Category: არქივი

  • გახარია უნდა გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები -კვირიკაშვილი

    საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და გახარიას გადადგომა მოითხოვა. 

    “ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, რომელიც აღიარა, მაგრამ პოლიტიკური რეაგირება დააგვიანა. შედეგად სამართლიანად აზვირთებული მუხტი სახიფათოდ და დესტრუქციულად წარმართა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ უფრო მძიმე შეცდომა და რეზინის ტყვიებით დაცხრილა საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები, ქვეყნის მომავალი თაობის წარმომადგენლები.

    როდესაც მხოლოდ ერთი ათწლეული გაშორებს მოვლენებს (განსაკუთრებით თბილისის პოლიციის შენობის წინ საპროტესტო აქციას ვგულისხმობ), რომლის დროსაც უამრავი ადამიანი დასახიჩრდა პლასკიკური ტყვიით და რამდენიმემ მხედველობაც დაკარგა, ვფიქრობ იგივე ტყვიების გამოყენება გუშინდელ აქციაზე ხელისუფლების მიუტევებელი შეცდომა იყო. პროფესიულ პოლემიკაში ვერ წავალ, თუმცა არ მგონია, რომ თუნდაც მეტი პოლიციელის დროული მიყვანით ადგილზე, ან თუნდაც მხოლოდ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით შეუძლებელი იქნებოდა იმ ადამიანების სამართლიანად შეჩერება, რომლებმაც პოლიციელების კორდონზე ყოვლად გაუმართლებელი შეტევა მიიტანეს.
    დღეს ხელისუფლება აგრძელებს შეცდომების სერიას და ფიქრობს, რომ მუხტი მინელდება პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომით. ეს, შესაძლოა, დროებით ასეც მოხდეს, მაგრამ პირველივე შემდეგი უხეში შეცდომის შემთხვევაში გაცილებით უფრო ფართო და სახიფათო ფორმით გამოვლინდება. ამის მიზეზი კი იქნება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების აცდენა მოსახლეობის განწყობებთან, ანუ ლეგიტიმაციის დეფიციტი, რომელიც გამომდინარეობს ხელისუფლების ბოლო პერიოდის შეცდომებიდან და შედეგად მოსახლეობის დიდი ნაწილის სულ უფრო მზარდი პოლიტიკური აპათიიდან, რაც, მათ შორის, გამოიხატება არჩევნებში მონაწილეობისგან თავშეკავებაში. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, პოლიტიკური დისკურსი დატოვოს ორპარტიულ პოლარიზებულ განზომილებაში და მიეცეს სახიფათო თვითდამშვიდებას.

    შესაბამისად, სიტუაციის ჩიხიდან გამოსაყვანად და საზოგადოების დასამშვიდებლად, ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია მოსახლეობაში ლეგიტიმაციის აღქმის გაჩენა და გაძლიერება, რის მისაღწევადაც ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ:

    დაუყოვნებლივ გამოაცხადოს პოლიტიკური რეფორმა, რომელიც მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

    1. საკონსტიტუციო ცვლილება შემდეგი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე (ბოლო ცვლილებების გატარებისას პოლიტიკური კონტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დღევანდელისგან, თუმცა ალბათ სჯობდა მაშინვე განგვეხორციელებინა ეს ცვლილება თუნდაც ოპოზიციური ხმების გამოყენებით – და აქ საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, როგორც ქართული ოცნების მაშინდელი თავმჯდომარე);

    2. საკანონმდებლო (ან საკონსტიტუციო) ცვლილება, რომელიც სხვა დანარჩენ ვალდებულებებთან ერთად, როგორიცაა გადასახადების გადახდა და ა.შ., სავალდებულოს გახდის საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას (ადამიანის უფლებების ზოგიერთი დამცველი, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ამ იდეას, თუმცა ეს კონცეფცია მუშაობს არაერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, და არ შეიძლება, 3.7 მილიონი მოსახლეობის ნახევარი ან უფრო ნაკლები ირჩევდეს ხელისუფლებას და განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს). ეს ცვლილება ასევე დაასრულებს გაუთავებელ საუბარს მმართველი ძალის პარტიული კოორდინატორების არაპროპორციულ გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და შედეგად პოლიტიკურ სპექტრს გაამრავალფეროვნებს.

