Category: არქივი

  • ბათუმში 9 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა

    ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 9 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა.

    დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

    ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

    ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

    როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

  • ეკლესია არის მწყემსი და ახლა ცხვრები ასწავლიან მწყემსს, რა უნდა გააკეთოს- მეუფე ანტონი

    ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონის თქმით, ეკლესიის მღვდელთმსახურებს აქილიკებენ და განიკითხავენ.

    მისი თქმით, ეკლესია მწყემსია, ახლა კი ცხვრები ასწავლიან მწყემსს, რა გააკეთოს, სად წაიყვანოს ცხოვრები საძოვარზე და ა.შ.

    “გაქილიკებას რომ იწყებთ მორწმუნეთა და მღვდელმთავრის გამონათქვამების, ნუ რავიცი, საიდან ამდენი ზიზღი, საიდან ამდენი განკითხვა. თავის დროზე რაღაცა დაუშავათ ეკლესიამ თუ თვითონ გახდნენ ეგეთები, ვერ ვგებულობ. ჩვენ მივდივართ ჩვენს კალაპოტში. ვიცი, ამ სიტყვებსაც დიდი ქილიკი მოჰყვება – საერთოდ, ეკლესია განიხილება ასე: არის მწყემსი და არის ცხვარი, ახლა ცხვრები ასწავლიან მწყემსს რა უნდა გააკეთოს, სად უნდა მოძოვოს, რომელ საძოვარზე წაიყვანოს, რა გააკეთოს მწყემსმა. ფაქტიურად, თუ შეხედავ, ასე არის. ვიცი, ამასაც მოჰყვება ათასი ქილიკი, ათასი გამონათქვამი, მაგრამ რა ვქნა ახლა. ეკლესიასა და მორწმუნეებს შორის ურთიერთობას ჩვენ დავარეგულირებთ”,- ამბობს მეუფე.

    ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენებაზე საპატრიარქომ უარი განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით კი,,,ღვინო ანტისეპტიკია და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია”. ამ განცხადებებს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

  • კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ირანში 54 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს

    კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ირანში 54 000 პატიმარი ციხიდან დროებით გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC ირანის სასამართლოს პრეს-სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ციხე მხოლოდ ის პატიმრებმა დატოვეს, რომლებსაც 5 წელზე ნაკლები ჰქონდათ მისჯილი და კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

    ირანის ხელისუფლების მტკიცებით, ამ გზით ისინი ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხებას უფრო მარტივად შეძლებენ.

    ირანში ამ დროისთვის კორონავირუსით 2300-ზე მეტი ინფიცირებულია, გარდაცვლილთა რაოდენობამ 77-ს მიაღწია.

  • ემინემის გამოწვევაში 16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ გაიმარჯვა

    ემინემის გამოწვევაში 16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი „საუთფაუერი“ ავრცელებს.

    ამერიკელმა რეპერმა გამოწვევა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. მას სურდა, მის თაყვანისმცემლებს ისევე სწრაფად წაეკითხათ სიმღერის ტექსტი, როგორც ის ერთ-ერთ ცნობილ სიმღერა ,,გოძილაში” კითხულობს.

    ამის შესახებ ინფორმაცია ემინემმა „ტვიტერისა“ და ინსტაგრამის გვერდზეც გამოაქვეყნა.

    გამოწვევა ემინემის ათასობით ფანმა მიიღო, თუმცა „საუთფაუერმა“ გამარჯვებულად 16 წლის ნინი ჩილაჩავა​ დაასახელა, რომლის ვიდეოს „ინსტაგრამზე“ 100 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

    „ეს არის მომენტი, როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს შეხვდა“, – წერს „საუთფაუერი“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

  • დააკავეს კაცი, რომელმაც დედა მოკლა და ცხედარს ცეცხლი წაუკიდა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში 1991 წელს დაბადებული ბ.ს ცხელ კვალზე დააკავა. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ შვილმა დედა ცივი იარაღით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ეზოში ცეცხლი წაუკიდა.

    ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, ბრალდებულმა დედას – 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა”,- წერია შსს-ს ინფორმაციაში.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თქვა, რომ კორონავირუსი არ შეგეყრება და არ მოკვდები, მორწმუნეობა არ არის, სიგიჟეა- მამა ანდრია

    მღვდელმონაზონ ანდრია სარიას განცხადებით, მტკიცება, რომ კორონავირუსი არ შეგეყრება და არ მოკვდები, მორწმუნეობა კი არა, სიგიჟეა.

    ,,მე რომ ვთქვა, არ მოვკვდები და კორონავირუსი არ შემეყრება, ძაან დიდი იდიოტი უნდა იყო. ეს მორწმუნეობა არ არის, ეს არის სიგიჟე. ჩვენ ვკვდებით ჩვეულებრივად, ქოლერით მოკვდა პატრიარქი ლეონიდე. ვთქვათ, რომ მას არ შეეყარა ეპიდემია და სნეულების საშიშროება არ ჰქონდა, ეს არის სიცრუე”, – ამბობს მამა ანდრია.

    ის მეუფე ნიკოლოზის განცხადებასაც ღვინოს ანტისეპტიკურობასთან დაკავშირებით და პატრიარქის ხილვას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს საეკლესიო დარღვევა და უბედურებაა.

