Category: არქივი

  • ოცნების გამდიდრებული დეპუტატები. სესიაშვილის აუზში წყალი უკვე ასხია

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთხი, ივანიშვილის ყველაზე ერთგული და თავდადებული დეპუტატის ქონებრივ მდგომარეობაზე შაბათის კურიერმა სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა. როგორ გაიზარდა მამუკა მდინარაძის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი სესიაშვილის და ანრი ოხანაშვილის ქონება ბოლო წლების განმავლობაში:

    “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტამდე გრძელი გზა გაიარა – რიგითი იურისტიდან იურიდიული დეპარტამენტის უფროსობამდე. ერთადერთი ადგილი, სადაც მას უმუშავია ქართუ ჯგუფია. სწორედ აქ გაიარა მან ყველა კარიერული საფეხური, შემდეგ კი პარლამენტში მოხვდა.

    „ქართუდან“ პარლამენტში მოსულს 2017 წელს დეკლარაციაში ჩასაწერი არაფერი ჰქონდა – არც ქონება, არც ფული, არც სამეწარმეო საქმიანობა, არც საჩუქარი და არც ფასიანი ქაღალდები., რეალობა 2018 წელს შეიცვალა.

    „არქი ჯგუფის“ სამშენებლო კომპლექსში, თითქმის, დასრულებულია  54, 45 და 145 კვ. მეტრის ფართის სამი საცხოვრებელი ბინა, რომელიც „ოცნების“ დეპუტატმა გასულ წელს შეიძინა. დეკლარაციაში შეტანილი სამი ბინის ფასი, ერთი შეხედვითაც, არარეალურად გამოიყურება. მაგალითად, დეკლარაციის მიხედვით, 54 კვ.მ. ბინა დეპუტატ მათიკაშვილს 25 ათასი დოლარი დაუჯდა, მაშინ, როცა „არქი ჯგუფში“ სხვა მყიდველს სრულიად განსხვავებულ ფასს გვთავაზობენ. 145 კვ. მ. ფართის ბინის ფასად კი 24 292 დოლარი აქვს მითითებული. 

    მმართველი გუნდის წევრის შენაძენი, 2018 წელს მხოლოდ 3 საცხოვრებელი ბინით არ შემოფარგლულა. დავით მათიკაშვილის ცოლს გასულ წელსვე გამოუჩნდა 50 ათასი ამერიკული დოლარი, ბაკურიანში 57 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის შესაძენად. პარტნიორთან ერთად დეპუტატი ლისთან ახლოს, 1500 კვ.მ.-ს ყიდულობს და ამაში 90 ათას ამერიკულ დოლარს იხდის.

    „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, რომლის ქონება ბოლო წლებში გაიზარდა ირაკლი სესიაშვილია. დიღომში ირაკლი სესიაშვილს სამსართულიანი სახლი აქვს. შარშან შემოდგომაზე დეპუტატი ამტკიცებდა, რომ ფულს სახლის ასაშენებლად ძლივს შოულობს და აუზში წყალიც კი ვერ ჩაასხა.

    თუმცა აუზში წყალი უკვე ასხია, ეზო გასარუჯი შეზლონგებითაც მოაწყეს და მალე აქ დეპუტატს სრული კომფორტი ექნება, მერიას სესიაშვილის ჭიშკრამდე, ახალი ასფალტირებული გზა გაჰყავს.

    ირაკლი სესიაშვილის ოჯახის ჯამური ქონება, სახლები, მიწის ნაკვეთები და ცოლის ბიზნესები, ჯამში მილიონ ლარს აღწევს.

    მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების სხვა დეპუტატებს არ ჩამორჩა. პარლამენტის წევრად რომ აირჩიეს, ჯიქიას ქუჩის ბოლოში 74 კვ.მ. ბინას ფლობდა, ახლა მდინარაძისთვის „დანი ქონსტრაქშენმა“, კერძო სახლი დიღომში ააშენა.

    ანრი ოხანაშვილი უმრავლესობის ერთ–ერთი  ყველაზე გამორჩეული წევრია.  ის ცოტა ხნის წინ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ, ეკა ბესელიას ჩასანაცვლებლად აირჩიეს.

    საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ანრი ოხანაშვილი თბილისში ბინას არ ფლობს, თუმცა კერძო სახლი 2018 წელს მისი მეუღლის სახელზე გადაფორმდა.

