Category: არქივი

  • აზერბაიჯანში, სამხედრო ნაწილში აფეთქების შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა

    აზერბაიჯანში, სამხედრო ნაწილში აფეთქების შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცს სატანკო ჭურვის დენთის კონტეინერი ძირს დაუვარდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია.

    დაღუპულთა გარდა, უბედური შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ერთი სამხედრო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

    აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

  • “თუკი ვინმე მუშაობს რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს ეს არის ჩვენი მთავრობა”- თურნავა

    ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქართველ გლეხს, მეღვინეს და ტურიზმის დარგის მესვეურს მეტი არჩევანი ჰქონდეს – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ფერმერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

    მთავრობის წევრები კახეთში ფერმერებს, მევენახეებს, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და უსაფრთხო ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

    დისკუსიის ძირითადი ნაწილი ფერმერების მხრიდან რუსული ბაზრის გარშემო გაჩენილ საკითხებს ეხებოდა. ადგილობრივებმა კითხვები ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსაც დაუსვეს. შეხვედრა გურჯაანში გაიმართა.

    ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ალტერნატიულ, რუსეთის ბაზრისგან დამოუკიდებელ გზებს ეძებს.

    „ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენ ვერ ვიქნებით თქვენთან, ასე ვთქვათ, არაგულახდილები. იყო მცდელობა ბოლო დროს, ესეც მოვისმინეთ სხვადასხვა პოლიტიკოსისგან თუ მედიასაშუალებისგან, რომ შეელამაზებინათ ვითარება, რომ, თითქოს, 2-3 თვეში ჩავანაცვლებთ ჩვენ რუს ტურისტს.1 მილიონ ტურისტზეა საუბარი წლის ბოლომდე, ჩავანაცვლებთ რუსულ ბაზარს იგივე მეღვინეებისთვის და მარტივად გადავერთვებით. თუკი ვინმე მუშაობს იმ თვალსაზრისით, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, ქართველ მეღვინეს, ქართველ მეატმეს, ტურიზმის დარგის მესვეურს, ეს არის ჩვენი მთავრობა. 2014 წელს მოხდა ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი ჩვენსა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

  • ქართველმა წყალბურთელებმა რუსები დაამარცხეს და გამარჯვება თვალზე აფარებული ხელით აღნიშნეს

    “ცალი თვალითაც ვხედავთ”- წყალბურთში საქართველოს U15 ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე რუსეთის დამარცხება სიმბოლური ჟესტით აღნიშნა. საქართველოს U15 ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 13:9 დაამარცხა, გამარჯვების შემდეგ კი ქართველმა წყალბურთელებმა ცალ თვალზე აფარებული ხელით ფოტო გადაიღეს რითაც ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურნენ.
    შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ანტიოკუპაციური აქცია #სირცხვილია უკვე 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს  პროტესტი საქართველოში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და პარლამენტის სავარძელში დაჯდომას მოყვა. ამის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია გაიმართა. 20-21 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა აქცია ძალის გადამეტებით დაშალა. შედეგად დაშავდა ასეულობით და დასახიჩრდა ათეულობით ადამიანი. მეორე დღიდან დემონსტრანტები შს მინისტრის თანამდებობიდან  გადადგომას ითხოვენ.
  • “ეს სისულელე ავადმყოფ თავში თუ გაჩნდებოდა”- ვასილ მაღლაფერიძე ბაჩო ქაჯაიას სამსახურიდან გათავისუფლებაზე

    გუშინ დღის ბოლოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ  ბაჩო ქაჯაიამ პროტესტის ნიშნად  საქართველოს პირველი არხი დატოვა. გაათავისუფლეს ბაჩო ქაჯაია თუ თავისი ნებით დატოვა ტელევიზია ჯერ-ჯერობით უცნობია თუმცა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი  კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს რომ ქაჯაია ანტიოკუპაციური მაისურის გამო გაათავისუფლეს.
    „მართლაც, დღეს მთელი დღე სხვადასხვა ფორმით ვრცელდებოდა ეს სიბრიყვე, ბაჩო ქაჯაიამ რუსეთზე რომ ოკუპანტი თქვა, ამის გამო სამსახურიდან უშვებენო, ზოგი ვითომ ეშმაკობდა და შეკითხვას გვისვამდა, თუმცა, მიზანი იგივე ჰქონდა – ამ სისულელის გავრცელება. ამგვარი სისულელე მხოლოდ ისეთ ავადმყოფ თავში შეიძლება გაჩენილიყო, რომელმაც დღეს გაიგო, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელსაც რუსეთთან არც ერთი ომი არ შეხებია, არ განუცდია და ჰგონია, რომ დიდი გმირობა სჭირდება რუსეთი ოკუპანტიას ძახილს.

