Category: არქივი

  • argadadge.ge – გიორგი გახარიას მხარდასაჭერად ვებ-გვერდი შეიქმნა

    argadadge.ge – ასე ჰქვია ვებ-გვერდს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას სთხოვენ არ გადადგეს.

    “მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას”, – მითითებულია გვერდზე.

    ამ ეტაპზე გახარიას მხარდამჭერების რაოდენობა, რომლებიც ითხოვენ არ გადადდგეს შს მინისტრი 5975-ს შეადგენს.

    აღსანიშნავია, რომ პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია ფეისბუქის საშუალებით, რაც არარეალური მომხმარებლების ე.წ. “ფეიქების” არსებობას არ გამორიცხავს. ამას მოწმობს ხელმომწერთა შორის იმ ფეისბუქ ანგარიშების სახელწოდებაც, რომლებსაც შემდეგი სახელები ქვიათ:  Граф Монте Кристо, კოლხურ იბერიული ორდენი, ليكا ليكا, ერნესტო ჩე-გევარა, ყველაფერი საუკეთესო, にな ガビリ ワト, კოლხი კაცი, შემოსავლიანი ინტერნეტ სერვისი, 和 野, არმაზ ზევსის ძე გარდაბნელი, Kirchxibi, უფაალო გაძლიერე საქართველო ამინ, Спартак Кудба, აკაკი ბასლანძე ცხუმ-აფხაზეთი, ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ნამცხვრები ტორტები საჩხერეში, Çiğdem Merttürk

  • საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და გერბი კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადდა

    ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივით, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო გერბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.

    “ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივით საქართველოს ყოფილი სახელმწიფო დროშა და საქართველოს ყოფილი სახელმწიფო გერბი გამოცხადდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართვის და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშას (ესკიზი), რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში და საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბს (ესკიზი), რომელიც ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, მაგრამ დაცულია საქარტველოს ეროვნულ არქივში მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი.”- ნათქვამია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • “აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო” – გერმანიის სახელმწიფო მინისტრი

    „აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო,“ – ეს განცხადება, გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაილ როთმა გააკეთა.

    გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა.

    „ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერია. მინდა მკაფიოდ გითხრათ, აღმოსავლეთ ევროპა არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო. მიუხედავად ამისა, რუსეთი რჩება ჩვენს მეზობელ ქვეყნად. გვჭირდება ღია, კონსტრუქციული დიალოგი იმისთვის, რომ უთანხმოებები გადავლახოთ. ევროგაერთიანება, პირველ რიგში, არის საერთო ღირებულებების კავშირი, ამიტომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო, კორუფციასთან ბრძოლა და უმცირესობების პატივისცემა, მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მოვუწოდებ სამოქალაქო საზოგადოებას, გახდეს ამ პროცესის მთავარი ნაწილი, ტრანსფორმაცია გრძელი და რთული გზაა, მაგრამ ბოლოს ღირებულ შედეგს ვიღებთ,“ – განაცხადა მიხაილ როთმა.

  • შს მინისტრი ბათუმის კონფერენციიდან მოხსნეს – გახარია იზორიამ ჩაანაცვლა

    შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმის კონფერენციის დღის წესრიგიდან მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

    “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით,პროგრამაში ეწერა,კონფერენციაზე  რომ გახარია დღეს სიტყვით უნდა გამოსულიყო და დისკუსიის რეჟიმში კონფერენციის ქართველი და უცხოელი სტუმრების კითხვებზე ეპასუხა.

    გიორგი გახარიას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე უნდა ესაუბრა. თუმცა, მოულოდნელად, პროგრამაში ცვლილება შევიდა და გახარია კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩაანაცვლა.

    მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შს მინისტრი ლევან იზორიათი ჩანაცვლების შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

  • მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

    აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის რეაქციას გამოეხმაურა. ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.
    “აშშ შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა “ამერიკის ხმის” სპეციალურ კორესპონდენტს სინდი სეინს განუცხადა.
    „ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან.
    ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია”, – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.
  • წითელი სახვევი ვაჟა-ფშაველას ბიუსტს და მიმართვა ევროსაბჭოს პრეზიდენტს – აქცია პერფომანსი ბათუმში

    ბათუმში, ვაჟა- ფშაველას ბიუსტს თვალზე წითელი სახვევი გაუკეთეს და პროტესტი გახარიას მიმართ ამ ფორმით გამოხატეს.

    აქცია-პერფორმანსი მას შემდეგ შედგა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფორუმზე მყოფმა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, სიტყვით გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას ციტირება მოახდინა.

    მათ ევროსაბჭოს პრეზიდენტს განცხადებით მიმართეს.

    „ბატონო ტუსკი,

    – საქართველოს მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას!

    – ის სამ კვირაზე მეტია, უგულვებელყოფს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე!

    – ის ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს, ასახიჩრებს ახალგაზრდებს და სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას!

    – საქართველოს მთავრობას არაფერი აქვს საერთო ვაჟა-ფშაველასთან, შოთა რუსთაველთან, სხვა ქართველ, პოლონელ, ფრანგ, გერმანელ მწერლებთან, განმანათლებლებთან!

    – საქართველოს მთავრობას არ ესმის საკუთარი მოქალაქეების!

    გახარია უნდა გადადგეს!,“-წერენ აქცია-პერფომანსის ორგანიზატორები.

  • როდესაც გორში დავინახე მავთულხლართები, ჩემზე ამან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა” – გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი

    ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სამი პანელია გაიმართა. ერთ-ერთ მათგანზე, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა ვლადიმერ პუტინის განცხადებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ის გორში იმყოფებოდა, მავთულხლართების ნახვამ მასზე ძალიან იმოქმედა. როთი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შეასრულოს აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში.
    „როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, როდესაც განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა მერე უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა უნდა შევასრულოთ აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის ხიდები, რომლებიც ამდენი შრომით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის,“ – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა.
  • 12 დირექტორისთვის მერიას 288 000 ლარის გადახდა დაევალა

    12 დირექტორისთვის მერიას 288 000 ლარის გადახდა დაევალა- ამის შესახებ ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა.

    “მე – 4 წელია, რომ ვდაობთ ბაღის დირექტორების უკანონო გათავისუფლებაზე – დღეს, სასამართლო პროცესიც მოვიგეთ და 12 დირექტორისთვის მერიას 288 000 ლარის გადახდა დაევალა, გილოცავთ ქალბატონებო”-წერს ხაბეიშვილი საკუთარ ფეისბუქზე.

    შეგახსენებთ, საბავშვო ბაღის 12 დირექტორი მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე 2016 წლის მარტში გაათავისუფლეს. ამის გამო  დირექტორებმა კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. ისინი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

  • მოსკოვში თბოელექტროსადგურთან ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)

    მოსკოვის გარეუბანში, თბოელექტროსადგურ „სევერნაიასთან“ ახლოს გაზის მილი დაზიანდა რამაც შემდეგ ხანძარი გამოიწვია.  ინფორმაციას tass.ru ავრცელებს.  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით  1 ადამიანი დაიღუპა ხოლო 13 დაშავდა. ცეცხლი გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებსა და სამეურნეო-ადმინისტრაციულ შენობაზე გავრცელდა.

    ცეცხლის ლოკალიზებას 50 სახანძრო და ორი ვერტმფერენი ცდილობდა.ხანძრის გამო ახლომდებარე მაგისტრალი გადაკეტეს. ოფიციალური ინფორმაციით, თბოელექტროსადგური არ დაზიანებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

  • გარეთ არიან დემონსტრანტები, რომლებიც ითხოვენ შს მინისტრის გადადგომას – სალომე სამადაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

    ამ კონფერენციის გარეთ არიან დემონსტრანტები, რომლებიც ითხოვენ შს მინისტრი გადადგომას – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, სალომე სამადაშვილმა ბათუმში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ოპოზიციის ლიდერმა მაღალი რანგის შეხვედრაზე დემონსტრანტების პროტესტის მიზეზები განმარტა და უცხოელ დიპლომატებს მათი მოთხოვნები გააცნო.
    სალომე სამადაშვილმა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წევრების მიმართ აღძრულ სისხლის სამართლებრივ დევნაზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუკი მთავრობა ოპონენტების დევნას განაგრძობს, ეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამოწვევა იქნება.
    „ ამ კონფერენციის გარეთ არიან დემონსტრანტები, რომლებიც ითხოვენ შს მინისტრი გადადგომას, ვინაიდან რამდენიმე კვირის წინ საქართველოში სამთავრობო ძალებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია. მე წარმოვადგენ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წევრების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლებრივი დევნა და მთელი რიგი სხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. მთავრობა აცხადებს, რომ ოპოზიცია აპირებდა ძალადობრივ გადატრიალებას. ასე აფასებენ მშვიდობიან დემონსტრაციას, რომლის საფუძველიც გახდა ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა დაიკავა. თუკი მთავრობა გააგრძელებს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, ვფიქრობთ, რომ ეს გამოწვევა იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის,“- განაცხადა სამადაშვილმა.