Category: არქივი

  • “ნუ გვესვრი” – ჟურნალისტების აქცია შსს-სთან (ფოტოები)

    საქართველოში მოქმედი მედიის წარმომადგენლებმა 15:00 საათზე  აქცია გამართეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ, ბევრ მათგანს დაზიანება რეზინის ტყვიებით ჰქონდა. 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შედეგად მედიის 31 წარმომადგენელი დაშავდა.

    ჟურნალისტების აქცია ასევე იმართება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახალციხეში, ხარაგაულში, კახეთში.

  • ეს იყო ხელისუფლების შეცდომა-საპატრიარქოს განცხადება

    მიმდინარე მოვლებთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

    “დიდია ჩვენი გულისტკივილი პარლამენტთან შუაღამისას განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაშავდა მრავალი ადამიანი, მეტწილად ახალგაზრდები.

    ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ათასობით ახალგაზრდა სამშობლოს ღირსების დასაცავად გამოვიდა რუსთაველზე და თავისი სამართლიანი გულისწყრომა გამოხატა პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს იმ წევრის თავმჯდომარეობის გამო, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.

    ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი; მაგრამ არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა, მოვლენები მყისიერად განვითარდა და პარლამენტის შენობის ძალით დაკავების მცდელობაში გადაიზარდა.

    ვფიქრობთ, საჭიროა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ გამოიძიოს მიზეზები და სათანადო სტრუქტურებმა, მასმედიამ და ექსპერტებმა მიუკერძოებელი შეფასებები გააკეთონ როგორც მომხდართან დაკავშირებით, ისე ზოგად-პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რათა საზოგადოებას არსებული ვითარების გააზრების საშუალება მიეცეს, შენარჩუნებულ იქნას მშვიდობა და პროცესებმა სამოქალაქო დაპირისპირების სახე არ მიიღოს.

    ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენმა ხალხმა ეს გამოწვევები დაძლიოს და მათ ღირსეული პასუხი გასცეს”-აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

  • “სჯობს არ აირტყან სამარცხვინო იარლიყი”- ბექა გოჩიაშვილი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე

    21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ქართველი ჯაზ- პიანისტი ბექა გოჩიაშვილიც ეხმაურება. ამის შესახებ “პრაიმტაიმი” წერს. ბექა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება თუმცა აცხადებს რომ  მომხდარით აღშფოთებულია  და ხვალვე დაბრუნდება საქართველოში, რათა მოქალაქეებს შეუერთდეს. 

    „ამაზრზენი ფაქტია დეპუტატ გავრილოვის ყოფნა საქართველოს პარლამენტში. საშინლად უპასუხისმგებლო გამართლებაა ამ ფაქტის “არ ცოდნა” და უთავმოყვარეოდ ამ ამბის გაჩუმების მცდელობა, რომ თითქოს ეს არაფერი არ არის, არ ვიცოდით და მორჩა. პოლიციაზე თავდასხმა პატრიოტიზმი არ არისო, სადღაც წავიკითხე. რა უპასუხისმგებლო ბოდვაა საერთოდ?! ოკუპანტის პარლამენტში, პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში ჯდომის და იქედან ლაპარაკის შემდეგ, რა პოლიციაზე თავდასხმას აკრიტიკებენ? იქიდან გამომდინარე, რომ რუსი დეპუტატი ეგდო პარლამენტში და ხელისუფლებამ ხალხის მოთხოვნა არ გაითვალისწინა, ხალხისგან წინააღმდეგობის გაწევა გამართლებულია.ყველა – კომპლექსიანი, დამძიმებული დაწყნარდეს და გავიდეს აქციაზე, სახელების და გვარების ხსენებას სჯობს არ აირტყან ის სამარცხვინო იარლიყი, რასაც სამშობლოს გულგრილი, ნიჰილისტი, უპასუხისმგებლო და მშიშარა მოქალაქე ჰქვია.მე ამსტერდამში ვარ. გუშინ რომ საქართველოში ვყოფილიყავი, აუცილებლად ვიდგებოდი აქციაზე და დავდგები კიდეც! ხვალ მოვდივარ საქართველოში და აქციას შევუეერთდები ” – განაცხადა ბექა გოჩიაშვილმა.

  • ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

    “ქართული ოცნების” დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებთან განაცხადა. 

    როგორც ქუცნაშვილმა განაცხადა, არ იქნებოდა სწორი კობახიძის გადადგომის შემდეგ მას დეპუტატის მანდატი არ დაეტოვებინა.

