Category: არქივი

  • „თქვენ მე საქართველოში ძეგლი უნდა დამიდგათ” – გენადი ონიშჩენკო

    რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „ედინაია როსიას“ წევრის თქმით, ქართული პროდუქციის ხარისხი სანიტარული სამსახურისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

    რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მთავარი შემსრულებელი იყო, ახლა რუსეთის დუმის დეპუტატია და ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი რუსეთის დელეგაციიდან, საქართველოს კიდევ უფრო მკაცრად დასჯას მოითხოვს. გენადი ონიშჩენკო ქართველებს მისი ძეგლის დადგმას სთხოვს.

    „თქვენ მე საქართველოში ძეგლი უნდა დამიდგათ, რადგან მე შევინარჩუნე თქვენი მეღვინეობის ეროვნული კულტურა. რაც შეეხება, ახლანდელ სიტუაციას, ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ უნდა ავკრძალოთ, მაგრამ რუსეთში მივიღეთ კანონი, რომელიც არ ეხება პროდუქციის უსაფრთხოებას, არამედ თუ ჩვენ ვხედავთ არამეგობრულ ქმედებებს სხვა ქვეყნისგან, ჩვენს მთავრობას შეუძლია ხარისხისგან დამოუკიდებლად, აკრძალოს იმპორტი,“ – განაცხადა ონიშჩენკომ.

  • ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს კონცერტი აღარ ჩატარდება

    როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლუბ UP2U-ს მფლობელმა ირაკლი ფირანიშვილმა განაცხადა, ბათუმში ქეთა თოფურიასა და ჯგუფ A-Studio-ს კონცერტი აღარ ჩატარდება.  27 ივლისს ჩანიშნული კონცერტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარებას უკავშირდება.

    როგორც ირაკლი ფირანაშვილი აცხადებს, რუსული ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად 1000-ზე მეტი ბილეთი იყო გაყიდული.

    „ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს, ზუსტად არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, შეეძლებათ იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ“, – აცხადებს კლუბის მფლობელი.

    ჯგუფი A-Studio და მისი სოლისტი ქეთა თოფურია წლებია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერ კონცერტებში მონაწილეობენ. 2018 წელს მომღერალი წინასაარჩევნოდ გავრცელებულ მხარდამჭერ კლიპშიც მონაწილეობდა.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ანტიოკუპაციური აქცია #სირცხვილია უკვე 2 კვირაზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი საქართველოში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტსა და პარლამენტის სავარძელში დაჯდომას მოყვა. ამის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია გაიმართა. 20-21 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა აქცია ძალის გადამეტებით დაშალა. შედეგად დაშავდა ასეულობით და დასახიჩრდა ათეულობით ადამიანი. მეორე დღიდან დემონსტრანტები შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

  • გიორგი ბარამიძე დაკითხვაზე იმყოფება

    ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებულ საქმეზე ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ბარამიძეს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხავენ.

    გიორგი ბარამიძე სასამართლოში ადვოკატის გარეშე, თანაგუნდელებთან ერთად მივიდა.

    გამოძიება ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, 20 ივნისის გავრილოვის ღამის შემდეგ დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამ ეტაპზე მოწმის სტატუსით იკითხება.

    ბარამიძის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეებს შორის პროვოკატორები იმყოფებოდნენ, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. გიორგი ბარამიძის თქმით, სწორედ აღნიშნულმა ჯგუფმა გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას.

    „იქ იყო საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი, სადღაც 15-20 კაციანი ახალგაზრდებისა, გაურკვეველი აბსოლუტურად, ნიღბიანებისა, რომლებიც როდესაც მსჯელობა მიმდინარეობდა პოლიტიკურ ლიდერებთან და შემდეგ საზოგადოებასთან, წავიდეთ თუ არა მოსალაპარაკებლად, ისინი ყველაზე აგრესიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეას და შემდეგ ერთ-ერთი მოწინავეები იყვნენ, ვინც პოლიციასთან ჯაჯგური დაიწყო.

    ბუნებრივია, ამ პროკურატურის და შსს-ს მიმართ, რომელიც იქცა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურად, ისევე, როგორიც ივანიშვილის ჯიბის შინაგან საქმეთა სამინისტროდ და ასევე ეს სასამართლოც ჯიბის არის, მაგრამ აქ უპირატესობა ის არის, რომ ცოტა მეტი საჯაროობაა და საზოგადოებას უფრო მეტი საშუალება აქვს, ნახოს, რა კითხვებს გვისვამენ და ასევე ისიც, რა კითხვებს ვპასუხობთ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

  • ივანიშვილის სახლთან მოშიმშილე აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს

    შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე შიმშილობის აქციაზე ერთ-ერთი მოშიმშილე, მარად შავაძე შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანა.

    შავაძეს დაბალი არტერიული წნევა და სისხლში გლუკოზის ვარდნა დაუფიქსირდა. სამედიცინო მომსახურების მიღების შემდეგ ის აქციაზე დაბრუნებას და შიმშილობის გაგრძელებას გეგმავს. თუმცა, ექიმების რეკომენდაციით, სასურველია, აქციის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტონ.

    გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილი სახლთან, შეკვეთილში, სამი ადამიანი უკვე მე 12 დღეა, შიმშილობს.

  • ქუთაისში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი უბანში მდებარე 29-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

    ადგილობრივების თქმით, არასასიამოვნო სუნს რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობდნენ. მათი თქმით, ცხედარი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დამარხული, რომელიც ძაღლებმა ამოთხარეს, იმ დროს შენიშნეს მოქალაქეებმაც და პოლიცია გამოიძახეს.

    ამ დროისთვის მამაკაცის ვინაობა დაზუსტებული არაა, სავარაუდოდ, ის მარტოხელა იყო.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • საქართველოში პოლიტიკოსებსაც არ მიაჩნიათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად -ლეონიდ სლუცკი

    „ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში და მინდა, გითხრათ, რომ ყველას, მათ შორის პოლიტიკოსებსაც, არ მიაჩნიათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად,“ – ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.

    ლუქსემბურგში მყოფი რუსული დელეგაციის წევრები განსაკუთრებულად აგრესიულები არიან და ამბობენ, რომ ის, რაც გავრილოვის პარლამენტში მისვლას მოჰყვა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

    ლეონიდ სლუცკი თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ეხმაურება, რა დროსაც, პროტესტის გამო, რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს საქართველოს დაუყოვნებლივ დატოვება მოუწია.

    სლუცკის თქმით, რუსი დეპუტატი საქართველოში ქართული მხარის მიწვევით იმყოფებოდა.

    ლეონიდ სლუცკის განცხადებით, რუსი დეპუტატის ვიზიტის ყველა დეტალი, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოში მისვლა, ქართულ მხარესთან წინასწარ დიდი ხნით ადრე იყო შეთანხმებული.

    „საქართველო ვალდებული იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ყველა დელეგატის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოეხდინა, ეს არ გაკეთდა. ბატონი გავრილოვი მიიწვია საქართველოს პარლამენტმა, რომ სხდომა ჩაეტარებინა დიდ დარბაზში, ის დაპატიჟა საქართველოს პარლამენტმა, სწორედ ქართული მხარე იყო ინიციატორი პლენარული სესიის პარლამენტის დიდ დარბაზში ჩატარების. ეს რომ ყოფილიყო რომელიმე კინოთეატრში, ის მაინც თავმჯდომარის სკამს დაიკავებდა. რაც მოხდა იყო პროვოკაცია, რომ გამოეწვიათ სკანდალი და პროტესტი, ეს მიუღებელი და შეურაცხმყოფელია,“ – განაცხადა სლუცკიმ.

  • “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს იქნება საქართველოს შემადგენლობაში, კარგად დაიმახსოვრეთ”- რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე

    პუტინის თანამოაზრეები 20 ივნისის მოვლენებს ზუსტად იგივე შეფასებას აძლევენ, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ლუქსემბურგში მყოფი რუსული დელეგაციის წევრები განსაკუთრებულად აგრესიულები არიან და ამბობენ, რომ ის, რაც გავრილოვის პარლამენტში მისვლას მოჰყვა წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. მათივე თქმით, რუსი დეპუტატი საქართველოში ქართული მხარის მიწვევით იმყოფებოდა.

    ლეონიდ სლუცკის განცხადებით, რუსი დეპუტატის ვიზიტის ყველა დეტალი, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ქართულ მხარესთან წინასწარ დიდი ხნით ადრე იყო შეთანხმებული.

    აგრესიული რიტორიკით რუსული დელეგაცია არა მხოლოდ ქართველ ჟურნალისტებთან, არამედ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც გამოირჩეოდა.

    რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ, პეტრე ტოლსტოიმ პირდაპირ თქვა, რომ არასდროს იქნება საქართველოს შემადგენლობაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი.

    „რუსეთს არ მოუხდენია თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია, როდესაც თქვენი ე.წ. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, ამის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ ნორმალურ ურთიერთობაზე საუბარი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ისინი აღარასდროს გახდებიან თქვენი ტერიტორიები, რუსეთი მხარს დაუჭერს მათ დამოუკიდებლობას. გადაეცით ეს ყველას, ვინც ახლა თბილისის ქუჩებში ანტირუსული ლოზუნგებით დარბის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს არასდროს მოხდება,“ – განაცხადა პეტრე ტოლსტოიმ.

  • “არც ერთ ხალგაზრდას იქ პოლიტიკური დანაშაული არ ჩაუდენია”- ნათელაშვილი აქციის მონაწილეების დაკავებაზე

    სახეზე გვყავს უკვე 4 პოლიტპატიმარი – შალვა ნათელაშვილი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებას ეხმაურება.

    „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის განცხადებით, ახალგაზრდები უკანონოდ არიან დაპატიმრებულები. მათ გასათავისუფლებლად ნათელაშვილი საერთაშორისო საზოგადოებისგან სოლიდარობას ითხოვს.

    „ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, რომ ის 20 ივნისის ღამეს ქართველმა ხალხმა დაამთავრა და გადავიდა მოსკოვის დავალებით რეპრესიებზე. სახეზე გვყავს უკვე 4 პოლიტიკური პატიმარი. ჩვენ მივმართეთ მსოფლიო დემოკრატიულ საზოგადოებას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, გამოგვიცხადონ სოლიდარობა, რათა ოთხივე ახალგაზრდა სასწრაფოდ იქნას გათავისუფლებული იქიდან, სადაც იმყოფებიან უკანონოდ. ეს ზეპოლიტიკური მოტივაციაა. არც ერთ ხალგაზრდას იქ პოლიტიკური დანაშაული არ ჩაუდენია და არც არანაირი დანაშაული“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.