Category: არქივი

  • მორიგი შეფერხება მეტროში

    მორიგი შეფერხება მეტროში-ვარკეთილის მეტროსადგური, პიკის საათებში მგზავრებს 20 წუთის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა.

    დაახლოებით 9:10 საათიდან მგზავრებს მეტროსადგურში არ უშვებდნენ. მიზეზად ტექნიკური შეფერხება დასახელდა, თუმცა უცნობია უფრო კონკრეტულად რა დაზიანდა ამჯერად მეტროში.

    შეფერხების პერიოდში მატარებელი მხოლოდ მეტროსადგურ სამგორამდე გადაადგილდებოდა. პრობლემა დაახლოებით 20 წუთში მოგვარდა და ამ დროისთვის ვარკეთილის მეტროსადგურში მუშაობა აღდგენილია.

    მეტროში გახშირებული შეფერხების გამო,  1 ივლისიდან მეტროს  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც, მეტროპოლიტენი  ერთი წლის განმავლობაში, ერთი საათით ადრე, 23:00-ზე დაასრულებს მუშაობას.

  • პოლიციამ 20 ივნისის ღამეს ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

    პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს, აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

    “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

    გამოძიების ფარგლებში, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული ნიკანორ მელია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შეუფარდა გირაო და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს.

    აღნიშნული საქმის ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დღეს კიდევ 4 პირის დაკავება განხორციელდა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

    დღეს დაკავებული 4 პირი არის: 1987 წელს დაბადებული ზ.ბ., 1980 წელს დაბადებული კ.კ., 1994 წელს დაბადებული ც.ს. და 1974 წელს დაბადებული ბ. თ.

    მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ.ბ. ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. კი პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგანს, აგრესიულად თავს ესხმოდა და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც.ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ბ.თ., ასევე, თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს.

    მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას.“– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

  • დღეიდან პლაკატის გაკვრა ჯარიმას აღარ ითვალისწინებს

    დღეს, 4 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აღარ ჩაითვლება პლაკატის, ან ბანერის გაკვრა კერძო საკუთრების შემთხვევაში, როცა ამას თავად შენობის მესაკუთრე აკეთებს, ან არსებობს მისი თანხმობა.სასამართლომ ძალაში დატოვა სამართლებრივი ნორმა, რომელიც სამართალდარღვევად მიიჩნევს პლაკატის გაკვრას თვითმმართველობის ორგანოებზე, თუნდაც სპონტანური აქციის პირობებში.

    საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტი, გიორგი ლომთაძე განმარტავს, რომ სასამართლომ პლაკატების და ბანერების დაშვება გააკეთა მხოლოდ იმ მასალებზე, რომლებიც შენობებიდან მარტივად მოსაშორებელი იქნება.

    კერძო საკუთრების იერსახის დაცვის მიზნის მიუხედავად, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება იზღუდება იმ სამართლებრივი ნორმებით, რომელიც კრძალავს პლაკატების, ლოზუნგებისა და ბანერების თვითნებურად განთავსებას.

  • არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტს რეზიდენციაში ესტუმრა და ყვითელი ვარდები აჩუქა

    არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.თალაკვაძემ  პრეზიდენტს   ყვითელი ვარდები მიართვა.

    შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და კოორდინაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

  • “თუ პოლიციელებმა თვითონ დაიწყეს ხალხის ცემა–ტყეპა უფრო დიდი პრობლემა გვქონია“–ეკა გიგაური

    თუ კი რიგითმა პოლიციელებმა თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება და დაიწყეს ხალხის ცემა-ტყეპა, მაშინ უფრო დიდი პრობლემა გვქონია – ასე ეხმაურება ეკა გიგაური მმართველი გუნდის მცდელობას, რომ 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მთლიანად რიგით პოლიციელებს დააკისროს.
    „ქართული ოცნების“ ყველა წევრი ერთხმად იმეორებს, რომ აქციაზე ზოგიერთი სამართალდამცავი თვითნებურად მოქმედებდა, სწორედ ამიტომ მომხდარში გიორგი გახარიას ბრალეულობას ვერ ხედავენ.
    „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ პოლიციამ დავალება მიიღოს შს მინისტრისგან და ბრძანების შესაბამისად იმოქმედა, ამიტომ რიგით სამართალდამცავებზე მომხდარის გადაბრალება “ქართულ ოცნებას” არ გამოუვა.
    „დღეს ყველაზე მთავარი არის, რომ სახელმწიფომ გააანალიზოს ის რაც მოხდა იმ ღამეს და დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელმაც გამოიწვია ამდენი ადამიანის დაზიანება. ჯოხის გადატეხვა მათ უნდათ რიგით პოლიციელებზე რაც არის არასწორი. იმიტომ, რომ რიგითი პოლიციელები თავისით ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ მიიღებდნენ. და თუ კი ისინი ამას იღებდნენ მაშინ უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვმდგარვართ ჩვენ ამ ქვეყანაში, თუ კი შეიძლება დავუშვათ, რომ მთლიანად პოლიციურმა დანაყოფმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს ხალხის ცემა -ტყეპა. ამიტომ მე მგონია, რომ ამას ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. მე მგონია, რომ მათ მიიღეს დავალება და ზუსტად ამიტომ აკეთებდნენ ამ ყველაფერს,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.
  • დათვების შემოსევა გურიაში. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

