქცევთ ნამდვილ საჯარო, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ პირებად, რომლებმაც საარჩევნო კამპანიისათვის დამახასიათებელი ყველა წესის დაცვით უნდა მოიპოვონ მათი თანამდებობა (ამ დროს ისწავლიან, რომ ოქროს ჯაჭვები და სამაჯურები უნდა მოიხსნან, კევი არ უნდა აღლაჭუნონ და ა.შ.) და არა თქვენი ახლობლობით ან ვაზელინის დიდი დოზით.

    ყველაზე მთავარი. გენერალურ პროკურორს აქამდე დიპლომი ვერ მოვატანინეთ და შესაბამისად ამასაც ვერ გაიგებს, ამიტომ ამაზეც თქვენ გეტყვით. ყველა რეზონანსული საქმის გამოსაძიებლად, რომელიც წინა 9 წელს ეხება, თქვენი 7 წლის მანძილზე მოხდა თუ აწი მოხდება და მაინც ვერ იძიებთ და არც საზოგადოების ნდობა არსებობს ასეთი გამოძიების და პროკურატურისადმი (ხორავას, მაჩალიკაშვილის თუ სააკაშვილის კოსტუმების საქმე), შემოიღეთ დამოუკიდებელი სპეცპროკურორის ინსტიტუტი, რომელსაც არა მოქმედ პროკურორთა შემადგენლობიდან, არამედ საზოგადოებისათვის სანდო იურისტთა წრიდან დროებით, მხოლოდ კონკრეტული საქმის გამოძიების მიზნით დანიშნავს გენერალური პროკურორი და ამ უკანასკნელს აეკრძალება გამოძიების პროცესში ჩარევა. სპეცპროკურორი კი ბულტერიერივით დაგლიჯავს ყველას და ყველაფერს, რომელიც მას სამართლის ძიების და მართლმსაჯულების განხორციელების გზაზე წინ გადაეღობება.

    ამით თავიდან აიცილებთ პასუხისმგებლობას, გადაირჩენთ თქვენს ისედაც შელახულ ან აწი შესალახ რეპუტაციას, რასაც თქვენივე არაპროფესიონალი პროკურორები ისედაც არაფრად აგდებენ.

    თან, ამით განტვირთავთ იმ მონსტრს, რომელსაც ხელმძღვანელობთ; უფრო ქმედითს გახდით დანაშაულთან ბრძოლას; აამაღლებთ მოქალაქის შეგნებას პოლიციის უფროსის შერჩევის პროცესით; პოლიციის უფროსებად მივიღებთ უფრო “დახვეწილ”, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს და დაზოგავთ მილიონობით ხარჯს, რომელიც განათლებას წაადგებოდა.

    მეორე, ამ მასშტაბის რეფორმის განხორციელება კვლავ “მიმზიდველს” გახდის ქვეყანას და დავიბრუნებთ რეფორმების ფლაგმანის სტატუსს.

    გულახდილად კი გეტყვით, რომ რაც შემოგთავაზეთ იმის 10%-საც კი ვერ გაიგებთ და ჩაწვდებით ვერც თქვენ და ვერც ქართული ოცნების ელიტის 99%, განსაკუთრებით კი ბიძინა.

    პ.ს. რეფორმის საავტორო უფლებები დაპატენტებული მაქვს.

    პ.პ.ს. ხომ ხედავთ თქვენგან განსხვავებით შაბათ დილასაც ვმუშაობ, ოღონდ ქვეყანას რამე ეშველოს.“– წერს ოქრუაშვილი