Category: არქივი

  • პარლამენტის თანამშრომლებს შენობა დაატოვებინეს

    პარლამენტის თანამშრომლებს შენობის დატოვება სთხოვეს. შენობის დატოვებისკენ მოუწოდეს ჟურნალისტებსაც.

    შენობის დაცლის მითითება დღევანდელ აქციას უკავშირდება.

    შეგახსენებთ, რომ დღეს, 19.00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართება.

  • ყველა, ვინც პარლამენტში შტურმს ორგანიზება გაუწია უმკაცრესად დაისჯება – გახარია

    ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება შსს მინისტრმა  გიორგი გახარიამ გააკეთა. 

    „რაც მთავარია პოლიციამ 225-ე მუხლით უკვე აღძრა ძიება, რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა და მოახერხა, ორგანიზება გაუწია მშვიდობიან აქციის ძალადობრივ აქციაში გარდაქმნას და შტურმს პარლამენტში და პოლიციელების წინააღმდეგ უმკაცრესად იქნება დასჯილი,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

    ~

  • “მესროლეთ მესროლეთ თუ არ მესროლო არ იყო კაცი”- ელისაშვილისა და სპეცრაზმელების დაპირისპირება (ვიდეო)

    სიტყვიერი შელაპარაკება, ალეკო ელისაშვილისა და სპეცრაზმელებს შორის. კადრები  21 ივნისს რუსთაველის გამზირიდან. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი აქციის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვთ მიღებული. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.

    გუშინდელ აქციაზე 31 ჟურნალისტი დაშავდა. ამის გამო დღეს ჟურნალისტებმა შსს-თან აქცია გამართეს.

  • დატოვოს ირაკლი კობახიძემ იურიდიული ფაკულტეტი – სტუდენტები პეტიციას ავრცელებენ

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები პეტიციას ავრცელებენ. სტუდენტთა ნაწილი მოითხოვს დატოვოს იურიდიული ფაკულტეტი ირაკლი კობახიძემ.მათი განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა კობახიძეს ეკისრება.

    „20 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია, რომელიც ეხმიანებოდა რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატის – სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის მთავარი სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტათაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის გახსნას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით დაიწყო.

    სახელმწიფომ მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის, 31 ჟურნალისტი, ხოლო რამდენიმემ მიიღო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაზიანება.

    ჩვენ, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს- ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას, რასაც შედეგად მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალისმიერი დარბევა.

    გუშინ მედიასაშუალებებით გავრცელებული პარლამენტის აპარატის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სტუმრების აეროპორტში დახვედრის, მათი დაცვით უზრუნველყოფის, გენერალური ასამბლეის ჩასატარებლად პარლამენტის შენობის მომზადებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების წინასწარ გაწერილი გეგმა თავისი ხელმოწერით დაამტკიცა ირაკლი კობახიძემ.

    ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართლის“ კურსს. გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძე არ იცნობს/არ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და ეჭვქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ კურსსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ისე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მან მხოლოდ დღეს, 21 ივნისს, საქართველოს მოქალაქეების დარბევის შემდეგ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვა თანამდებობა.

    ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მივიჩნევთ, რომ ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს აღარ აქვს უფლება უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებზე, რადგან თავად დაშორებულია ამ ღირებულებებს.

    ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მოვუწოდებთ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას:

    1. არ მისცეს ირაკლი კობახიძეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექციების ჩატარების შესაძლებლობა;

    2. არ დაუთმოს ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის სივრცე საჯარო ლექციის, კონფერენციისა და თუ სხვა ღონისძიების გასამართად/მონაწილეობის მისაღებად, “- ნათქვამია სტუდენტების მიერ გავრცელებულ პეტიციაში.

  • პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებს გაუფრთხილებლად ესროლა-Human Rights Watch

    „პოლიციამ თბილისში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გაფრთხილების გარეშე გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტის წინააღმდეგ“, –ამ განცხადებას   საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch ავრცელებს. ორგანიზაცია თავის განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს მიერ აღიარებულ ნორმებზე.
    პოლიცია ვალდებულია აქციის დაშლის დროს იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და დაექვემდებაროს გაეროს საერთაშორისო პრინციპირებით აღიარებულს სტანდარტებს, ნორმებს და კანონმდებლობას ძალის გამოყენების თაობაზე,  პოლიციამ მხოლოდ პროპორციული ძალა უნდა გამოიყენოს. ისეთი საშუალება, როგორიც რეზინის ტყვიებია, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული. სამართალდამცველები ვალდებული არიან პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც სანქცირებული, ისე არასანქცირებული აქციის დროს, ძალის გამოყენების შესახებ გაეროს მიერ დადგენილი სტანდარტი სამართალმდაცველებისგან მოითხოვს, არ მიმართონ ძალადობრივ საშუალებებს”-აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
    შეგახსენებთ, რომ გუშინდელი აქციის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვთ მიღებული. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.
    გუშინდელ აქციაზე 31 ჟურნალისტი დაშავდა. ამის გამო დღეს ჟურნალისტებმა შსს-თან აქცია გამართეს.
  • პოლიციის მხრიდან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ქმედება მოქალაქის დაკავებისას ( ვიდეო)

    სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე ეკა ხერხეულიზე  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს ვიდეოს სადაც ჩანს რომ ბარნოვზე  სამართალდამცავები ახალგაზრდა მამაკაცს აკავებენ ხოლო დაკავებისას მას აფურთხებენ და თავში ურტყამენ.  