    გურიაში დათვების შემოსევაა – სოფელ უკანავას მოსახლეობას დათვები შინაურ ცხოველებს უნადგურებენ. მათი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც დათვის თავდასხმის შედეგად ადგილობრივებიც დაშავდნენ.
    ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემა შეუქმნა გასულ კვირას ამოვარდნილმა ქარიშხალმაც, რომელმაც აქაურების წლევანდელი მოსავალი თითქმის სრულად გაანადგურა.
    მთისპირის თემი ხელისუფლებისგან დახმარებას და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებასაც ითხოვს.
  • “გრიგოლიჩ, ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს, გაიქცაო“– რა მიწერა ოქრუაშვილმა შსს–ს

    ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება ივანიშვილს მიმართავს და ურჩევს, მის წასვლას გაქცევას ნუ დაარქმევს. ოქრუაშვილი იმ წერილს აქვეყნებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიწერა და რომელშიც ატყობინებს, რომ ქვეყნიდან გასვლას აპირებს და თუ მასთან შეკითხვები აქვთ და მისი საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაა აუცილებელი, ეს ან წასვლამდე, ან ჩამოსვლის შემდეგ გააკეთონ. “გრიგოლიჩ, ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს, გაიქცაო. შსს-ს ბეჭედია მაგ წერილზე, ტყვიავის კოლმეურნეობის კი არა.“ – წერს ოქრუაშვილი ფეისბუქ გვერდზე.

    შეგახსენებთ, რომ გამოძიებამ ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვისთვის სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. შსს-ს ინფორმაციით, იმის გამო, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ბარამიძემ და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს შსს-ში გამოკითხვაზე მისვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვა.
    ირაკლი ოქრუაშვილი ამ ინფორმაციას ფეისბუქ სტატუსით პასუხობს და წერს:
    “როგორც იქნა ინტუიციამ პირველად მიღალატა. 7 წლის განმავლობაში სულ მეგონა, რომ ივანიშვილს თავში ჭკუა დღეგამოშვებით ჰქონდა. შევცდი, თურმე სულ არ ჰქონია. სანამ დავბრუნდები, კარგად ჩამოყალიბდით მოწმედ უნდა გვატაროთ, ბრალს წაგვიყენებთ თუ დაელოდებით შუშის სასახლეში როდის შევარდებით.
    19-ში მაქვს უკანა ბილეთი. შემიძლია უფრო ახლოს გადმოვცვალო.
    28-ში ოფიციალური წერილით მოგმართეთ (შსს-ს), თუ რამე გინდათ გამაგებინეთ, თუ არა 2-ში საქმეზე მივდივარმეთქი. თუ რამე გინდოდათ მინიმუმ მომწერდით, მაქსიმუმ საზღვარზე არ გამატარებდით, მაგრამ ბიძინას ხომ გადაწყვეტილების მისაღები ერთი ადგილი არა აქვს.
    აბა შენ იცი, 19-მდე გრიგოლიჩ. მანამდე არ მოიწყინო უჩემოდ. თუ მანამდე სხვების დაჭერას გადაწყვეტ, მეორე დღესვე მანდ ვარ.“
  • პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს შს მინისტრმა -EMC

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) 20 ივნისის მოვლენების შესახებ ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ერთის მხრივ, 20 ივნისს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფის ქცევამ უკონტროლო ძალადობრივი ხასიათი შეიძინა და პოლიციას აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი მისცა. მეორე მხრივ, კი აქციის შეწყვეტის დროს პოლიციამ უგულებელყო აქციის დაშლისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, სათანადოდ არ გამოიყენა მოლაპარაკებების რესურსი. აქედან გამომდინარე EMC-ში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შს მინისტრმა და დატოვოს თანამდებობა.

