Category: არქივი

  • უცხოელი ტურისტი ყაზბეგში 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდა

    ყაზბეგში ლიეტუველი ტურისტი  4 ათასი  მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდა. დაშავებულის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.  ტურისტი ნაპრალიდან ამოიყვანეს და თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

    სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ  დროისთვის ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

  • Euromoney-მა თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

    თიბისი ბანკი ჟურნალმა „ევრომანი“ წარჩინების დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. ეს ჯილდო თიბისი ბანკის უწყვეტი ძალისხმევის შედეგია საქართველოში კლიენტებისათვის უმაღლესი სტანდარტის მომსახურების გაწევის და რეგიონში საუკეთესო მრავალარხიანი შესაძლებლობების განვითარების და ამავე დროს, საუკეთესო თანმიმდევრული ფინანსური შედეგების მიღწევის თვალსაზრისით.

    ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა: „ვამაყობთ „ევრომანის“ ამ ჯილდოს მიღებით, რაც არის ბაზარზე ჩვენს მიერ დაკავებული წამყვანი პოზიციების და ძლიერი ფინანსური შედეგების აღიარება. ჯილდო ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის დაუღალავ მუშაობას გამორჩეულად კარგი შედეგების მისაღწევად და ჩვენს კლიენტებთან გრძლვადიანი ურთიერთობების დასამყარებლად მათთვის უმაღლესი კლასის ფინანსური მომსახურებებისა და პროდუქტების შეთავაზების გზით“.

    2011 წლიდან მოყოლებული თიბისი ბანკი ევრომანის მიერ რვაჯერ დასახელდა საუკეთესო ბანკად საქართველოში.
    „არაჩვეულებრივი შედეგების კიდევ ერთმა წელიწადმა თიბისი ბანკს კიდევ ერთხელ მოუტანა ეს ჯილდო საქართველოს მასშტაბით. შარშან, თიბისი ბანკმა შექმნა პირველი სრულად ციფრული ბანკი საქართველოში, Space-ი რომელიც ადგილობრივად, თიბისი ბანკის მიერ შეიქმნა სულ რაღაც 15 თვის განმავლობაში. ბანკმა ასევე დაიწყო კერძო ციფრული ეკოსისტემების შექმნა კლიენტებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. ამავე დროს, ბანკმა შეინარჩუნა ძლიერი პოზიციები შთამბეჭდავი მომგებიანობისა და დაკრედიტების ფონზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ში შესულმა კრედიტორმა კვლავ მოახერხა ბაზრის დომინანტის პოზიციისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამოყენება“, – ნათქვამია „ევრომანის“ ოფიციალურ განცხადებაში.

    „ევრომანი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი პერიოდული გამოცემაა, რომელიც უკვე 50 წელია, რაც საერთაშორისო ფინანსურ მიმოხილვას გვთავაზობს. ბოლო 12 თვის განმავლობაში ჟურნალმა სხვადასხვა ქვეყნის ბანკების გენერალური დირექტორების, ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების 100-მდე ინტერვიუ გამოაქვეყნა.

    „ევრომანის“ მიერ დაწესებული „ჯილდო წარჩინებისთვის“ მეტად მნიშვნელოვანია წარმატებული ბანკებისა და ბანკირებისთვის. ჯილდო, რომელიც რამდენიმე ნომინაციას მოიცავს, 1992 წელს დაარსდა, რაც პირველი ამგვარი პრეცედენტი იყო გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს „ევრომანის“ დაჯილდოვების პროგრამაში სულ 1500-მდე აპლიკაცია შემოვიდა. ნომინაციები მოიცავს 20 გლობალურ, 50 რეგიონულ და 100-მდე ნაციონალურ ჯილდოს.

  • მომიტინგეები ძალის გამოყენების შესახებ აქციაზე გააფრთხილეს – დიმიტრი ხუნდაძე

    “რასაც ვადევნებდი თვალყურს, დაახლოებით, 22:00 საათისთვის იყო გაფრთხილება შს სამინისტროს მხიდან, რომ პოლიცია ადეკვატურ ძალას გამოიყენებდა და წესრიგს დაიცავდა. შემდეგ იყო ქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცველები წესრიგს დაიცავდნენ“,- აცხადებს  “ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე.

    “შემდეგ თუ სწორად მახსოვს, იყო წყლის ჭავლის გამოყენებამდე ხმოვანი სიგნალი, ანუ გაფრთილება იმის შესახებ, რომ გაზი იქნებოდა გამოყენებული. 20-21 ვნისის ღამეს პარლამენტზე შტურმი განხორციელდა, ამიტომ პოლიცია ვალდებული გახდა, დაეცვა კონსტიტუციური წესრიგი და აღეკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდლობა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

  • ბავშვები ვის მშობლებსაც აქვთ 5 ლარი და ვისაც არა აქვთ, უყურებენ ერთმანეთს-“მდიდრების” და “ღარიბების” სათამაშო მოედანი თბილისში

    “ბავშვები ვის მშობლებსაც აქვთ 5 ლარი და ვისაც არა აქვთ, უყურებენ ერთმანეთს”-მწერალი ალექსი ჩიღვინაძე სოციალურ ქსელში  ლისის ტბის მიმდებარედ  საბავშვო მოედნების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

    ჩიღვინაძის თქმით, ლისის ტბაზე  ორი ერთმანეთისგან განსხვავებული საბავშვო მოედანია. ერთ-ერთი მათგანი მოწესრიგებულია, რადგან ფასიანია, ხოლო მეორე მოედანი  ნაგვით სავსე და მოუწესრიგებელია.