    3. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადება ახალი პრინციპების გათვალისწინებით.

    4. შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა ასევე აიღოს პასუხისმგებლობა გუშინ დაზიანებული ჩვენი შვილების და საზოგადოების წინაშე და დატოვოს თანამდებობა.

    ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, “ქართული ოცნება” შეძლებს, შეინარჩუნოს მოსახლეობის ნდობა არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესებისადმი, არამედ დაიტოვოს შანსი, იყოს პროცესის წარმმართველი, დაბოლოს, რაც უმთავრესია, ქვეყანას შეუნარჩუნოს შესაძლებლობა, დარჩეს დასავლურ ორბიტაზე რეგიონის ლიდერად,”-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

  • დიმიტრი მედვედევი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

    რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ინფორმაციას სააგენტო ტასი ავრცელებს.

    მედვედევის შეფასებით ზურაბიშვილის განცხადებები არაპროფესიონალურია და საქართველოს პრეზიდენტი ან საქმის კურსში არ არის, ან ვითარებას ამახინჯებს.

    დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ზურაბიშვილისგან ანტირუსული   რიტორიკის მოსმენა სამწუხაროა და მსგავსი ანტირუსული განწყობების გაღვივების შემთხვევაში, მოსკოვი ტურისტებს მისცემს შესაბამის რეკომენდაციას, რაც საქართველოზე ცუდად  აისახება.

    მედვედევის პასუხი სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას მოჰყვა.  მისი განცხადებით, საქართველოში არეულობა რუსეთის საუკუნოვანი გეგმაა.

    “ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა – გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი.

    მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ყველას მოგვეთხოვება ძალიან დიდი სიფრთხილე.”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

    დღესვე რია ნოვოსტიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის დუმის დეპუტატმა მიხაილ დეგტიარევმა რუსებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ქართულ კურორტებსა და პროდუქტს.

  • “გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, დაბარებული იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა”-შსს

    პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ  გამოკითხვაზე დაიბარებენ  ნიკა მელია და გიგი უგულავასაც.

    „შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოკითხვაზე დაბარებულია ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე დაბარებულნი იქნებიან ნიკანორ მელია და გიორგი უგულავა“, – განაცხადეს შსს-ში.

  • მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

    ე.წ მოლოტოვის კოქტეილის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – ამის შესახებ განცხადება, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

    შს მინისტრის მოადგილის მამუკა ჭელიძის თქმით, ჩხრეკა ჩატარდა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც 12 ერთეული მოლოტოვის კოქტეილი და მის დასამზადებლად საჭირო ნივთები ამოიღეს.

    “ქალაქ თბილისში, მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 1949 წელს დაბადებული გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს. პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა”-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

  • “თბილისი პრაიდი” დროებით გადაიდო

    თბილისი პრაიდი რუსთაველზე განვითარებული პროცესების გამო დროებით გადაიდო. ამის შესახებ პრაიდის ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    „რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, „თბილისი პრაიდის“ გუნდმა გადავწყვიტეთ, რამდენიმე დღით გადავდოთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში. მსვლელობაში მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება და ღონისძიების ახალ თარიღს რეგისტრირებულ ადამიანებს ვითარების განმუხტვის შემდეგ გავაცნობთ.

    შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ გუნდი გასული 8 თვის განმავლობაში ემზადებოდა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და პროფესიონალურად ორგანიზებისთვის. „თბილისი პრაიდი“ წარმატებით დაიწყო და კვირეულის ფარგლებში აქამდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება ექსცესების გარეშე დასრულდა.

