Category: არქივი

  • “მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის”-გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

    „საარჩევნო სისტემაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა.

    ეს შეთანხმება დემოკრატიის განმტკიცების, პოლიტიკური გარემოს დასტაბილურების, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების და საარჩევნო წელს ქვეყნის სტაბილური, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

    მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – წერს გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    9-14 მარტს, საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსს გადააჭარბებს, დღე უნალექოდ ჩაივლის 9 მარტს და ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    სააგენტოს ცნობით, დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +21, +24 გრადუსამდე იქნება.

    9-14 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21, +22 გრადუსამდე დათბება.

    დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა უახლოესი ოთხი დღის განმავლობაში +21, +24 გრადუსამდე დაფიქსირდება.

  • “როგორ გვკადრებთ და ბედავთ ამ ოკუპანტის მსახურთან კოლაბორაციონიზმს“–თაკო ჩარკვიანი ბურჯანაძის გამო ოპოზიციას უპირისპირდება

    პარტია „ კანონი და სამართალი“–ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციას კითხვით მიმართავს, რატომ სხედან ნინო ბურჯანაძესთან ერთად ერთ სტუდიაში. ჩარკვიანმა ფეისბუქ სტატუსი იმ დროს დაწერა, როცა ეთერში ნიკა გვარამიას გადაცემა გადიოდა. გადაცემაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ექვსი პოლიტიკოსი მონაწილეობდა – გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, დავით უსუფაშვილი, გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე, დავით ბერძენიშვილი სტუდიაში ერთად ისხდნენ:

    “ახლა ვეკითხები პირდაპირ ეთერში , ყოფილი ხელისუფლების ყველა მაშინდელ თანამდებობაზე მყოფს ღია ეთერში, მიპასუხეთ ანუ გვიპასუხეთ, თქვენ ის “ცნობილი” ჩანაწერი პოლიტიკანი-ბურჯანაძის ოჯახის წევრთან,სადაც ამბობს, რომ “500 კაცი, რომ მოკვდეს არაფერია, ხოლო მერე მიშა გრუს ჯარს ელაპარაკოს” აი ეს ჩანაწერი თქვენს მიერ არის ფალსიფიცირებული??!! თუ ასეა , მაშინ თქვენ უნდა აგოთ პასუხი, ხოლო თუ ასე არ არის( რაც ვიცით რომ ნამდვილია) მაშინ როგორ გვკადრებთ და  ბედავთ ამ ოკუპანტის მსახურთან- სავარაუდო დამნაშავეებთან, კოლაბორაციონალიზმს- ღია ეთერში მყოფთ და არა მხოლოდ ვეკითხები?!“– წერს თაკო ჩარკვიანი.

  • მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება- ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება საზოგადოების გამარჯვებად უნდა შეფასდეს.

    მისი თქმით, ამ კომპრომისით ყველა პირობა შეიქმნა მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

    ,,მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება. ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია”,- წერს ,,ფეისბუქ” გვერდზე ზურაბიშვილი.

    დღეს ,,ქართული ოცნება” და ოპოზიცია საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 130/20 სისტემით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ასევე, მათ გააფორმეს მემორანდუმი მართლსაჯულების საკითხზე, რომლითაც, ოპიზიციის განცხადებით, პოლიტიკური დევნა შეწყდება და პოლიტპატიმრები ციხეს დატოვებენ.

    ოპოზიცია ელოდება, რომ სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავას შეიწყალებს. ეს გაფორმებულ მემორანდუმშიც წერია: ,,ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

  • რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია. მემორანდუმის ტექსტი

    რა არის ის პრინციპები, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ დიპლომატების შუამავლობით. გთავაზობთ მემორანდუმის ტექსტს, რომელიც დღევანდელი შეთანხმების შემდეგ გამოქვეყნდა:

    “ამ დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს.

    საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს.

    ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. მანდატების პროპორციული განაწილების წასახალისებლად, დამატებითი ჩამკეტი მექანიზმები და შეზღუდვები დადგინდება საარჩევნო კანონმდებლობით. 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს სამი გამონაკლისისა უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის წარმომადგენლობის წასახალისებლად ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების გასათვალისწინებლად.

    საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ წარმოადგენს საარჩევნო ოლქების განაწილების თაობაზე მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტში ინიცირებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით.” – ნათქვამია მემორანდუმში.

