Category: არქივი

  • “საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც იმედებს ამყარებს მომავალზე” – ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    “საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძებნაზე,” – ეს განცხადება ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზახარიევამ ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახლაგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების მიმართ. ზახარიევა ამბობს, რომ პოლიტიკოსებმა ისე უნდა იმოქმედონ, რომ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა დაანახონ.
    „მე კარგად მახსენდება წინა წლები და ტვინის გამორეცხვის 45 წელი არის ძალიან დიდი პერიოდი და 30 წლის შემდეგაც შემიძლია, ვთქვა, რომ დიდ განსხვავებაა ჩვენსა და იმ ქვეყნების მენტალიტეტს შორის, რომელიც არ იმყოფებოდნენ საბჭოეთის ფრთის ქვეშ. დემოკრატიის გაძლიერება შესაძლებელია ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს, ამიტომ თუ არ იქნება განათლების ხელშეწყობა, მოხდება ტვინების გადინება ქვეყნიდან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ახლაგაზრდებს ნდობა ჰქონდეთ თავიანთი ქვეყნის სისტემების.
    “მათ უნდა დაინახონ, რომ აქვთ შესაძლებლობა წინ წავიდნენ. დღეს ყველაზე მოწყვლადი ახალგაზრდები არიან და მათ უფრო მეტი პრობლემები აქვთ. ძველი თაობის ადამიანები, რომლებიც ლიდერები არიან, არ უსმენენ ახალგაზრდებს, როგორც საჭიროა. ისინი კი კარგად აღიქვამენ იმ რეალობას, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეცვლას მოითხოვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, საქართველოს ჰყავს ახალგაზრდობა, რომელიც თავის იმედებს ამყარებს მომავალზე, განათლების მიღების გზით სამუშაო ადგილების მოძებნაზე. ამიტომ პოლიტიკოსებმა უნდა იმოქმედონ, რომ დაანახონ ახალგაზრდებს მეტი პერსპექტივა,“ – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზახარიევამ.
    ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. საქართველოში იმყოფება ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი და ასევე სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
  • საბურთალომ შერიფი დიდი სხვაობით დაამარცხა – ქართული კლუბის ბრწყინვალე დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე

    საქართველოს მოქმედმა ჩემპიონ ,,საბურთალომს” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სტუმრად მოლდოვას ჩემპიონი ტირასპოლის შერიფი დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა.

    მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და ქართველი გულშემატკივრის გასახარად ქართული კლუბი მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდა. ქართველთა ზეწოლას შედეგი 30 წუთზე ნიკოლოზ მალის მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩაწოდებას მოჰყვა, სადაც ოგნიერ როლოვიჩმა თაური დარტყმით ანგარიში გახსნა.

    გატანილი გოლის შემდეგაც ქართულ კლუბი აქტიურად განაგრძობდა თამაშს და პირველი ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანამდე საქმე არ მივიდა.

    მეორე ტაიმში მასპინძლებიც გააქტიურდნენ, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდათ. ამის ნაცვლად, ღიად დარჩენილი ზონებით ისევ ქართველებმა ისარგებლეს და გიორგი კოხრეიძემ ფენომენალური დარტყმით ანგარიშში სხვაობა გაზარდა, 2-0.

    ამის შემდეგ მოლდოვური კლუბი საერთოდ მოიშალა და 4 წუთში ლევან კაკუბავამ მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ტაბლოზე ანგარიში გამანადგურებელი გახადა, 3-0.

    განმეორებითი მატჩი 16 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

  • გიორგი გახარიას ინტერვიუ გადაცემა “რეაქციაში” საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება

    დღეს 11 ივლისს შს მინისტრ გიორგი გახარიას ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “რეაქციაში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებზე პასუხის გაცემა,  ტელეკომპანიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე მოუწევს. 