    “თქვე ნაძირლები,გავრილოვის გამო ურტყამთ და სახეში აფურთხებთ ამ ბავშვს?”- წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში

  • “პოლიცია ფიზიკური ძალადობის ქვეშ იყო”- ქუცნაშვილი

    ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ” გადაამეტა თუ არა პოლიციამ ძალას, პასუხობს რომ მთელი ღამე ის “იმედს” უყურებდა და რაც  ნახა იყო ის რომ პოლიცია ფიზიკური ძალადობის ქვეში იყო. 

    “მე პასუხისმგებლობას არ ვიღებ იმაზე, რაც მოხდა ღამე. ამაზე ოოპზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ რაც ხდებოდა 12 საათამდე, ქართული საზოგადოების მღელვარებაზე – რა თქმა უნდა. მე რაც ვნახე, მე ვუყურებდი ტელეკომპანია “იმედს” მთელი ღამის საათებში და მე რაც ვნახე, პირიქით, პოლიცია 3 საათის გნამავლობაში იყო ფიზიკური ძალადობის ქვეშ და ეს ნახა მთელმა მსოფლიომ” – თქვა დეპუტატმა.

  • NBA | გოგა ბითაძე დრაფტზე მე-18 პიკად აირჩიეს – ქართველი კარიერას ინდიანა პეისერსში გააგრძელებს

    გოგა ბითაძე ქართველი ამომავალი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერის გაგრძელება NBA-ში (ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაცია) გადაწყვიტა.

    ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო გზა დრაფტზე დადგომაა, გოგაც სწორედ ასე მოიქცა.

    დრაფტზე 19 წლის ქართველი ცენტრი მე-18 პიკად ინდიანა პეისერსმა აირჩია. სამწუხაროდ ეს გუნდი ქართველი ცენტრისთვის იდეალური ნამდვილად ვერ იქნება, რადგან მის პოზიციაზე ინდიანას გამოცდილი ძლიერი მოთამაშეები ჰყავს.

    დამამშვიდებელი არც გუნდის მთავარი მწვრთნელის განცხადება იყო. მისი თქმით, იგი არ ელოდება გუნდის მესვეურებისგან გოგას არჩევას და მის შესახებ მხოლოდ გუნდის სკაუტებისგან ჰქონდა გაგონილი. ის იმედოვნებს, რომ გოგა გუნდის გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად სწორად განვითარდება და გუნდს მისნაირი მოთამაშე მიზნის მიღწევაში დაეხმარება.

    შეგახსენებთ, დრაფტის პირველი პიკი არავისთვის სურპრიზი არ ყოფილა და ის ზიონ უილიამსონი გახდა, რომელიც კარიერას ნიუ ორლეან პელკიკანსში გააგრძელებს.

  • რუსთაველის გამზირზე აქციის 305 მონაწილეა დაკავებული-შსს

    რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

    „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ პარლამენტის წინ გაიმართა აქცია. თავდაპირველად აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური თავდასხმით შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად, აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო აშკარად ძალადობრივი ხასიათი.

    მიუხედავად სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღების და შენობაში შეჭრის მცდელობას, სხვადასხვა საშუალების – ხელკეტების, რკინის კონსტრუქციების, ქვების, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ფიზიკურად ჯგუფურად უსწორდებოდნენ პოლიციელებს, უწევდნენ წინააღმდეგობას და არ ემორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, ახდენდნენ პოლიციელთა განიარაღებას და ართმევდნენ მათ შესაბამის აღჭურვილობას. აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

    პარლამენტის შენობაში შეჭრის თავიდან აცილების, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის, აქციის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნების, პოლიციელებზე თავდასხმის მოგერიების და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები – ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი. ამასთან, აღნიშნული საშუალებების გამოყენება განხორციელდა თანმიმდევრულად, მომდინარე საფრთხეების პროპორციულად. სამართალდამცავებმა, ძალადობრივი წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

    მას შემდეგ, რაც აღნიშნული საშუალებით წინააღმდეგობის დაძლევა და მართლწესრიგის ჯგუფური დარღვევის აღკვეთა გახდა შეუძლებელი, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა სხვა სპეციალური საშუალებები – არალეტალური იარაღი და წყლის ჭავლი. აქციის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს, როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე სამართალდამცავებმა. განადგურდა საპოლიციო ტექნიკაც. დაზარალებულების ნაწილი მკურნალობას აგრძელებს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

    მიუხედავად გამოყენებული საშუალებებისა, აქციის მონაწილეთა აგრესიული ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდა სამართალდარღვევას. მათ გამთენიისას გაანადგურეს პოლიციის და მოქალაქეთა ავტომანქანები და დაარბიეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კერძო საკუთრების ობიექტები.

    სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიება შეისწავლის თითოეულ ძალადობრივ ინციდენტს. ასევე, სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით და აქტიური მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ კონკრეტულ გადაცდომებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს შეისწავლის“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • გაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ – ნიკა გვარამია

    გაცემულია ბრძანება გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ -ამის შესახებ  სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. 

    “ბოლო საათების განმავლობაში ჩვენთან კომუნიცირებენ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები რაც ნამდვილად სიმპტომია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასების და შედეგების. ამ კომუნიკაციის შედეგად ჩვენთვის ცნობილი გახდა ორი ინფორმაცია – პირველი, რომ გაცემულია ბრძანება გიგი უგლავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების თაობაზე და ასევე გამოყოფილია 20 მილიონიანი ფონდი ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტრაქციების ჩასატარებლად და მომიტინგეებისთვს არაპოლიციური, არამედ ერთგვარად დაქირავებული ადამიანების მხრიდან პრობლემების შესაქმნელად,”-განაცხადა გვარამიამ.