Category: არქივი

  • მართლმსაჯულების მემორანდუმში შეთანხმება უაღრესად ზოგადი სახისაა- კობახიძე

    ,,ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მართლსაჯულების შესახებ მემორანდუმი ძალიან ზოგადი სახისაა და გვარები, სახელები და დანაშაულის კატეგორიები არ არის ასახული.

    მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

    ,,საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, მითუმეტეს, როდესაც საუბარია, მაგალითად 48 მილიონის მოპარვაზე, ამ საკითხს ჩვენ პოლიტიკურ ჭრილში ვერ განვიხილავთ, იგივე ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში და ცდილობდნენ ხელისუფლება შეეცვალათ ძალადობის გზით. მართლმსაჯულების მემორანდუმში შეთანხმება არის უაღრესად ზოგადი სახის, ბუნებრივია აქ ვერც სახელები და გვარები, ვერც დანაშაულის კატეგორიები ვერ დაფიქსირდება. ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ სულისკვეთებას, რომ არავითარი პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს არცერთი ორგანოს მუშაობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    ოპოზიციასა და ,,ქართულ ოცნებას” შორის მართლსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

    ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიტიკური პატიმრები საპატიმროს მალე დატოვებენ.

  • ხალხის დიდ ნაწილს უნდა, მე ჩავერთო პოლიტიკაში, ამის საშუალებაც უნდა მომეცეს- სააკაშვილი (ვიდეო)

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლების შეთანხმებას ეხმიანება და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

    სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება შეიძლება

    მისივე თქმით, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ ის პოლიტიკაში ჩაერთოს, ამიტომ ამის საშუალება უნდა მიეცეს.

    ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღება შეიძლება

  • ვულოცავთ დიალოგის მონაწილეებს წარმატებულ შეთანხმებას- მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩები

    მოლაპარაკებაში მონაწილე ელჩები, ფასილიტატორები ოპოზიციასა და მთავრობას ულოცავენ დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას და მოუწოდებენ, დაიცვან შეთანხმება და უზრუნველყონ მისი წარმატებით მიღება პარლამენტში.

    განცხადებაში საუბარია როგორც საარჩევნო სისტემასთან, ისე პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებულ მემორანდუმზე.

    ,,ვულოცავთ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიღწევაში, წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში.

    დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

    შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უფრო ზოგადი მიზანია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს – ხალხისა და ქვეყნის – საკეთილდღეოდ“, – წერია ელჩების განცხადებაში.

  • რა ფორმას მოძებნის ხელისუფლება გიგი უგულავას გასათავისუფლებლად

    ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დღეს შეთანხმება შედგა. მათ ორი მემორანდუმი გააფორმეს, ერთი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მეორე პოლიტიკური პატიმრების შესახებ.

    ერთ-ერთი პოლიტპატიმრად ოპოზიცია გიგი უგულავას მიიჩნევს. მემორანდუმის მიხედვით, სავარაუდოდ გიგი უგულავას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს. მას პარლამენტარების ნაწილი და დიპლომატები თხოვნით მიმართავენ.

    ნინო ბურჯანაძის თქმით, უგულავას შეწყალებას გარკვეული სამართლებრივი დრო დაჭირდება, თუმცა იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილს ეყოფა პოლიტიკური გამჭრიახობა, რომ მიუხედავად იმისა, თვლის თუ არა უგულავას პოლიტპატიმრად, ის სიტუაციის განმუხტისათვის შეიწყალოს.

    ,,ეს ძალიან წაადგება პროცესის დალაგებას და ნორმალურ განვითარებას”,- ამბობს ბურჯანაძე.

    ,,ერთიანი საქართველოს ლიდერი” აღნიშნავს, რომ ოქრუაშვილი , რურუა და თამლიანი უფრო სწრაფად დატოვებენ საპატიმროს, რადგან მათ აღმკვეთი ღონისძიებები შეეცვლებათ, რაც პროცედურულად უფრო მარტივია.

    ,,ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლების წევრები პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებენ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა შეფასებას, მნიშვნელოვანია შედეგი.

    ,,ის პირები, ვინც დღეს არიან დაკავებულები – გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, რურუა, თამლიანი, ჩვენ მათ მივიჩნევთ პოლიტიკურ პატიმრებად, მთავრობა არ მიიჩნევს, მაგრამ ამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შედეგს”,- ამბობს ბოკერია.

    ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა რეზოლუციის ტექსტი, თუმცა უკვე ცხადია, რომ ოპოზიციის ორივე მოთხოვნა მმართველმა ძალამ დააკმაყოფილა. 

    ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს, 14:00 საათზე დაიწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, შეხვედრაზე იყო გერმანიის ელჩიც. 

  • 2020 წლის არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება.ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა

    2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120-30 პროპორციით ჩატარდება. აქედან 120 დეპუტატი იქნება პროპორციული წესით არჩეული, 30 კი მაჟორიტარი. არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი ბარიერით და იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმიც, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 40%-ზე მეტ ხმას მოიპოვებს.

    ამის შესახებ აშშ–ს ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც ხელისუფლების, ოპოზიციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ელჩების თანამონაწილეობით ორი მემორანდუმი გაფორმდა. ტექსტი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ოპოზიცია აცხადებს, რომ   ოლქების შედგენისას გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციები, რათა ოლქების გადანაწილება თანაწონადი იყოს. 

    ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით შეთანხმება შედგა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

  • 8 მარტი ჩვენთან მისალოცი დღეა, არადა ბრძოლის, დემონსტრაციების დღე უნდა იყოს- რომან გოცირიძე

    ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ქალები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმ ქვეყნებში არიან, სადაც 8 მარტი ოფიციალური, სახელმწიფო დღესასწაული და უქმე დღეა.

    ,,ქალები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სწორედაც რომ იმ ქვეყნებში იმყოფებიან, სადაც 8 მარტი ოფიციალური, სახელმწიფო დღესასწაული და უქმე დღეა. ესენია: ანგოლა, ბურკინა- ფასო, კამბოჯა, გვინეა-ბისაუ, კონგო, ჩინეთი, ლაოსი, ჩრდილოეთ კორეა, უგანდა, მონღოლეთი, მაკედონია, საქართველო, რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით. საქართველო ამ მხრივ უნიკალური ქვეყანაა – ქალთა ორი ოფიციალური დღესასწაული გვაქვს ერთ კვირაში”,- წერს ,,ფეისბუქ” გვერდზე გოცირიძე.

    ის ბოლო პერიოდში ქალთა მკვლელობების გახშირებულ ფაქტებს იხსენებს და ამბობს, რომ 8 მარტი საქართველოში არა მისალოცი დღე, არამედ ბრძოლის, დემონსტრაციების დღე უნდა იყოს.

    ,,საქართველოში გასულ ორ თვეში 8 ქალი მოკლეს ოჯახის წევრებმა. საქართველოში ქონების 80 პროცენტი საჯაროო რეესტრში კაცებზეა რეგისტრირებული, საქართველოში საჭესთან ქალების რამდენი პროცენტი ზის არ ვიცი, მაგრამ არა მგონია, რომ ყოველი ასიდან ერთი მაინც იყოს.

    არა და ორმაგად რომ აღვნიშნავთ? 8 მარტი ჩვენთან მისალოცი დღეა, არა და ბრძოლის დღე უნდა იყოს. სუფრების დღე კი არა, არამედ დემონსტრაციების. გილოცავთ! “,- წერს რომან გოცირიძე.

    8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა, რომელიც საქართველოში ოფიციალური დღესასწაული და უქმე დღეა.

  • ხელისუფლების კომენტარები ძალიან შერბილებულია და საღ გონებასთან უფრო ახლოს არის- გრიგოლ ვაშაძე

    ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლების კომენტარები ბოლო პერიოდში ,,ძალიან შერბილებულია და საღ გონებასთან უფრო ახლოს არის”.

    ,,თქვენ თუ გახსოვთ, მეორე თუ მესამე რაუნდი იყო, მე თქვენ გითხარით, რომ სწორი მიმართულებით დაიძრა ხელისუფლება და იმედი მაქვს, ეს მოძრაობა გაგრძელდება, მით უემეტეს, კომენტარები ძალიან შერბილებულია და საღ გონებასთან ახლოს არის. ყველაფერს მივაღწევთ, ან ვერაფერს მივაღწევთ. არის მარტივი წესი დიპლომატიის, თუ ყველაფერი შეთანხმებული არ არის, არაფერია შეთანხმებული”,- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციასთან, სადაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა იმართება.

    მან ოპოზიციის მოთხოვნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი საკითხია პოლიტიკური პატიმრები, მაქსიმალურად დაახლოება პროპორციულ არჩევნებთან და ვენეციის კომისიის და კონსტიტუციური სასამართლოს რეკომენდაციების გათვალისწინება.

    ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და გაერთიანებულ ოპოზიციას რაც შეეხება, ჩვენთვის ამ თანმიმდევრობით არის ყველაფერი მნიშვნელოვანი: პოლიტიკური პატიმრები, ამის შემდეგ მაქსიმალურად დაახლოება პროპორციულ არჩევნებთან, ამის შემდეგ ვენეციის კომისიის და კონსტიტუციური სასამართლოს რეკომენდაციების გათვალისწინება, იმისთვის რომ ოლქები იყოს თანასწორადი, თანაბარი ამომრჩევლების რაოდენობით და ამის შემდეგ ის, რომ ჩვენი საერთაშორისო მოკავშორეების ჩართულობა არ შეწყდეს, რაც შეეხება ეუთო-ს და ოდირ-ის რეკომენდაციებს, ყველაფერი პირწმინდად შეასრულოს ხელისუფლებამ”,- თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

  • “მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა“–პატრიარქმა სამებაში მრევლს საკვირაო ქადაგებით მიმართა

    “მშვიდობა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ,” – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა და მრევლი დალოცა:

    “დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი, დიდება ჰქონდეს უფალსა, დიდება მამასა და ძესა და წმინდასა. ჩვენ პატივს ვცემთ უფალსა, ჩვენ თაყვანსა ვცემთ უფალსა რომ გვიადვილებს სასუფეველში გზას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისეთი იოლია გზა სასუფეველისა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აკურთხოს ერი თვისი, ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა, ეს აუცილებელია. მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში ველაფერი გამოგვივა, მშვიდობა უნდა შევიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა. გწყალობდეთ ღმერთი, მშვიდობა მოგცეთ და სიხარული, სიყვარული თუ არ არის ადამიანში სიხარული იქნება და სიყვარულის გარეშე არაფერი არ გამოდის. იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა,” -თქვა პატრიარქმა.

  • სადეზინფექციო სამუშაოები დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ეკლესია დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს- მეუფე ნიკოლოზი

    ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ეკლესიას სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაეხმაროს, რადგან ის დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების შემთხვევაში, მეუფის თქმით, ეკლესია უარს არ იტყვის.

    “ეს არის დაკავშირებული დიდ თანხებთან, გამოცდილებასთან, ცოდნასთან. ეკლესია ამას დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს. ეკლესიამ რომ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატაროს მას აუცილებლად უნდა დაეხმაროს ჯანდაცვის სამინისტრო. შეიძლება დაგვეხმაროს და გვეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოგვმართოს და ჩვენ უარს არ ვიტყვით”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

    მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობა საშიში და უსიამოვნოა, ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ და საღ აზროვნებაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ. 

    ,,ვირუსის დამარცხება, ავადმყოფობის მკურნალობა დაკავშირებული არიან თანხებთან და პრევენცია, თავის დაზღვევა, რომ ავადმყოფობა არ დაგემართოს, უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პანიკასთან ბრძოლა კიდევ უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ნუ შეგვეპარება ეჭვი ერთმანეთის ადეკვატურობაში. ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა იმაში, რომ შევაჩეროთ ეს პანიკა. რა თქმა უნდა, საშიშია ავადმყოფობა, არასასიამოვნოა რომ დაგემართოს და ის შიში, რაც ადამიანს გააჩნია, რომ შეიძლება დაემართოს ყოველ დაცემინებაზე, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო პროცესია. მაგრამ იმის გამო, რომ საფრთხე არსებობს, ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას და ერთმანეთის საღ აზროვნებაში ნუ შეგვეპარება ეჭვი”,- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

    მან კიდევ ერთხელ უპასუხა ზიარების წესის ცვლილებასთან დაკავშირებულ კითხვებს და ჟურნალისტებს მოუწოდა, ინტერნეტში ნახონ, რას ნიშნავს ანტისეპტიკი, მისი გამოგონების და განვითარების ისტორია. 

    შეგახსენებთ, რომ მეუფე ნიკოლოზმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ,,ღვინო ანტისეპტიკია და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია”.

    ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას და ერთმანეთის საღ აზროვნებაში ნუ შეგვეპარება ეჭვი
  • პაბლო პიკასოს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაბლო პიკასოს ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა  გახსნა. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული – ს.თ. დააკავეს.

    შსს–ს ინფორმაციით 1975 წელს დაბადებულმა ვ.შ.-მ თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე მცხოვრებ ს.თ.-ს, მისივე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. თავის მხრივ, ბრალდებულმა, მისივე კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ვ.შ.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

    ს.თ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

    სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    მოკლული მამაკაცის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ესპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

    თვითმხილველების თმით, ნუცუბიძის დასახლებაში ცეცხლსასროლი იარაღიდან დილის 9 საათზე გაისროლეს.

    ადგილზე საგამოძიებო სამუშაოებს შინაგან საქმეთ სამინისტროს კრიმინალისტიკური სამსახური აწარმოებს.