    როგორც  ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა "'solostudio.agency/"-ს განუცხადა  აქციის მონაწილეები "ტვ პირველის“ შენობის წინ შეიკრიბებიან  დროშებითა და სასტვენებით და ხმაურიანად გააპროტესტებენ შს მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას. გიგა მაქარაშვილი  ასევე აცხადებს, რომ  დღეს ანტისაოკუპაციო  აქციის მონაწილეებმა ბათუმში შს მინისტრს სიტყვით გამოსვლაში შეუშალეს ხელი ხოლო დღეს ტვ პირველში მის  მეორე გამოსვლასაც არ დატოვებენ ხმაურის გარეშე.  აქციის მონაწილეები 19:30 წთზე ღუდუშაურის კლინიკის შესასვლელთან შეიკრიბებიან ხოლო შემდეგ ტვ პირველის შენობისკენ გაემართებიან. 

    აღსანიშნავია, რომ უკვე 22 დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 22 დღეა დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ და დაშლას არ აპირებენ, სანამ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

    #სირცხვილია – ასე ქვია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ პროტესტს, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს.

  • თბილისში ავტომობილი ჯერ ქვეითს, შემდეგ კი მიკროავტობუსს დაეჯახა

    წერეთლის გამზირზე, ოპელის მარკის ავტომობილი ჯერ  ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, შემდეგ კი ყვითელ მიკროავტობუსს.

    თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა.

    შეჯახების შედეგად დაშავდა ყვითელ მიკროავტობუსში მჯდომი მგზავრიც.