  • დასათანხმებლად არგუმენტები მჭირდება- ხუნდაძე ოპოზიცია-ხელისუფლების შეთანხმებაზე

    ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების მემორანდუმებზე დასათანხმებლად არგუმენტები სჭირდება.

    ,,მე ხომ გულთმისანი არა ვარ ვიცოდე წინასწარ, რა არგუმენტები აქვთ მათ?არ ვიცი არგუმენტები და რა თქმა უნდა, გეიგრაფიული რუკა, როგორ ხდება 30 მაჟორიტარის გადანაწილება. ჩემი თანხმობა ხომ არ არის მხოლოდ ხათრით ნაკარნახები? უნდა იყოს არგუმენტები. ეს არგუმენტები მჭირდება მე”, – ამბობს ხუნდაძე.

    დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატია, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

    ქართული ოცნება და ოპოზიცია დღეს შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 130/20 სისტემით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ასევე, გააფორმეს მემორანდუმი მართლსაჯულების საკითხზე, რომლითაც, ოპიზიციის განცხადებით, პოლიტიკური დევნა შეწყდება და პოლიტპატიმრები ციხეს დატოვებენ.

    ,,ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ საკონსტიტუციო ინიციატივას პარლამენტში მაქსიმუმ 11 მარტს წარადგენს.

  • მეორე მემორანდუმი ეხებოდა ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემას და ცხადია, ხელი არ მოვაწერე- ინაშვილი

    ,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ მართლმსაჯულების მემორანდუმს ხელი არ მოაწერა, რადგან ,,ე.წ. პოლიტპატიმრების თემას ეხებოდა” .

    მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია მხარს უჭერს 3%-იან ბარიერს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დღეს 1%-იან ბარიერს დაუჭირა მხარი.

    „კარგია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შედგა შეთანხმება და კონსენსუსი, მართალია ჩვენი პოლიტიკური პარტია 3%-იან ბარიერს უჭერდა მხარს და დღესაც უჭერს, მაგრამ ჩვენ გამოვედით ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან და არ დავაბრკოლეთ, ხელი არ შევუშალეთ დღევანდელ კონსენსუსს, ამიტომ შევუერთდი ამ მემორანდუმს და მოვაწერეთ ხელი, რომელიც ითვალისწინებს 120/30-ზე, ერთ პროცენტიან ბარიერს, თავისი ჩამკეტი მექანიზმებით. წავა შემდგომ უკვე მუშაობა ოლქების ტექნიკურ განაწილებაზე, ეს ტექნიკური საკითხებია, ბლოკები რჩება და იქ ბარიერი 5% იქნება. ეს არის რაზეც ჩვენ შევთანხმდით.

    დღეს წარმოდგენილი იყო ორი ტიპის მემორანდუმი. ერთი ეხებოდა როგორც გითხარით საარჩევნო სისტემას და საერთო კონსენსუსისთვის რომ ხელი არ შეგვეშალა, ჩვენ მას შევუერთდით და მეორე ეს ეხებოდა ჩემთვის ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემას და ცხადია, მე მას ხელი არ მოვაწერე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

    ცნობისთვის, დღეს მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. მათ ორ რეფერენდუმს მოაწერეს ხელი. ერთი საარჩევნო სისტემას შეეხებოდა, მეორე კი პოლიტპატიმრების საკითხს.

  • კონგრესმენი კინზინგერი ქართველ ხალხს არჩევნებთან დაკავშირებულ შეთანხმებას ულოცავს

    ამერიკელი კონგრესმენი,  კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის მიღწეულ შეთანხმებას ტვიტერზე  ეხმაურება:

    “ჩემი გულითადი მილოცვა ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის გამო. დემოკრატია მძიმე შრომას ითხოვს, თუმცა ამად ღირს. სპიკერი თალაკვაძე და სხვებიც იმსახურებენ პატივისცემას გაწეული შრომისთვის. ვრცელი განცხადება მოგვიანებით გამოქვეყნდება”, – წერს კინზინგერი ტვიტერზე.

    რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამი კინზინგერი საქართველოს თემატიკაზე აქტიურობით გამოირჩევა. ის არის ერთ–ერთი პირველი წერილის ავტორი, რომელიც გიორგი გახარიამ აშშ–დან მიიღო და რომელშიც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო შეშფოთება იყო გამოთქმული. 