    თუმცა, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ვერ მივცემთ ჩვენ თავს უფლებას ხელი შევუწყოთ ქვეყანაში დაძაბულობის კიდევ უფრო ესკალირებას. არ მივცემთ პრორუსულ, ნეო-ფაშისტურ ჯგუფებს შესაძლებლობას შეასუსტონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ჩვენ ვიჩენთ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ვმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროის განმავლობაში მთავრობასთან მიმდინარეობდა კონსულტაციები რიგ პოლიტიკის საკითხებზე, რომელსაც გავაგრძელებთ იმისათვის, რომ ლგბტქი თემის მდგომარეობა იყოს განხილული უწყებათაშორის ფორმატში და უახლოეს მომავალში თემის უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. კონკრეტულად კი შემდეგი მიმართულებით: მოხდეს გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცედურების გამარტივება, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის – ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობას; შეიქმნას სახელმწიფო თავშესაფარი ლგბტქი ადამიანებისათვის; პრემიერ-მინისტრის კაბინეტში შეიქმნას ახალი პოზიცია, რომელიც ინტერსექციულად იმუშავებს სხვადასხვა ინსტიტუციებთან ლგბტქი ადამიანების თანასწორობის საკითხებზე; ლგბტქი ადამიანთა უფლებების დაცვის მიზნები და ამოცანები გაიწეროს შესაბამის სამთავრობო სამოქმედო სტრატეგიებსა და გეგმებში.

    უნდა აღინიშნოს, რომ ამ თვეების განმავლობაში ჩვენ გუნდს არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია: ცდილობდნენ ჩვენ დაშინებას, გვივარდებოდნენ პირად სივრცეებში, გვამყოფებდნენ ალყაში, გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, საფრთხეში აღმოჩნდნენ ის ლგბტქი ადამიანებიც, ვისაც არ ჰქონდა პირდაპირი შეხება „თბილისი პრაიდთან“. აღნიშნულ პროცესში შესამჩნევი იყო სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნებისა და ეფექტურობის ნაკლებობა, რამაც უკანასკნელ დღეებში სიტუაციის ესკალირება განაპირობა.

    სამწუხაროა იმის გაცნობიერება, რომ სახელმწიფო მზადაა უმოწყალოდ დაარბიოს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სამართლიანად გამოსული მოსახლეობა, მაგრამ არ სურს რუსული ფულით დაფინანსებული რადიკალური ჯგუფებისაგან დაიცვას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები და მათი მხარდამჭერები.

    აქვე გვინდა მადლობა ვუთხრათ იმ ათასამდე ადამიანს ვინც უკვე დარეგისტრირდა ღირსების მარშზე მონაწილეობის მისაღებად! თემის წევრებს და მხარდამჭერებს, რომლებიც ამ მძიმე დღეების განმავლობაში გვამხვნევებდნენ და გვერდში გვედგნენ! და გვინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ჩვენ საერთაშორისო მხარდამჭერებს და აქტივისტებს მთელი მსოფლიოდან! მადლობა სოლიდარობისთვის! ჩვენ ერთად შევცვლით! #გავერთიანდეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • “ცალი თვალითაც ვხედავთ” – ახალგაზრდები აქციაზე ახვეული თვალით მივიდნენ

    “ცალი თვალითაც ყველაფერს ვხედავთ” – აქცია პარლამენტის წინ დაიწყო. მიტინგზე გამოჩდნენ ახალგაზრდები, რომელთაც ცალი თვალი წითელი და შავი ნაჭრებით აქვთ ახვეული. “ნუ დამაბრმავებ”- ამ შინაარსის ტრანსფარანტები გამოჩნდა პარლამენტის წინ. ისინი ამ ფორმით გუშინდელ სისხლიან ღამეს აპროტესტებენ, რა დროსაც პოლიციელების მიერ ნასროლმა ტყვიებმა ადამიანებს მხედველობა დააკარგვინა.

    “თვალახვეული პროტესტის” მონაწილეები ამბობენ, რომ მათი აქციაზე მისვლის მიზეზი გუშინ ოკუპანტების ქვეყანაში შემოშვება იყო, თუმცა დღეს, გუშინდელი მძიმე დარბევის შემდეგ მათ პროტესტს შს მინისტრის წინააღმდეგ პროტესტიც დაემატა.

