Category: არქივი

  • კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი თბილისში, ერთი კი საჩხერეში მკურნალობს

    კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი თბილისში, ერთი კი საჩხერეში მკურნალობს.

    პირს, რომელსაც კორონავირუსი საჩხერის საავადმყოფოში დაუდასტურდა, იტალიაში მყოფ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

    საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, კლინიკაში ვირუსის სიმპტომით კიდევ ერთი პაციენტია მოთავსებული და მისი პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

    ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 12 პაციენტიდან, ერთს ორმხრივი პნევმონია აქვს, თუმცა მისი მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

    კარანტინის რეჟიმში იმყოფება 128 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 59.

  • პარტია ,,სამართლიანობისთვის” ქალთა ორგანიზაციას ქმნის, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კვოტირება იქნება- ბესელია

    ეკა ბესელიას თქმით, პარტია ,,სამართლიანობისთვის” ახალ ორგანიზაციას, პლატფორმას ქმნის, რომლის მთავარი მიზნები ქალების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრა, მათი პოლიტიკაში ჩართულობის გაძლიერება და კვოტირების საკითხი იქნება.

    მისი თქმით, ორგანიზაცია IRI-ის, NDI-ის, USAD-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

    ,,პარტია ,,სამართლიანობისთვის” ქმნის ახალ პლატფორმას ძალიან ძლიერ ქალთა ორგანიზაციას, ორგანიზაციების: IRI-ის, NDI-ის, USAD-ის მხარდაჭერით და მადლობა მინდა, ვუთხრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაგვეხმარნენ, რათა ძალიან ძლიერი ქალთა ორგანიზაცია შეგვექმნა.

    სამი მთავარი პრინციპია, რისთვისაც ვქმნით ამ ახალ მოძრაობას. პირველი, რომ შეწყდეს ქალთა მიმართ ძალადობა და დავეხმაროთ ყველა ქალს, რომელსაც სჭირდება მეტი სოლიდარობა და მხარდაჭერა. მეორე, რომ გავაძლიეროთ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა არჩევნებში და წელს ამ არჩევნებზეც და მომავალ არჩევნებზეც მეტი ქალი კანდიდატი გვყავდეს და მათ შორის კვოტირების საკითხიც იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ქალთა მეტი ჩართულობა და მეტი მონაწილეობა პოლიტიკურ სივრცეში და სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე. აქ არიან უნიჭიერესი ქალები, ძალიან ძლიერი და გამოცდილი, წარმატებულები სხვადასხვა სფეროში და მათ შორის სხვადასხვა რეგიონიდან და იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ორგანიზაცია, სადაც იქნებიან, როგორც წევრი პარტიის, ასევე არაწევრი მხარდამჭერები, შექმნის ახალ პლატფორმას ქალებისთვის”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

    ,,ქართული ოცნებიდან” წამოსულმა ბესელიამ პარტია ,,სამართლიანობისთვის” 2019 წლის 20 ივნისს დააფუძნა.

  • საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულ ერთ ადამიანს ორმხრივი პნევმონია აქვს- ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ერთ-ერთ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ორმხრივი პნევმონია აქვს.

    ის მეოთხე მოქალაქეა, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა. ეზუგბაია ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება.

    ,,პირველი სამი პაციენტის მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია, ჯერჯერობით არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება, მეოთხე პაციენტი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და მას მძიმედ გამოხატული კლინიკა ჰქონდა, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ცხელება ჯერჯერობით გრძელდება. რენდგონოლოიგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე შეფასებული იქნა, როგორც მაინც ფილტვის ანთება და დაწყებულ იქნა შესაბამისი მკურნალობა და დინამიკაში ცხელების გახანგრძლივების გამო ჩატარდა გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ აქ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა მართვას ექვემდებარება ჯერჯერობით, კლინიკო-ლაბოტაროტიული მონაცემებით მასთან არის ცვლილებები, მაგრამ მათი კორეგირება ამ ეტაპზე შესაძლებელია და ჩვეულებრივ მას მკურნალობა უგრძელდება”,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა სხვა პაციენტის მდგომარეობა მსუბუქად მიმდინარეობს და არ რთულდება.