  • შეთანხმება პოლიტპატიმრებზე- რა წერია ხელისუფლებისა და ოპოზიციის მემორანდუმში

    დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ორი მემორანდუმი გაფორმდა. ერთი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მეორე მართლსაჯულების საკითხზე.

    მხარეების ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ:

    ,,ჩვენ, ხელმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში, რათა უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

    ჩვენ ვთანხდებით, რომ მნიშვნელოვანია, ვისწრაფოდეთ უმაღლესი სტანდარტებისკენ ქართული მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში.

    განსხვავებების მიუხედავად, ყველანი ვთანხმდებით, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

    ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”- წერია განცხადებაში.

    ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მემორანდუმის მიხედვით, საპატიმროს დატოვებენ პოლიტიკური პატიმრები და შეწყდება პოლიტიკური დევნა.

    ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ,,ყველა პოლიტპატიმარი გამოვა ციხიდან და პოლიტიკური ნიშნით დევნის ყველა საქმე შეწყდება. იქნება ეს მელიას საქმე, გვარამიას საქმე, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე და ა.შ. ეს ყველაფერი არის შეთანხმების ნაწილი”.

    ,,ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერიას განმარტებით, ,,ის პირები, ვინც დღეს არიან დაკავებულები – გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, რურუა, თამლიანი, ჩვენ მათ მივიჩნევთ პოლიტიკურ პატიმრებად, მთავრობა არ მიიჩნევს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შედეგს”.

    ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ,,პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. რა თქმა უნდა, შესაძლოა, სახელწოდებებზე ვერ შევთანხმდეთ, თვლის თუ არა ხელისუფლება მათ პოლიტპატიმრად, მაგრამ ისინი უნდა გათავისუფლდნენ და ამის კონკრეტულ მექანიზმზე იყო საუბარი და ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს.

    როგორ შეიძლება ეს მოხდეს: მაგალითად, შეუძლება იყოს პროკურატურის შუამდგომლობა, ან სხვა მექანიზმი, რომ აღკვეთი ღონისძიება შეეცვალოს თამლიანს, ოქრუაშვილისა და რურუას, ხოლო, მეორე მხრივ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეწყალების მექანიზმი. როგორც ვხვდები პრეზიდენტის მზაობა აქ გვაქვს”- ამბობს ვაშაძე.

    მემორანდუმს განსხვავებულად განმარტავენ ,,ქართულ ოცნებაში”. ირაკლი კობახიძის თქმით, მემორანდუმში შეთანხმება უაღრესად ზოგადი სახისაა. გვარები, სახელები და დანაშაულის კატეგორიები არ არის ასახული. მისი თქმით, მმართველი გუნდი ეთანხმება ,,იმ სულისკვეთებას, რომ არავითარი პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს არცერთი ორგანოს მუშაობაში”, თუმცა კობახიძე უარყოფს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას.

    პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ,,პოლიტიკური პატიმარი – ასეთი ჩანაწერი შეთანხმებაში არ არსებობს”. მისი განცხადებით ,,არსებობს ჩანაწერი, რომ მართლმსაჯულება არ უნდა გახდეს რომელიმე მხარის მხრიდან პოლიტიკური მოტივებისთვის გამოყენებული”. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით ბოლომდე შეასრულებს.

  • ყველა პოლიტპატიმარი გამოვა ციხიდან- გრიგოლ ვაშაძე

    ,,ნაცმოძრაობის” ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების შედეგად, ყველა პოლიტპატიმარი ციხიდან გამოვა.

    მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით დევნის ყველა საქმე შეწყდება.

    „საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდება 120-30 პრინციპით, ოლქების შედგენისას გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიიის და საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციები. ყველა პოლიტპატიმარი გამოვა ციხიდან და პოლიტიკური ნიშნით დევნის ყველა საქმე შეწყდება. იქნება ეს მელიას საქმე, გვარამიას საქმე, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე და ა.შ. ეს ყველაფერი არის შეთანხმების ნაწილი”, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

    საპირისპიროს ამბობს ,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, გაფორმებული მემორანდუმი ზოგადი სახისაა და იქ კონკრეტული სახელები და გვარები დაფიქსირებული არ არის. ჯერჯერობით უცნობია, რა წერია მემორანდუმში, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრები ციხეს მალე დატოვებენ.