Category: არქივი

  • სოფელ ბანძასთან სახანძრო მანქანა გადაბრუნდა

    მარტვილის რაიონის  სოფელ ბანძასთან სენაკის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ავტომობილი გადაბრუნდა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    სახანძრო მანქანა  მარტვილის მონასტერში ხანძრის ჩასაქრობად იმყოფებოდა და  შემდეგ  ადგილზე ბრუნდებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
    ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

  • დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესები დაიხურა

    დღეს, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა  დაიწყო.

    მოსამართლემ  პროცესების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

    დღევანდელ სხდომაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს 4 თანამშრომელი დაიკითხა, რომლებიც ველისციხის ინციდენტთან არიან დაკავშირებულები.

    გამოძიების მასალების მიხედვით, სასამართლოზე დაახლოებით 80-მდე პირის გამოკითხვა უნდა მოხდეს.

    დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში კირკიტაძის სასამართლო პროცესის დახურვა ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ საზოგადოებისთვის არ გახდეს ცნობილი, როგორ მიმდინარეობს პროცესი.

    ადვოკატის განცხადებით, პროცესზე ადგილი ჰქონდა მოწმეთა მხრიდან ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს, რაც დარბაზში ადეკვატურ რეაქციებს იწვევდა, შესაბამისად დარბაზში ხმაურის გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს იყო.

    გიორგი კონდახიშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე სხდომის გახსნის შუამდგომლობას დააყენებს და იმედოვნებს, რომ მოსამართლე გაითვალისწინებს.

    შემდეგი სასამართლო პროცესი 12 აპრილს 11:00 საათზეა ჩანიშნული.

    კირკიტაძე  პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო 2018 წლის 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავეს.

  • სანდრა რულოვსი ზუგდიდის მაცხოვრებლად ჩაეწერა

    სანდრა რულოვსმა  საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია ზუგდიდში გაიარა- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება “ოდიში” ავრცელებს.

    გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი  ზუგდიდის იუსტიციის სახლში იმყოფებოდა.

    .,,ჩამოვედი და უკვე ვიცხოვრებ აქ, რომ დავეხმარო ზუგდიდელებს და ერთად გადავჭრათ პრობლები. ვიქნები ჩემს ზუგდიდელებთან ერთად,,- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა.

    გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში მერობის კანდიდატს ოფიციალურად 7 აპრილს წარადგენს.

  • „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებებზე დღგ-ის მოხსნას ითხოვს

    „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებების საშუალებებზე დღგ-ის მოხსნას ითხოვს.

    ალიანსის თავმჯდომარემ პრესკონფერენცია  მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე გამართა და განაცხადა,  რომ თამბაქოს საწინააღმდეგო საშუალებები გარკვეული ჯგუფებისთვის სრულიად  უფასო უნდა იყოს.

    როგორც მან აღნიშნა, მათ ალიანსის ინიციატივაზე  ჯანდაცვის სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა პრობლემა სხვა უწყებასთან აქვთ.

    „ასეთი მედიკამენტები, კონკრეტული ჯგუფებისათვის, მაგალითად, ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანებისთვის, ასევე მძიმე სენით შეპყრობლებისთვის, ინფარქტით, ინსულტით და ა.შ, ან სოციალურად დაუცველი ფენებისთვის უნდა იყოს აბსოლუტურად ხელმისაწვდომი. ანუ შესაძლებელია უფასოდ მიეწოდოთ თამბაქოზე თავის დანებების საშუალება, რასაც მოვუწოდებთ ჩვენ ხელისუფლებას. გარკვეული მზაობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის კიდეც. მარტის დასაწყისში, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი მსჯელობენ ამ საკითხზე და უახლოეს პერიოდში, ეს მედიკამენტები მასობრივად ხელმისაწვდომი გახდება, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ფინანსთა სამინისტროში ეს გადაწყვეტილება კეთილსაიმედო არ არის. მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროში, რომ ესა და ეს წამალი, ამა და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ექვემდებარება დღგ-ს გადახდას, მაშინ როდესაც საერთაშორისო საბაჟო წესებით და საგადასახადო კოდექსით, არის დღგ-სგან გათავისუფლებული“, – განაცხადა „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ.

    „როდესაც აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება, პარალელურად მიდიოდა საუბარი თამბაქოზე თავის დანებების სერვისების განვითარებაზე. არსებობს ცხელი ხაზის ნომერი, არსებობს კლინიკებიც და კონკრეტული დაწესებულებები, მათ შორის ფარმაცევტული, სადაც ნებისმიერ მწეველს შეუძლია მივიდეს და გარკვეული სერვისი მიიღოს ამ თვალსაზრისით, მაგრამ პრობლემა გახლავთ ის, რომ ყველა ის საშუალება, ასევე მედიკამენტი და ნიკოტინის შემცველი პროდუქტი იბეგრება დღგ-თი და ასევე საბაჟო მოსაკრებლით, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულად აძვირებს ამ პროდუქტს და ხელმწისაწვდომობას ზღუდავს მწეველებისათვის.