    “პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მასშტაბი და ინტენსივობა, ადამიანის უფლებების აშკარა და მასობრივი დარღვევის ფაქტების ეფექტიანი მონიტორინგისა და პრევენციის სისტემის არარსებობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებისა და მენეჯმენტის სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ცალსახად აყენებს.

    ანგარიში დეტალურად აღწერს აქციის განვითარების დინამიკას, მათ შორის, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტში შეღწევის მცდელობას და ამ მიზნით, პარლამენტის წინ მყოფ პოლიციის კორდონზე თავდასხმის ეპიზოდებს. სწორედ აქციის მონაწილეთა მხრიდან განგრძობადად გამოხატულმა აგრესიულმა ქცევამ და პარლამენტის ეზოში შეღწევის მცდელობებმა მისცა პოლიციას აქციის დაშლის სამართლებრივი საფუძველი. სამწუხაროა, რომ ამ კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებში ჩართულები იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებიც. მეტიც, სიტუაციის ესკალაციის პირობებში აქციის ორგანიზატორებმა არც კი სცადეს შეკრების მონაწილეების ძალადობრივი ქცევების შეკავება და დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადაგმა. დემოკრატიული პროცესების ამგვარი ტაქტიკით წარმართვა უპირისპირდება დემოკრატიის იდეას და ამგვარი უპასუხისმგებლობა სათანადო სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას მოითხოვს.

    მიუხედავად აქციის დაშლის გადაწყვეტილების კანონიერებისა, შემდგომ ეტაპებზე პოლიციის ქმედებებში არაერთი პრობლემური, მძიმე ეპიზოდი გამოიკვეთა. პირველ რიგში, პოლიციამ არ უზრუნველყო აქციის მონაწილეთა სათანადო ფორმით გაფრთხილება აქციის დაშლის დაწყებამდე, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცალსახა დარღვევას წარმოადგენს.

    აქციის დაშლა პოლიციამ ღამის 12 საათისთვის ცრემლსადენი გაზით დაიწყო, რასაც მცირე დროში რეზინის ტყვიების გამოყენება მოყვა, ისე რომ ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული ნაკლები ინტენსივობის და სიმძიმის სპეციალური საშუალებების გამოყენების რესურსი. ასევე, ადეკვატურად არ იყო შეფასებული, ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდგომ, პარლამენტის შენობაში შეღწევის ან/და საპოლიციო დანაყოფებთან შეტაკებების განმეორების საფრთხე, მისი რეალურობა და მყისიერება.

    აქციის დაშლის ოპერაცია პრაქტიკულად მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრანტთა გარკვეული ნაწილი პოლიციის მიმართ აგრესიულ ქმედებებს სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა საგნის გამოყენებით მიმართავდა. თუმცა, პოლიცია არ მიჯნავდა მშვიდობიანი და არამშვიდობიანი ქცევის მქონე შეკრების მონაწილეებს და მათ მიმართ განურჩეველ ინტენსიურ საპოლიციო ძალას იყენებდა. აღნიშნულს ყველაზე ნათლად ადასტურებს ათეულობით ჟურნალისტის დაზიანების შემთხვევები. პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, თან ახლდა დემონსტრანტთა მძიმე დაზიანება. ზოგიერთ ეპიზოდში, პოლიცია რეზინის ტყვიებს მცირე დისტანციიდან, თავისა და სახის არეში დამიზნებით იყენებდა, რამაც გაზარდა დაზიანებების სიმძიმე. აქციის დაშლის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში პოლიციამ არ დაიცვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები, თანმიმდევრობა და არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა.

    აქციის დაშლას ათეულობით დემონსტრანტის ადმინისტრაციული დაკავება მოყვა. დაკავების საფუძვლები და სასამართლოში პოლიციელთა მიერ განმარტებები სუსტი, შაბლონური, უკიდურესად იდენტური იყო, რაც არაერთ შემთხვევაში დაკავებების თვითნებურობაზე მიუთითებდა. განსაკუთრებით საგანგაშოა ინფორმაცია, დაკავების პროცესში და შემდგომ, პოლიციის მიერ გამოყენებული ფიზიკური ძალის შესახებ. დაკავებულთა ნაწილი მათ მიმართ დაკავების შემდგომ ცემაზე, ღირსების შემლახავ ან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.