    „კურიერის“ აეროგადაღების კამერიდან კარგად ჩანს, რომ მშენებლობა, თითქმის, დასრულებულია. სახლი ორი მიწისზედა და ერთ მიწისქვეშა სართულით აგურითაა მოპირკეთებული.

    509 კვადრატული მეტრი სახლი 800 კვადრატულ მიწის ფართობთან ერთად, დეკლარაციის მიხედვით, ანრი ოხანაშვილის მეუღლეს, გასულ წელს მამამ აჩუქა. 

    ამ რეპორტაჟამდე „კურიერმა“ “ქართული ოცნების “ლიდერების ახალი სახლების შესახებ კიდევ სამი რეპორტაჟი მოამზადა, წლიდან წლამდე იზრდება ივანიშვილის პარტიის იმ ჩინოვნიკების რიცხვი, ვინც ფულს დიდი სახლებში აბანდებს.

  • “პროცედურული მხარე ტრაგიკომედია იყო” – 20 ივნისის ღამით დაკავებულების ათობით საქმე ერთმანეთს ჰგავს

    20 ივნისის ღამით დაკავებულების ათობით საქმე ერთმანეთს ჰგავს. აქციის ღამეს დაკავებულები ყვებიან, რომ მოსამართლეები მხოლოდ პოლიციელების ცრუ ჩვენებებს ენდნენ და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაასამართლეს.
    იურისტი კოკა კიღურაძე სპეცრაზმელებმა მაშინ დააკავეს, როდესაც სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებდა და პროცესებს აკვირდებოდა. აქციის ასობით მონაწილის მსგავსად, ისიც ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო გაასამართლეს. თუმცა დღემდე არ იცის, რა მიიჩნიეს სამართალდამცველებმა დანაშაულად.
    20 ივნისის სისხლიან ღამეს დაკავებულების უდიდესი ნაწილი, სწორედ ასეთი გაყალბებული ჩვენებით და მტკიცებულებების გარეშე გაასამართლეს. მათი მონაყოლიდან სისტემური დანაშაული დგინდება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მათ თანამშრომლებს სასამართლო პროცესებზე ტყუილის თქმა დაავალეს, რომ აქციის მონაწილეები მასობრივი დაკავება და იზოლატორებში გამოკეტვა გაემართლებინათ.
    20 ივნისის სისხლიან ღამეს ირკვევა, რომ აქციის მონაწილეებს არა მხოლოდ თბილისის პოლიციის განყოფილებების თანამშრომლები ნადირობდნენ. დარბევიდან სახლში მიმავალი სტუდენტი ირაკლი ბახტაძე პოლიციამ ფილარმონიასთან დააკავა, სამართალდამცველების ჯგუფი, რომელმაც ის აიყვანა გურიიდან იყო ჩამოყვანილი. დაკავების შემდეგ ისინი ერთი საათის განმავლობაში ეძებდნენ პოლიციის სამმართველოს შენობას, რადგან გზა არ იცოდნენ.
    გურიიდან ჩამოსული პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმიდან გააქრო, ირაკლი ბახტაძის პროცესზე უკვე სხვა სამართალდამცველები მივიდნენ და თქვეს, რომ სტუდენტი პოლიციელებს აგინებდა, არ ემორჩილებოდა, ეს ყველაფერი კი საკუთარი თვალით ნახეს.
    სამართალდამრღვევის სტატუსით და ჩალურჯებული თვალით დასრულდა 20 ივნისის ღამის ისტორია ირაკლი ხვადაგიანისთვის. ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ დემონსტრანტების გასამართლების პროცესი ტრაგიკომედიას გავდა.
    “საპატრულო პოლლიცია, რომელსაც გადაგვაბარეს, ფაქტიბრივად იყო შოკურ მდგომარეობაში, ამხელა მასის მიღება და ოქმების შევსება ძალიან უჭირდათ. უბრალოდ, შეავსეს პოსტ ფაქტუმ, არც ყოფილან ადგილზე და ქოფი ფეისტით გადატანილი იყო ყველა მათგანზე ეს ბრალდებები. ეს პროცედურული მხარე ისედაც ტრაგიკომედია იყო ამ მოვლენების ფონზე,” – ამბობს ხვადაგიანი.
    ათობით დემონსტრანტი ახლა სამართლებრივი დავისთვის ემზადება. მათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან. მათ შორის, არის ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა და სასამართლომ ათობით მოქალაქის უფლებები არათუ დაიცვა, არამედ უხეშად დაარღვია.
    მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე კოლეგების მუშაობით კმაყოფილია. სწორედ ის ხელმძღვანელობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომელმაც 300-ზე მეტი დემონსტრანტი გაასამართლა.
    მიუხედავად იმისა, რა გაგრძელება ექნება 20 ივნისის ღამის მოვლენებზე დაწყებულ რამდენიმე გამოძიებას, გასამართლებული დემონსტრანტების ნაწილი სამართლებრივ დავაზე უარის თქმას არ გეგმავს. აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი მათ სახელმწიფო დაზარალებულებად ნებით არ აღიარებს, დავას საერთაშორისო დონეზე გააგრძელებენ.
  • ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე მომიტინგეს პატიმრობა შეეფარდა

    ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოთხივე მომიტინგეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

    მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

    ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მათ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

  • ” გავრილოვი რა განცხადებასაც აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა პროკურატურის განცხადება”-ხაბეიშვილი

    „გავრილოვი რა განცხადებასაც აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა პროკურატურის განცხადება,“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

    ლევან ხაბეიშვილის თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება, ამბოხების მუხლით, არის აბსურდი, იმიტომ, რომ ყოვლად ალოგიკურია.

    „ფაქტია, რომ გაჯიუტებულია ხელისუფლება და ახლა ცდილობენ, გარკვეული საქმეების შეკერვას და წარმოაჩინონ, თითქოს, სახელმწიფოს გადატრიალება იყო იმიტომ, რომ ყველა კომენტარში, მათ შორის, პროკურატურა აცხადებს, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება, შტურმი პარლამენტზე ანუ გავრილოვი რა განცხადებასაც აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა პროკურატურის განცხადება. გავრილოვი იტყვის, რომ არის სახელმწიფო გადატრიალება, მერე რამდენიმე საათში პროკურატურა ჩაატარებს ბრიფინგს, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

    ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ მომიტინგეებს, რომელიც შს მინისტრმა არ შეაჩერა.

    „თუ სახელმწიფოს მტრები ვართ მე, მელია და ამბობენ, რომ ეს ჯგუფი ცდილობდა შტურმს, მე თუ შტურმს ვცდილობდი პარლამენტში, ანუ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და კობახიძე და ქუცნაშვილი გაუშვეს, ანუ მეამბოხეების მოთხოვნა დააკმაყოფილეს? ან, მაგალითად, პროპორციული არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი დადგა და მოგვიყვა, რომ პროპორციული არჩევნებს ჩავატარებთ, ეს დათმობა არის აქციის მონაწილეებთან, ანუ რა მოხდა, მეამბოხეები და სახელმწიფო გადატრიალება, ვისაც უნდა ის ადამიანები, ისინი ითხოვენ პროპორციულ არჩევნებს? სისულელეა და სრული აბსურდია… ეს აქციები არ დამთავრდება მანამ, სანამ გახარია არ გადადგება, ხელისუფლების სიჯიუტეს ბოლო უნდა მოეღოს და გახარიამ დატოვოს თანამდებობა,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

  • პარლამენტიდან ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

    პარლამენტის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები როგორც დაანონსებული იყო, მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ დაიძრნენ. დღეს აქციის 17–ე დღეა. მოთხოვნა კვლავ ერთია და უცვლელი – შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. აქციები პარლამენტის წინ პერმანენტულია. ხვალ საღამოს 19 საათიდან ტრიბუნას მწერლები დაიკავებენ.
  • „თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება” – მიშა მშვილდაძე

    საქართველო მტერთან არასოდეს არ დაიჩოქებს და საქართველო არასდროს არ დანებდება არც უცხოელ ოკუპანტს და არც შინაურ ოკუპანტს. როგორადაც გადაგვექცა საკუთარი ხელისუფლება,” – ასე მიმართა მიშა მშვილდაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს.

    აქციის ორგანიზატორის თქმით, 20 ივნისის მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

    „თუ რუსეთისთვის ოკუპანტის დასაძახებლად ამ ქვეყნის გადატრიალება იქნება საჭირო, ეს ქვეყანა გადატრიალდება,“ – განაცხადა მშვილდაძემ.

    აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

    პარლამენტის შენობასთან შეკრებილებ 21 საათზე მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაემართებიან.

  • გახარია, წადი! – პარლამენტთან აქცია განახლდა

    რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია – 20 ივნისის მოვლენების გამო, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

    აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

    პარლამენტის შენობასთან შეკრებილებ 21 საათზე მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაემართებიან.

  • “აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია”- ელიზაბეთ რუდი

    აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ლუქსემბურგში რუსი დეპუტატების მიერ გაკეთებულ მწვავე განცხადებებს ეხმაურება.

    ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მყოფი რუსული დელეგაციის წარმომადგენლები აგრესიული განცხადებებით გამოირჩეოდნენ და აცხადებდნენ, რომ საქართველოს შემადგენლობაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი არასდროს დაბრუნდება.

    აღნიშნულ განცხადებების პასუხად ელიზაბეთ რუდმა კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.

    აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა რუსეთს მოუწოდა, რომ გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

    “ზოგიერთმა დეპუტატმა შეიძლება ასე თქვას, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აშშ მოიწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და უკან წაიღოს ამ რეგიონების ე. წ. აღიარება,” – განცხადა ელიზაბეთ რუდმა.

    ელიზაბეთ რუდი ასევე გამოეხმაურა პარლამენტი წინ მიმდინარე აქციებს და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებს აშშ თვალს ადევნებს. რუდის თქმით, აქციებზე მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს.

  • რომის პაპმა ვლადიმერ პუტინს „მსოფლიოს მფარველი ანგელოზის მედალი“ აჩუქა

    რომის პაპმა ვლადიმერ პუტინი “მსოფლიოს მფარველი ანგელოზის” მედლით დააჯილდოვა. როგორც რუსული მედია იუწყება მედალი პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავს ეძღვნება. მედალზე პაპ პია XII-ის ციტატა წერია :”არაფერია დაკარგული მშვიდობასთან ერთად. ყველაფერი შეიძლება დაიკარგოს ომით”.

    გადაცემა : “საუბრები რელიგიაზეს” ავტორი ლევან სუთიძე პაპის მიერ გადაცემული მედალს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება

    “ტყუილია, რომ პაპმა პუტინი მშვიდობის მედლით დააჯილდოვა. ეს მედალი, რომელიც პაპმა პუტინს აჩუქა, ამ უკანასკნელის სახელმწიფო ვიზიტისას ვატიკანში, საჩუქრების გაცვლისას – არის არა ჯილდო, ორდენი ან რაიმე მსგავსი – არამედ მედალი, რომელიც გამოიცა მისი პონტიფიქატის მეექვსე წლისთავზე და ეძღვნება მსოფლიო ომის დასრულებას. არსებობს მრავალგვარი მედალი, რომელიც ვატიკანის სტუმრებს ურიგდებათ. ამ კონკრეტულ მედალს პაპ პიუს მეთორმეტის ციტატა ამშვენებს: “არაფერია დაკარგული მშვიდობასთან ერთად. ყველაფერი შეიძლება დაიკარგოს ომით”.პაპის საჩუქარი პუტინისთვის ჯილდო კი არა, ქვეტექსტი და მშვიდობისკენ მოწოდებაა. არავითარი დაჯილდოების ცერემონია არ ყოფილა. ნუ ავრცელებთ პესკოვის პროპაგანდას.

    პ.ს მაინც დავაზუსტებ, რომ როგორც ქართველ კათოლიკეს, არავითარი სიმპათია მოქმედი პონტიფექსის მიმართ არ გამაჩნია. მეტიც, თუ ვინმე ფრანცისკეს კრიტიკოსია, პირველ რიგში, მე. როცა გასალანძღი იქნება, გაილანძღება. უბრალოდ, რაც ტყუილია, ტყუილია.”- წერს სუთიძე ფეისბუქ გვერდზე. 

    ინტერფაქსი, ასევე, წერს, რომ მედლის გარდა პაპმა პუტინს გრავიურა აჩუქა, რომელზეც წმინდა პეტრეს მოედანია გამოსახული. მათი ინფორმაციით, პაპმა პუტინს უთხრა: “იმისთვის, რომ რომი არ დაგავიწყდეთ”. პუტინმა კი პაპს მოციქულ პეტრესა და პავლეს ხატი აჩუქა .

    რომის პაპი და პუტინი ერთმანეთს ვატიკანში 4 ივლისს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა მათი საუბარი ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც საჩუქრები გაცვალეს.