Category: არქივი

  • “მოვითხოვთ მოამზადოთ დაპირებული ზომები პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის“–ევროპარლამენტარების მწვავე წერილი გახარიას

    ძალის გადამეტება მშვიდობიანი აქციების დასაშლელად, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და შეუსრულებელი დაპირებები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უმწვავეს წერილს იღებს. ტექსტის შინაარსს „ფორმულა“ ავრცელებს. კრიტიკული წერილის ადრესატი გიორგი გახარიაა.

    ევროპარლამენტარები მწვანეთა პარტიიდან დაჟინებით მოითხოვენ საქართველოს მთავრობისგან, მოამზადოს ცვლილებები პროპორციული სისტემისთვის, ევროპელი პოლიტიკოსები წუხან კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპებიდან საქართველოს უკუსვლის გამო.

    „ევროპარლამენტის წევრებმა უნდა გამოვხატოთ წუხილი კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპებისგან საქართველოს უკუსვლის გამო. სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს და ამაში როლი უმრავლესობის ნაწილმა ითამაშა. ქართული საზოგადოების აშკარა პოლარიზაცია არის საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების არასტიმულირების სტატუს-კვოს შედეგი. მივესალმებით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგს და ვიმედოვნებთ პრობლემები მალე მოგვარდება. დაჟინებით მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან მოამზადოს დაპირებული ზომები პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის შემდგომი შეფერხების გარეშე.

    მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ მოსამართლეები, რომლებიც უნდა აირჩიონ, აკმაყოფილებდნენ უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს. აუცილებელია მიღწეული შედეგის კონსოლიდაცია კანონის უზენაესობის დასაცავად და სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენის შესაჩერებლად. როგორც ჩანს, პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე იზრდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ოპოზიციას ციხეში დროის გატარებით დაემუქრა და იმას, რომ ძველი საქმეები ხელახლა იხსნება. ნიშანდობლივია, რომ გიგი უგულავას ბოლო დროინდელი საქმე ბადებს კითხვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივის, დროში დამთხვევებსა და პროცედურის მიმართ“, – ნათქვამია წერილში.

  • აზარტული თამაშების რეკლამა საპატრიარქოს ვებგვერდზე – საპატრიარქოს განცხადება

    რამდენიმე საათის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზე ერთ-ერთი ტოტალიზატორის რეკლამა გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთიბის სამსახურმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

    „მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ სატესტო რეჟიმში გაეშვა საპატრიარქოს განახლებული ვებგვერდი, რომლის ახალი ფუნქციაა ე.წ. ლაივ-სთრიმი (პირდაპირი ეთერი). აღნიშნული ლაივი (საპატრიარქოს ტელევიზიის) დროებით აღებულია ვიდეოპორტალ მაივიდეოდან, რის გამოც პირდაპირი ჩართვის დროს გამოჩნდა აზარტული თამაშების რეკლამა. აღნიშნულმა ფაქტმა გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. როგორც აღვნიშნეთ, ვებგვერდი სატესტო რეჟიმშია და შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში აუცილებლად გაკეთდება უშუალოდ საპატრიარქოს გვერდისთვის განკუთვნილი და მორგებული სთრიმი, ამ დროისათვის სწორედ ამ მიზეზით პირდაპირი ეთერი გათიშულია.“ – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას გამოეთიშა

    მილიარდერი, მედიამაგნატი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი ამერიკის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა და მხარდაჭერას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უცხადებს. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბლუმბერგმა თავისი მომხრეებისადმი წერილში დაწერა.

    „სამი თვის წინ, საპრეზიდენტო მარათონში ჩავები იმ მიზნით, რომ გამემარჯვა დონალდ ტრამპზე. დღეს ამ მარათონს ვტოვებ იმავე მიზეზით: გავიმარჯვოთ დონალდ ტრამპზე, რადგან ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩემი აქ ყოფნა გაართულებს მიზნის მიღწევას“, – წერს ბლუმბერგი.

    მანვე „ტვიტერში“ დაწერა, რომ ტრამპზე გამარჯვება იწყება კანდიდატთან გაერთიანებით, რომელსაც უკეთესი შანსი აქვს ამის გასაკეთებლად. მისი თქმით, ეს მისი მეგობარი და უდიდესი ამერიკელი ჯო ბაიდენია.

  • საოკუპაციო ხაზთან ხანძარია

    საოკუპაციო ხაზზე, სოფელ საკორინთოსთან ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე ბუჩქებს და ბალახს გაუჩნდა.