    ცხადია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვინც ეს მხოლოდ დღეს გაიგო და ამით სპეკულირებს, ნაგავია! ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, არც საქართველოს პირველ არხზე საკუთარ თავს არავინ აკადრებს, რომ ბაჩოს ან საერთოდ ვინმეს უსაყვედუროს, რუსეთზე ოკუპანტი რატომ თქვიო. ერთი ორი შლეგი ყველგანაა და მათ სათვალავში ნუ მივიღებთ. მე მგონია, რომ არც ერთ ადამიანს, რომელიც საკუთარ გონიერებას ოდნავ მაინც პატივს სცემს, წესით ასეთი სულელები არ უნდა ვეგონოთ, თუმცა, ყველა საკუთარი სამრეკლოდან იყურება. რასაკვირველია, ჩნდება კითხვა, ვინ და რატომ ცდილობდა მთელი დღის განმავლობაში ამ უსინდისო ფეიკის აგორებას? ვინ და ის არაკეთილსინდისიერი სუბიექტები, რომლებიც შემთხვევას არ უშვებენ, რომ საქართველოს პირველი არხის დისკრეტიდაცია არ სცადონ.

    გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ისინი არც ამ განმარტებას შეისმენენ და ხვალ და ზეგ მაინც იგივეს გაიმეორებენ, ამიტომ მათთვის საყვარელ და, როგორც ჩანს, ერთადერთ გასაგებ ენაზეც დავუმტკიცებ ამ ფეიკის მომგონებლებსაც და ამგორებლებსაც: მტყუნის ….. ……! წერტილების ადგილას ასოების ჩაწერა წესით არ უნდა გაუჭირდეს, ვისაც ეს ეხება“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

    შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “ღამის შოუ პირველზე”  წამყვანმა ბაჩო ქაჯაიამ მხარდაჭერა გამოუცხადა საზოგადოების პროტესტს და დაგმო რუსი დეპუტატების ვიზიტი პარლამენტში. წამყვანის განცხადებით, შემოქმედებითი ჯგუფი ასევე გმობს 20 ივნისს აქციის დაშლის  ფორმას. ტელემიმართვისას, ბაჩო ქაჯაიას ანტისაოკუპაციო, მავრთულხლართებიანი მაისური ეცვა, რომელსაც “რუსეთი ოკუპანტია” ეწერა.
  • ივანიშვილმა პროტესტის ტალღის გასანეიტრალებლად თბილისში შავი პიარის ტექნოლოგები ჩამოიყვანა

    პოლიტტექნოლოგი მოშე კლუგჰაფტი ისრაელიდან საქართველოშია. ის საქართველოს ხელისუფლების კონსულტანტია. თბილისის ერთ–ერთ რესტორანში გადაღებული მისი ფოტო სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. ის სეფი შაკედთან ერთად ღვინოს სვამს.
    ღია წყაროების ინფორმაციით შაკედი კონსალტინგური კომპანიის, Sefi Shaked and Partners–ის ხელმძღვანელია. ის პიარ სტრატეგიების დაგეგმვით არის დაკავებული. შაკედის მიერ განხორციელებულმა რამდენიმე კამპანიამ ისრაელში სკანდალები გამოიწვია. მაგალითად, კომედიურმა ვიდეორგოლებმა მოსადის მიერ ჰამასის დაჯგუფების ლიდერის მკვლელობის შესახებ.
    რაც შეეხება კლუგჰაფტს, მისი მსხვილი პოლიტიკური კამპანია საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ის ქართულ ოცნებას მეორე ტურის წინ ეხმარებოდა და ბევრი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას მის დამსახურებად თვლის. სწორედ ის იყო ავტორი აგრესიული და ზიზღზე აგებული კამპანიისა, რომელიც ხელისუფლების ოპონენტების მიმართ ხორციელდებოდა. სიძულვილის კამპანიის პარალელურად მისივე იდეა იყო დამოუკიდებელი კანდიდატის ბილბორდებზე მმართველი გუნდის მამაკაცი ლიდერების ფოტოების გამოფენაც. ის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციასაც ესწრებოდა.
    სიძულვილის კამპანიებით  ცნობილი კლუგჰაფტი ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი.
    მისი ჩამოსვლა შეიძლება ითქვას დაეტყო ხელისუფლების პიარ სტრატეგიას. ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებში და სახელისუფლო მედიაში აქტიურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ორგანიზატორების დისკრედიტაციის კამპანია.
  • “დაიღალე პუტინისგან? დაისვენე საქართველოში” – საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები აქციას აანონსებენ

