Category: არქივი

  • აქციის დაშლისას დაშავებულებზე კომპენსაცია აუცილებლად გაიცემა – კალაძე

    აქციის დაშლისას დაშავებულებზე კომპენსაცია აუცილებლად გაიცემა-ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ გააკეთა.

    „რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში თითქოს მე დავაფინანსე მაკო გომურის გამგზავრება უცხოეთში და მკურნალობა. არ არის ეს სწორი ინფორმაცია. ვეხმარებით ვიღაცებს, სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ რაც არ გამიკეთებია, მივითვისო, მგონი, არასწორი იქნება ჩემი მხრიდან. მოვისმინე ფონდი „ქართუს“ განცხადება, რომელიც თავის თავზე იღებს დაზარალებულების გამოჯანმრთელების ყველა ხარჯს. რაც შეეხება საკომპენსაციო თანხებს, ამასთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს მუშაობა და კომპენსაცია აუცილებლად გაიცემა, როგორც განვითარებულ ქვეყნებში და ქალაქებშია. მაღალი კრიტერიუმები იქნება აღებული“, – განაცხადა კალაძემ.

    შეგახსენებთ, 20 ივნისის აქციის დაშლის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 80 სამართალდამცავი და 33 ჟურნალისტი. რამდენიმე მათგანი მკურნალობას კვლავ საავადმყოფოში განაგრძობს, ხოლო ის პირები, რომლებმაც აქციაზე თვალი დაკარგეს მკურნალობას საზღვარგარეთ აგრძელებენ.

  • დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

    თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი 1969 წელს დაბადებული ა.ვ.  ცხელ კვალზე დააკავეს.

    დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 1971 წელს დაბადებული პ.შ. დაჭრა. 

    თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი საზამთროს ყიდდა.

  • “თქვენ გჯერათ, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა, რომ თვალებში და თავში ესროლათ?”-კალაძე ჟურნალისტს

    „კანონზე მაღლა არ დგას არავინ“-ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა. კახა კალაძე ამბობს, რომ 20 ივნისს იყო ცალკეული გადაცდომები და ამისთვის პასუხის აგებს ყველა, ვინც კანონი დაარღვია.

    „ყველას მოეკითხება ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. ყველას ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი იმ კონკრეტულ გადაცდომებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ვიხილეთ ძალის გადამეტების თვალსაზრისით იყო ცალკეული ეპიზოდები, აუცილებლად ყველამ უნდა აგოს პასუხი,“-განაცხადა კახა კალაძემ.

    გაბედავდა თუ არა ვინმე, რომ მინისტრის ბრძანების გარეშე დამიზნებით ესროლა მომიტინგეებისთვის, “რუსთავი 2”-ის ამ შეკითხვაზე, კახა კალაძე აცხადებს, რომ პასუხი მედიას გიორგი გახარიამ უკვე გასცა.

    „თქვენ გჯერათ, რომ გიორგი გახარია ეუბნებოდა, რომ თვალებში და თავში ესროლათ? ამის გჯერათ თქვენ? მინისტრმაც გაგცათ პასუხი, გასცა იმ შეხვედრაზე, როდესაც ჟურნალისტებთან იყო შეხვედრაზე. კონკრეტული პასუხი იყო, რომ პასუხისმგებლობას იღებს გიორგი გახარია,“-განაცხადა კახა კალაძემ.

    გიორგი ყაყიჩაშვილი სწორედ ის სპეცრაზმელია, რომელიც დემონსტრანტების მტკიცებით, 20 ივნისის აქციის დროს განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყაყიჩაშვილი გათავისუფლებული არ არის და მას უფლებამოსილება მხოლოდ დროებით, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა.

  • “თუ მომავალ სამიტზე საქართველოს მაპს არ მისცემენ ეს იქნება მხდალი პოლიტიკური გადაწყვეტილება”- მეთიუ ბრაიზა

    როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე აცხადებს, თუ მომავალ სამიტზე საქართველოს მაპს არ მისცემენ, ეს მოკავშირე ქვეყნების მხდალი გადაწყვეტილება იქნება.

    “ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება შეცდომა იყო, ვიცი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მაშინ ბევრს მუშაობდა, რომ საქართველოს მაპი მიეღო, მაგრამ სხვა მოკავშირეებმა დაბლოკეს. ეს ჰგავდა ხარების ბრძოლისას წითელი ნაჭრის აფრიალებას ფაქტობრივად პუტინს ამით უთხრეს, რომ იმოქმედოს, რადგან საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობას აპირებენ, რაც მისი სტრატეგიული კოშმარი იქნებოდა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა მას ცოტა დრო ჰქონდა, მიეცა შესაძლებლობა და გამოიყენა.

    “ახლა რა უნდა მოხდეს – ვფიქრობ, საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს მაპი, თუ საქართველო არ მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს, ეს იქნება მხდალი პოლიტიკური გადაწყვეტილება,“-აცხადებს მეთიუ ბრაიზა “კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

    სახელმწიფო მდივნის ყოფილი ასისტენტის თქმით, რუსეთის ეკონომიკური ემბარგოთი და ფრენების აკრძალვით საქართველოს დასავლურ კურსს ვერ შეაჩერებს, რადგან მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს ნატოში შესვლა.

    “როდესაც დიპლომატი ვიყავი, ჩემს კოლეგებს თვალს ვერ ვუსწორებდი, როდესაც კრიზის დროს ამბობდნენ, რომ დიალოგი საჭირო იყო. ამ დროს მხარეს ირჩევ. როდესაც არჩევანს ნეიტრალიტეტზე აკეთებ, დგები აგრესორის მხარეს.

    გეოგრაფიას ვერ შეცვლი, საქართველო ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი ქვეყანა უზარმაზარი რუსეთის გვერდით. ნორმალურია, როდესაც მოსაზღვრე ქვეყნებს შორის სავაჭრო ან კომერციული ურთიერთობები არსებობს, მაგრამ უფრო ღრმა კავშირები, ჩემი აზრით, შეუძლებელია, იმ მიზეზით, რომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

    “რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო განცხადებები აჩვენებს, რომ ვერაფერს ხდება ის საქართველოსთან. მოსკოვში უკვირთ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებმაც რუსული ენა არ იციან მედგრად დგანან პროდასავლურ კურსზე. ამიტომ სასოწარკვეთით ეძებს რუსეთი რაღაც გზებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს,მაგრამ ეს არასოდეს გამოუვა, რადგან საზოგადოების 80%-ზე მეტს კვლავ ნატოში გაწევრიანება სურს. ხალხი უვიზოდ მიდის ევროპაში, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს ამის დათმობას.

    “რუსეთი იყენებს ძველ მეთოდებს, რამდენიმე წლის წინ რუსეთმა დაუწესა ღვინის ემბარგო და მიმოსვლაც შეზღუდვა, მაგრამ ქართულმა ღვინომ ახალი ბაზრები იპოვა. რაც შეეხება ფრენებს, არ მგონია ბევრ ქართველს აღელვებს, რომ რუსული ავიაკომპანიები ვერ იფრენენ, ვისაც აღელვებს ბიზნესის წარმომადგენელია,”-ამბობს ბრაიზა.

    ბრაიზა ასევე გამოეხმაურა გრიგორი კარასინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ჟენევის მოლაპრაკების შემთხვევაში ერთადერთ გზად რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა საომარი მოქმედებები დაასახელა. ბრაიზა კარასინის ამ განცხადებას სასაცილოს და ტრადიციულ რუსულ მუქარას უწოდებს.

    “კარასინის განცხადება ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ სასაცილოა, რატომ იქნება ერთადერთი გზა ომის განახლება თუ ჟენევის პროცესი არ იარსებებს, ეს მოხდება თუ რუსეთი ომს აირჩევს, ეს მის ხელშია. გარდა ამისა, მისი განცხადება ტრადიციული რუსული ტაქტიკაა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპელების შეშინებას,”-განაცხადა მეთიუ ბრაიზამ “კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

  • თუ კი ცალკეული პირები მოქმედებდნენ თვითნებურად, სად იყო ამ დროს მინისტრი, რატომ არ შეაჩერა პროცესი?-ბესელია

    პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ თუ კი ცალკეული სამართალდამცავები მოქმედებდნენ თვითნებურად ესეც შს მინისტრ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა.

    “მყისიერად უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უწყების ხელმძღვანელის მხრიდან. რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომელიც ასევე დაგვიანდა, არ არის საკმარისი რომ უფლებამოსილება შეუჩერდა რამდენიმე ადამიანს. და საუბარია რომ ორი პირის მიმართ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ჩვენ ვნახეთ კადრები სადაც გაცილები უფრო მეტი სპეცრაზმელი და ძალოვანი უწყების თანამშრომელი მოქმედებს კანონის მიღმა. ცალკეული პირები მოქმედებდნენ თითქოს თვითნებურად და ბრძანების გარეშე, მაშინ სად იყო პასუხისმგებელი პირი, ან მინისტრი ან მინისტრის მოადგილე. ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი პირები, რატომ არ შეაჩერეს ეს პროცესი,“-განაცხდა ეკა ბესელიამ.

  • დაგუგლეთ მიტინგის დაშლა ევროპაში, აშშ-ში, ნახეთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი-ქანთარია

    დაგუგლეთ მიტინგის დაშლა ევროპაში, აშშ-ში, ნახეთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი-ეს განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

    “რაც შეეხება ბრძანების გაცემას, ლოგიკას თუ გავყვებით, შინაგან საქმეთა მინისტრი არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი. ბუნებრივია, რომ მისი ბრძანებით იყო დაწყებული ის, რომ წინ არც ერთი ნაბიჯი არ გადაედგა არავის. შემდეგ როდესაც იძულებულნი გახდნენ, ჩემი ვარაუდია, რომ მასთან მივიდოდნენ დანაყოფის ხელმძღვანელები და აუხსნიდნენ სიტუაციას, გახარია კი ამაზე დასტურს გასცემდა.

    “დაგუგლეთ“ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში და ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი და როგორ ათრევენ მათ. ბალეტი მიტინგის დაშლა არასდროს არ არის. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გახარიამ მოახერხა და დაიცვა საკანონმდებლო ორგანო შეჭრისგან და ძალიან დიდი ქაოსისგან ”-განაცხადა ქანთარიამ. 

  • “ოღონდ ახლა დაიშალეთ მშვიდობიანად და შაბათს ყველა მინისტრს ჩამოგიყვანთ, ვისაც მოითხოვთ.“ – კახეთის გუბერნატორი

    “ოღონდ ახლა დაიშალეთ მშვიდობიანად და შაბათს ყველა მინისტრს ჩამოგიყვანთ, ვისაც მოითხოვთ.“ ზუსტად ამ სიტყვებით მიმართა კახეთი გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, მოძრაობის, „ სახალხო ტრიბუნა“, ლიდერთან, დავით ჭიჭინაძესთან შესახვედრად შეკრებილ გლეხებს.
    საბანკო კრედიტები, მოტყუებული და გადაგდებული მოსახლეობა, ყურძნის და ატმის ფასი, ჩავარდნილი ტურიზმი, საყოფაცხოვრებო პრობლემები… ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ პატარა ჩაილურის ციხესთან საგარეჯო რაიონის მოსახლეობა შეიკრიბა.გლეხებმა ამ პრობლემებზე სასაუბროდ მოძრაობა “სახალხო ტრიბუნის“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიწვიეს.
    შეკრებილებს მთავრობის ყურადღების მიპყრობა და წლების წინანდელი დაპირებების დროული ასრულება სურთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრება.
    შეხვედრაზე მოულოდნელად გუბერნატორი გამოჩნდა. გუბერნატორმა შეკრებილებს სთხოვა დაშლილიყვნენ და შაბათს დილიდან მაათან სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრებს ჩაიყვანდა.
    „მოძრაობის „სახალხო ტრიბუნა“ უპირველესი მიზანია ხალხის ხმა სწორედ ხელისუფლებას გააგებინოს. დღეს ჩვენ, ეს ძალიან კარგად და საკმაოდ ოპერატიულად გამოგვივიდა.“– ამბობს დავით ჭიჭინაძე და აპირებს გააკონტროლოს, როგორ შეასრულებს გუბერნატორი დაპირებას.
  • პირი, რომელმაც საფულე იპოვა და პოლიციაში მიიტანა, დააკავეს

    თბილისში,პირი, რომელმაც საფულე იპოვა და პოლიციაში განაცხადა, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

    დაკავებულის ნათესავის ინფორმაციით, პირმა საფულე სუპერმარკეტში იპოვა, რის შემდეგაც პოლიციაში მიიტანა. საფულის მფლობელმა ირანის მოქალაქემ  კი  განაცხადა, რომ საფულეში მას ფული ედო. საფულის მპოვნელი პირი პროკურორის მიმართვის საფუძველზე დააკავეს და ის  2 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

    “14 ივნისს ჩემი დიშვილი თავის ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო მაღაზია ნიკორაში – როცა უკვე დახლთამ მივიდნენ ჩემმა დიშვილმა შენიშმა პატარა ზომის ქეუსი რომელშიც ირანელი მოქალაქის საბუთები, საბანკო და კაზინოს ბარათები, ეწყო.

    მიიტანეს პოლიციაში იმავე დღეს, გაფორმდა ოქმი შემდეგ დღეს.

    მოკლედ ირანელმა გადაწყვიტა რომ ფულიც მქონდაო, ჩვენებაში ვერაა ჩამოყალიბებული ზუსტად რამდენი. ჯერ ვერ იხსენებს სად დაკარბა, მერე იწყებს 1000 $ და ამთავრებს 1300 მდეო და 40 ლარი მქონდაო. მერე ამავე ჩვენებაში ამბობს რომ საფულე იქვე დავდე და დამრჩაო. რადგან ფული ჯიბიდან ამოვიღეო – ანუ რეალურად იქვე ამბობს ჯიბეში მედო ფულიო.
    მოკლედ პოლიციამ არ მიიჩნია საკმარის სამხილად ეს ჩვენება და საქმეს ხურავდა როცა ისანი სამგორის პროკურორი ვინმე ნათია ქომოშვილი მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით. .და განჩინების საფუძველზე დააკავეს ჩემი დიშვილი!!!

    დააკავეს კვირას საღამოს, წინა დთეს გვითხრეს საქმე დაიხურაო, ორშაბათს წაუყენეს ბრალი და დღეს სასამართლომ შეუფარდა 2 თვიანი წინასწარი. 19 აგვისტოს დაინიშნა სასამართლო!!!
    აზარტული თამაშების მოყვარული ირანელის (მის საბუთებთან ერთად ყველა კაზინოს ბარათი იდო ) ტყუილი ჩვენების საფუძველზე ის ახლა საპატიმროშია. სახლში მცირეწლოვანი შვილი ამაოდ ელოდება!!!!

    მე არ ვაპირებ ეს ასე გავატარო,ვიცი რომ ჩემი დიშვილო ცამდე მართალია.
    არ შიმშილობას მოვერიდები და არ გავჩერდრბი!!!”-წერს ფეიქბუქზე დაკავებულის ნათესავი.

    ამ ისტორიას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა,მათი უმეტესობა წერს, რომ მპოვნელის დაპატიმრების პრეცედენტი მომავალში ცუდად აისახება პოლიციისადმი მიმართვიანობაზე. 

    “გვიკარგავენ დაკარგული ნივთის დაბრუნების სურვილს, შარში აქეთ ხვევს ძალოვანი უწყება. რა ჯანდაბაა?”-წერს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი.

    რა მოხდა რეალურად, ამას სასამართლო 2 თვეში დაადგენს, მანამდე კი ამ ეტაპზე ოფიციალური უწყებებისგან განცხადება მომხდარი ფაქტის შესახებ არ გაკეთებულა.