    “არ ვაპირებთ დისფუნქციურ სახელმწიფოს შევეგუოთ, არავის მივცემთ უფლებას ბარიერები აღგვიმართოს. გადადგეს გიორგი გახარია, რომლის ბრძანებითაც სახეში ესროლეს მოქალაქეებს ,ესროლეს მედიას, დაინიშნოს პროპორციული სისტემით არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიციელები, დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც პროტესტის მონაწილეებს ესროდნენ სახეში,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

  • ირაკლი ოქრუაშვილი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს

    პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. სავარაუდოდ, ოქრუაშვილთან საგამოძიებო უწყებაში  კითხვები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით აქვთ. 

    ოქრუაშვილის განცხადებით, ის  გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

  • პრეზიდენტის საგანგებო განცხადება ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ

    მე მზად ვარ, შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს, –  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში შემქნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა.

    „ერთი მხრივ, ხელისუფლება და კერძოდ, საკანონმდებლო ორგანო ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე – და უკვე ვნახეთ, რომ მან არ მოიხსნა ეს პასუხისმგებლობა. პოლიტიკა, ქვეყნის მართვა ნიშნავს რისკებისა და შედეგების წინასწარ გათვლას.ეს პირობა გუშინწინ და გუშინ დაირღვა, რის შედეგადაც მივიღეთ მართლმადიდებლური ასამბლეის გაუმართლებელი მოწვევა, სრულიად მიუღებელი ფორმატი და რუსი დელეგატი პარლამენტის უმაღლეს სავარძელზე.

    არ არის გამორიცხული, რომ ამ მოვლენების განვითარებაში გარკვეული პროვოკაციების ნიშნები იყოს, მაგრამ ეს ვერ იქნება პასუხისმგებლობის შემცირების მიზეზი.

    პასუხისმგებლობის აღებაში იგულისხმება მოვლენათა მთელ ჯაჭვზე განმარტების გაკეთება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. ველოდები, რომ ხელისუფლება ამ ტრაგედიას სწორად შეაფასებს და ყველაფერს პასუხი გაეცემა.

    მეორე მხრივ, აუცილებელია, დაისვას იმ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით ქვეყანა ასეთი საფრთხის წინაშე დააყენა.

    ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა – გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი.

    მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ყველას მოგვეთხოვება ძალიან დიდი სიფრთხილე.

    დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოება დავყოთ ხელისუფლებად, პოლიციელებად, პარტიებად და რიგით მოქალაქეებად. ეს არის საერთო ტრაგედია. ახლა მთავარია, გვეყოს ძალა ჩვენს თავში, ამ ტრაგედიამ არ გაგვტეხოს და მთავარი გზიდან არ გადაგვახვევინოს.მოვუწოდებ საზოგადოებას დამშვიდებისკენ. არ წამოვეგოთ ახალ პროვოკაციებს, არ ავყვეთ დესტრუქციულ მოწოდებებს. მე მჯერა თქვენი გონივრული გადაწყვეტილების.

    მე მზად ვარ, შევხვდე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ემიჯნება ან გაემიჯნება ქვეყნისთვის დამღუპველ და დესტრუქციულ მოწოდებებს.

    გაერთიანებაში, შერიგებაში და ჩვენს ევროპულ გზაშია ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა.

    რუსეთს მხოლოდ ასე აღვუდგებით წინ. ოკუპაციას მხოლოდ ასე ვუპასუხებთ. მსოფლიოს მხოლოდ ასე დავანახებთ საქართველოს ღირსებას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

  • სპეცრაზმელი, რომელიც ხალხს დამიზნებით ესროდა სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოიჩეოდა

    გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან ასამბლეის წაყვანის ფაქტს საყოველთაო პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის შენობასთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.მათი მოთხოვნა იყო პარლამენტის თავმჯდომარის, შს მინისტრის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადადგომა.ხელისუფლებისთვის ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შტურმით აღება სცადა.რუსთაველზე სპეცრაზმი მომიტინგეებს ხელკეტებით, რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი აირით გაუსწორდა.

    via GIPHY

    ვიდეოში სპეცრაზმელი სახელად ზაზა ფანცქალაშვილია. ის მშვიდობიან მოსახლეობას სახეში უმიზნებდა და ესროდა. ვიდეოში აღბეჭდილია კადრი სადაც ზაზა ფანცქალაშვილი რუსთავი ორის ოპერატორსა და ჟურნალისტს უმიზნებს რეზინის ტყვიებს. 

    ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ერთ-ერთი ბრალ­დე­ბის საქ­მე­ში. კერ­ძოდ, ე.წ. „რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც ყო­ფილ შს მი­ნისტრს ბრა­ლი 2013 წლის 1 მარტს წა­რუდ­გი­ნეს. ინფორმაციას “AMBEBI.GE”-ი ავრცელებს.

    ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, 2012 წლის 18 აგ­ვის­ტოს, ანუ მა­შინ, როცა ახა­ლა­ია ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, მან შე­ი­ტყო, რომ შს სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: თე­ი­მუ­რაზ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ჟვა­ნია, და­ვით ბაგ­რა­ტიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ ედი­შე­რაშ­ვი­ლი, სამ­ველ ბა­ზო­ი­ა­ნი და არ­სენ მკრტუ­მი­ა­ნი თა­ნა­უგ­რძნობ­დნენ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და მათი დამ­ცი­რე­ბა გა­და­წყვი­ტა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო.

    ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ამ გა­ნიზ­რა­ხა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო მათი დას­ჯა-წა­მე­ბა, და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, რა­საც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­უ­კე­თა ორ­გა­ნი­ზე­ბა. მან ბრძა­ნე­ბა გას­ცა, სას­წრა­ფოდ შე­ეკ­რი­ბათ პირ­ვე­ლი სამ­მარ­თვე­ლოს პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა. ბა­ზა­ზე მის­ვლი­სას, მან და­ამ­ცი­რა ზაზა ფან­ცქა­ლაშ­ვი­ლი – უწო­და მას მო­ღა­ლა­ტე, პინგვი­ნი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო მი­ა­ყე­ნა ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა.

    ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ახა­ლა­ია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2013 წლის 31 ოქ­ტომ­ბრის გა­ნა­ჩე­ნით ე.წ. „რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საქ­მე­ზე გა­მარ­თლდა.

    “ასე დამიზნებით ესროდა თავში, აქციის მონაწილეებს მათ შორის ჟურნალისტებს, მათ დაჭრეს კურიერის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელსაც ახლა საოპერაციოდ ამზადებენ. თვალი ამოთხარეს ჩენს თანამშრომელს, რომელსაც ყბის ძლები აქვს ჩამტვრეული. ჰოდა ხალხს აქვს უფლება იცნობდეს მათ!!! გაიცანით ზაზა ფანცქალაშვილი. ახლა მიდის სკანირება და ყველას დავადგენთ. გუშინ იყო ბრძანება დამიზნებით ესროლათ ჟურნალისტებისთვის, მთელს მსოფლიოში PRESS თუ აწერია, თუ კამერა უჭირავს თუ მიკროფონი უჭირავს არავინ ესვრის, თუ არ არის ჯალათი, ან რუსი ოკუპანტი !!! რატომ ესროდენენ დამიზნებით ჟურალისტებს, ვისი ბრძანება იყო? გავა დროს და თავად იტყვიან ეს სპეცრაზმელები!!!”- წერს ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ, რომ გუშინდელი აქციის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვთ მიღებული. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ.გუშინდელ აქციაზე 31 ჟურნალისტი დაშავდა. ამის გამო დღეს ჟურნალისტებმა შსს-თან აქცია გამართეს.

  • “ტელეკომპანია “იმედს” ვუყურებდი და იქ ძალადობა არ იყო”-ქუცნაშვილი

    ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ის ტელეკომპანია “იმედს” უყურებდა და იქ აქციაზე  მას სპეცრაზმელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა არ უნახავს.

    “ მე რაც ვნახე, ყველა კადრი არ მინახავს, მე რაც ვნახე, იქ ძალადობა არ იყო.

    მე ვუყურებდი ტელეკომპანია იმედს, შესაბამისად, პირიქით, პოლიცია სამი საათის განმავლობაში იყო ფიზიკური ძალადობის ქვეშ. ეს ნახა მთელმა მსოფლიომ, როგორ იქცეოდნენ უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების წაქეზებით”, – განაცხადა  ქუცნაშვილმა.