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

  • რატომ “აპატია“ პუტინმა საქართველოს.რუსი ბლოგერი შესაძლო გარიგებაზე საუბრობს

    რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი, რომელიც საქართველოში 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებს, ბლოგს უძღვნის პუტინის რეაქციას გიორგი გაბუნიას მხრიდან ეთერში მის გინებაზე.
    მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მისთვის უჩვეულოდ “გულმოწყალედ“ მოიქცა, როცა თქვა რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო ამ ინციდენტს ყურადღებას არ მიაქცევდა.
    “რა იყო ეს ? რა ხდება?
    ბევრი დამკვირვებელი გაოცებული კითხულობდა ამ დღეებში – რა დაემართა პუტინს?
    არის რამდენიმე ვერსია, რატომ არ გაბრაზდა პუტინი.“– ამბობს რომანოვი და რამდენიმე ვერსიას ასახელებს.
    პირველ ვერსიას რუსული მედია ავითარებს და ნაციონალური ლიდერის ადამიანური თვისებებით და სულგრძელობით აღფრთოვანებულია.
    “დიდო პუტინო, რა მოწყალე ხარ, ნამდვილი განდი ხარ“ – ამბობენ ისინი.
    მეორე ვერსია, თუ რატომ არ ქონდა პუტინს საპასუხო რეაქცია წამყვანის წარმოუდგენელ და მიუღებელ ტექსტზე, რომელიც ყველა სტანდარტით და საზომით აღმაშფოთებელი იყო:
    “ამ ვერსიით პუტინი გურმანია და შურისძიების კერძის ცივად მირთმევა უყვარს. თუმცა, პუტინი საქართველოსთან მიმართებაში აქამდე ასეთ კულინარიულ სინატიფეში შემჩნეული არ ყოფილა. რამე არ მოეწონებოდა – მაშინვე სცემდა პასუხს.ახლაც, როგორც კი ვიღაც გავრილოვს აწყენინეს მეორე დღეს ავიამიმოსვლა აკრძალა.
    ვერსია, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძეს ახლა არ აქვს შანსი ისე იძიოს შური როგორც უნდა და მომენტს ელოდება, ასევე არ ასახავს რეალობას.“– ამბობს ბლოგერი.
    რა ხდება სინამდვილეში ალექსეი რომანოვის აზრით? ამის ასახსნელად ის საქართველოს უახლეს ისტორიას და საზოგადოებრივ– პოლიტიკურ ცხოვრებას მიმოიხილავს.
    “რატომ გადაყლაპა წყენა პუტინმა?იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია ახლა რომ რაღაცეები შეინარჩუნოს და დაიტოვოს. მისთვის ახლა გაბრაზება არ შეიძლება.ჩემი აზრით რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს, ან რაღაც ძალებს შორის საქართველოს და რუსეთს შორის რაღაც სერიოზული გარიგება მზადდებოდა. და რუსეთის სანქციებს და მწვავე რეაქციას შეიძლებოდა ეს გარიგება ჩაეშალა. მხოლოდ ბიზნესი, არაფერი პირადული. და როგორც გაირკვა, რაღაც მნიშვნელოვანი მოგების გამო ფურთხის ატანაც შეიძლება.
    რა გარიგება შეიძლება იყოს? რა შეიძლებოდა საქართველოს რუსეთისთვის შეეთავაზებინა?
    ვხედავთ , რომ რუსები უკვე ამბობენ, რა მოხდა მერე, საჰაერო აკრძალვის გაუქმება შეიძლება, ქართველები ხომ კარგები არიან. ალაპარაკდნენ რუსეთში ქართველებისთვის ვიზის მოხსნაზეც. რა შეიძლება რუსეთმა მიიღოს სანაცვლოდ?
    ავხსნი, რატომ ვფიქრობ რომ ეს იყო გარიგება.
    ამისთვის უნდა ვიცოდეთ რა ხდება ქართულ საზოგადოებაში კულტურულ–ისტორიულ მაშტაბში. ეს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც ხდება, თუმცა საქართველოში ახლა ეს პროცესი უფრო გამწვავებულია.
    ხდება არჩევანის გაკეთება, საბოლოო, გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება რომელი კულტურული და ცივილიზაციური მიმართულებით წავა ქვეყანა. ეს ან იქნება დასავლური ცივილიზებული ქვეყანა ყველა ატრიბუტით, ,ან იქნება ის საზოგადოება, როგორიც გვახსოვს გვიანი საბჭოთა კავშირიდან. არ ვამბობ პრორუსულს,მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთთან ჩახუტებით შეიძლება ამ ტიპის მოდელს დაუახლოვდე, არამედ ვამბობ გვიან საბჭოურს.