    “დაიღალე პუტინისგან? დაისვენე საქართველოში”, “მე გავრილოვი არ ვარ” – ამ და სხვა სლოგანებით 9 ივლისს 14:00 საათზე რუსეთის მოქალაქეები რომლებიც საქართველოში იმყოფებიან  პარლამენტთან სოლიდარობის აქციას გამართავენ. რუსეთის მოქალაქეები  წერენ რომ მათ ძალიან უყვართ საქართველო. “საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო  და თავისუფალი ქვეყანა” წერენ რუსეთის მოქალაქეები სოლიდარობის  აქციის ღონისძიებაზე.

    აქციის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას  მხარს უჭერენ და აღიარებენ მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპაციას.

  • იუნესკომ ბაბილონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა

    იუნესკომ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად ახალი ადგილები აღიარა. პრესტიჟულ სიას ანტიკური ქალაქი ბაბილონი შეემატა.

    ერაყი 4 ათასი წლის ნანგრევების კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებას 1983 წლიდან ლობირებდა. ქვეყნის დელეგაციამ გაეროს კომიტეტის გადაწყვეტილება ბაბილონის მნიშვნელობისა და მესოპოტამიის ცივილიზაციის აღიარებად შეაფასა.

    ბაბილონის გარდა, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი კიდევ 5 ადგილს მიანიჭეს. მათ შორის ბრაზილიის სანაპირო ქალაქ პარატის ისტორიული ცენტრი, საფრანგეთის სამხრეთი და ანტარქტიდული ტერიტორიები და ისლანდიის ერთ-ერთი ეროვნული პარკი.

  • “ჩემი გადაწყვეტილება ტკივილით იყო სავსე“– ნინო ქათამაძე რუსეთში გამოსვლაზე უარის შესახებ BBC-ს ესაუბრა

    ბიბისი–ს რუსული რედაქცია მომღერალ ნინო ქათამაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს და წერს, რომ მისმა გადაწყვეტილებამ აღარ იმღეროს რუსეთში, მძაფრი რეაქცია და რუსულ სოციალურ ქსელებში განრისხებული კომენტარების ნიაღვარი გამოიწვია.

    ინტერვიუში ნინო ქათამაძე ყვება, რამ გადააწყვეტინა სწორედ ახლა რუსეთში გამოსვლაზე უარის თქმა და საუბრობს თბილისში მიმდინარე პროტესტზე, რომელსაც მან მხარი საჯაროდ დაუჭირა.

    22 ივნისს ქათამაძე მოსკოვში, ფესტივალ “Усадьба Jazz”–ზე გამოვიდა, რომელიც მისი თქმით ბოლო გამოსვლა იყო. 30 ივნისს კი ფეისბუქზე დაწერა, რომ რუსეთში აღარასოდეს იმღერებს, რუსეთს ოკუპანტი უწოდა, ვლადიმერ პუტინს კი საქართველოს, და შესაბამისად მისი მტერი.

    Crocus City Hall–ის წარმომადგენელი ამბობს, რომ მოსკოვში მომავალი წლის მარტისთვის დაგეგმილი კონცერტის ბილეთები ჩვეულებრივად იყიდება და ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში ქათამაძეს კონტრაქტის მიხედვით პირსაგამტეხლოს გადახდა მოუწევს.

    ნინო ქათამაძე ბიბისისთან საუბარში ამბობს: ეს გადაწყვეტილება 30 მაისს არ მიმიღია.ეს 2008 წელს დაიწყო.

    “რუსულ ქართული ომის შემდეგ მივიღე მონაწილეობა აქციაში “ნუ ისვრი!„. იმ დროს მჯეროდა და მჯერა, რომ დიალოგი საუკეთესო ხერხია რომ ადამიანებს პირდაპირ კითხო მათი დამოკიდებულების შესახებ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად ომის, ძალადობის მიმართ. ამიტომაც მივიღე მაშინ გადაწყვეტილება რომ პირდაპირი კავშირი მქონოდა რუსეთში მცხოვრებ ადამიანებთან. ვთვლიდი და ვთვლი, რომ თუ ამ რთულ ნაბიჯს დგამ და მიდიხარ ქვეყანაში, სადაც სხვაგვარად, მათ შორის სრულიად არაადეკვატურად ეკიდებიან შენს ქვეყანას, შენს სამოქალაქო პოზიციას, ეს რამეს უნდა ემსახურებოდეს, სიყვარულის და სიკეთის გაცვლას.

    2008დან 2019 წლამდე, მთელი ეს პერიოდი არ წყდებოდა ოკუპაცია, მკვლელობა, ადამიანების წამება, საზღვრების ჩაკეტვა, იმ დროს, როცა ჩემი ინფორმაციით საქართველოს ხელისუფლება ღია იყო ურთიერთობისთვის. ჩავთვალე, რომ მისიამ, რომელიც ჩემს მუსიკას ქონდა მნიშვნელობა დაკარგა. მთავარი პრობლემა მეორე და მესამე პლანზე გადავიდა და საერთოდ აღარ იყო ჩვენს დღის წესრიგში. მე, როგორც მოქალაქეს, როგორც ქართველს არ მქონდა უფლება ჩემი მსმენელის წინაშე ყალბი ვყოფილიყავი და არ გამეთვალისწინებინა ის მოვლენები, რაც აქამდე ხდებოდა. არ შემიძლია სიყვარულზე უსიყვარულოდ ვიმღერო, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება.“– ამბობს ნინო ქათამაძე.

  • “მესამე მოთხოვნა ისევ დასაკმაყოფილებელია და არ ვაპირებთ გაჩერებას”- გიგა მაქარაშვილი

    თავისუფალი თაობის თავისუფლების მარში – უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან მე-17 დღეს სისხლიანი 20 ივნისის მთავარი შემოქმედის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით კიდევ ერთი მსვლელობა გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

    „ჩვენი მესამე მოთხოვნა ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელია და ველოდებით, იმიტომ, რომ არ ვაპირებთ გაჩერებას. ვიქნებით ძალიან ბევრნი, იმიტომ, რომ შაბათია და ადამიანებმა კულტურაც შეიცვალა, ოჯახებით მოდიან, რაიონებიდანაც ჩამოდიან ადამიანები და ძალიან მჯერა, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება შედეგი, იმიტომ, რომ არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში ასეთი სამართლიანი პროტესტი, რომელიც გამარჯვებით არ დასრულებულა,“ – ამბობს აქციის ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი.

    თავისუფლების მარში საღამოს 7 საათზე, პარლამენტის შენობიდან დაიწყება და ქვეყნის მთავარი მმართველის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდება.

    გიგა მაქარაშვილის თქმით, არ იცის, იქნება თუ არა ივანიშვილი თავის რეზიდენციაში, თუმცა, მომიტინგეები მივლენ და მთავარ მოთხოვნას მის სახლთან კიდევ ერთხელ გაახმოვანებენ.

    „ბიძინა ივანიშვილი დაგვხვდება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, როგორც წესი, ერიდება ხოლმე ბევრ ადამიანთან ურთიერთობას, მით უმეტეს, ამდენ გაბრაზებულ ადამიანთან, რომელიც არ აპირებს რეალურად, მას სახლში შეუვარდეს ან რამე დაუშაოს, უბრალოდ, ეშინია და როგორც ვიცი, ყოველდღიურად ჭორვილაში მიდის, გურიაში მიდის თავის სახლში. თუმცა, გურიაშიც ელოდებიან, შეკვეთილში, მას მუდმივად, იქ ადამიანები შიმშილობენ,“ – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

    პარალელურად, ისევ უწყვეტ რეჟიმში გრძელდება რუსთაველის გამზირზე შიმშილობის აქციაც.

  • მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა

    მცხეთაში ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა ამობრუნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ცნობით, მძღოლმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა და მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.