    20 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც გარკვეულ ეტაპზე ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა, პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაიშალა. მიუხედავად აქციის დაშლის ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისა, პოლიციამ დაშლის დაგეგმვის და მისი აღსრულების პროცესში დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის, თავისუფლებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ფუნდამენტური უფლებების არაერთი ასპექტი. რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები აქციის მონაწილეთა ნაწილის მკვეთრად აგრესიული ქცევა, პოლიციასთან შეტაკების ეპიზოდები. თუმცა, ნათელია, რომ აქციის დაშლის პროცესში, პოლიციამ ძალის დიფერენცირებული და პროპორციული გამოყენების პრინციპი ვერ დაიცვა.

    20 ივნისის აქციის დაშლა ასევე აჩვენებს იმ ინსტიტუციურ გამოწვევას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია საკმარისი სტრატეგია, ტექნიკები, სისტემები და ადამიანური რესურსი, რომელიც მასობრივი შეკრებების ადამიანის უფლებების სტანდატებით მართვის შესაძლებლობას მისცემს. შეკრების შეწყვეტის შემთხვევაში გონივრული და ეფექტიანი სამოქმედო გეგმის, საფრთხეების სათანადო გაზომვის და პრევენციის, პროცესის ზედმიწევნით მონიტორინგის, გადამოწმებისა და შეთანხმების სისტემები კვლავ მყიფე, გაუმართავი და სუსტია. საკუთარი მოქალაქეების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ამ ხარისხის ძალადობაში ჩართვა, ასევე არსებითად აზიანებს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობას.

    20 ივნისი, წინა წლების აქციების (მათ შორის, 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის) ძალადობრივი დაშლის მძიმე პოლიტიკური და სოციალური გამოცდილების გაგრძელებაა, რომელიც ინსტიტუციონალური ძალადობის პრაქტიკაზე მიუთითებს და სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობას ასუსტებს.

    20 ივნისს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და უფრო ფართოდ, პოლიციის მოქმედებებში გამოვლენილი მრავალჯერადი, ხანგრძლივი და მძიმე ხასიათის კანონდარღვევებზე სათანადო რეაგირების მიზნით, მნიშვნელოვანია:

    ჩატარებულ ღონისძიებასა და მის შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა;
    პროკურატურამ გონივრულ ვადებში აწარმოოს გამოძიება აქციის დაშლის დაგეგმვაზე პასუხიმგებელი პირებისა და ინდივიდუალური პოლიციელების ქმედებებში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით. საზოგადოებას თითოეულ საქმესთან დაკავშირებით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია რეაგირების ფორმების შესახებ;
    იქ სადაც დაზარალებულებს ჟურნალისტები წარმოადგენენ, გამოძიების მხრიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ასპექტებზე;
    ასევე დროულად უნდა იყოს გამოძიებული 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ და სხვა ტერიტორიებზე მომიტინგეთა ნაწილის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდები, ისევე როგორც პარლამენტში შესვლის შესახებ გაკეთებული კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები და მომიტინგეთა შემდგომი ქმედებები;
    დამოუკიდებელი გამოძიების საგანი უნდა გახდეს თვითნებური და უსაფუძვლო დაკავების, ისევე როგორც დაკავებისას და შემდგომ შესაძლო ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები;
    არსებითია მიმდინარე გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დროულად ეცნობოს. ამასთან, გამოძიების გამჭირვალობისთვის და ნდობისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში დაზარალებული პირებისა და მათი წარმომადგენლების უფლებების მაღალი ხარისხით დაცვა და პროცესში სახალხო დამცველის საზედამხედველო როლის რეალური განხორციელების ხელშეწყობა;
    მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სათანადოდ გაანალიზდეს ის სისტემური ხარვეზები, რაც აქციის დაშლის, სპეციალური საშუალებების გამოყენების და დემონსტრანტთა ფართო მასების მართვის მიმართულებით, 20 ივნისის მოვლენებმა გამოკვეთა და მათ ინსტიტუციურ დონეზე უპასუხოს;
    ხელისუფლებამ აქციის შედეგად დაზარალებულ პირებს სრულფასოვანი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს სამედიცინო და რეაბილიტაციის სერვისების დაფინანსების კუთხით”აღნიშნულია EMC-ის ანგარიშში.

  • „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურიდან“ ევაკუაცია განხორციელდა

    „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურიდან“ ევაკუაცია განხორციელდა.ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, სუპერმარკეტში მყოფ მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს. ევაკუაცია რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

    სუპერმარკეტმა მუშაობა უკვე განაახლა.ევაკუაციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.