    მწერლის თქმით, კერძო მოედანზე შესვლა 5 ლარი ღირს.

    “დილით ავედით ლისის ტბაზე და ვხედავთ სათამაშო მოედანს და ვიფიქრე, ყოჩაღ მერიას რა კარგი რამე გაუკეთებია: შემოღობილი, ხის ქოხები სხვადასხვა მასალით, ხიდები, სასრიალოები, საქანელები, დიდი საქვიშე. ტომამ ხელები დაიკაპიწა. მივდივართ და დაკეტილია. თურმე ჯერ არ არის გახსნილი, რადგან კერძოა და ისედაც ერთი საათი ღირს 5 ლარი. ზუსტად გვერდით არის მერიის გაკეთებული სათამაშო მოედანი: ნაგავი, ბიჩოკები, უწესრიგოდ მიგდებული რამდენიმე აიწონა-დაიწონა, ერთი უხეირო სასრიალო, ჩრდილიც არ ადგება… როცა კერძო ხეებშია ჩაფლული. ფოტოებზე მიხვდებით რომელი რომელია. ჰოდა, პოზიტივზე ვისაუბროთ კი არა, ბავშვები გაიზრდებიან და ცოტა ხანში კორდონებისთვის არც ავტობუსები გეყოფათ, არც პოლიციელები და არც ფარები. კერძო და საჯარო სათამაშო მოედნებს ჰყოფს ღობე. ანუ ბავშვები ვის მშობლებსაც აქვთ 5 ლარი და ვისაც არა აქვთ, უყურებენ ერთმანეთს. იმ მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში და რატომ არ აქვთ მათ შესვლის უფლებაც კი. როცა შეეძლო მერიას რამდენიმე ათასი ლარით მეტი დაეხარჯა და გაეკეთებინა ზუსტად ისეთივე სათამაშო მოედანი, როგორიც ის კერძოა და ყოფილიყო ყველა ბავშვისთვის. სათამაშო მოედნები უმნიშვნელოვანესია ბავშვების განვითარებისთვის და ერთდერთი ქვეყანა, სადაც ამ კუთხით ასეთი კატასტროფა ხდება არის რუსეთი. საქართველოს სათამაშო მოედნები ერთ-ერთში იმეორებს რუსეთისას, უფანტაზიოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით გაკეთებული პლასტმასის უხარისხო ობიექტები, შხამიანი ფერები, შემოუღობავი, დანაგვიანებული. როცა ევროპაში ჩართულები არიან სპეციალისტები და არცერთი Playground ერთმანეთს არ ჰგავს, რადგან იქ ბავშვები უყვართ და აფასებენ. ჰოდა, ვიღაც იმ გავრილოვის დანახვისას კი შეძრწუნებულხართ ეს პოლიტიკოსებიც, მაგრამ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ასეთი რაღაცეებით რომ დაიწყოთ, არა? არ ვიცი, ვინ დავთაგო და რა აზრი აქვს ამ დათგვებს, მაგრამ მერიის თანაშმრომლები უნდა მყავდნენ ფრენდებში და გადაეცით რა უფროსს, რომ პოზიტივზე ჭორაობა თუ უნდა, მხოლოდ კარგ და ხარისხიან სათამაშო მოედნებზე იქნება ამის ადგილი”-წერს ჩიღვინაძე.

  • მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის – გარეჯის მონასტრის წინამძღვრის მიმართვა

    ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. ტელევიზიებით გამოდიან და მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის, – აცხადებს გარეჯის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი ვიდეომიმართვაში. სადაც დავით გარეჯში არსებული ვითარების შესახებ საუბრობს.

    მისი განცხადებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე.

    {{VIDEO}}

    „კომისიის მუშაობას, რომელიც ჩვენი და აზერბაიჯანის მხრიდან მუშაობს, არ ვიცი ამას მუშაობა როგორ უნდა დავარქვა. წლებია არაფერი ჩვენს სასიკეთოდ არ გადაწყვეტილა. ასეთი წაყრუებით, რაც დღეს ხელისუფლების მხრიდან არის დავით გარეჯის თემაზე, სიკეთე არ იქნება. ტელევიზიებით გამოდიან და მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს პრობლემა არ არის. პრობლემა არის იმიტომ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრები ყოველგვარი სამართლის უგულებელყოფით შემოსულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ გვეუბნებიან, ხელს ნუ გვიშლით, ნუ ამწვავებთ საკითხს, რომ მშვიდ ფონზე მოვაგვაროთ, გადავწყვიტოთო. ამ გაზაფხულზე სწორედ ასე შემოგვითვალა ბატონმა ლაშა დარსალიამ, ნუ ამწვავებთ საკითხს, მაცადეთ, რომ მშვიდად ვისაუბროო. როცა ჩვენ დავმშვიდდით და ხმა აღარ ამოვიღეთ, აზერბაიჯანის მხარემ ბულდოზერები მოაყენა და გადათხარეს მთელი ჩიჩხიტურის მონასტერი და გზა გამოიყვანეს. 21-ე საუკუნეში შეგვიცვალეს ისტორიული მოცემულობა.

    ასე მოხდა 2005-2007 წლებში, როდესაც ჩვენ ყაზარმა აგვიშენეს იქვე, ჩიჩხიტურის დაბლა მინდორზე. ჩვენ გვეგონა, რომ იქ ფერმა შენდებოდა, თუმცა აშენდა სამხედრო ობიექტი. ფერმაც რომ ყოფილიყო, ჩვენი მხრიდან მკაცრი შეფასება უნდა ყოფილიყო. ახლა კი გაიყვანეს გზა. ე.ი. ხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს ნიშნავს, რომ მათი პრეტენზიები იქნება უფრო მკვეთრი. არანაირი მკაცრი რეაგირება ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. მეტიც, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ყველაფრის შესახებ მედიით გაიგო. ეს ხომ კატასტროფაა. სად არის ქვეყნის უსაფრთხოება?!“ – აცხადებს არქიმანდრიტი ილარიონი.

  • მეხუთე კოლონა ამ პარლამენტშია და ისინი მზად არიან, პუტინს ჩააბარონ ეს ქვეყანა – თამარ კორძაია

    „მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად, რომ მეხუთე კოლონა ამ შენობაშია, ამ პარლამენტშია,“ – ეს განცხადება, „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ გააკეთა. ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაგმოს „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი და რუს დეპუტატებთან დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებული განცხადებები.

    ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთობლივად მოქმედებენ, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

    „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად, რომ მეხუთე კოლონა ამ შენობაშია, ამ პარლამენტშია და ისინი მზად არიან, პუტინს ჩააბარონ ეს ქვეყანა. კატეგორიულად მოსათხოვია „ქართული ოცნებისგან“, რომ დაგმოს „პატრიოტთა ალიანსის“ ეს ქმედება,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

  • „პატრიოტთა ალიანსმა“ მოსკოვში პუტინი შეაქო და ქართული მხარე დაადანაშაულა

    რუსეთის მედია აქტიურად აშუქებს „პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციის მოსკოვში ვიზიტის დეტალებს. ხაზგასმით აღინიშნება, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები პასუხისმგებლიანს უწოდებენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის შემდგომი სანქციების არდაწესების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით  რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გიორგი ლომიამ განაცხადა.

    „ვაფასებთ რუსეთის პოზიციას, რომელიც არ აჰყვა ამ პროვოკაციებს. პატივისცემას იმსახურებს რუსეთის პრეზიდენტის აწონილი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. მე ვიტყოდი – ეს არის დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეები პატივისცემით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, უარი თქვან დესტრუქციულ ქმედებებზე, რომლებიც დარტყმისა და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილი, ბოკერია… ეს ერთი გუნდია. მათთვის მორიგი კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, წარმოადგენს პოლიტიკაში დარჩენის საშუალებასა და თავიანთი საჭიროების დამტკიცებას საზღვარგარეთელი სპონსორებისთვის“- გიორგი ლომიამ

    შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში შეხვედრებს 15 ივლისიდან მართავენ და 2 დღე გაგრძელდება. ამასთან, გიორგი ლომია ირწმუნება, რომ ისინი მოსკოვში მივლინებით პარლამენტიდან არ მიდიან, შესაბამისად, სამივლინებო ხარჯებისთვის არც პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწერია ხელი.

  • „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“ – რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

    „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“- ამ ლოზუნგებით საქართველოში მცხოვრებმა  რუსეთის მოქალაქეებმა  პარლამენტთან აქცია გამართეს.

    აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ.

    საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები აცხადებენ, რომ ისინი საქართველოში უსაფრთხოდ გრძნობენ.

  • გოგა ბითაძემ ინდიანასთან 13 მილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

    ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის შემდეგ ინდიანაში ჩავიდა და მისთვის გამზადებულ კონტრაქტს ხელი მოაწერა. გოგა უკვე ოფიციალურად ინდიანა პეისერსის მოთამაშეა.

    ბითაძემ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რა დროშიც ის 13.64 მილიონს მიიღებს. სამწუხაროდ ვიზის პრობლემების გამო მან საზაფხულო ლიგაში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა და მის დებიუტს უკვე ოქტომბერში წინასასეზონო მატჩებში ვიხილავთ.

    გოგა ბითაძე ინდიანამ დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია და მას კონტრაქტით ახალგაზრდისთვის გარანტირებული მაქსიმუმი შესთავაზეს.