    უწყების ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი საქართველოს კონტროლირებად მხარეზეც არის მობილიზებული და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

  • ნიკა მელიასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. არც დამინახავს – მოწმე ნიკა მელიას პროცესზე

    თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოწმის სახით პოლიციელი იკითხება.

    მან დეტალურად გაიხსენა რა მოხდა 20 ივნისის ღამეს და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას არ იცნობს.

    „პირადად არ ვიცნობ. პარლამენტთან დაახლოებით დილით, 11- 12 საათისთვის მივედით. უნდა დაგვეცვა გარე პერიმეტრი. პარლამენტის უკანა მხარეს დაახლოებით 5 საათი დავყავით. შემდეგ ეზოში მოგვიწია ყოფნა. შემდეგ უკვე პარლამენტის შესასვლელთნ გადავედით. ნიკა მელიასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. არც დამინახავს,- განაცხადა მოწმემ.

    ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.

  • ფოთში სასამართლოს მანდატურმა თავი მოიკლა

    ფოთში საქალაქო სასამართლოს თანამშრომელმა თავი მოიკლა. 

    40 ლევან ქირიამ, რომელიც მანდატურად მუშაობდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    ადგილობრივები აცხადებენ, რომ თვითმკვლელობამდე მან წერილი დატოვა.

    შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მამაკაცის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

  • თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 ტურისტი დაიღუპა

    თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 ტურისტი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს, ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, რის შედეგადაც ზვავი მოწყდა.

    მათივე ინფორმაციით, სტიქიას გადაურჩა ოთხი ადამიანი, ხოლო დარჩენილი ექვსი ადამიანი ზვავმა მოიყოლა.

    „მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამაშველო სამსახურმა. ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს ზვავიდან, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

    სამწუხაროდ, დარჩენილი 3 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ისინი გარდაცვლილები იპოვეს. მთის კურორტების განვითარების კომპანია მოგმართავთ თხოვნით, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ნუ გადახვალთ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილეთ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “მიგრაცია არ არის მხოლოდ უმუშევრობით გამოწვეული პრობლემა”-სალომე ზურაბიშვილი

    “მიგრაცია ამ ეპოქის დიდი გამოწვევაა და ჩვენ იგი განსაკუთრებით მტკივნეულად გვეხება” – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას განაცხადა.

    “მიგრაცია ამ ეპოქის დიდი გამოწვევაა და ჩვენ იგი განსაკუთრებით მტკივნეულად გვეხება. მიგრაცია არ არის გამოწვეული, როგორც ჩვენ გვგონია, მხოლოდ უმუშევრობით. კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე, მაგრამ, ამავე დროს პროფესიონალების დეფიციტიცაა, პრაქტიკულად, ყველა სფეროში.

    ამ ორი ტენდენციის ერთგვარად დაბალანსება, ანუ პროფესიონალიზმის ამაღლება და საკუთარი ძალების მოზიდვა უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი. გვჭირდება დიასპორასთან უწყვეტი კავშირი და არა იქ ჩვენი ვიწრო პოლიტიკური დაპირისპირების გადატანა. ხომ ცხადზე ცხადია, რომ სოციალური მდგომარეობის გარდა, მიგრაციის ერთ-ერთი მკვებავი სწორედ აგრესია, შეურაცხყოფა და სიძულვილია. სწორედ ეს აგრესიაა, რაც ჩვენს ახალგაზრდებს აქედან წასვლისკენ უბიძგებს,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • პოლარიზაციას ხელს უწყობს სიძვა, შური, უზრდელობა- ლადო კახაძე

    ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ სალომე ზურაბიშვილის მოხსენება შეაფასა და თქვა, რომ მას მთლიანად ეთანხმება. ასევე აღნიშნა, რომ პოლარიზაცია დემოკრატიის განვითარებას ხელს არ უწყობს. 

    ,,მისი სიტყვის კონსტრუქციას მთლიანად ვეთანხმები, სადაც ადგილი დაუთმო და აქცენტები დემოკრატიის საწინააღმდეგო მხარეს გადაიტანა. დიახ, პოლარიზაცია დემოკრატიის საწინააღმდეგო მხარეა. ჩემთვისაც ასეა აღქმული.

    პოლარიზაციას ხელს უწყობს სიძვა, უხეშობა, უზრდელობა, შური, დაპირისპირება, უნდობლობა – ეს არის პოლარიზაციის მხარეს და დემოკრატიას ხელს არ უწყობს”, – თქვა ლადო კახაძემ.

    სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია, აგრესიამ და სიძულვილმა კი ქართულ ღირებულებათა სისტემა შეცვალა.