    აქამდე ასეთ არჩევანს საქართველოში ძლიერი, მკვეთრი იმიჯის მქონე პოლიტიკოსები აკეთებდნენ. მაგალითად შევარდნაძე, რომელიც იმ მომენტში რუსეთთან შერიგებას შეეცადა. ის მენტალურად საბჭოთა პარტიული მოღვაწე იყო.შევარდნაძის შემდეგ მოვიდა სააკაშვილი და ცეცხლით და მახვილით ნერგავდა დასავლური ცხოვრების წესს. მიათრევდა დასავლეთისკენ ძალით. შეიძლება ეს არჩევანი მაშინ მთელ საზოგადოებას არ გაუკეთებია. შესაძლოა ამის გამოც არ უყვარდათ მაშინ სააკაშვილი. თუმცა ამჟამად არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში არ არის ერთი პოლიტიკოსიც კი, რომელიც ქარიზმით, შესაძლებლობებით ახლოს მაინც იქნება სააკაშვილთან. და ახლა ამ არჩევანს თავად საზოგადოება აკეთებს, პოლიტიკოსების მხრიდან ბიძგის და ხელშეწყობის გარეშე. საქართველოში საზოგადოება აკეთებს ცივილიზაციურ არჩევნებს. ასაკობრივად მენტალური განსხვავება საქართველოში ძალიან იგრძნობა. 40 წელს ზევით ადამიანები უფრო მეტად საბჭოური ცხოვრების წესს ემხრობა, ახალგაზრდა თაობა კი დასავლური კურსის მომხრეა.
    ამჟამინდელი ქართული ხელისუფლება, რომელიც სააკაშვილის, რეფორმების უარყოფით მოვიდა ხელისუფლებაში, იდეურად, შინაგანად, სულიერად, მორალურად, ცივილიზაციურად, იმ პრაქტიკების გათვალისწინებით, რომლებიც გამოავლინეს, მაგალითად კორუფცია – უფრო საბჭოთა კავშირისკენ არიან, თუმცა მემკვიდრეობით ერგოთ პროდასავლური რიტორიკა – ევროკავშირში და ნატოში სწრაფვა. ხალხი გრძნობს, რომ რიტორიკით ხელისუფლება პროდასავლურია, მაგრამ რეალურად თავი რუსეთისკენ აქვს შებრუნებული, რომელიც გვიან საბჭოთა კავშირს განასახიერებს. ეს უფსკრული სულ უფრო აშკარა და მოუთმენელი ხდებოდა.
    ამბობ ერთს და აკეთებ მეორეს. ეს ფალში ყველაზე კარგად ახალგაზრდებმა იგრძნეს და სწორედ მათ გააპროტესტეს პირველებმა. ეს ახალგაზრდობა თვლის, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ასეც არის.
    ისინი, ვინც ცხოვრების საბჭოური ფორმატის წინააღმდეგები არიან, თვლიან , რომ რუსეთის უარყოფით ამ ფორმატზე ამბობენ უარს.ცხადია, რომ ის ძალები, რომლებსაც საქართველოში არ უნდათ საბჭოთა კავშირი, ცდილობენ რუსეთი და საქართველო დააპირისპირონ, იმიტომ რომ რუსეთის არჩევანი ავტომატურად საბჭოთა კავშირის არჩევანს ნიშნავს.
    თუმცა საქართველოს ხელისუფლება პირიქით, ამ სივრცეში მოხვედრის მომხრეა. ისინი ერთი სისხლის არიან. ივანიშვილი რომელიც ქართულ პოლიტიკაში ყველაფერს განსაზღვრავს, რუსი მლიარდერია. თავისი მილიარდები 90–იანების რუსეთში იშოვნა.
    ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უფრო ახლობელი და მისაღებია რუსული სივრცე. და როგორც ჩანს ბოლო წლებში მათ იპოვნეს რაღაც გადაწყვეტა – როგორ შეიძლება ჩაეხუტო რუსეთს და ამასთან, დასავლური რიტორიკა გქონდეს, რადგან იძულებული ხარ.
    რა გააკეთეს არ ვიცი. თავში რაც მომდის: ალბათ მოლაპარაკებები ქონდათ, ალბათ რაღაცას შეპირდნენ. ვერ ეტყოდნენ, რომ პირდაპირ ევრაზიულ კავშირში შემოვალთ, იმიტომ რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია და ამას არ დაუშვებს, მაგრამ მაგალითად ანაკლიის პორტის მიცემა რუსი ინვესტორებისთვის, ან ჩვენი ხელისუფლების სასურველი პირებისთვის. შესაძლოა სწორედ ეს პორტი იყო ამ საკითხში მთავარი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი შეცვალოს საქართველოში და შავ ზღვაზე. შესაძლოა სწორედ ეს არის გარიგების მთავარი თემა, რომლის დაკარგვა პუტინს არ უნდა და რის გამოც მოითმინა შეურაცხყოფა. “– ამბობს რუსი ბლოგერი.
  • მასწავლებელთა გამოცდაზე ორმა პედაგოგმა „შპარგალკა“ შეიტანა, ერთი კი არაფხიზელი მივიდა

    მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე 2 მასწავლებელი ე.წ შპარგალკით, ერთი კი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა.

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მასწავლებელთა 2019 წლის გამოცდებზე დაგვიანებებისა და გამოცდიდან მოხსნის შესახებ სტატისტიკა EDU.ARIS.GE-მ გამოითხოვა.

    მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდები 10 ივლისს დაიწყო.

    ორი დღისთვის ეს მონაცემებით, კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 10-11 ივლისს, სამივე სესიაზე, 81%-ზე მეტი გამოცხადდა. იყო დაგვიანების 9 შემთხვევა. სესიებიდან 3 აპლიკანტი მოიხსნეს, აქედან ორ შემთხვევაში მოხსნის მიზეზი დამხმარე მასალის გამოყენების მცდელობა, მესამე შემთხვევაში კი არაფხიზელი მდგომარეობა იყო.

  • გადახდა რუბლებში-თბილისში გასაქირავებელი სკუტერები გამოჩნდა

    თბილისში გასაქირავებელი სკუტერები გამოჩნდა.

    სერვისით სარგებლობისთვის ანგარიშსწორება  რუბლებში ხდება, ხოლო სკუტერის მოხმარების ინსტრუქციას დამქირავებელი რუსულ ენაზე წაიკითხავს.

    ამ ფაქტს უკვე მოჰყვა აჟიოტაჟი. თბილისში მცხოვრებლები სერვისის  რუსული ვალუტით სარგებლობას აპროტესტებენ.

  • “ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს ახალგაზრდებმა კი აქციები უნდა შეწყვიტონ”- ხუხაშვილი

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასა და ახალგაზრდების მიერ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციების შეწყვეტაში ხედავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს 

    “მონოლოგების კაკაფონიით სმენადახშულები მივუახლოვდით იმ სახიფათო ზღვარს, რომლის იქითაც ჩვენი „სიმართლის გატანის ჟინმა“ და პოლიტიკურმა ამბიციებმა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ქართული სახელმწიფო.
    დადგა დრო, რომ დავბრუნდეთ ჩარჩოებში, რომელშიც „პოლიტიკური ინტერესი მთავრდება იქ, სადაც იწყება სახელმწიფო ინტერესი“.
    ყველამ გავიხსენოთ, რომ ქვეყანას, ჩვენ ყველას ერთად, მომავალ წელს ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები, რომელიც არის ერთადერთი ცივილიზებული გზა რეალური ცვლილებებისთვის, ისე რომ სახელმწიფო არ გადავჩეხოთ მორიგი ტოტალური დაპირისპირების უფსკრულში. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მისი გამარჯვება უკვე ახლოს არის. დაპირისპირების გაგრძელების ნებისმიერი სცენარით აუცილებლად ისარგებლებს მტერი და ყველა დავმარცხდებით. ამის მცირე დემო-ვერსია უკვე ვიხილეთ ბოლო დღეებში.
    ამისათვის, ყველამ უნდა დავთმოთ რაღაც და ვიპოვოთ მისაღები კომპრომისი.
    ჩემი მხრიდან გთავაზობთ შემდეგს.
    1. ხელისუფლება აღადგენს ქვეყანაში ინსტიტუციურ წესრიგს. ძალაუფლება, ბიძინა ივანიშვილის სახით, დაბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია, ანუ პრემიერ-მინისტრის სავარძელში და ამ სტატუსით გახდება 2020-ის პროპორციული არჩევნების კონკურენტულ, ჯანსაღ გარემოში ჩატარების გარანტი.
    2. ახალგაზრდები წყვეტენ აქციებს, იმ პირობით, რომ რაღაც ფორმით უზრუნველყოფილი იქნება მათი ჩართულობა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების პროცესში. უნდა ესმოდეთ, რომ მათ უკვე აჩუქეს საქართველოს პროპორციული არჩევნები და შესაბამისად გაღებული მსხვერპლი ფუჭი არ არის. რაც შეეხება გახარიას, დღეის მდგომარეობით ის უკვე ხელისუფლების თავის ტკივილია და არა მათი. დროა დაიწყონ სტრუქტურირება და სახელმწიფოებრივი განვითარების საკუთარი ხედვები ხალხს გააცნონ.
    3. პოლიტიკური ელიტა დაჯდეს მაგიდასთან და კონსტიტუციით გაამაგროს მთავარი მონაპოვარი – პროპორციული არჩევნები.
    ვაჩვენოთ მტერსაც და მოყვარესაც, რომ ჩვენ ერთნი ვართ იქ, სადაც ქართული სახელმწიფოს კეთილი მომავალია.”- წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში