Category: არქივი

  • “ქართველები ევროკავშირისგან ივანიშვილის გაფრთხილებას მოითხოვენ, რომ კანონი და წესრიგი უნდა აღდგეს”-ოქუაშვილი

    “საქართველოს მოსახლეობა დონალდ ტუსკისა და ევროკავშირისაგან ითხოვს, ივანიშვილის რეჟიმი გააფრთხილოს, რომ კანონი და წესრიგი უნდა აღდგეს,”- ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ღია მიმართვას ავრცელებს და ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

    “მივესალმები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის საქართველოში ჩამოსვლას. მისი ვიზიტი ძალიან დროულია. ქართველი ხალხი ელის მისგან სიტყვას ევროპულ ფასეულობებზე, რომლებიც კანონის უზენაესობას, პიროვნების პატივისცემას, საკუთრების უფლების დაცვას, კორუფციასთან, ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების ძალადობასთან ბრძოლასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას მოიცავს. საქართველო კვლავ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი სახელმწიფოა და ამგვარად ქართველი ხალხი იმედოვნებს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მხედველობაში იქონიებს ამ ფასეულობებს და აიღებს ვალდებულებას, რომ დაუბრუნოს ისინი ხალხს. საქართველოს მოსახლეობა დონალდ ტუსკისა და ევროკავშირისაგან ითხოვს, ივანიშვილის რეჟიმი გააფრთხილოს, რომ კანონი და წესრიგი უნდა აღდგეს”- ნათქვამია მიმართვაში.

  • შოთა დიღმელაშვილმა უსუფაშვილს ბოდიში მოუხადა

    ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა  “შენების მოძრაობის“ ლიდერს დავით უსუფაშვილს  ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

    “ემოციურად დამუხტულ ატმოსფეროში, გაღიზიანებულმა, დავით უსუფაშვილი უსამართლოდ, მკაცრად განვსაჯე. არ ვიყავი უსიამოვნო მომენტის შეფასებაში მართალი და საჯაროდ ვუხდი მას ბოდიშს. არ იმსახურებდა ჩემგან ასეთ სიტყვებს.”-წერს დიღმელაშვილი.

    დიღმელაშვილის პოსტს იქვე გამოეხმაურა  დავით უსუფაშვილი და განაცხადა, რომ საბოდიშო არაფერია.

    “შოთა, ნამდვილად და არა პოზირებისთვის, საბოდიშო არაფერი გაქვს ჩემთან. ასეთ დაძაბულ დღეებში ბევრი გაუგებრობა ხდება ხოლმე… ქვეყნის სწორად დალაგების საქმეს შეჭიდებულები ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგებასაც ყოველთვის შევძლებთ. წარმატებები!“ – დაწერა  უსუფაშვილმა.

    შეგახსენებთ, შოთა დიღმელაშვილმა უსუფაშვილს მოღალატე უწოდა.

    “გაცნობაც ვერ მოვასწარით, არა თუ დამეგობრება და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო.უსუფაშვილი, სვეშჩამი!-განაცხადა დიღმელაშვილმა.

  • გია კორკოტაშვილი პარტიას ქმნის და დეპუტატობისთვის ემზადება

    სამოქალაქო აქტივისტი გია კორკოტაშვილი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. როგორც კორკოტაშვილი აცხადებს, მის მიერ დაფუნძნებული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

    “საქართველოში არსებულმა არასახარბიელო პოლიტიკურმა მდგომარებამ, რომელიც წლებია უკვე უიმედოდ გრძელდება და საქართველოს ყველა მხარეში მრავალი ჩვენი მხარდამჭერის სურვილმა და მოთხოვნამ გადაგვაწყვეტინა, რომ ამა წლის სექტემბერში, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მისია” გადაკეთდეს პოლიტიკურ მოძრაობად, რომელიც მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას! საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ქართული მისია” დაფუძნდა 2015 წლის 17 აპრილს (თავმჯდომარე, გია კორკოტაშვილი).

    დამფუძნებლებმა ნათლად დავინახეთ, რომ აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება, რათა ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოსი ხერხემალია! “ქართული მისია” დაარსების დღიდანვე შეუდგა აქტიურ მოქმედებას და კვლავაც ვაპირებთ გაასკაცებული ენერგიით განვაგრძოთ ჩვენი საქმიანობა, რადგანაც ქვეყანაში ბევრი გადაუჭრელი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემაა ყველა სფეროში, რასაც ვერ შევეგუებით! “ქართული მისიის” მიზანი და ამოცანაა, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, შევუნარჩუნოთ საქართველოს, ქართველ ხალხს ის კულტურულ-საგანმანათლებლო, ზნეობრივ-მორალური, სოციალ-ეკონომიკური როლი და მნიშვნელობა, როგორიც მას ჰქონდა ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში და რომელიც ნაწილობრივ დაკარგა წინა პოლიტიკური რეჟიმების მმართველობის დროს და დღესაც, სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება!

    “ქართული მისიის” წევრები ჩვენი საზოგადოების შემადგენელი ნაწილი ვართ და პირდაპირ თუ ირიბად ვმონაწილეობთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ გვაქვს, ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია ამათუიმ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ქართული სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე! “ქართული მისია”, პრიციპულად ეწინააღმდეგება საქართველოს ჩართვას ზესახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ჩვენი სამშობლოს გადაქცევას, მათი გეოპოლიტიკური “შეჯახების პოლიგონად”! ჩვენი გვწამს და გვჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან, მათ შორის, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, როდესაც მოხდება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, არანაირი საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს არც ერთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს! საქართველო უნდა გადაიქცეს სიმშვიდის, პოლიტიკური სტაბილურობის, ეკონომიკური წინსვლის და რეგიონალური უსაფრთხოების ოაზისად, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების წინაპირობა იქნება!

    “ქართული მისია” მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ორიენტაციას, ჩვენ იგი გვესმის, როგორც – სწრაფვა სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ, ინტენსიური ტექნოლოგიური პროგრესისკენ, ეფექტური აგრარულ-ინდუსტრიული წარმოებისკენ, მეცნიერების, განათლების, ეროვნული კულტურის განვითარებისკენ, ქვეყნის მოსახლების ცხოვრების დონის და სოციალური ხარისხის ამაღლებისკენ! “ქართული მისიისთვის” კატეგორიულად მიუღებელია “ევროპული ინტეგრაციის” ისეთი გაგება, რომელსაც უკვე ათწლეულებია ქვეყნის მოსახლეობას თავს ახვევენ მმართველი ხელისუფლებები და სხვადასხვა სახელის მქონე ულტრალიბერალური (“ლიბერასტული”) იდელოგიის მატარებელი და უხვად დაფინანსებული ანტიეროვნული პოლიტიკური ჯგუფები და “ენჯეოები”!

    “ქართული მისიისთვის” აბსოლუტურად მიუღებელია: ეროვნული კულტურის მივიწყება, უზნეობის (სოდომიზმის) პროპაგანდა და ახალგაზრდა თაობის მორალური გახრწნა, ჩვენი ერის გმირული ისტორიული წარსულის და ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესის და მოღვაწეობის უარყოფა! “ქართულ მისიას”, შეგნებული და გათვითცნობიერებული აქვს, რომ საქართველო კავკასიის ცენტრს წარმოადგენს და ჩვენ უძველესი კავკასიელები ვართ, ამ სივრცის განუყოფელ ნაწილს წარმოვადგენთ. გამომდინარე აქედან, უწინარესად საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენ თანმიმდევრულად უნდა დავიცვათ ის ნორმები და პრინციპები, რომლებმაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე განსაზღვრეს ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, ფსიქო-კულტურული თავისებურება, ერის გენეტიკური კოდი, მისი სახე და სული!

    “ქართული მისია”, სხვა პატრიოტულ ორგანიზაციებთან ერთად ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა და ღებულობს მრავალათასიან თუ მცირერიცხოვან საპროტესტო აქციებში, რომლებიც უდიდესი მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის: ქართული ოჯახის სიწმინდის დაცვის, ერთნაირსქესიანთა “ქორწინების” დაკანონების, ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის, ანტისაიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების, უცხოელი არალეგალების შეჩერების და დეპორტაციის, გეიპროპაგანდის და ნარკოტიკების ლეგალიზაციის, კულტურულ-რელიგიური ძეგლების დაცვის (დავით გარეჯა და სხვა), ოკუპაციის წინააღმდეგ გამართული აქციები! და ბოლოს, “ქართული მისიის” წევრების ყველა სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტიურობა თანხვედრაში იყო, არის და იქნება ჩვენს დედაეკლესიასთან, რადგანაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ლოცვა-კურთხევას ჩვენთვის შეუფასებელი მნიშვნელობა ენიჭება!!!“, – აცხადებს გია კორკოტაშვილი.

  • ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გაათავისუფლეს

    ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული გიორგი მერებაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადა ამოეწურა.მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას გადახედა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

    „სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვიანებული, მაგრამ ობიექტურია”, – განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

    ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილს პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 17 ოქტომბერს შეუფარდა.ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალი გიორგი მერებაშვილის გარდა, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას აქვთ წაყენებული.

  • ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა კონფერენციის ევროპელ სტუმრებს სიმბოლური მაფინები დაურიგეს

    ბათუმში სასტუმრო შერატონში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც მაღალი რანგის ევროპელი სტუმრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.

    პარალელურად კი სასტუმროს შესასვლელთან ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს, რომლებიც ოკუპაციას და 20 ივნისს აქციის  დაშლის დროს ძალის გადამეტებას  აპროტესტებენ. 

    აქციის მონაწილეებმა, შესვენების დროს სასტუმროსთან გამოსულ უცხოელ სტუმრებს მიმართეს და განუმარტეს თუ რას აპროტესტებენ ისინი.

    შემდეგ კი   ახალგაზრდებმა  კონფერენციის ევროპელ სტუმრებს სიმბოლური მაფინებით უმასპინძლეს. მაფინებზე მეგობრობის აღსანიშნავად  საქართველოსა და ევროკავშირის დროშები იყო გამოსახული.

  • მიხეილ კალანდიას ადვოკატი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

    მიხეილ კალანდიას ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში  მიმდინარეობს.

    სხდომის დახურვის შუამდგომლობა   პროკურატურორმა იმ მიზეზით დააყენა, რომ  მათ მოუწევდათ არასრულწლოვნების პერსონალური ინფორმაციის გაჟღერება, ასევე გარკვეულ მტკიცებულებებზე საუბარი, რომელიც მკვლელობის ძირითად საქმეშია. შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა.

    დაცვის მხარე  დღეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, მიხელ კალანდიას პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს. ანა კოტეტიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

    „დღეის მოცემულობით, რაც საბოლოოდ გავცვალეთ ბრალდების და დაცვის მხარემ მტკიცებულებები ახალი ამ ეტაპზეც არაფერი არ არის. უბრალოდ ახლიდან არის გამოკითხული რამდენიმე მოწმე, რომელიც ახალს ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერს არ ამბობს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა დაცვის მხარეს აქვს მოტივირებული პოზიცია, თუ რატომ უნდა შეიცვალოს გამოყენებული პატიმრობა,“-განაცხადა ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ყოველთვიური აბონემენტები გაიყიდება

    თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ადამიანი ერთი ბილეთით ან აბონემენტით შეძლებს, როგორც მეტროს, ისე ავტობუსის და მცირე ზომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადახდას. მისი თქმით, ხალხს არ უნდა უწევდეს ცალ-ცალკე თანხის გადახდა. როგორც ცნობილი გახდა, ამ სქემაში, შესაძლოა, საბაგიროც ჩაერთოს.

    “როგორც საზღვარგარეთ არის „ოფციები“ ასარჩევი, ისე იქნება აქაც, რასაც გინდა იმას იყიდი. გექნებათ საშუალება, რომ ერთი ავტობუსის ბილეთი იყიდოთ, თუ ძირითადად ერთი ავტობუსით გადაადგილდებით, ან იყიდოთ ავტობუსს პლუს მეტრო, ან ავტობუსს პლუს სამარშრუტო ტაქსი. თქვენ თავად აირჩევთ „ოფციას“. თუ იცით, რომ ყოველდღე მოდიხართ მერიაში, იყენებთ „დელისის“ მეტრომდე სამარშრუტო ტაქსს, შემდეგ ავტობუსს ან მეტროს, იყიდი ამ მარშრუტის ბილეთს. ასევე გვექნება ერთჯერადად ბილეთების ყიდვის საშუალებაც სხვა მიმართულებებზე. მიზანი არის ის, რომ ზუსტად იცოდეს მოსახლეობამ რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ ადგილზე მისასვლელად. მეტროდან რომ ადამიანი ამოვა, მან უნდა იცოდეს რა დროში მოვა ავტობუსი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

    ერთთვიანი აბონემენტების დანერგვა 2021 წლიდან იგეგმება.

  • ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, ჯართში ჩააბარებენ

    ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თბილისის მერია ჯართში ჩააბარებს.

    ამის შესახებ ბითაძემ “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.

    “ავტობუსები, რომლებიც ვერ გაივლიან ტექნიკურ ინსპექტირებას ჩანაცვლების მომენტში, ან ისეთი ავტობუსები, რომლებიც ვიცით, რომ ხშირად ექვემდებარებიან შეკეთებას, რაც არახარჯთსარგებლიანია როგორც გარემოს დაცვის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, ასეთი ავტობუსები, ბუნებრივია, ჩამოიწერება საერთოდ და მოხდება ჯართში ჩაბარება”, — ამბობს ბითაძე.