  • „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს

    “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა.

    განცხადებაპოლიტსაბჭოს სახელით რამდენიმე წუთის წინ კახა კალაძემ გააკეთა.

    “საქართველოს პარლამენტში გამართული საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის დროს განვითარებულმა მოვლენებმა მძიმე სურათი შექმნა და საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია, რომლის სოლიდარულიც იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მისცა შესაბამისი, მკაცრი შეფასებები.

    ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ამკვიდრებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალ სტანდარტს და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ქმედებებით.

    ამ მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.

    კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება.

    ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი, როგორც კანონის და საზოგადოების წინაშე იმ მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის, რომელსაც დილამდე ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება.

    აქვე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვათ ქართული პოლიციის როლს, რომელმაც უმაღლესი თმენის ვალდებულება გამოიჩინა და ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში. ვითარებაში, როდესაც მიდიოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება, რომელიც ემუქრებოდა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგს.

    პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი.

    ყველა ვთანხმდებით, რომ ძალის გამოყენება იყო უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული და სრულად ლეგიტიმური.

    სამწუხაროდ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დაპირისპირებისას დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები და სამართალდამცავები.

    სახელმწიფო რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ხოლო ყველა სამართალდამრღვევს, ყველა დამნაშავეს და პროვოკატორს უმკაცრესად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე.

    რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას იმ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუ კი ადგილი ქონდა ძალის გადამეტებას, რაც დამახასიათებელია მსგავსი მასშტაბის დესტაბილიზაციის დროს პოლიციური ოპერაციებისთვის.

    ქართული ოცნება” არის დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლება და იგი მაღალი დემოკრატული სტანდარტით გააგრძელებს ქვეყნის მართვას. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას და შესაძლებლობას პოლიტიკურ რევანშს მოწყურებულ ძალებს, საფრთხე შეუქმნან ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივას.”-განაცხადა კალაძემ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სახელით.

  • ირაკლი კობახიძე გადადგა

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გადადგა. ოფიციალური განცხადება “ქართულ ოცნებაში” სავარაუდოდ მალე გაკეთდება.

    ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა გუშინ  არაერთხელ მოითხოვეს.

    შეგახსენებთ, გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან ასამბლეის წაყვანის ფაქტს თბილისში  საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

    მათი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.

    ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შტურმით აღება სცადა.

    რუსთაველზე სპეცრაზმი მომიტინგეებს ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირით გაუსწორდა.

    აქციის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათმა ნაწილმა მძიმე დაძიანებები მიიღო. რამდენიმე დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

    გამთენიისას აქციის მონაწილეების დაპატიმრება დაიწყო. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.

    არეულობის შედეგად დაშავდა 31 ჟურნალისტი.

  • აქციაზე “გირჩის” სამი წევრი დააკავეს, აქედან ერთს ვერ ვპოულობთ – ჯაფარიძე

    რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ სამი წევრი დააკავეს. აქედან 1 ადამიანს ამ დრომდე ვერ პოულობენ. პოლიტიკური პარტიის წევრებისთვის უცნობია, დაკარგულის ადგილსამყოფელი. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    გუშინ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ, მოგვიანებით მშვიდობიანი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ათეულობით ადამიანი დააკავეს.

  • ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო – ესტონეთის საელჩო

    საქართველოში ესტონეთის საელჩო პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

    „ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელსაც დღეს ბევრი ადამიანი განიცდის. ვურჩევთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, აჩვენონ თავშეკავება და ყოველთვის იმოქმედონ სამართლის და კონსტიტუციის ფარგლებში. როდესაც სიტყვები რეზინის ტყვიებში გადადის და ცრემლი გაზთან ერთად მოდის, ჩვენ თქვენთან ერთად ვტირით ქართველო ერო“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

    შეგახსენებთ, გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან ასამბლეის წაყვანის ფაქტს საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

    მათი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.

    ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შტურმით აღება სცადა.

    რუსთაველზე სპეცრაზმი მომიტინგეებს ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირით გაუსწორდა.

    აქციის დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მათმა ნაწილმა მძიმე დაძიანებები მიიღო. რამდენიმე დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

    გამთენიისას აქციის მონაწილეების დაპატიმრება დაიწყო. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია.

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ საიამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.