    არის საერთაშორისო რეგულაციები და მათ შორის საგადასახადო კოდექსიც, რომელიც ამბობს, რომ მედიკამენტი, რომელიც ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, გათავისფლებული უნდა იყოს დღგ-სგან. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა, ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქციას აწარმოებს, ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ დატოვოს ბაზა. ფაქტობრივად, ჩვენ დავრჩებით ეფექტური, ან ნაკლებ ეფექტური მედიკამენტებისა და საშუალებების ამარა“, – განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

  • ერთი თვე გავა თუ არა, სახელს დავარქმევ ყველაფერს – ეკა ბესელია პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე

    საგამოძიებო ორგანოებისთვის ერთთვიანი ვადა მაქვს მიცემული, ერთი თვე გავა თუ არა, ამ ყველაფერს სახელს დავარქმევ, – ამის შესახებ  ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

    დეპუტატი აცხადებს, რომ ძალაში ტოვებს ერთთვიანი ვადის შესახებ განცხადებას.

    „ამ დროს დაველოდოთ. ერთი თვის თავზე, თავად გავაკეთებ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი, რაც ხდება, იმ პასუხისმგებლობასა და ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც ხელისუფლებასა და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. რაც ხდება, არაფერში წერია და მოქალაქეებს საშინელი დაუცველობის განცდას უქმნის. ერთი თვე გავა თუ არა, ამ ყველაფერს სახელს დავარქმევ“, – განუცხადა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს.

  • ფარული ჩანაწერების გავრცელების ერთადერთი მოტივაცია ფსიქოლოგიური ზეწოლაა -გედევან ფოფხაძე

    “ვინც კადრებს ავრცელებს ვერ მიაღწია მიზანს”-დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბესელია პირადი ცხოვრების კადრების შესახებ საუბრობს.

    პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გუშინ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გავრცელდა. ეკა ბესელიას მსგავსად „ქართული ოცნებიდან“ წასული გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ პირადი  კადრები სხვებზეც გავრცელებულა, მაგრამ  მალევე შეწყდა. ამ შემთხვევაში კი პროცესი იმიტომ არ წყდება, რომ შემკვეთებმა და ორგანიზატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

    „ეს არის საჯარო გზავნილი ყველასთვის, ვისაც შეიძლება პერსპექტივაში ჰქონდეს, არ დაემორჩილოს ერთიან პოლიტიკურ ნებას. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ხელისუფლებამ მორალურად არასწორი გზა აირჩია ოპონენტებტან დაპირისპირებაში“ – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

  • ვახუშტი მენაბდე მისი დაკავების ამსახველ ვიდეომტკიცებულებებს ითხოვს

    თბილისის საქალაქო სასამართლოში  ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული აქტივისტების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

    აქციის მონაწილეები, პირველ აპრილს მაშინ  დააკავეს, როცა ისინი მშენებლობის დროს დაღუპული მუშების სოლიდარობის აქციაზე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდნენ.

    პოლიცია მათ სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავება. დაკავებულებს შორის იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, ვახუშტი მენაბდე, რომელიც დღევანდელ პროცესზე ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს.

    პოლიცია მას სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, თუმცა ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ შეურაცხყოფას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და სამართალდამცველებს მისი გინების დამადასტურებელი მასალის წარდგენას სთხოვს.

    “ეს არის შაბლონურად შევსებული დოკუმენტი, ცხადია, იქ სხვა ავსებდა სხვა გაკავებდა, მანქანაში სხვა გეჯდა. ვინც ეს შეავსო, უბრალოდ გამოიყენა შაბლონი, წარმოდგენაც არ ჰქონდა იმ პროცესზე, რომელიც მიდიოდა. ცხადია, მას არ დაუნახავს და არ შეუფასებია ჩემი ქმედებები – ამიტომ ამ ოქმში ზოგადი მონაცემებია ჩაწერილი, რაც სცდება რეალობას,”-ამბობს ვახუშტი მენაბდეს.

    სულ ბრალდებულია აქციის 6 მონაწილე, მოსამართლემ დღეს უნდა გადაწყვიტოს, დაეკისრებათ თუ არა აქტივისტებს ადმინისტრაციული სახდელი.