    ,,დანარჩენი ყველა პაცინეტის მდგომარეობა მსუბუქი მიმდინარეობით ვლინდება. ეს ნიშნავს, რომ ზოგთან ცხელება გვაქვს დაბალი 37-დან 37.4-მდე, ზოგთან იშვიათი ხველა გვაქვს, ზოგთან სხვა გამოვლინება და კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებით ყველასთან შეინიშნება ერთ-ორი ნიშანი ცვლილების რომელიც მეტ-ნაკლებად დინამიურად არ ღრმავდება და არ უარესდება. ამ ეტაპზე ჩემთან წევს 12 პაციენტი,”- ამბობს მარინა ეზუგბაია.

    მისივე ინფორმაციით, დღეს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 9 პაციენტს კორონავირუსის არსებობაზე ტესტირება ჩაუტარდება. ამჟამად ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 39 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 12-ს ვირუსის არსებობა დადასტურებული აქვს.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 69.

  • თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს

    თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ სახლში მოკლეს.

    შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 7-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

    თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა.

    უწყების ინფორმაციით, ბრალდებული 1994 წელს დაბადებული ნ.ე. უკრაინის მოქალაქეა.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ე.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს, თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1992 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    ინციდენტში მონაწილე სხვა პირის დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“,- აცხადებს შსს.

    ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ჩინეთში საკარანტინო ზონად გამოცხადებული სასტუმროს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

    ჩინეთში კორონავირუსის გამო საკარანტინო ზონად გამოცხადებული 5-სართულიანი სასტუმროს ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

    უბედური შემთხვევა გუშინ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფუძიანის პროვინციაში მოხდა.

    ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან 42 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.

    შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

  • იტალიაში სავალდებულო კარანტინში 16 მილიონი ადამიანი იმყოფება

    იტალიის პრემიერ მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში მინიმუმ 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება.

    ქვეყანაში კორონავირუსის  შესაჩერებლად დაიხურება მუზეუმები, სპორტული დარბაზები, აუზები და სათხილამურო კურორტები.

    კარანტინი 3 აპრილამდე გაგრძელდება ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე რეგიონში.

    ამ რეგიონებში როგორც შესვლა, ისე გამოსვლა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, იკრძალება.

    ამ დროისთვის იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 233-ს მიაღწია, ინფიცირებული კი 5883-ია, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

  • კორონავირუსმა 90–ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. როგორია ბოლო მონაცემები

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით Covid-19–ის ეპიდემიამ უკვე 90–ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. დაავადების შემთხვევები აღინიშნა სერბეთში, სლოვაკეთში, ვატიკანში, პარაგვაიში, პერუში, კამერუნსა და ტოგოში. კამერუნი პირველი ქვეყანაა ცენტრალურ აფრიკაში, სადაც კორონავირუსით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა.

    ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ შტატში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ბოლო დღე–ღამის განმავლობაში დარეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. გუბერნატორის თქმით მთლიანობაში შტატში 76 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 11 უშუალოდ ნიუ იორკში.

    შტატის ჯანდაცვის უწყებამ ვირუსის გამოვლენისთვის „აგრესიული შემოწმება„ დაიწყო და პრევენციული ზომის სახით ათობით ადამიანი იძულებით კარანტინში მოათავსა. გუბერნატორი ამბობს, რომ მასირებული კარანტინი ინფექციის გავრცელების შენელების საუკეთესო გზაა.

    იტალიაში სიკვდილიანობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ბოლო დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 1200–ით მოიმატა. ეს ყველაზე დიდი ზრდაა მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად უკვე 233 ადამიანი გარდაიცვალა და ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში რადიკალურ ზომებს იღებენ: დახურულია სკოლები, კინოთეატრები, გადაიდო საჯარო ღონისძიებები.

    ვირუსით დაინფიცირდა იტალიის მმართველი კოალიციის წევრი დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ლაციოს მერი ნიკოლა ძინგარეტი. პარასკევს იტალიის ხელისუფლებამ მოიწონა გეგმა სიტუაციის გასაკონტროლებლად დამატებით 20 ათასი ექიმის და ექთნის მობილიზების შესახებ.