    ,,უფრო დიდი საშიშროებაა, რასაც დავაკვირდი ზოგადად და მღვდელმთავრების გამოსვლებიც იყო, ზიარებას უწოდებენ ანტისეპტიკს. ამაზე დიდი უბედურება დღევანდელ ეკლესიაში მე რა უნდა შევამჩნიო ან რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი. ან როდესაც ცხენი დაფრინავს…გარკვეული საკითხები არის, სადაც შეიძლება კრიტიკას ავუქციოთ გვერდი, რადგან პიროვნულად ვიღაცების პატივისცემა გვქონდეს, მაგრამ ზიარებას უწოდო ანტისეპტიკი, ეს არის საეკლესიო დარღვევა. ამ განცხადების მერე კორონავირუსით დაინფიცირებულმა ადამიანმა რომ იფიქროს, თურმე ანტისეპტიკია ზიარება და მივარდეს იმ რწმენით, რომ კორონავირუსისგან განიკურნება, წარმოიდგინეთ, რა მოხდება”, – ამბობს ანდრია სარია.

    ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენებაზე საპატრიარქომ უარი განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ,,ღვინო არის ანტისეპტიკი და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია”.

    საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა, რომ ხილვა ჰქონდა. ,,ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე”,- თქვა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

  • ირანის პრეზიდენტი პუტინს ირანში ეპატიჟება

    ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ირანში იწვევს.

    მან პუტინს შესთავაზა, ასტანის ფორმატის სამიტი სირიის საკითხთან დაკავშირებით ირანში გაიმართოს.

    „რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა პრეზიდენტებს, როუჰანსა და პუტინს შორის. სატელეფონო საუბრის ფარგლებში, პრეზიდენტმა როუჰანიმ მოიწვია პრეზიდენტი პუტინი ირანში, რომ შემდეგი სამიტი ასტანას ფორმატის ფარგლებში უახლოეს ხანებში ირანში გაიმართოს”, – ამბობს ირანის ელჩი კაზემ ჯალალალი.

    მედიის ცნობით, ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ არაერთი კოალიცია შეიქმნა ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ერთადერთი კოალიცია, რომელიც წარმატებული იყო და რეალურად ებრძოდა ტერორიზმს, იყო ირანისა და რუსეთის კოალიცია.

  • ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი ცდილობს, ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი- თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი ,,განაყოფი” ოპოზიციის ტყვეობაში აყვანას ცდილობენ.

    ,,ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ტყვეობაში აიყვანოს მთელი ოპოზიციური სპექტრი. მე მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ოპოზიციაში არიან პასუხისმგებლიანი და გონიერი ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს კარგად ხედავენ და ეს ჩანს მოლაპარაკებების პროცესში”, ამბობს არჩილ თალაკვაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის მთავრობის შეთავაზებებს და პირობებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ყველა რეალურად აფასებს, მმართველი გუნდი კი შეეცდება ცვლილებები მაქსიმალური კონსენსუსით გაიტანოს.

    რამდენიმე დღის წინ,,ქართული ოცნება” ინიციატივით გამოვიდა, კანონში ჩაიწეროს 40%-ის პრინციპი. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციამ განაცხადა, რომ ეს არ არის მათი მოთხოვნების შესრულება. მათი თქმით, მმართველმა ძალამ პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული საარჩევნო სისტემა უნდა შესთავაზოს და ასევე, შეწყვიტოს ოპონენტების პოლიტიკური დევნა. სხვა შემთხვევაში ისინი შეთანხმებას არ აპირებენ.

    მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა აირჩიოს მანდატების 100/50-ზე ან 110/40-ზე განაწილება, რადგან 40 მაჟორიტარულ ოლქზე ნაკლებად საქართველო ვერ დაიყოფა.

  • რეკომენდაციები და ხშირად დასმული კითხვები- კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობამ ვებ-გვერდი შექმნა

    საქართველოს მთავრობამ ვებ-გვერდი შექმნა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციაა განთავსებული.

    stopcov.ge-ზე შეგიძლიათ ნახოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, ხშირად დასმული კითხვები და ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ატარებს.

    მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, stopcov.ge-ზე მოქალაქეებს ცოცხალ რეჟიმში ექნებათ საშუალება, თვალი ადევნონ, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით.

    ვებ-გვერდი ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში მუშაობს. კორონავირუსის შესახებ სტატისტიკა ყოველ დღე, 21:30 საათზე განახლდება.

    დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინში იმყოფება 137 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 62.

  • ვირუსის გავრცელების წყაროა ფული, მაქსიმალურად გადავიდეთ ელექტრონულ გადახდაზე-ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით, კორონავირუსის გამო ჯობია გადახდა ელექტრონულად მოხდეს და მოსახლეობამ ნაკლებად გამოიყენოს ნაღდი ფული.  

    “უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული. იქ სადაც აუცილებელია ნაღდი ანგარიშსწორება, სასურველია ქეშის ხმარების დროს მაქსიმალურად დავიმუშავოთ ხელები. მინდა მივმართო ამასთან დაკავშირებით ბანკებს, რომ ყველა ფილიალში იყოს ხელის დასამუშავებელი საშუალებები, იდგეს დეზინფექტორები. მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიებს, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ გაცემა მოხდეს ელექტრონულად და სხვა შემთხვევაში პენსიონერებს შეუქმნან შესაბამისი შესაძლებლობები, რომ მათ ფულის აღების შემდეგ, ან მანამდე ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან”, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ბანკებს მოუწოდა,  რომ მაქსიმალურად ეცადონ თავი აარიდონ გრძელ  რიგებს.