  • შსს-მ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძმები: 1969 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

    დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან არაერთხელ განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა . პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას 30 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “სირეცი” ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

  • რუსთავში “ნისიაზე” უარის თქმის გამო გამყიდველი სცემეს

    რუსთავში სამმა ადამიანმა მაღაზიის გამყიდველს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენა, რაც ამ უკანასკნელმა  საფასურის გადახდის გარეშე პროდუქტის  მიცემაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    სამართალდამცავი უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს მაღაზიიდან თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით, ე.წ. “ნისიით”პროდუქტი რამდენჯერმე აიღეს.მას  შემდეგ კი, რაც გამყიდველმა მათ უარი უთხრა პროდუქტის გაცემაზე, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

    გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შსს-ის ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ს.მ., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1993 წელს დაბადებული ლ.ბ. არიან დაკავებულები.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მე-15 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან რამდენჯერმე, თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით, აიღეს სხვადასხვა პროდუქტი. ინციდენტის დღეს, ამავე მაღაზიის გამყიდველმა მათ უარი უთხრა პროდუქტის საფასურის გადახდის გარეშე მიცემაზე, რასაც ბრალდებულების მხრიდან მოჰყვა აგრესია. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სავაჭრო ობიექტის თანამშრომელს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • უძველესი ქართული ხელნაწერი დაღესტანში არაბული ტექსტის ქვეშ აღმოაჩინეს

    დაღესტანში ხელნაწერების გაციფრულების პროცესში ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა უძველესი მანუსკრიპტი აღმოაჩინეს. ეს არის მეექვსე საუკუნის სახარება ქართულ ენაზე.
    იმის შესახებ, რომ ერთი ძველი მანუსკრიპტის ნაცვლად ორი შერჩებოდათ ხელთ , აღმოსავლეთმცოდნეებს არც უფიქრიათ. ათასობით სხვა იშვიათი ეგზემპლარისგან ძველთაძველი და გახუნებული ტომი ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩეოდა. თუმცა მეცნიერებმა არაბული სუფიების 9–ე საუკუნის დროინდელი ტექსტის ქვეშ ძლივს შესამჩნევი ნაწერი აღმოაჩინეს.
    “როგორც წესი, ჩვენ ხელნაწერებს ქაღალდის, მისი ხარისხის მახასიათებლების და ხელწერის მიხედვით ვათარიღებთ.  ეს ქაღალდი კი არ გავს არცერთ ქაღალდს, რასთანაც 20 წლის განმავლობაში შეხება მქონია. ის სხვა სტრუქტურის არის. – ყვება დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი შამილ შიხალიევი, რომელმაც მოგვიანებით გაარკვია, რომ საქმე ჰქონდა პალიმპსესტთან – პერგამენტზე დაწერილ ხელნაწერთან, როცა ერთ ტექსტზე ახალი ტექსტია ზევიდან გადაწერილი. მეცნიერების ვარაუდით, როგორც ჩანს იმ პერიოდში ხარისხიანი საწერი მასალა დეფიციტი იყო.
    თავდაპირველად არაბისტები ვერ მიხვდნენ, არაბული ტექსტის ქვეშ არსებული ტექსტის წარმომავლობას, საბოლოოდ კი გაირკვა რომ ის ქართული ასომთავრულით დაწერილი სახარებაა. მეცნიერების აზრით ეს ხელნაწერი მეექვსე საუკუნით თარიღდება.
    რუსული მედიის ინფორმაციით ახალაღმოჩენილი ხელნაწერი თავის ადგილს დაიკავებს დაღესტანში არსებულ ქართულ სიძველეებს შორის.
    “ჩვენ გვქონდა მტკიცებულებები დაღესტნელების ამიერკავკასიის ხალხებთან მჭიდრო ურთიერთობის შესახებ. ამაზე მეტყველებს ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური მასალები. თუმცა ახლა აღმოჩენილი ხელნაწერი, რომელიც ქართულ ენაზეა დაწერილი ჩვენს ვარაუდებს უფრო ამყარებს“ – ამბობს შამილ შიხალიევი.
    შესაძლოა ხელნაწერი ვერც ვერასოდეს აღმოეჩინათ, რომ არა ინსტიტუტში დაწყებული ხელნაწერების გაციფრულების პროცესი. წიგნი, რომლის რიგითი ნომერია 1012 ინსტიტუტში საბჭოთა პერიოდში, სოფელ უბრადან მოხვდა. მისი ნამდვილი ისტორიის აღსადგენად დაწყებულ სამუშაოში ქართული სპეციალისტებიც ჩაერთნენ, რომლებიც როგორც რუსული ტელეარხი – კულტურა ამბობს დაღესტანი უკვე იმყოფებოდნენ. ხელნაწერი უკვე გაციფრულებულია და ის მალე ინტერნეტ მომხმარებლებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.