    “ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ, თუ ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ცხოვრების წესს შეიცვლიან“– განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა ანჯელო ბორელიმ და აღნიშნა, რომ რეანიმაციაში მოხვედრილთა რიცხვი 567 –მდე გაიზარდა, სრულიად გამოჯანმრთელებულთა რიცვი კი 589–მდე. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 81 წელია. ეს არიან ძირითადად მამაკაცები, რომელთა 80%–ს სხვა დაავადებებიც ქონდათ.

    იტალიის ხელისუფლება შიშობს, რომ კორონავირუსი ქვეყნის ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს.

    ბრიტანეთში პარასკევს კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვილინდა. ეს იყო ყველაზე მკვეთრი ზრდა ვირუსის გავრცელების დღიდან. დაავადებულთა რიცხვი 163 –ს აღწევს.

    ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ვირუსით გამოწვეული გართულებებით: 82 წლის მამაკაცი ქალაქ მილტონ კინსის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე ინფექციით 70 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც პარალელურად ქრონიკული დაავადებებიც ქონდა. ჯამში ბრიტანეთში ორი ადამიანია გარდაცვლილი. ავიაკომპანია British Airways– მა განაცხადა, რომ სატვირთო განყოფილების ორ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ისინი იზოლირებულები არიან.

    მთელ მსოფლიოში დაავადებულთა რიცვმა 100 ათასს გადააჭარბა, აქედან 20 000–ს ჩინეთის ფარგლებს გარეთ. სულ 3400 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 3000 ჩინეთში.

    პარასკევს ვატიკანმა მის ტერიტორიაზე პირველი დაავადებულის შესახებ განაცხადა. რომის პაპმა ტრადიციული განაცხადა, რომ ტრადიციული საკვირაო მესა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე არ გაიმართება, არამედ პირდაპირი ტრანსლაცია მოხდება, რათა ხალხმრავლობით გაზრდილი დაინფიცირების რისკი თავიდან აიცილონ. პაპი აუდიენციებსაც 15 მარტამდე ონლაინ რეჟიმში ჩაატარებს.


    თავად ჩინეთში ბოლო კვირების მანძილზე პირველად ბოლო დღე–ღამის განმავლობაში დაავადებულთა რიცხვი 100–ზე ნაკლები იყო.

    ფილიპინები, რომლის მოსახლეობა 100 მილიონია, საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადება. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მოიწონა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ სულ ექვსი ინფიცირებულია, ხელისუფლებას ადგილობრივ თემში ვირუსის გავრცელების ეშინია.

    ირანმა კორონავირუსით დაავადების 6 000 შემთხვევის შესახებ განაცხადა, საიდანაც 145 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. მხოლოდ ბოლო ერთი დღის განმავლობაში იქ 21 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები შიშობენ, რომ რეალური ციფრები შესაძლოა ბევრად მეტი იყოს. ირანში კორნავირუსით უკვე მეორე პარლამენტის წევრი გარდაიცვალა.

    ვირუსი დაფიქსირდა სერბეთშიც. ის ბუდაპეშტიდან დაბრუნებულ 43 წლის მამაკაცს აღმოაჩნდა. 52 წლის ინფიცირებული მამაკაცი დაფიქსირდა სლოვაკეთშიც, რომელიც თავად არსად ყოფილა, თუმცა მისი შვილი ცოტა ხნის წინ ვენეციას სტუმრობდა.

    ჩეხეთში 12 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან ყველა ასე თუ ისე იტალიის ჩრდილოეთით სტუმრობას უკავშირდება.

    გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ნიდერლანდებში. როტერდამის საავადამყოფოში 86 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 128 შემთხვევაა.


    საფრანგეთში დაავადებულთა რიცხვი 613–ს აღწევს. ცხრა ადამიანი კი გარდაიცვალა. 39 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ქვეყანაში დაიხურა 150 სკოლა. ხელისუფლებამ ზღვრული ფასი – 3 ევრო დააწესა 100 მლ. ანტიბატერიულ ხელსაბან გელზე.

    ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ 12 ინფიცირებულის შესახებ განაცხადა. ვიეტნამში კი 18 ინფიცირებულია.

    ვაშინგტონის შტატში, სიეტლის შემოგარენში ოფიციალური მონაცემებით დაავადების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ შტატში 70 ინფიცირებულია. ცხრა ადამიანი, რომელიც აშშ–ში კორონავირუსით დაიღუპა, ერთი და იგივე მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ, რომელიც სიეტლის გარეუბანში მდებარეობს. ამჟამად  გამოძიება მიმდინარეობს, რამდენად სწორად იცავდა პერსონალი სანიტარულ–ჰიგიენურ ნორმებს.

    ამ ქალაქში რამდენიმე მსხვილმა ფირმამ, როგორებიც არიან Microsoft და Amazon ოფისები დახურა და თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა.

    დაახლოებით 200 ადამიანია კარანტინში როდ აილენდის შტატში. შტატის ერთ–ერთი სკოლის მოსწავლეები ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდნენ. დაბრუნების შემდეგ სამ მოსწავლეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
    თეთრმა სახლმა აღიარა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის საჭირო საშუალებები არ ყოფნით.

  • ქუთაისში დედის მიერ ჩვილის ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

    სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც ჩანს როგორ ცემს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დედა რამდენიმე თვის ჩვილს, სამართალდამცველებმა  საქმის შესწავლა დაიწყეს.  იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია წივწივაძეაცხადებს, რომ ისინი მდგომარეობის გასაცნობად დღესვე ეწვევიან ოჯახს და ამის შემდეგ გადაწყდება, მოხდება თუ არა ბავშვის განრიდება.

    შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცემს დედა რამდენიმე თვის ბავშვს. ვიდეო ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც დედის მიერ ბავშვის ცემის ვიდოეა გადაღებული ჩვილი ტემპერატურის მატებით შეიყვანეს. ამ დროისთვის დედა– შვილი კლინიკაში აღარ იმყოფება. მათ კლინიკა ორი დღის წინ ხელწერილის საფუძველზე დატოვეს. კლინიკაში ამბობენ, რომ დედამ კლინიკა მას შემდეგ დატოვა, რაც გაიგო, რომ ის სოციალური სამსახურისთვის მიმართვას აპირებდა.

    გემოძიება სავარაუდოდ 126–ე მუხლით დაიწყება, რაც ძალადობას გულისხმობს და 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი, მე-13 შემთხვევა დადასტურდა.

    ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ცერცვაძის განცხადებით, მას ინფორმაცია ახლახანს მიაწოდეს. მანამდე მან მედიასთან განაცხადა, რომ საავადმყოფოში პაციენტების რეკორდული რაოდენობა იმყოფება.

    „ვინაიდან ბოლო დღეებში იმატა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ, ასევე ამ დადასტურებულ შემთხვევებს ჰყავთ ბევრი კონტაქტები, რომლებიც გამოსაკვლევად მოდიან საავადმყოფოში, პაციენტების რაოდენობა გაიზარდა“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

    მისი თქმით, ინფექციურში დღეს პაციენტების რეკორდული რაოდენობაა. „ 50 პაციენტი წევს ჩვენთან. მათგან 18-ის პასუხი უკვე მოვიდა და ეს პასუხები უარყოფითია. უახლოეს პერიოდში ისინი დატოვებენ კლინიკას და წავლენ ან თვითიზოლაციაში, ან კარანტინში. არსებობს კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევა, ამჟამად ჩვენთან მოთავსებულია 11 პაციენტი, აქედან 2 დაინფიცირდა ირანში, დანარჩენები იტალიაში, ხოლო ბოლო ორი პაციენტი იტალიაში დაინფიცირებულებთან კონტაქტის შედეგად. მდგომარეობა 1 პაციენტის არის საშუალო სიმძიმის. თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მე-12 პაციენტი ჩვენთან არ არის მოთავსებული. მე არ ვიცი ზუსტად სად იმყოფება იგი,“- აცხადებს ცერცვაძე.